შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დაგვიანებული ბოდიში – ერთი პროექტის შესახებ

ერთი პროექტის შესახებ უნდა მოგითხროთ. უკვე რამდენი ხანია, მინდა, გაგიზიაროთ არა მარტო ის ემოციები, რომლებიც ამ პროექტის ნახვისას მივიღე, არამედ ის უამრავი ახალი ინფორმაცია, რაც ამ პროექტიდან გავიგე. ყველაფერი კი ასე დაიწყო: მეათე კლასელ ნინო კობაიძეს უფროსი ძმა ჰყავს. ლაშამ შარშან შვიდწუთიანი ფილმი გადაიღო. ბევრი იშრომა, ჯერ ისეთი მოთხრობა შეარჩია, მის სათქმელს რომ შეესაბამებოდა, მერე ეს მოთხრობა სცენარად გადააკეთა, მოძებნა „მსახიობები“, რომლებიც კარგად მოერგებოდნენ სცენარს და ბუნებრივად ითამაშებდნენ, დიდხანს იწვალა, სანამ ისეთ მუსიკას დაუდებდა ფილმს ფონად, კიდევ უფრო მეტად რომ წარმოაჩენდა მის ინტერესებს. ჰოდა, ფილმი რომ დაასრულა, პროექტების კონფერენციაზეც და კონკურსზეც გაიტანა, იმიტომ კი არა, რომ პრიზები აეღო, იმიტომ რომ მის თანატოლებს ენახათ და კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ ომის საშინელებაზე. თუმცა ლაშამ პრიზიც აიღო, ბევრი საქებარი სიტყვაც უთხრეს, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც ის მიზანი იყო, რომელმაც ნამდვილად გაამართლა (ლაშას ფილმი ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ

ახლა წარმოიდგინეთ ნინოს მდგომარეობა, როცა გამიმხილა, მეც ფილმის გადაღება მინდა, მაგრამ ყველა იფიქრებს, რომ ლაშას ვბაძავო, მაგრამ მაინც გავრისკავ, რადგან ისეთი რამის გაკეთება მინდა, მენანება, მხოლოდ ამ მიზეზის გამო რომ დავნებდეო.  ყოველთვის კარგად მესმის იმ უმცროსი და-ძმების, უფროსი დედმამიშვილების ჩრდილქვეშ რომ აქცევს საზოგადოება თავისდაუნებურად. ამიტომაც ნინო გამოვკითხე, რისი გაკეთება უნდოდა. ნინოს იდეა მეც მოვუწონე და შევთანხმდით, ნინო, ძმისგან  განსხვავებით, დოკუმენტურ ფილმს გადაიღებდა რეპრესირებულ მწერლებზე. ნინოს კი პროექტის განხორციელებაში ია ღადუა დაეხმარებოდა, რადგან ია ნინოს ქართულის მასწავლებელიცაა და იმავდროულად ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელია, ბევრ საინტერესო მასალაზე მიუწვდება ხელი, ფილმს რომ დაამშვენებდა. თანაც, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ია ბევრ პროფესიონალსაც იცნობს, კონსულტაციას რომ გაუწევდნენ ნინოს ფილმზე მუშაობის პროცესში. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ნინო ოთხ მოკლემეტრაჟიან, მაქსიმუმ ოცწუთიან ფილმს გადაიღებდა, რომლებსაც შემდგომში სასწავლო მიზნებისთვის გამოვიყენებდით სკოლაში (და, თუ სხვა სკოლებიც დაინტერესდებოდნენ, მაშინ ამ ფილმებს სასწავლო რესურსად არათუ სხვა მასწავლებლებიც გამოიყენებდნენ, არამედ თავიანთ მოსწავლეებს მოუწოდებდნენ და უკვე სხვა მწერლებზე გადაიღებდნენ ახალ ფილმებს).

რატომ ოთხი ფილმი? თავიდან გადავწყვიტეთ, ისეთ მწერლებზე შეგვეჩერებინა ყურადღება, დროსთან ერთად ცოტათი რომ მიივიწყა ხალხმა. „სოვლაბის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა რეპრესირებულ მწერალთა ვრცელი სია (არასრული მონაცემით 113 ადამიანი) მოგვაწოდა. ამ სიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ნინომ ნამდვილად საშურ საქმეს მოკიდა ხელი. უამრავი სახელია მივიწყებული და წინ საინტერესო სამუშაო ელის მას, ვინც ამ საქმეს გააგრძელებს. სიის დამუშავების შემდეგ ნინოს თავდაპირველმა იდეამ ოდნავ იცვალა სახე. ალბათ პირველ ეტაპზე ისეთი სახელების არჩევა აჯობებდა, რომელთა ცხოვრებაც იმის ნათელი მაგალითი გახდებოდა, რომ სამოცდაათწლიანი ისტორიის ყველა პერიოდში არ შენელებულა ხელისუფლების მხრიდან შემოქმედი ადამიანების მიმართ ზეწოლა, მუქარა, დაშინება, გატეხვის მცდელობა და ბოლოს, სულიერთან ერთად ფიზიკური განადგურება.

ასზე მეტი მწერალი შეეწირა მსხვერპლად საბჭოთა რეპრესიებს, ვიღაც გადარჩა, უმეტესობა კი – ვერა. და ამ მსხვერპლთა რიცხვი თითქოს გამოიხატება თვლადი რიცხვებით, მაგრამ ვერავინ იტყვის, რამხელა დანაკლისია ის ენერგია, მათთან ერთად რომ დაიკარგა; ვერავინ დათვლის, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქართულმა ლიტერატურამ  ამდენი შემოქმედის განადგურებით. მართლაც განუზომელია ეს რიცხვი… საბოლოოდ, ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნაცვლად, რომლებშიც აქცენტი მხოლოდ მწერალზე იქნებოდა, ნინომ ერთი ორმოცდათორმეტწუთიანი ფილმის გადაღება ამჯობინა, რადგან მისი სათქმელი (რომ რეპრესიები მხოლოდ ერთ პერიოდს უკავშირდებოდა) ასე უფრო გასაგები გახდებოდა და სკოლის ასაკის მაყურებელიც ერთიან სურათად ნანახს უფრო ადვილად გააანალიზებდა.

ფილმისთვის ოთხი მწერალი შეირჩა: მიხა ხელაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, თინა თუშმალიშვილი და ლევან გოთუა. აქვე შევნიშნავ, რომ იმ სიაში, ირაკლი ხვადაგიანმა რომ მოგვაწოდა, თვალში გეცემოდა ერთი რამ – რეპრესირებულთა სიაში ქალი მწერლების ნაკლებობა, უფრო სწორად, არარსებობა. ამას თავისი ახსნა აქვს და, ცხადია, აქ იმის ახსნას არ დავიწყება, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც ნინომ გადაწყვიტა, ფილმში იმ ერთადერთ, საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ ქალზეც მოეთხრო, სიაში რომ მიაგნო.

აქ არ დავიწყებ ფილმის ღირსებების ჩამოთვლას, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, როგორ გაიზარდა ნინო და რამდენი რამ ისწავლა. მან დაამუშავა ზღვა მასალა და ეს მასალა მარტო ოთხი მწერლის ბიოგრაფია ან შემოქმედება არ იყო. როდესაც ოთხი მწერლის გაერთიანება გინდა ერთ ფილმში, სულ ცოტა, ერთი ეპიზოდიდან მეორე ეპიზოდზე გადასვლა გჭირდება. ამისთვის კი ტექსტი უნდა დაწერო, თანაც ისეთი, ყველა სიტყვა რომ მოზომილი იყოს, ღირსეულად გამოხატო შენი დამოკიდებულებაც და ჯეროვანი პატივი მიაგო იმათ, ვიზეც ჰყვები ამბავს, მათი ოჯახების გადარჩენილ წევრებს და იმ აუდიტორიასაც, ვისთვისაც ფილმს ამზადებ (ნინომ ბეწვის ხიდზე გაიარა და მართლაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი ამ საქმეს!); ბიბლიოთეკებში და არქივებში მუშაობა არ კმარა, როცა ასეთ საქმეს ეჭიდები. ასეთ დროს, თუ ამის საშუალება მოგეცემა, აუცილებლად უნდა შეხვდე რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს (ამისთვის დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ნინოს ოჯახებთან დასაკავშირებლად დაეხმარნენ. მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა ბატონ ილამაზ მიწიშვილს, ნიკოლო მიწიშვილის ღირსეულ მემკვიდრეს, ქალბატონ ლელა გოთუას, ლევან გოთუას ულამაზეს ქალიშვილს და ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს, თინა თუშმალიშვილის უკეთილშობილეს დისშვილს; ადამიანებს, რომლებმაც უარი არ უთხრეს მეათეკლასელ მოსწავლეს და დათანხმდნენ, სერიოზულად მოკიდებოდნენ მის პროექტს). ხშირად მათგან დამატებით ინფორმაციას ვერც გაიგებ, მაგრამ მათგან იმ ემოციას გაითავისებ და შემდეგ უკვე გადაიტან ფილმში, რომლის გარეშეც არაფრად ივარგებს ფილმი, რადგან იქნება მორალი, მხოლოდ ფაქტებზე აგებული და ამიტომაც სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის უინტერესო. მიხა ხელაშვილის შემთხვევაში, გასაგები მიზეზების გამო, მის შთამომავლებს ვერ ჩაწერდა ნინო. ამიტომაც თავი იღბლიანად მიიჩნია, როცა ფილმზე მუშაობის პროცესში სოციალურ ქსელებში ასეთი ინფორმაცია ამოიკითხა: 25 იანვარს მიხა ხელაშვილის დაბადების და დაღუპვის დღეს ჩარგალში ლელა რაზიკაშვილი იწვევდა პოეტის თაყვანისმცემლებს შემდეგი სიტყვებით: „…25 იანვარი მოდის, ხელაშვილის დღესასწაული! მისი ლექსის და გმირობის თაყვანისმცემლებს მოწვევა არ სჭირდებათ, ისინი თავად არიან ამ დღეს მასპინძლები!.. გელოდებით!“ და ეს სიტყვები სიმართლე აღმოჩნდა, ნინომ ფილმისთვის მიხას დიდი ოჯახის მასპინძლები ჩაწერა, ბატონი ტრისტან მახაური მართლაც შეუდარებელი მთხრობელი აღმოჩნდა!

ფილმზე მუშაობას რომ ასრულებდა, ნინოს აუდიტორიაზეც უნდა ეზრუნა. გარდა იმისა, რომ პრემიერა სკოლაში გაიმართებოდა, მან გადაწყვიტა, ზაფხულში, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ფილმის ჩვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მოეწყო. ასე დაუკავშირდა ზემო ნიქოზელებს და თანხმობა მიიღო მათგან, ასე დაუკავშირდა თბილისის რამდენიმე სკოლას და იმედოვნებს, რომ დაუკავშირდება სხვა დაინტერესებულ სკოლებსაც.

ახლა კი ორიოდე სიტყვა ფილმის პრემიერაზე: ეს ფილმი თავიდან ბოლომდე პრემიერის დღეს ვნახე. ჩემი თხოვნა იქნება, თქვენც ნახოთ ეს ფილმი და, თუ საჭიროდ ჩათვლით, აჩვენოთ თქვენს მოსწავლეებსაც, ეგებ მათაც გაუჩნდეთ მოტივაცია და გააგრძელონ ეს საქმე.

 

 

ფილმის ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რაოდენ საინტერესო საქმეს შეეჭიდა ეს პატარა გოგო. ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის პატარა მიგნებები, ნინოს ფილმში რომ აისახა (მაგალითად, მიხა ხელაშვილის გარდაცვალების თარიღი, რომელიც თურმე არასწორად ვიცოდი). გარდა ამისა, ერთი საინტერესო რამ შევიტყვე ილამაზ მიწიშვილისგან. ცისფერყანწელი ნიკოლო მიწიშვილის აყვანის დღეს ჩეკისტებს მისი კაბინეტიდან 27 საქაღალდე (საქაღალდეც არის და საქაღალდეც, ეს საქაღალდე გაძეძგილი იყო ნაწერებით) ამოუღიათ. ამ საქაღალდეში ქართველ მწერალთა გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები იდო (რაღაც მდარე ხარისხის იქნებოდა, რაღაც დიდი საბჭორეთის დიდება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა იდო საქაღალდეში!). რომ აღარაფერი ვთქვათ, დაკარგულ სიცოცხელზე, კაცმა არ იცის, ერთ-ერთი პირველი რეპრესირებული მწერლის წერტილდასმულ სიცოცხლესთან ერთად, ვისი ტექსტები და რა დონის ტექსტები დაკარგა ქართულმა ლიტერატურამ. ამიტომაც გადავაკეთებ ნინოს სიტყვებს ფილმიდან „წითელი კალმით“ და მეც ვეტყვი მომავალ თაობებს საჯაროდ: მიიღეთ ჩვენი დაგვიანებული ბოდიში…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი