პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლოთ ლექსები

მაშინ მეშვიდე კლასში იყვნენ. გალაკტიონის ლექსი უნდა მესწავლებინა, „მამული“. ზარი დაირეკა, შემოვიდნენ, კარგა ხანს იწრიალეს და აშრიალეს წიგნები და რვეულები, ბოლოს ძლივ-ძლივობით რომ მოწესრიგდნენ და შემიმჩნიეს, აბა, ყველამ დავხუჭოთ თვალები- მეთქი. ჯერ ეჭვის თვალით შემომხედეს, ხომ არ მოგვესმაო, რომ გავიმეორე, გაუბედავად და რიგრიგობით დაიწყეს თვალების დახუჭვა. მაგრამ წამის მერე რომ გადავავლე თვალი, თექვსმეტივეს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა დახუჭული, მეორეთი ისევ მე მომჩერებოდნენ. მესამეჯერ გავიმეორე დავალება და დამმორჩილდნენ. მეც თვალდახუჭულმა დავიწყე: წარმოიდგინეთ, სოფელში ხართ,შემოდგომაა, გარშემო ყველაფერი ფერადია: მწვანეა, წითელ – ყვითელი, ყავისფერი, ზაფრანისფერი…ადრიანი დილაა, სისხამი, მზე ძლივსაა ამოწვერილი და ჩიტების ხმა ავსებს ჰაერს, გამოდიხართ სახლიდან…ფეხშიშველი, სასიამოვნო და ცოტა დამბურძგლავ სიგრილეს გრძნობთ, ასე ფეხშიშველი გადიხართ მინდორში,რომელიც ან ეზოშია, ან იქვე ვენახის პირასაა… რა შეიძლება, იგრძნოთ ამ დროს – მეთქი. ისე გაყუჩდნენ ეს აცმუკებული მეშვიდეები, ცოტა ხანს კაშპიროვსკი მეგონა თავი ( გემახსოვრებათ ,,ძველებს“ ) და სათითაოდ ალაპარაკდნენ: რომ ეს იქნებოდა უცნაური, ტკბილ – მწარე სიამოვნება, გამომაფხიზლებელი,შემაჟრჟოლებელი, მთელ სხეულს დაივლიდა, უკეთესად შეგრძნობდნენ დილისა და მიწას და ა.შ. და ა.შ. ეს გარდასახვა გალაკტიონის სტრიქონების ერთგვარი პრელუდია იყო: ,,ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გავიარე, რაა მამული?!.“ წლები რომ გავიდა, სკოლა რომ დაამთავრეს და მეგობრებად რომ დავრჩით, ერთ დღესაც ერთ-ერთ მათგანთან ერთად დილის ბულვარში ვსეირნობდი, ბალახზე ფეხშიშველა მოსიარულე ადამიანის დანახვაზე უსიამოვნო შეგრძნებისგან გამაჟრჟოლა, ნეტა როგორ დადის ასე ფეხშიშველი – მეთქი და გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა: თქვენ რა, არასოდეს გაგივლიათ ბალახზე ფეხშიშველსო?!!! და მაშინვე ის „სეანსი“  გამახსენა. გამიხარდა, რომ ახსოვდა და არ მესიამოვნა, „ ტყუილში“ რომ გამომიჭირა წლების მერე.

ჩემს ბავშვობაში ადვილი იყო ლექსების სწავლება, ყველა მათგანი ზეპირად უნდა გვესწავლა და იდეურ- მხატვრული ანალიზი დაგვეწერა. არადა, უკვე მერამდენე წერილში აღვნიშნავ, რომ ძალიან რთულია, ბავშვს ასწავლო და შეაყვარო პოეზია. ზოგადად, მგონია, რომ პოეზიის შეგრძნება ძალიან სპეციფიკურია და მუსიკის სიყვარულს ჰგავს – ბევრი უსმენს, მაგრამ ცხოვრების ნაწილი, ყოველი წუთისა და წამის ამავსებელი მხოლოდ ზოგიერთისთვისაა. მაგრამ პოეზიის მოყვარულები, ალბათ, უფრო ცოტანი არიან.

ჩვენი ვასიკო კეჟერაძე ძალიან კარგად ხსნის პოეზიის ამ თავისებურებას და პოეზიისადმი ქართველების დამოკიდებულებასაც აღნიშნავს: მე მაინც ვცდილობდი, ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის, მისალოცთათვის, ჩემი უპირატესობა და პოეზიაზე კრინტიც არ დამცდენია  – გიფრთხილდებოდით… ეს იმიტომ რომ, ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთერთი დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოა…

 ჯონ სტაინბეკი ოდესღაც საქართველოში რომ ყოფილა, ჩაუწერია: ქართველებისთვის პოეზიის სიყვარული ტრადიციაა და ამ სიყვარულის ნაკლებობა ლამის დანაშაულად მიიჩნევაო.

ვასიკოც და ჯონიც აშკარად მიგვანიშნებენ მასწებს, აუცილებლად უნდა ასწავლოთ და შეაყვაროთ ბავშვებს პოეზიაო.

მე ჩემ მიერ მიგნებულ რამდენიმე მოკრძალებულ მეთოდს შემოგთავაზებთ:

 

  • ლირიკული გმირის ემოციური პორტრეტის შექმნა -მოსწავლეები არ განმარტავენ შინაარსს ან მხატვრულ სახეებს, არამედ მხოლოდ ლირიკული გმირის ხასიათის, განწყობის,ემოციის ამოცნობას ცდილობენ. ეძებენ სიტყვებს,რომლებიც რომელიმე ემოციაზე მიანიშნებს. ემოციების ამოკითხვა არ არის ადვილი საქმე. გაუჭირდათ და ამიტომაც მათთვის ძალიან ნაცნობი სივრციდან „ სმალიკები“ დავიხმარეთ. რომელ სტრიქონთან, რომელ ფრაზასთან რომელ სმაილიკს გამოიყენებდნენ, უნდა მიეწერათ. ამან ძალიან სახალისო გახადა პროცესი და ასე სმაილიკებმიწერილი ლექსის მიხედვით ლირიკული გმირის ემოციური პორტრეტის შექმნა აღარ გაუჭირდათ.
  • სტრიქონების გამოფენა – ირჩევენ ლექსიდან მათთვის საინტერესო, ბევრის მთქმელ ან ყველაზე ლამაზ ორ სტრიქონს და ხატავენ. დანარჩენები ცდილობენ, ამოიცნონ, ლექსის რომელი სტრიქონები აირჩია ავტორმა. ამოცნობის მერე თითოეული მოსწავლე განმარტავს,რატომ ამოირჩია ესა თუ ის სტრიქონი და რა დაინახა მასში განსაკუთრებული. ეს მეთოდი სხვანაირადაც შეიძლება. ლექსის დანაწევრებულ სტრიქონებს მასწავლებელი პატარა ყუთში ათავსებს, თითოეული მოსწავლე იღებს ერთ სტრიქონს, ხატავს და თან დაურთავს მოკლე წერილობით ტექსტს, რა დაინახა ამ კონკრეტულ სტრიქონში. ეს დავალება შეიძლება იყოს საკლასოც და საშინაოც. სწორედ ამ მეთოდით აღმოვაჩინე ჩემთვის უცნაური რამ: გალაკტიონის ლექსის ,,ატმის რტოო,დაღალულო რტოოს“ დამუშავებისას -მოსწავლეების უმეტესობამ აყვავებული ატმის რტოების მაგიერ, ატმებით დახუნძლული ტოტები დახატა, ხოლო „ ყვავილების ტბორში“, ჩვეულებრივი მინდვრის ყვავილები იგულისხმა. მათ ვერ წარმოიდგინეს აყვავებული ატმის რტოები.
  • ლექსის ემოციური რუკა: მხოლოდ სახელწოდებით ჰგავს პირველ მეთოდს. ვკითხულობთ ლექსს რამდენჯერმე,გამართულად,შესბამისი იტონაციით, რომ ემოციების ამოკიტხვა არ გაუჭირდეთ. მხოლოდ ზოგადად განვიხილავთ და ვავალებ ბავშვებს, დააკვირდნენ ლექსში გადმოცემულ ემოციებს და ნებისმიერი ფორმით ეცადნონ ამ ემოციების გადმოცემას: ნახატი, აპლიკაცია, სიტყვების რუკით, სხვადასხვა ნივთის პრეზენტაციით …
  • პროზაული ნაწარმოების შექმნა ლექსის მიხედვით – თუკი ოდნავ მაინც სიუჟეტური ლექსის სწავლა უწევთ, ძალიან საინტერესოა, დაწერონ ნოველა, მოთხრობა, მინიატურა მოცემული ლექსის თემაზე,რომელიც მსგავსი ემოციებითა და განწყობით იქნება გაჟღენთილი.რა თქმა უნდა, მოსწავლეს აქვს უფლება თავის ინტერპრეტაციაც შეიტანოს და თავის პროზაულ ნაშრომში ისაუბროს ისეთ რამეებზე, რაც ლექსში სულაც არაა ნახსენები… მაგალითისთვის: ძალიან საინტერესო ნაშრომები გამოუვიდათ ბავშვებს გალაკტიონის ლექსზე ,,კარალეთის დღეები“ ამ მეთოდით მუშაობისას, რადგანაც ამ ლექსის ერთგვარი იდუმალი სიუჟეტი ყველამ სხვადასხვანაირად გაიაზრა. ამ სიუჟეტის ინტერპრეტირება და სხვა სამოსლით შემოსვა,ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.
  • უფროსკლასელებში საინტერესოა მხატვრულ სახეებზე მუშაობა. მოსწავლეები იწერენ მასწავლებლის მიერ მითითებულ მხატვრულ სახეებს და თავიანთი ფანტაზიითა და ინტერპრეტაციით ცდილობენ, ახსნან. ძალიან საინტერესო პროცესია მათი ნაწერების ერთმანეთთან გაცნობა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,ასე დანაწევრებული ლექსი ძალიან ადვილად მთლიანდება და მოსწავლე ლექსის მთლიან ხატსაც ძალიან კარგად აღიქვამს.
  • შემდეგი მეთოდიც უფროსკლასელებისთვისაა განკუთვნილი და არა მარტო პოეზიის გათავისებაში ეხმარება, არამედ მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების აუცილებელ უნარებსაც უმუშავებს მათ. ბავშვებს ვავალებთ, PowerPoint -ში მოამზადონ ლექსის ერთგვარი ანალიზი – მათი თვალით დანახული ლექსი. მათ შეუძლიათ ემოციების გადმოსაცემად გამოიყენონ ილუსტრაციები, ნახატები,ფოტოები, სლაიდებზე გადაიტანონ ამონარიდები ლექსიდან შესაბამის ნახატთან ერთად, გამოიტანონ სლაიდებზე მათთვის საინტერესო მხატვრული სახეები, გაავლონ პარალელები ლექსაა და პოეტის ბიოგრაფიას შორის, სხვა ადამიანთა ნააზრევიდან ამოკრიბონ ამონარიდები, რომლებიც ლექსის განწყობას ეხმიანება, გაავლონ პარალელები იმავე ავტორის ან სხვა პოეტის ლექსებთან, განწყობა და ემოციები გამოხატონ ერთგვარი სიმბოლოებით და აუდიტორიას ამოცნობის საშუალება მისცენ, დასვან საინტერესო შეკითხვები – ამით აუდიტორიის გააქტიურებას მოახერხებენ  და ეს ყველაფერი სლაიდების დახმარებით. შესაძლებელია, პრეზენტაციას დაურთონ შესაბამისი განწყობის მუსიკაც ან პატარა ვიდეოც, თუკი ასეთს მოიპოვებენ. ამ მეთოდით, მაგალითად, ძალიან კარგად იმუშავეს ვაჟასა და ბარათაშვილის ლექსებზე.

 

ამ ჩამონათვალს ჩემთვის დაურღვეველ კანონებსაც დავურთავ და დავასრულებ:

კანონი N 1 – აუხსენით ბავშვს, რომ ზეპირად ნასწავლი ლექსი მეტ სიამოვნებას ანიჭებს მთქმელს და უკეთესად ხიბლავს და ატკბობს მსმენელს ( თვითონვე აჩვენეთ მაგალითი) და პარალელების გავლებისასაც უკეთ გაახსენდებათ, მაგრამ აუცილებლად დაუტოვეთ არჩევანი.

კანონი N2 –  ნურასოდეს აქცევთ დასჯის ფორმად ლექსის ზეპირად სწავლას.

კანონი N 3 – ნუ დაღლით ბავშვებს ლექსებით, შიგადაშიგ პროზა მიაშველეთ.

კანონი N 4 – ნუ წააქეზებთ ბავშვს, რომ ლექსი ხელების გაშლითა და ომახიანად უნდა წაიკითხოს. მთავარია, შესაბამისი ინტონაცია შეარჩიოს და ეცადოს,ამ ინტონაციით გადმოსცეს ლექში დამწყვდეული ემოცია.

 

მაია მენაბდე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი