პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვითანამშრომლოთ „დამგვიანებელ“ ბავშვებთან

 

„დროს არ უყვარს, როდესაც კლავენ“, – ამბობს „ალისა საოცრებათა ქვეყნის“ ერთ-ერთი პერსონაჟი. დროს უნდა ემეგობრო. დროს უნდა გაუფრთხილდე… როგორ მოვეხმაროთ ბავშვს, დააფასოს დრო, არ დაიგვიანოს სკოლაში, გახდეს პუნქტუალური, დაგეგმოს თავისი გაკვეთილები და გართობა? დღეს ამის შესახებ უბრალო რჩევებს გაგიზიარებთ.

ყველას, მით უფრო მასწავლებლებს, შეხვედრია მოსწავლე, რომელიც გამუდმებით იგვიანებს საკლასო ოთახში, ცუდად ორიენტირდება დროში, მისთვის წუთები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ასეთი ბავშვისთვის ზრდასრულობის ასაკში ცხოვრების მოშვებული რიტმი ნორმად იქცევა ხოლმე. მათთვის ყველგან დაგვიანება მყარი ჩვევა ხდება. ამიტომ პატარაობაშივე, როგორც კი ბავშვი ინტერესს გამოიჩენს საათის, დღე-ღამის ცვალებადობის, კალენდრის მიმართ, აუცილებელია განემარტოს, რა არის დრო, რამდენად მნიშვნელოვანია იგი.

რას ნიშნავს „ერთი საათის მერე?“ ბევრია თუ არა „ხუთი წუთი“? რის გაკეთებას მოასწრებ ათ წამში? რამდენი საათი გჭირდება იმისათვის, რომ სოფელში, ბებიასთან და ბაბუსთან  ჩახვიდე? რამდენი წელი უნდა ხეს, რომ გაიზარდოს და ნაყოფი მოისხას? ეს და სხვა ამგვარი კითხვა-პასუხი ბავშვისთვის ძალიან საცნობაროა. ამ კითხვების დასმაში ბავშვებს ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ბავშვს უნდა აინტერესებდეს, რა არის დრო.

ბევრი ფსიქოლოგი ბავშვის სათამაშოებში საათის ქონას გვირჩევს. ის შეიძლება იყოს მაჯის ან კედლის, ხელნაკეთი ან ნაყიდი, ციფერბლატიანი ან ელექტრონული. დროის ციკლურობის ასახსნელად მცირე ასაკის ბავშვისათვის, რასაკვირველია, ციფრებიანი საათი უფრო გამოგვადგება. ასევე, აუცილებელია შინ თუ საკლასო ოთახში გვეკიდოს ან გვედოს ბეჭდური კალენდარი, სადაც გარკვევით გამოჩნდება კვირის დღეები, თვეები და წელი.

მშობელმა ბავშვს უწყვეტად უნდა განუმარტოს, რას ნიშნავს დღე და ღამე, განთიადი და მზის ჩასვლა, საიდან ხდება ადამიანის სიცოცხლის ათვლა, რატომ აღვნიშნავთ ახალი წლის დადგომას და ა.შ. ეს ინფორმაცია ბავშვს, მისთვის გასაგებ ენაზე და რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა მივაწოდოთ.

აუცილებელია, დავფიქრდეთ მედლის მეორე მხარეზეც – ვინ არ იგვიანებს არასდროს? ვინ მოდის დანიშნულ დროზე ადრე? ასეთი ბავშვებიც ხომ გვინახავს. როგორც წესი, მათი ზედმეტად პუნქტუალურობის მიზეზი გაძლიერებული შფოთვაა. თუკი ბავშვი სკოლაში ყოველდღიურად 15-20 წუთით ადრე ცხადდება, ეს არცთუ კარგია. ხშირად ასეთ ბავშვებს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა ახასიათებთ. ისინი გამუდმებით აკონტროლებენ თავს, უფრთხიან შეცდომებს. ასეთ ბავშვებს საკმაოდ ფხიზელი ძილი აქვთ, რადგან შიშობენ, რომ დაიგვიანებენ და საყვედურს მიიღებენ. ასეთ მშფოთვარე ბავშვებს ფხიზელი ძილი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დღის განმავლობაში დახარჯული ძალა და რესურსი ბოლომდე აღიდგინონ.

ის კი, ვინც სულ მუდამ იგვიანებს გაკვეთილებზე, შესაძლოა, მშფოთვარეც იყოს და სრულებით უშფოთველიც. თუმცა, ორივე შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვმა ისწავლოს დროის დაფასება და პუნქტუალურობა. ეს მას ზრდასრულობის ასაკში უამრავი უსიამოვნებისგან დააზღვევს. სწორედ ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და ჩავეძიოთ ბავშვის დაგვიანების მიზეზს; მოვიკვლიოთ, რატომ სურს იმაზე მეტ ხანს ეძინოს, ვიდრე ეს მისაღებია? რატომ გამოდის სახლიდან გვიან? რატომ გეგმავს თავისი დღეს არასწორად? იქნებ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური პრობლემები აქვს? გვახსოვდეს, რომ ყველა ქცევას, მათ შორის დაგვიანებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს და სანამ ბავშვს მკაცრად ვუსაყვედურებთ, ეს უნდა გავარკვიოთ.

როგორ გავიგოთ, რომ ბავშვი მზად არის, თვითონ დაგეგმოს თავისი დღე? თუ ის თქვენზეა დამოკიდებული, მაშინ ამას ვერ მოახერხებს. მისი დრო თქვენს განკარგულებაშია – თქვენ კარნახობთ, როდის დაიძინებს და გაიღვიძებს; თქვენ დაგყავთ სკოლაში, უსაზღვრავთ თამაშის და კვების საათებს. სამწუხაროდ, მშობელთა ზემზრუნველობა და გავლენა ბავშვის ცხოვრებაზე ხშირად დიდხანს გრძელდება, რაც იწვევს იმას, რომ ბავშვი გვიან სწავლობს დროის სწორ განაწილებას, შემდგომში – დამოუკიდებლობას.

დიახ, თავდაპირველად მშობელმა უნდა დაგეგმოს ბავშვის დღე, მაგრამ მომავალში დაგეგმარების საკითხები უკვე ბავშვთან თანამშრომლობით გვარდება, ბოლოს კი დროის მართვის სადავე სრულად გადაეცემა ბავშვს. ეს პროცესი თანდათანობითი და ზედმიწევნით ზომიერი უნდა იყოს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ „დამგვიანებელ“ ბავშვებს სხვადასხვაგვარად, მათი ინდივიდუალურობის გათვალისწინებით მივუდგეთ. მაგალითად, თუ ბავშვი სკოლაში წასასვლელად დიდხანს ემზადება, მაღვიძარა ხუთ ზარზე უნდა დავუყენოთ. პირველი ზარი ბავშვს აღვიძებს, მეორე ზარი კარნახობს, რომ აბაზანაში შესვლის დროა, მესამე –  საუზმის დროს კარნახობს, მეოთხე – ჩაცმისას, მეხუთე – სახლიდან გასვლისას. „ხმოვანი გრაფიკი“ გაცილებით სახალისო შესასრულებელი იქნება ბავშვისთვის, ვიდრე ამ თემაზე ატეხილი დავიდარაბა.

შედარებით უფროსი ასაკის ბავშვს თვითონ შეუძლია, მოიფიქროს თავის „გამოსაფხიზლებელი“ და ამაჩქარებელი მეთოდი. მაგალითად, ჩართოს მუსიკა, რომელიც უყვარს და რომელიც აიძულებს, უფრო სწრაფად იმოძრაოს, ანდა მაღვიძარას ზარის ნაცვლად სახუმარო ხმოვანი შეტყობინებები ჩაიწეროს და საკუთარი თავი ამით წააქეზოს.

ასეთივე მიდგომას საჭიროებს ზედმეტად მოჩქარე ბავშვი, რომელიც ისე ჩქარობს, რომ სკოლის ჯერ კიდევ დახურულ კართან უწევს ჯდომა და სხვების ლოდინი. განუმარტეთ ბავშვს, რომ ამ „ზედმეტი 20 წუთის“ დახარჯვა უფრო საინტერესოდ შეუძლია. მაგალითად, ამ დროში ის თავისუფლად გადაიკითხავს გაკვეთილებს, მოუსმენს საყვარელ სიმღერას, მიალაგებს თავის ოთახს, სამუშაო მაგიდას და სხვ.

მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბავშვებს ძალიან მოსწონთ პუნქტუალურობასთან დაკავშირებული თამაშები. მაგალითად, ბავშვს შეუძლია წუთებში ზუსტად გამოთვალოს, რა დრო სჭირდება პირის დაბანასა და კბილების გასახეხად, რამდენ ხანს საუზმობს, რამდენ წუთში იცვამს ფეხსაცმელს, რა დროს საჭიროებს სკოლამდე მისასვლელად. გამოთვლის მერე ბავშვი ცდილობს ყოველდღიურად ისევ ამდენივე წუთი დახარჯოს სასკოლოდ მომზადების პროცესზე. ასე სწავლობს დროის კონტროლს.

არსებობს კიდევ ერთი, დროის უკუღმა ათვლის მეთოდი, რომლითაც ბავშვი კარგად აცნობიერებს, რომ დროს მოფრთხილება უნდა. მაგალითად, მშობელი ბავშვს განუმარტავს: „მამა სახლში შვიდ საათზე მოვა. შენ უკვე თავისუფალი დრო გექნება და ერთად ითამაშებთ. დავითვალოთ: საშინაო დავალებებისთვის სულ ორი საათი გჭირდება, მაშასადამე, ხუთ საათზე უნდა დაჯდე სამეცადინოდ. მანამდე კი შეგიძლია ერთი საათი დაისვენო, ანუ ოთხიდან ხუთ საათამდე. მოინიშნე“.

მნიშვნელოვანია ის, რომ დღის დაგეგმვისას ბავშვს უნდა მივცეთ შეცდომის დაშვების საშუალება. მან თავად უნდა დაინახოს, რას ვერ ასწრებს, რა დაგეგმა არასწორად. სხვა დროს ის უფრო ბევრს იფიქრებს იმაზე, რომ დრო ტყუილად არ დაეხარჯოს და მეტი თავისუფალი დრო დარჩეს.

გამოცდილება აჩვენებს, რომ დღის დაგეგმვის საუკეთესო მაშველად კედლის დაფა რჩება. დაფას შეიძლება კედელზე მიკრული ფურცელი ჩაენაცვლოს. დაფაზე/ფურცელზე ჩამოწერილ საქმეებს ბავშვმა თვითონ უნდა დაუსვას პლიუსები ან მინუსები. დროის კონტროლის ეს ინსტრუმენტი უდავოდ ეფექტიანია.

დაფის მქონე ყველაზე უზრუნველი ბავშვებიც კი გაცილებით პუნქტუალურები ხდებიან. დაფაზე არა მხოლოდ საქმეები, არამედ დროის დედლაინებიც იწერება – ეს საქმე ამ დროიდან იმ დრომდე მონაკვეთში უნდა გაკეთდეს. დაფაზე ჯერ მშობლები უწერენ ბავშვებს შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალს, შემდეგ კი ესტაფეტას ბავშვებს გადასცემენ. თავდაპირველად ბავშვები ვერ საზღვრავენ საკუთარ შესაძლებლობებს და სიაში ბევრ ზედმეტ რამეს ინიშნავენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია.

ვიღაცისთვის დაფა მარტივი ინსტრუმენტია (მაგალითად, მოზარდებისთვის). მათ დაფის ნაცვლად სპეციალური მობილური პროგრამების და გაჯეტების გამოყენება შეუძლიათ.  გაჯეტი შეახსენებს მოზარდს, რის მერე რა უნდა გააკეთოს; როდის უნდა შეისვენოს, როდის უნდა წავიდეს რომელიმე წრეზე, რომ არ დააგვიანდეს; როდის დაურეკოს მშობლებს, რომ მათ არ ინერვიულონ.

კიდევ ერთი იდეალური ინსტრუმენტი თვითნაკეთი ყოველდღიურია. ვიღებთ უჯრედებიან რვეულს და გაშლაზე ვწერთ კვირის დღეებს, შემდეგ კი ამ დღეებში ვინიშნავთ იმ საქმეებს, რომელიც ბავშვმა აუცილებლად უნდა შეასრულოს. თუ ბავშვს დროის მართვის სადავეებს დროულად მივანდობთ, ის იოლად მიეჩვევა ცხოვრების ამგვარ წესს.

დროის მართვის ხელოვნება არცთუ იოლია. ამიტომ ნუ გაუბრაზდებით ბავშვს, თუ თავისივე გეგმას ვერ გაჰყვა. ბოლოს და ბოლოს, ბევრმა უფროსმაც არ იცის, როგორ უნდა დახარჯოს თავისი დრო. გავიხსენოთ, რომ სკოლაში ჩვენც ვიგვიანებდით და ვცდილობდით, რომ უფრო მეტი დრო მეგობრებთან ერთად გაგვეტარებინა, ვიდრე გვემეცადინა. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა გვიან ხვდება, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამაა, პუნქტუალურობას კი, რაღაც მომენტში, ისეთივე სიამოვნების მოტანა შეუძლია, როგორც დილის ძილს, რომელიც შემთხვევით გაგვიგრძელდა…

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი