შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მუსიკალური ენის საიდუმლო: მუსიკის პულსი (I ნაწილი)

რიტმი სამყაროს საფუძველს წარმოადგენს. ის უნივერსალურია.

 

რიტმი თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ის ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობა: სიარულში, გულისცემაში, საათის ისრების მოძრაობაში… ხშირად გვესმის გამოთქმები: „მუსიკალური რიტმი“, „ლექსის რიტმი“, „ცეკვის რიტმი“, „გულის რიტმი“, „ბიორიტმი“… საინტერესოა, ყოველივე ამას ერთმანეთთან რა აკავშირებს. რა თქმა უნდა, სიმწყობრე – რიტმი ხომ თანმიმდევრულ მოძრაობებს გამოხატავს.

რიტმი უწყვეტ კავშირშია ციკლთან, პერიოდულობასთან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ცხოვრების რიტმი მაღვიძარას სვლას ჰგავს. ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესი ციკლურია, ისევე როგორც წელიწადის დროების, დღისა და ღამის, სიცოცხლისა და სიკვდილის, მოძრაობისა და უძრაობის, ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, დაძაბულობისა და მოდუნების, შექმნისა და ნგრევის, ბედნიერებისა და ტანჯვის მონაცვლეობა. ყოველივე ეს რიტმის კანონების გამოვლენაა, მისი განვითარება, ევოლუცია. ვინაიდან ადამიანს არ შეუძლია გაექცეს მის გავლენას, მოძრაობის საკუთარი რიტმი ცხოვრების გზაზე სწორედ ამ კანონის ჩარჩოებში უნდა ვეძებოთ.

მაგალითად, გული, ჩვენი ორგანიზმის ერთგული ძრავა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუსვენებლად, მოუღლელად შრომობს. მისი შრომისუნარიანობის საიდუმლო რიტმულ მოძრაობაშია. გულის რიტმი შეკუმშვისა (სისტოლა) და მოდუნების (დიასტოლა) მუდმივ მონაცვლეობას ემყარება და ეს ქმნის ცხოვრების პულსს.

გული ჩვენი მოქმედებების, გრძნობებისა და აზრების უზუსტესი ინდიკატორია. ყველაფერი, რაც ჩვენში ხდება, ყოველგვარი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ცვლილება, გულის რიტმზე აისახება. გული, სულიერი წონასწორობის ერთგული მცველი, ყოველთვის გვაძლევს საფრთხის ნიშანს რიტმის მოსალოდნელი რღვევით. ცხოვრების ორომტრიალში მას ჩვენი შეჩერებაც შეუძლია მოულოდნელი გაჩერებით.

 

რიტმი არის წესრიგი მოძრაობაში

პლატონი

 

მუსიკის ზღაპრულ სამყაროში შესაღწევად და მისი არსის ამოსაცნობად ფანტაზიას უნდა მოვუხმოთ. მუსიკა სულია, ცხოვრების სარკე, რომელშიც ადამიანური არსებობის ყველა მხარე აისახება. ეჭვს არ იწვევს, რომ მუსიკა ვერაფრით იქნება უმოძრაო. ის, წყაროსავით, განუწყვეტლივ მიედინება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მუსიკა ცოცხალია. თუ ადამიანის გულის ძგერა თანაზომიერი დარტყმებით – პულსით განისაზღვრება, რასაც მთლიანობაში ჩვენი ცხოვრების რიტმი შეგვიძლია ვუწოდოთ, მუსიკასაც აქვს თავისი პულსი. პულსი კი ძალიან ჰგავს საათის მექანიზმს. მუსიკა პროცესია, რომელიც დროში ვითარდება.

მუსიკა როგორც ზემოქმედების მძლავრი ინსტრუმენტი ჭეშმარიტად რიტმული გამღიზიანებელია. მისი მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის გუნება-განწყობაზე, ხასიათზე, ფსიქიკაზე მიზანმიმართული ზემოქმედება. მაგალითად, მარში, განსაკუთრებით – სამხედრო, საბრძოლო სულისკვეთებას აღძრავს. სრულიად სხვაგვარად ჟღერს სამგლოვიარო მარში. ორივესგან განსხვავებულია სააკვნე სიმღერების რიტმები. რიტმულია საცეკვაო მუსიკაც. ფართო საზოგადოებაში რიტმი უმეტესად ცეკვასთან ასოცირდება. გამოთქმას „ცეკვის რიტმი“, რაც მოძრაობის კოორდინირებულ წესრიგს ნიშნავს, არცთუ იშვიათად გაიგონებთ. განასხვავებენ აფრიკულ, ლათინოამერიკულ, ესპანურ, ქართულ, რუსულ, ბოშურ და სხვა ხალხთა ცეკვების რიტმებს.

სამყარო აღსავსეა რიტმებით. ჩვენ რიტმს აღვიქვამთ როგორც მხედველობით, ისე სმენით. გაჭენებულ ცხენს რიტმულად გამოჰყავს ტაქტი. მატარებლის ბორბლებიც რიტმულ ხმაურს გამოსცემს.

რიტმის ცნება დამახასიათებელია ლიტერატურისთვისაც. სწორედ რიტმით განსხვავდება ლექსი პროზისგან.

რიტმი არის არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაშიც.

თუმცა დღეს თქვენს ყურადღებას მხოლოდ მუსიკალურ რიტმზე შევაჩერებ.

 

საზოგადოდ, აზროვნება და, კერძოდ, მუსიკალური აზროვნება წესრიგს მოითხოვს. ეს წესრიგი მუსიკაში სწორედ რიტმს შემოაქვს. რიტმი ახარისხებს და ათანხმებს ბგერებს გრძლიობის მიხედვით დროში (გრძლიობაზე ერთ-ერთ მომდევნო წერილში გესაუბრებით).

მელოდიაში როგორც უმნიშვნელოვანეს ინტონაციურ საწყისში ვლინდება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მუსიკალური ელემენტი – რიტმი. ის სწორედ მელოდიის გავლით ავლენს თავის გამომსახველობასა და ორგანიზაციულ შესაძლებლობას. მელოდია უშუალო კავშირშია რიტმთან, თუმცა მათი გზები ისე იყოფა, რომ მელოდიას ბგერის სიმაღლის ცვლილებას მივაკუთვნებთ, ხოლო რიტმს – ბგერების დროში ორგანიზებას გრძლიობისა და მახვილის მიხედვით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რიტმი – დინება სხვადასხვა გრძლიობის ბგერათა მონაცვლეობას, რიტმულ ნახაზებად დაჯგუფებას ნიშნავს, ანუ ბგერათა გრძლიობისა და თანმიმდევრობის ურთიერთდამოკიდებულებაა. მუსიკალური ნაწარმოებები რიტმულად ზედმიწევნით ორგანიზებულია. ამ რიტმული წესრიგის უკან კი ხშირად სრულიად სხვადასხვა გრძლიობის ნოტები იმალება. სხვა სიტყვებით, თანამედროვე, ყოვლად აუხსნელ ნაწარმოებებშიც კი საქმე რიტმულად იდეალურ წესრიგთან გვაქვს.

მუსიკალურ ნაწარმოებს რიტმის გარეშე არსებობა ისევე არ შეუძლია, როგორც ადამიანს – გულის მუშაობის გარეშე. არსებობს ნაწარმოებები, სადაც წამყვანი როლი სწორედ რიტმს ეკისრება. ასეთია, მაგალითად, მორის რაველის საორკესტრო ნაწარმოები „ბოლერო“.

მელოდიის გამომსახველობის სხვა დამხმარე საშუალებებს (კილო, ჰარმონია…) შედარებით მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

 

მუსიკის გული რიტმია

მუსიკას მუდამ თან ახლავს თანაბარი პულსაცია, რომელიც არ გვესმის, მაგრამ ყოველთვის შევიგრძნობთ. ეს პულსაცია გვაიძულებს, მუსიკის თანხლებით ვიმოძრაოთ.

პულსაცია ნებისმიერ ნაწარმოებში შეიგრძნობა, განსაკუთრებით – საცეკვაო მუსიკაში. პულსაცია რიტმშია. ეს ის თანაბარი დარტყმებია, რომელსაც მუდამ ფეხის, ხელის ან თავის მოძრაობას ვაყოლებთ, რასაც მუსიკა გვაიძულებს. მაგალითად, თავის ერთი გაქნევა ერთ წილს შეესაბამება. წილი მეტრის ერთი „უხილავი“ დარტყმაა. წილების ამგვარი თანაბარი მიმდევრობა კი პულსაციას ქმნის.

ახლა განვიხილოთ ტერმინების მეტრისა და წილის მნიშვნელობა. რიტმს როგორც ბგერების მიმდევრობას მეტრი აწესრიგებს. რა არის მეტრი? მეტრი მუსიკალური დროის სვლაა, გამოხატული თანაბარი პულსაციით. ის განსაზღვრავს ძლიერი და სუსტი წილების (დარტყმების) მონაცვლეობას განსაზღვრულ ტემპში. როგორიც არ უნდა იყოს რიტმი, მასში ყოველთვის ძლიერი და სუსტი ბგერები ანუ დროის წილები ენაცვლება ერთმანეთს. ასეთ დროს ჩვენი თავის რიტმული მოძრაობა უნებლიეთ რომელიმე ერთ დარტყმას (წილს) გამოკვეთს. მონოტონურ დარტყმებს, რომლებიც საერთო რიტმულ ნაკადში იკვეთება, ძლიერ წილებს ვუწოდებთ, ხოლო მათ, რომლებიც რიტმული სურათიდან არ იკვეთება – სუსტს. ძლიერი წილი ყოველთვის აქცენტირებულია, სუსტი კი – არა. სწორედ ამგვარ ძლიერი და სუსტი წილების თანაბარ მონაცვლეობას ეწოდება მეტრი. შემდგომში, როდესაც მუსიკას მოუსმენთ, შეეცადეთ, ძლიერი და სუსტი წილები ერთმანეთისგან განასხვაოთ.

 

დავალება:

  1. ხმითა და მაგიდაზე ხელის დარტყმით გაახმოვანეთ საათის წიკწიკის და მატარებლის მოძრაობის რიტმი;
  2. შეარჩიეთ მუსიკალური მონაკვეთი და ეცადეთ აჰყვეთ რიტმს მაგიდაზე ხელის დარტყმით ან ტაშით;
  3. მუსიკალური თანხლების გარეშე მოიფიქრეთ საკუთარი რიტმული ორნამენტი და გაახმოვანეთ;
  4. გაკვეთილზე მოსწავლეები ორ ჯგუფად გაყავით. ერთი ჯგუფი მეტრის თანაზომიერ დარტყმას ანუ პულსს ტაშით შეასრულებს, ხოლო მეორე ამ პულსაციის ფონზე რაიმე კონკრეტულ რიტმულ მონახაზს შექმნის (გრძელი და მოკლე ბგერების განსაზღვრული წესით შეხამებას რიტმული ნახაზი ეწოდება).

მასწავლებლებმა მოსწავლეებს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ რიტმის როლი მუსიკაში და მეტრ-რიტმის ჩვევათა გამომუშავების აუცილებლობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი