შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ადრეული აღზრდა თუ განათლება?

ტერმინთა დემისტიფიკაცია დიალოგისთვის

 

საქართველოში, ტრადიციულად, ადრეული (სკოლამდელი) ასაკის ბავშვების განათლებასთან  მიმართებაში გამოიყენებოდა ტერმინი „აღზრდა“. ქვეყნის უმაღლესი კანონი – კონსტიტუცია დღემდე სწორედ ამ ტერმინს იყენებს (მუხლი 35, მე-3 პუნქტი). ტერმინის დამკვიდრებას, ბუნებრივია, გარკვეული სოციალური, კულტურული და ისტორიული გარემოებები განაპირობებს. ბოლო წლებში, საქართველოში, საჯარო განხილვებსა და საკანონმდებლო სივრცეში გაჩნდა ახალი ტერმინიც – „განათლება“. საინტერესოა, რომ ახალმა ტერმინმა კი არ ჩაანაცვლა ძველი, არამედ მათი გამოყენება ხდება ერთდროულად, როგორც ერთმანეთის შემავსებელი ორი ცნებისა, რომლებიც ერთიანობაში თითქოს უფრო სრულყოფილად ასახავს იმ პროცესებს, რაც სკოლამდელ დაწესებულებაში მიმდინარეობს (ან უნდა მიმდინარეობდეს). ამ კონტექსტში გაჩნდა საინტერესო დისკუსია ტერმინებთან დაკავშირებით: ერთი მხრივ, სკოლამდელი განათლების დარგის გარეთ მყოფი ადამიანები მიესალმებიან „განათლების კომპონენტის დაბრუნებას“ (?) საბავშვო ბაღებში, მეორე მხრივ კი, ამ დარგში მომუშავე პრაქტიკოსების მხრიდან ისმის კრიტიკა, რომ „განათლება“ შეუსაბამო ტერმინია, როდესაც საქმე ეხება ადრეული ასაკის ბავშვებს, ხოლო „აღზრდა“ უფრო ზუსტად ასახავს განათლების ამ საფეხურის არსს. ამ უთანხმოების გადასალახად და სფეროს მიზნების შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსის მისაღწევად მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რას გულისხმობს თითოეული მხარე სხვადასხვა ტერმინში; რა მოლოდინები აქვთ ამ სფეროს მიმართ და როგორ მიმართებაშია ეს თანამედროვე საერთაშორისო კვლევებთან და თეორიებთან. წინამდებარე სტატიაში შევეცდები, მოვახდინო ადრეული განათლების სფეროში საქართველოში დამკვიდრებული ტერმინების დემისტიფიკაცია, ანუ ტერმინთა გააზრებისთვის შემოგთავაზებთ საწყის მსჯელობას შემდგომი დიალოგისთვის.

 

სკოლამდელი აღზრდა – ტრადიციული გააზრება

„აღზრდა“ სკოლამდელ საფეხურთან მიმართებაში ყოფილ ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში გავრცელებული ტერმინია, რომლის ისტორიული საფუძვლებიც გერმანულ-სკანდინავიურ სოციალურ-პედაგოგიურ საგანმანათლებლო მოდელებში შეგვიძლია ვეძიოთ. განსხვავებით ანგლოსაქსური მიდგომისგან, სადაც ფოკუსს „განათლება“ (education) წარმოადგენდა, გერმანული და სკანდინავიური საგანმანათლებლო დისკურსისთვის ცენტრალურ ცნება იყო „აღზრდა“ (erzeihung, oppdragelse და სხვა). ამ შემთხვევაში, ტერმინი გულისხმობდა ბავშვის პიროვნებად, საზოგადოების წევრად ჩამოყალიბების, მისი სოციალიზაციის, საზოგადოებისთვის სასურველი და მისაღები ქცევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესს. სწორედ ამ კონტექსტში ორი ტერმინის შედარებისას წარმოიშვება სოციალურ-კულტურული „გაუგებრობა“, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ანგლოსაქსური ტრადიციული „განათლება“ ყოველივე „erzeihung“-ს მოკლებულია და მის მთავარ არსს ბავშვისთვის მხოლოდ საგნობრივი შინაარსის, ცოდნის გადაცემა წარმოადგენს. თეორიული თვალსაზრისით, აღნიშნული შეხედულება უსაფუძვლოა. მეტიც, აღსანიშნავია, რომ მე-20 საუკუნეში ანგლო-ამერიკელ თეორეტიკოსთა და მკვლევართა ნაშრომები „განათლების“ – მრავალმხრივი, პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული პროცესის შესახებ პოპულარობით სარგებლობდა კონტინენტურ ევროპაში (მაგ., ჯონ დიუი).

 

განათლება – სტრუქტურირებული აკადემიური სასწავლო პროცესის შიში

როგორც აღვნიშნეთ, თეორიული და კვლევითი თვალსაზრისით, „განათლება“ არ გულისხმობს მხოლოდ საგნობრივ-შინაარსობრივ სწავლებას და არათუ არ გამორიცხავს „აღზრდას“, არამედ უცილობლად მოიცავს მას. საქართველოს „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“ (2004) განათლების სწორედ ასეთ ხედვას გვთავაზობს:

საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებაში“.

მაშინ, როდესაც ზოგად განათლებაში „საჭირო ცოდნის მიცემა“ მხოლოდ ერთი კომპონენტია განათლების მრავალმხრივი მიზნების, რაღას გულისხმობს „აღზრდა“, როდესაც საქმე ეხება ადრეული ასაკის ბავშვებს? რა არის ის გამორჩეული თავისებურება, რაც მხოლოდ „აღზრდისთვის“ არის დამახასიათებელი და განათლების ზემოთ მოცემულ საზღვრებს მიღმაა? „აღზრდის“ ტრადიციული კომპონენტები ნამდვილად არ ხვდება ამ საზღვრებს მიღმა, თუმცა დიალოგის მხარეებს შორის შესაძლოა არსებობდეს „აღზრდის“ განსხვავებული გაგებაც, რაც შესაძლოა გაუგებრობას იწვევდეს. მაგალითად, საქართველოში ასეთი მოსაზრებაც გამოთქმულა, რომ საბავშვო ბაღი „აღზრდის“ ადგილია, რადგან იქ ბავშვები იკვებებიან და იძინებენ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ტერმინების „ზრუნვა“ და „აღზრდა“ აღრევასთან, რასაც, ბუნებრივია, არაფერი აქვს საერთო აღზრდა/განათლების დისკუსიასთან.

ისტორიულად, სკოლამდელი განათლების (მიუხედავად იმისა, თუ რა სახელით მოიხსენიებდნენ) თეორიისა და პრაქტიკის უმთავრეს საფუძველს სწორედ ბავშვის მრავალმხრივი – პიროვნული, სოციალური, ფიზიკური და შემეცნებითი განვითარება წარმოადგენდა. სწავლა, განვითარება, ღირებულებების ჩამოყალიბება, სოციალიზაცია – ერთიანი პროცესია. ეს სწორედ ის ხედვაა, რასაც ჩვენ არათუ სკოლამდელი განათლებისგან, არამედ ზოგადი განათლებისგან ვითხოვთ. სკოლებს ნამდვილად შეუძლიათ ბევრი ისწავლონ საბავშვო ბაღებისგან იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს განათლება, როგორც ინდივიდზე ორიენტირებული მთლიანი პროცესი, როდესაც საქმიანობა ისეა დაგეგმილი, რომ ბავშვი ინტერესით და ლაღად ერთვება მასში და მრავალმხრივად ვითარდება. მათემატიკის სწავლა არასოდეს არის მხოლოდ მათემატიკა, ხოლო წახემსება – უბრალოდ, შიმშილის დაკმაყოფილება. ყველა სიტუაცია, ყველა მოვლენა დაფიქრების, გააზრების, ურთიერთობის, თამაშის, ინტერესის, განვითარების, სწავლის წყაროა. საინტერესოა საქართველოში ბოლოდროინდელი პოპულარული დისკუსია და აღტაცება ფინური განათლების მოდელით, სადაც განათლების ხედვა სწორედ ასეთ, ადამიანის განვითარების უწყვეტ და  „ჰოლისტურ“ გააზრებას ეფუძნება.

მაშ, რატომ არ არის საზოგადოებაში შეთანხმება მიღწეული იმის შესახებ, რომ განათლება, ნებისმიერ საფეხურზე, არ წარმოადგენს მხოლოდ აკადემიურ, შინაარსობრივ/საგნობრივ სწავლა-სწავლების პროცესს? ასეთი ცოდნის მიღება ყოველთვის არის განათლების ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ნაწილი, მათ შორის სკოლამდელ საფეხურზე. ბავშვებს ადრეულ ასაკში უვითარდებათ მათემატიკური და წიგნიერების უნარ-ჩვევები, სწავლობენ მეცნიერულ კანონზომიერებებს, უყალიბდებათ ესთეტიკური ღირებულებები და იწყებენ კულტურის პროდუქტების აღქმას. ტვინის განვითარების კვლევები ცხადყოფს, რომ სიცოცხლის პირველი წლები სწავლის ყველაზე ინტენსიური პერიოდია, რომელზეც მომავალში დაშენდება უფრო კომპლექსური ცოდნა და სააზროვნო უნარები. თუკი „აღზრდა“ არ მოიაზრებს ბავშვის მიერ გარესამყაროს შემეცნების, ახალი ცოდნის ათვისების კომპონენტს, თანამედროვე კვლევების პერსპექტივიდან, ის უბრალოდ უგულებელყოფს ბავშვის განვითარების ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს; ხოლო თუ „აღზრდა“ მოიაზრებს მას, მაშ, რა განსხვავება რჩება მასა  და „განათლების“ ჰოლისტურ ცნებას შორის? პრობლემა ისაა, თუ როგორ ხდება ცნებების პრაქტიკული გააზრება. სკოლამდელი განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის „განათლება“, ტრადიციულად, სკოლის აკადემიურ, სტრუქტურირებულ მიდგომასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, სკოლების უმრავლესობა ასეთიც არის და მათი ფოკუსი უმთავრესად არა ბავშვის პიროვნული, მოქალაქეობრივი,  სოციალური, შემეცნებითი და ფიზიკური განვითარებაა, არამედ ვიწრო საგნობრივი ცოდნის სწავლა-სწავლების პროცესი.

ამ კონტექსტში შესაძლოა გასაგები იყოს სკოლამდელი განათლების სფეროს პრაქტიკოსთა შიში, რომ „განათლების კომპონენტის დაბრუნება“ საბავშვო ბაღებისთვის საფრთხეს წარმოადგენს – დაემსგავსონ სტრუქტურირებულ, აკადემიურ ცოდნაზე ორიენტირებულ, მრავალი ბავშვისთვის მოსაწყენ და უინტერესო გარემოს – სკოლას. თუკი განათლებას ამ შემთხვევაში საზოგადოება „შინაარსის სწავლის“ ეკვივალენტად აღიქვამს, სკოლამდელი განათლების პრაქტიკოსებისთვის უცხო ნამდვილად არ უნდა იყოს, რომ ბავშვები ადრეულ ასაკში ბევრ რამეს სწავლობენ. ამდენად, „განათლების კომპონენტის დაბრუნებაზე“ საუბარი უადგილოდ ჟღერს, თუკი ამას პროცესსა და შინაარსთან მიმართებით განვიხილავთ. ბავშვები სწავლას იწყებენ დაბადებიდან და არა მაშინ, როდესაც 3 ან 6 წელი შეუსრულდებათ, ხოლო სწავლის გაიგივება საგნობრივ საგაკვეთილო აკადემიურ პროცესთან საკითხის ძალიან ზედაპირულ გააზრებაზე მიუთითებს. „განათლება“ საბავშვო ბაღებიდან არასოდეს წასულა, რომ დავაბრუნოთ. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ „დაბრუნება“ შესაძლოა განიხილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლამდელ განათლებაში აღებული ახალი პასუხისმგებლობების კონტექსტში (სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების შექმნა და მონიტორინგი), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ცალსახად ნათელი იყოს: ეს „განათლება“ და მასთან დაკავშირებული სტანდარტები არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საგნობრივი სწავლების აკადემიურ პროცესს და გულისხმობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებასა და კეთილდღეობაზე მზრუნველ გარემოსა და პროცესს.

სკოლამდელი განათლება მთლიანი პროცესია. მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული მრავალი კვლევის მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სკოლამდელი განათლება ბავშვისა და საზოგადოებისთვის პოზიტიური შედეგების მომტანია მაშინ, როდესაც ბავშვის განვითარება, სწავლა და მასზე ზრუნვა ერთიან პროცესად არის მოაზრებული. წარმოუდგენელია მისი დაჩეხვა აღზრდის, სწავლის, თამაშის, ზრუნვის პროცესებად, ვინაიდან ყოველივე ეს ერთდროულად მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთი პროცესის ურთიერთგადაჯაჭვულ ასპექტებს. სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლების ასეთი აღქმა ჯერჯერობით არ არის დამკვიდრებული საქართველოში. ამის ნათელი მაგალითია სასკოლო მზაობის პროგრამის „თ-ა-მ-ა-შ-ი“-ს დანერგვის პროცესში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ზემოთ გამოთქმულ დებულებას. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში 3 საათი განისაზღვრა მინიმალურ ყოველდღიურ დროდ იმ საგანმანათლებლო კონტექსტისთვის, სადაც პროგრამა არ ხორციელდება ტრადიციულ სრულდღიან საბავშვო ბაღში (მაგ., სკოლის ბაზაზე გახსნილი ე.წ. „სასკოლო მზაობის ჯგუფები“). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა (როგორც ნებისმიერი ხარისხიანი სკოლამდელი განათლების პროგრამა), რა თქმა უნდა, ფოკუსირებულია ბავშვის მრავალმხრივ განვითარებაზე და არა – საზოგადოებაში ტრადიციულად მოაზრებულ, სკოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე (წერა-კითხვა, არითმეტიკა). პროგრამის ფარგლებში თამაში წარმოადგენს სწავლისა და განვითარების მთავარ სტრატეგიას და არა – სტრუქტურირებულ, აღმზრდელის/მასწავლებლის მიერ მართულ პროცესს. სასკოლო მზაობის პროგრამის ტრადიციულ სრულდღიან საბავშვო ბაღებში დანერგვის პროცესში გამოიკვეთა მოულოდნელი ტენდენცია: პრაქტიკოსები და მართვის რგოლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს ჯგუფებში სამი საათის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი დრო ჩვეულებრივ სააღმზრდელო პროცესში არიან ბავშვები ჩართული (?). მსგავსი განცხადებები მიუთითებს, რომ სკოლამდელი განათლების სფეროში მომუშავე ადამიანების ხედვა არ ეფუძნება ჰოლისტურობისა და თანამიმდევრულობის პრინციპებს და ბევრ მათგანი სწავლას, განვითარებას, თამაშსა და აღზრდას ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პროცესებად მოიაზრებს.

 

რატომ „განათლება“?

უნდა ითქვას რომ ქართული ტერმინის – „აღზრდის“ ტრადიციული გაგება ბავშვს ობიექტად მოიაზრებს: ის ბავშვი კი არა, უპირველესად, „აღსაზრდელია“, ვინც „აღმზრდელმა“, თანმიმდევრული მეთოდური მიდგომებით, საჭირო ყალიბის შესაბამისად უნდა „გამოძერწოს“. აღზრდა მოიაზრება, როგორც სასრული პროცესი. განათლება კი მუდმივი და უწყვეტი პროცესია, სადაც ბავშვი, მოზარდი, ზრდასრული – პროცესის აქტიური მონაწილენი არიან და ცვალებად, „თხევად თანამედროვეობაში“ მუდმივად ვითარდებიან, სწავლობენ, გადააფასებენ, „აღიზრდებიან“.

საერთაშორისო კვლევებისა და სამეცნიერო დიალოგის ფონზე, არსებობს კი დღეს აღზრდა-განათლებას შორის უთანხმოების რაიმე საფუძველი? ალბათ მსოფლიოში ძალიან იშვიათად შეხვდებით განათლების სპეციალისტს, რომელსაც მიაჩნია, რომ განათლება წმინდად კოგნიტური ფოკუსის მქონე აკადემიურ სასწავლო პროცესს გულისხმობს. აქ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ განათლების სპეციალისტს – ადამიანს, რომელიც ამ სფეროს მიზანმიმართულად სწავლობს,  რადგან, სამწუხაროდ, ამავე  რწმენასა და შეხედულებებს ნაკლებად ვხვდებით გადაწყვეტილების მიმღებთა შორის (რომლებიც ხშირად განათლების სფეროს ძალიან ცუდად იცნობენ). განათლების სფეროში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული ტრანსატლანტიკური სამეცნიერო დიალოგისა და საერთაშორისო კვლევების შედეგად, ამ ტერმინებთან დაკავშირებით, დღეს, საერთაშორისო საგანმანათლებლო დისკურსში მეტი კონსენსუსია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად მათი შინაარსი შესაძლოა განსხვავებული იყო, ორივე ტრადიცია ადრეული ასაკის ბავშვების სწავლასა და განვითარებასთან მიმართებით მსგავს მიზნებსა და ამოცანებს აყალიბებს თეორიულ და კვლევით დონეზე.

მნიშვნელოვანია, საქართველოში შედგეს ღია დისკუსია აღნიშნულ ტერმინების თაობაზე. ამის გარეშე რთული იქნება, საზოგადოებას შეექმნას სწორი წარმოდგენა სკოლამდელი განათლების ზოგადი არსისა და მიზნების შესახებ.

როგორც ამ დისკუსიის მონაწილე მხარეს, მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია „აღზრდის“ ჩანაცვლება ახალი ტერმინით – „განათლება“. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ განათლების ჰოლისტური განმარტება მოიცავს „აღზრდის“ ტრადიციულ გააზრებას. მეორე: ვინაიდან ქვეყანაში დამკვიდრებულია ტერმინი „განათლების სისტემა“ (რომელიც არ წარმოადგენს მხოლოდ შინაარსობრივი ცოდნის სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების სისტემას და სოციალური პედაგოგიკის ასპექტებსაც მოიაზრებს) და სკოლამდელი განათლება მისი განუყოფელი ნაწილია, მართებული იქნება სწორედ ტერმინ „განათლების“ გამოყენება. ხშირად, სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლების სფეროში მონაწილე მხარეები პასუხისმგებლობას თავს არიდებენ მისთვის „აღზრდის“ ფუნქციის მინიჭებით, რითაც ხდება სკოლამდელი განათლების დაკნინება და მისი წარმოჩენა, როგორც საგანმანათლებლო სისტემის ნაკლებ მნიშვნელოვანი საფეხურისა.

მომავალ წლებში მნიშვნელოვანი იქნება, შევინარჩუნოთ სიფხიზლე იმ რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც სკოლამდელ განათლებაში „განათლების“ არამართებულ გაგებას შესაძლოა მოჰყვეს, ანუ საბავშვო ბაღში საგანმანათლებლო პროცესი დაემსგავსოს „ცუდ“ სკოლას – გახდეს სტანდარტიზებული, სტრუქტურირებული, მასწავლებლის მიერ მართული და აკადემიურ ცოდნაზე ორიენტირებული. ამიტომ, სკოლამდელი განათლების ტრადიციებს შესაძლოა დასჭირდეს აქტიური დაცვა საბავშვო ბაღებში. მეტიც, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის იქნებ მართებული იყოს მცდელობა – განათლების ჰოლისტური გააზრებით სკოლები დაემსგავსოს საბავშვო ბაღებს, როგორც ეს ფინეთის სახელგანთქმულ განათლების სისტემაში ხდება.

 

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს მთავრობის დადგენილება # 84 (18.10.2004) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/11098

 

  1. Biesta (2016): Who’s Afraid of Teaching? Heidegger and the Question of Education ‘Bildung’/‘Erziehung’). Educational Philosophy and Theory.

https://dx.doi.org/10.1080/00131857.2016.1165017

 

  1. A. Frolov (2003) Social Education and the Legacy of A.S. Makarenko, Russian Education & Society, 45:11, 79-93.

 

  1. B. Gundem & S. Hopmann (Eds). (1998). Didaktik and/or Curriculum. An International Dialogue. Conclusion- Didaktik Meets Curriculum: Towards a New Agenda. pp. 331- 354. Peter Lang.

Soviet Education (1980) Chapter 8: The Social Education Process in the School. Soviet Education, 22:9-10, 100-124.  https://dx.doi.org/10.2753/RES1060-9393220910100

Raymond L. M. Lee. (2005). Bauman, liquid modernity and dilemmas of development.  Thesis Eleven 83: 61–77.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი