პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

უსიყვარულო ქვეყნის შვილები

ერთი გულსაკლავი ამბით უნდა დავიწყო. მეგობარი მყავს ბავშვობის. არც ერთ გალაქტიკაში არ მეგულება ასეთი კარგი ადამიანი. ერთხელ მირეკავს, შენი რჩევა მჭირდება ძალიანო. და მიყვება თავის პირველკლასელ, მერცხლისთვალება,საოცრად წყნარ და ჭკვიან ნინიკოზე: როგორ დარჩა სახლში წყლის ბოთლი,რა ძალიან მოსწყურდა, რადგან სიცხე მიუცია სკოლაში, როგორ არ გამოიძებნა უზარმაზარი საჯარო სკოლის უზარმაზარ ბუფეტში ერთი ჭიქა, რომ ბავშვს წყალი დაელია.როგორ ითმინა ეს საშინელი წყურვილი და 39 გრადუსი სიცხე მე- 5 გაკვეთილის ბოლომდე ისე, რომ არავის შეუწუხებია თავი, არც წყალი მიუწოდებიათ, არც დედისთვის დაურეკავთ და როცა ბოლოს და ბოლოს დედა მივიდა და გულაჩუყებული, აქვითინებული გადახვევია, დაადგათ ნინიკოს დამრიგებელი თავზე და მკაცრი ტონით მოუწოდებდა, ისტერიკები ნუ დაიმართეო,მერე დედას მიუბრუნდა და უსაყვედურა, წყალი არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ, მე სად ვეძებო მერე ჭიქა, რამდენჯერაც ამათ წყალი მოსწყურდებათო! საერთოდაც ძალიან უცნაური და ემოციური ბავშვია და კეთილი ინებეთ, სახლში ამაზე იმუშავეთო.

გავშრი.

რა უთხარი-მეთქი? არაფერი, ბოდიში მოვუხადეო, ხომ იცი მასწავლებლებმა როგორ იციან გადაკიდება ბავშვებზე (ჩვენ მასეთ სკოლაში არ გავზრდილვართ, მაგრამ არ იუაროო)  და სხვა რა გზა მქონდაო.

წამით წარმოვიდგინე, როგორ იდგა  მასწავლებლის ,,გადაკიდებით“  შეშინებული  ჩემი ყველაზე მამაცი, კეთილი და ციმციმა მეგობარი, რომელსაც 6 წლისას ულამაზესი და უჭკვიანესი დედა მოუკვდა, 11 წლისას მამა ჩააკვდა ხელში, იმის მერე სრულიად მარტო ზრდიდა საკუთარ თავს და ერთხელაც არც შეურცხვენია და არც დაუჩაგვრინებია ვინმესთვის თავი…წარმოვიდგინე, როგორ  ჰპირდებოდა მორჩილად ვიღაც ფსევდომასწავლებელს, რომ აღარასოდეს დაავიწყდებოდა შვილისთვის წყლის გამოტანება, აუცილებლად იზრუნებდა ნინიკოს ზედმეტ ემოციურობაზე სახლში…

და რჩევა კი არა, ტირილი მომინდა…ყურმილის დაკიდების მერეც მეტირებოდა, ღამითაც და დილითაც, ერთი კვირის მერეც და ერთი თვის მერეც, იმდენჯერ, რამდენჯერაც გამახსენდებოდა… ძალიან მომინდა, არ ვყოფილიყავი 600 კილომეტრით შორს, მყოფნოდა გამბედაობა, მივსულიყავი და პასუხი მომეთხოვა წყურვილისა და სიცხისგან გაწამებული პირველკლასელის გამო.

ნინიკო უსიყვარულო ანუ  უპასუხისმგებლო ქვეყანაში ცხოვრობს, აქ უნდა გაიზარდოს.

 

დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ სიყვარული ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა  და  ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვაკლია, როგორც საზოგადოებას, სწორედ ეს გრძნობაა.

უძნელესი მგონია, ბავშვს გაუჩინო პასუხისმგებლობის განცდა. არადა, თუ პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდა,სწორედ მაშინ ყალიბდება ის თავისუფალ, ძლიერ და რაც მთავარია, მოსიყვარულე პიროვნებად.

,, პასუხისმგებლობა“ რთული სიტყვაა და ორი ნაწილისგან შედგება: პასუხის მგებლობა – ანუ ვიღაცამ რაღაც გითხრა და შენ უნდა უპასუხოო. ილიასი არ იყოს, მადლზე რომ ამბობს: ,, მადლი ერთისგან გაწირვაა და მეორისაგან შეწირვა ერთსა და იმავე დროს. თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის..“, პასუხისმგებლობაც ასეა. უამრავი გზა არსებობს, როგორ უნდა გავუჩინოთ ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა: დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას უნდა მივაჩვიოთ, არჩევანის საშუალება მივცეთ საკვების, ტანსაცმლის, სათამაშოს, წიგნის არჩევისას… შინაური ცხოველი ვუყიდოთ, რათა მასზე ზრუნვას მიეჩვიოს და ა.შ. და ა.შ.  მაგრამ მე მგონია, რომ ეს ყველაფერი არაფერი იქნება, თუ არ დაინახა, რომ მე, უფროსს, მიყვარს ჩემი საქმე და იმიტომ მიხარია მისი კეთება. მე, უფროსს, მიყვარს ჩემი ქალაქი და იმიტომ ვეძებ აუცილებლად ნაგვის ურნას,რომ ჩავაგდო ჯიბეში ჩაჭმუჭნული ქაღალდი. მიყვარს ადამიანები და იმიტომ ვცდილობ, დავეხმარო, ვისთვისაც დახმარება შემიძლია და თუ არა,გული არ ვატკინო მაინც…

ერთ ხანს გამალებით ვეძებდი ნაწარმოებებს, რომლებიც პასუხისმგებლობის თემას ეხებოდა. ვიცი, პირველ რიგში  მომაგებებთ ,,გამზრდელსა“ და ,,ხევისბერი გოჩას“. დიახ, ძალიან უყვართ ბავშვებს აკაკის ეს პოემა, მაგრამ ზუსტად იციან,რომ ვერც მე და ვერც სხვა მასწავლებელი ვერ მოვიკლავთ თავს, თუკი ჩვენი აღზრდილი უღირსად მოიქცევა. დაძაბულები და მთელი ინტერესით კითხულობენ ,,ხევისბერ გოჩას“, ბევრს ფიქრობენ და კამათობენ, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ, ზოგადად, მამები არ კლავენ შვილებს არანაირი ღალატის გამო და არც უნდა მოკლან.

მოკლედ, ბევრი ვეძებე თუ ცოტა გონების ლაბირინთებში, სხვებსაც ვკითხე, მაგრამ ამაზე უფრო ადამიანური და ,, პასუხისმგებლიანი“  ნაწარმოები მე არ მეგულება – ,, ლამაზი ცრემლები“.

ალბათ, ყველა ფილოლოლოგმა იცის რევაზ ინანიშვილის ეს მართლა ულამაზესი ნოველა. ერთი ,,ჩამყუდროებული“, სათნო მოხუცი როგორ უტოვებს ანდერძად შვილიშვილს, დაასრულოს თავისი დაწყებული საქმე, დახერხოს შეშა ერთ – ერთ ოჯახში. ის შვილიშვილი აუცილებლად ჩამოყალიბდება პასუხისმგებლიან ადამიანად, რადგან ბაბუამ ძალიან გულწრფელად და ბუნებრივად დაანახვა,რამდენად მნიშვნელოვანია,თუნდაც სრულიად უცხო ადამიანებსაც კი იმედი არ გაუცრუო.

მერე ფილმებსაც გადავავლე გონების თვალი.

,,კესი“ კენ ლოუჩის არაჩვეულებრივი ფილმია იმაზე, თუ როგორ დაინტერესდება ერთი ,, უსაქმური, უწიგნური და უპასუხისმგებლო“ ბიჭი  შევარდნების მოშინაურებით. როგორ აიძულებს ეს ინტერესი, წაიკითხოს სქელი წიგნი მათ მოშინაურებაზე. რუდუნებით, ნაბიჯ- ნაბიჯ მიყვება ამ წიგნის ინსტრუქციას და ბავშვისთვის თითქმის შეუძლებელს შეძლებს: მოიშინაურებს შევარდენს. ლუკმას უნაწილებს თავის შევარდენს, აღარ მიდის სახეტიალოდ და სათამაშოდ, მაშინვე სახლში მორბის,რომ კესს აჭამოს ( ასე ჰქვია შევარდენს) და როცა ერთხელაც ამ მიღწევით გაოცებული მასწავლებელი სახლში ესტუმრება, საოცრად მარტივად და გულწრფელად უხსნის,რომ ხალხი არასწორად ფიქრობს,შევარდენი მოშინაურებული კი არაა,ის ისევ გარეულია, უბრალოდ, ბიჭს დართო ნება,რომ მასზე იზრუნოს და ბიჭსაც ძალიან მოსწონს, რომ მას უვლის. საოცარი ფორმულირებაა იმისა, თუ რას ნიშნავს სიყვარული და პასუხისმგებლობა. თუ გიყვარს, მასზე ზრუნვა გინდება და თუ უყვარხარ, გაძლევს ნებას მასზე იზრუნო, ოღონდ ისე, რომ შენ შენად დარჩე, თან მისი იყო. მაგრამ ფილმში ამ პატარა ბიჭის საოცარ სიყვარულს გარშემო მყოფი უამრავი უფროსის უსიყვარულობა, გულგრილობა, ძალადობა უპირისპირდება და ხდება კიდეც ამ ძალადობის მსხვერპლი…

დიახ, ვერ ვასწავლით ბავშვს პასუხისმგებლობას და სიყვარულს, თუ არ გვეყვარება უკლებლივ ყველა ბავშვი; თუ ერთხელ მაინც ვეცდებით, მოვატყუოთ ის; თუ დავპირდებით და არ შევუსრულებთ; თუ შეგვეშლება მათთან და არ ვაღიარებთ ამ შეცდომას და ბოდიშს არ მოვიხდით მხოლოდ იმიტომ,რომ ბავშვები არიან; თუ არ ვეცდებით, მათთან ერთად ვაკეთოთ მნიშვნელოვანი, სასარგებლო და საინტერესო საქმეეები; თუ სავარძლებში ვსხედვართ და არ მივაქცევთ ყურადღებას მათ გამოთქმულ აზრებს, იდეებს, ინიციატივებს მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვები არიან ( აი, დედები, მამები, ბიძიები ან თუნდაც მასწავლებლები რომ მოჰყოლოდათ, მაშინ სხვა იქნებოდა) … არ ექნებათ პასუხისმგებლობა, თუ შეამჩნევენ რომ ჩვენ,დიდებს, არ გვიყვარს ჩვენი საქმე; თუ დაინახავენ,როგორ ვუმსხვრევთ და ვუნადგურებთ ქალაქს მხოლოდ იმიტომ,რომ რაღაცაზე გავბრაზდით… თუ დაინახავენ, რომ ნასვამები ვსხედვართ საჭესთან, ხელაღებით დავარღვევთ ყველა წესსა და კანონს და უამრავი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ეწირება ჩვენს უპასუხისმგებლობას … თუ საუკუნის წინანდელ წიგნის მაღაზიას, რომელიც ქალაქის რელიქვია და თვალსაჩინოება იყო, რესტორნად ვუქცევთ, რომელშიც წიგნები მხოლოდ ბუტაფორიაა, ისინი ჩათვლიან, რომ არც წიგნის სიყვარულია აუცილებელი, არ საკუთარი ქალაქის და მით უმეტეს,რა საჭიროა სხვისი ნაშრომ- ნაღვაწის მოფრთხილება. თუ ჩვენი უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის გამო თუნდაც ორი მოხუცი გაგვეყინება ჩვენს ქვეყანაში, ბავშვები ჩათვლიან, რომ არ ღირს ამ ქვეყნის სიყვარული, მაშასადამე, არც აქ დარჩენა ღირს, ადგებიან და წავლენ. მერე დავრჩებით უპასუხისმგებლო და უსიყვარულო უფროსები და ვივიშვიშებთ იმაზე, რომ ახალი თაობა ტოვებს ქვეყანას.

ბავშვებმა ზუსტად იციან, რა ძნელია უსიყვარულო ქვეყნის შვილობა. ნინიკომ უკვე  იცის, სულ ემახსოვრება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი