შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს თვითკონტროლის უნარი

როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, უფროსები, პედაგოგები და მშობლები, ბავშვს ყველაზე ხშირად მაშინ საყვედურობენ, როცა ისინი აშკარად ავლენენ საკუთარი ქმედების მართვისა და კონტროლის უუნარობას. „საერთოდ არ შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. მე თუ არ შევახსენე და გავაკეთებინე, თვითონ არაფერი გაახსენდება, ხელით სატარებელი მყავს“, – ეს სიტყვები ხშირად გვესმის საკმაოდ მოზრდილი ბავშვების განაწყენებული და შვილის საქციელით უკმაყოფილო მშობლებისგან. როგორც ასეთ მშობლებთან საუბრისას ირკვევა, ისინი შვილის ასაკის გამო წუხან მათ პასიურობაზე, უყურადღებობისა და თვითკონტროლის უუნარობაზე. წლების წინ კი, როცა ბავშვი თავად მიისწრაფოდა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ ხელში აღებისკენ, მშობლები აქტიურად ახშობდნენ მას იმ მოტივით, რომ ის პატარა იყო და ამის უფლებას ვერ მისცემდნენ.

მაინც რა არის თვითკონტროლი და როდიდან უნდა დავიწყოთ ზრუნვა ბავშვში ამ უნარის განვითარებაზე. თვითკონტროლი ჩვენი ქმედების მარეგულირებელი ფუნქციაა, რომლის როლიც მდგომარეობს საქმიანობის შედეგების დასახულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში, მოსალოდნელი შეცდომების თავიდან აცილებაში ან უკვე დაშვებული შეცდომების აღმოჩენაში. თვითკონტროლის დახმარებით ადამიანი ამა თუ იმ საქმიანობის დროს აცნობიერებს საკუთარი მოქმედების სისწორეს. შემეცნებითი საქმიანობის პროცესში „წარმატებულ“ და „წარუმატებელ“ მოსწავლეებს შორის განმასხვავებელ ერთ-ერთ არსებით ნიშანს წარმოადგენს სწორედ საკუთარი მოქმედების კონტროლისა  და რეგულაციის უნარი. „წარუმატებელ“ მოსწავლეებს იმ წესების ცოდნისა და გაგების შემთხვევაშიც კი, რომლითაც უნდა იმოქმედონ, უჭირთ ისეთი დავალებების დამოუკიდებლად შესრულება, სადაც აუცილებელია რიგი გონებრივი ოპერაციების თანმიმდევრობის დაცვა, თვითკონტროლის და თვითრეგულაციის უნარის გამოვლენა და ამის გამო მუდმივად საჭიროებენ უფროსების დახმარებას. ბავშვში თვითკონტროლის და თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე ზრუნვას უკვე სკოლამდელ პერიოდში, საკმაოდ ადრეულ ასაკში  უნდა ვიწყებდეთ. ალბათ,  შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკუთარი ქცევის მართვის და კონტროლის უნარი ბავშვის სკოლისათვის მზაობის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ქცევის თვითკონტროლი, გარკვეულ დონეზე,  ბავშვს ჯერ კიდევ სკოლამდე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება, თავი გაართვას სკოლასთან ადაპტაციის სტრესს, შეიძინოს თანაკლასელებთან ურთიერთობის ჩვევები და აიტანოს სასკოლო რეჟიმი. სასკოლო პერიოდში ეს უნარი ვითარდება და სრულყოფამდე მიდის. წარმატებული სწავლა-სწავლება სკოლაში თვითკონტროლის უნარის ორი ძირითადი მიმართულებით განვითარებას მოიაზრებს – ქცევის თვითკონტროლი და სასწავლო საქმიანობის თვითკონტროლი. ქცევის თვითკონტროლის არარსებობა ან არასაკმარისი განვითარება ბავშვის სასკოლო ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს. მისთვის რთულია როგორც სასკოლო რეჟიმის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, ისე სასწავლო პროგრამის დატვირთვის ატანა. თვითკონტროლის განვითარება სასწავლო პროცესში ვლინდება მიცემული დავალებების შესრულების უნარში, გარკვეული ნიმუშის მიხედვით მოქმედების უნარში, მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვის უნარში, სამუშაოს შესრულებისას დაშვებული შეცდომების აღმოჩენისა და მათი დამოუკიდებლად გამოსწორების უნარში. ამისათვის საჭიროა ვასწავლოთ მას „ცდისა და შეცდომის“ გზით სიარული, ჩხუბისა და დასკვნების გამოტანის  გარეშე. მასთან ერთად განვიხილოთ მცდარი ნაბიჯების შედეგები. თვითკონტროლის განვითარება ბავშვში ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი რეაქციები გვექნება უფროსებს მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე.  არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვი, საშინაო დავალების ნაჩქარევად შესრულების გამო უშვებს შეცდომებს, ბრაზობს, ყველაფერს შლის და როცა უკვე აღარ იცის შემდეგ რა გააკეთოს, დახმარებას ახლობლებს სთხოვს. ასეთ დროს არ არის სასურველი უკმაყოფილების გამოხატვა, ჩხუბი, გაკიცხვა. ნაცვლად ამისა, უკეთესი იქნება, ბავშვს დავეხმაროთ მომხდარის გააზრებაში, მხარი დავუჭიროთ მას, მაგ. ასეთი სიტყვებით: „შენ იჩქარე ამოხსნა, არ დაფიქრდი. ნუ განიცდი! გაბრაზებით შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე გაბრაზდე, მაგრამ, ეს არ დაგეხმარება ამოხსნაში. დამშვიდდი, დაფიქრდი და შენ ყველაფერი გამოგივა“.  დიდი ალბათობით ამ სიტყვების მოსმენისა და ჩვენი მხარდაჭერის შემდეგ ბავშვი თავს გაართმევს დავალებას.

ხანდახან ჩვენ, უფროსები, ჩვენდა უნებურად ბავშვში აღვძრავთ არასწორი მოქმედების, შეცდომების შიშს, ასევე შეცდომების გამო დასჯის შიშს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება გაუქრეს საკუთარი თავის გაკონტროლების, დამოუკიდებლად მოქმედების, შესრულებულ დავალებაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სურვილი. რაც უფრო ძლიერდება კონტროლი უფროსების მხრიდან, მით უფრო მეტად ითრგუნება ბავშვი და სერიოზულად ფერხდება მასში თვითკონტროლის უნარის განვითარება. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ის მშობლები, რომლებიც კონტროლის ფუნქციას მთლიანად საკუთარ თავზე იღებენ, უჭირთ მისი დათმობა და ისწრაფიან, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ის. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ბავშვი საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. მომავალში, როცა მშობლები თავს დაანებებენ, შეწყვეტენ ბავშვის მიერ დავალებების შესრულების კონტროლს, მას გაცნობიერებული, დამოუკიდებელი კონტროლის განხორციელების  უნარი არ ექნება. ყველაფერი ეს კი უარყოფითად იმოქმედებს, ერთი მხრივ, სწავლების პროცესზე, და, მეორე მხრივ, ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე.

რეკომენდაციები ბავშვში თვითკონტროლის უნარის გამოსამუშავებლად:

  • ნუ დავაგვიანებთ და დროულად მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებისა და მიზნის მისაღწევად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა;
  • ვაღიაროთ და მოვიწონოთ ბავშვის ინიციატივა, იმოქმედოს დამოუკიდებლად. მივანიჭოთ მას მოქმედების გარკვეული თავისუფლება, რაც, თავის მხრივ, მომავალში დამოუკიდებლობის და თვითკონტროლის განვითარების ხელშემწყობი გახდება;
  • ყურადღება მივაქციოთ დაშვებულ შეცდომებზე ადეკვატური ემოციური რეაქციების გამომუშავებას ბავშვში. წყენის, გაბრაზების და აგრესიის ნაცვლად ბავშვს უნდა გამოვუმუშაოთ სიტუაციის მშვიდად მიღების, მისი გააზრების, გაანალიზების და დასკვნების გამოტანის უნარი;
  • მუდმივი საყვედურებისა და შენიშვნების ნაცვლად, შევაქოთ ბავშვი ისეთ შემთხვევაში, როცა ის აშკარად ავლენს თვითკონტროლის უნარს, ან თუნდაც ცდილობს ამის გაკეთებას. შესაძლოა მან აღნიშნულის მისაღწევად დიდი შრომა დახარჯა. ნუ გავაუფასურებთ მის მიღწევას, დავაფასოთ და ვაღიაროთ ის. ასეთი დადებითი განმტკიცება მასში აღძრავს სურვილს, მომავალშიც გამოამჟღავნოს ეს უნარი;
  • როცა ბავშვი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, ნუ დავიწყებთ ყვირილს, ვიყოთ მტკიცე, თანმიმდევრული და სამართლიანი. თუ ბავშვი ისტერიკაში ვარდება, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ავუხსნათ მას, რომ ყვირილი, ბრახუნი და კარის მიჯახუნება ქცევის მიუღებელი ფორმებია, რის გამოც ის დაისჯება და ვუთხრათ კიდეც, თუ კონკრეტულად რა იქნება ეს სასჯელი. საჭიროა დავანახოთ ბავშვს, რომ ისტერიკა ვერ დაეხმარება მას სასურველის მიღწევაში;
  • შევეცადოთ ჩვენ თავად გავუკეთოთ მოდელირება თვითკონტროლს. არ იქნება გამართლებული, საკუთარი ქცევის კონტროლი მოვთხოვოთ ბავშვს, თუ ჩვენ, მისი თანდასწრებით, ისტერიკაში ვვარდებით, ვბრაზობთ და აგრესიას ვაფრქვევთ. შევეცადოთ  გამაღიზიანებელ სიტუაციაში ჩვენი ქცევით დავანახოთ ბავშვს, რომ ემოციებისა და ქცევის კონტროლი საუკეთესო ხერხია რთული სიტუაციიდან უმტკივნეულოდ გამოსასვლელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თვითკონტროლი თანდაყოლილი არ  არის, ის გამომუშავებადია, და თუ ბავშვი არ არის დაუფლებული ამ უნარს, მას საყვედურები, უკმაყოფილება და ჩხუბი კი არა, ჩვენი დახმარება, თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

16.03.2017.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი