პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბლუზი: ბესი სმითი   (I ნაწილი)

 

ბლუზი პლანტაციებიდან მოსული მუსიკაა. მასში შავკანიანი მონების ღია ჭრილობები, სისხლი და ტკივილია ჩაქსოვილი. მონებისთვის ურთიერთობის საუკეთესო საშუალებას სიმღერა წარმოადგენდა, ვინაიდან მხოლოდ სიმღერით შეეძლოთ იმის გაგება, მეზობელი წყურვილს, დაღლილობას ან ჯოჯოხეთურ სიცხეს ხომ არ მოეკლა. მღეროდნენ თავიანთ მძიმე ყოფაზე, სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე, ყოველ შავკანიანს გზაზე რომ ეღობებოდა. მელოდია დაკავშირებული იყო შრომის სიმღერასთან, ევროპული წარმოშობის ხალხურ სიმღერასთან, ბალადასთან. ბლუზი („მწუხარე“, „მელანქოლიური“, „გულგატეხილი“) ბალადის ანალოგია. მოგვიანებით ეს მუსიკა აფროამერიკული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად და მსოფლიო მუსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ვოკალური ჟანრის ლირიკული ზანგური სოლო სიმღერის, ბლუზის, ტექსტი უბრალო, მარტივი და დაუხვეწავია სიკვდილის, სიყვარულის, მონობისა და თავისუფლების ბანალური თემებით. ტრაგიკული ამბებისა და განცდების მიუხედავად, მუსიკა თავისი რიტმით შესაძლოა საზეიმოც კი იყოს. დროთა განმავლობაში ბლუზის უფრო ხალისიანი ნაირსახეობა განვითარდება.

რაც შეეხება ბლუზის სტრუქტურას, ის სამ აკორდზეა აგებული. ძირითადი მონახაზი 12–ტაქტიანია. პირველი ოთხი ტაქტი ტონიკურ ჰარმონიაზე იკვრება, აქედან ორი – სუბდომინანტასა და ტონიკაზე, ხოლო ორი – დომინანტასა და ტონიკაზე. საინტერესოა, რომ მისი ვარირება უსასრულობამდეა შესაძლებელი. მეტრული საფუძველია 4/4. ბლუზი განსაკუთრებულია იმით, რომ მის კილოში გამოყენებულია დადაბლებული III, V და VII საფეხურები, ეგრეთ წოდებული „ბლუზური ნოტები“.

თავდაპირველად ბლუზის ნახევრად პროფესიონალი შემსრულებლები გასამრჯელოს საძებნელად ქალაქიდან ქალაქში მოხეტიალე მაწანწალები იყვნენ. მათ ბლუზური კომპოზიციების შესრულება უმთავრესად ქუჩაში, ჭიშკართან, მატარებლის კიბეზე უწევდათ. „სოფლურ ბლუზს“ (country blues) ძირითადად მამაკაცები ასრულებდნენ გიტარის თანხლებით. „კლასიკურш ბლუზი“ მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა, როცა დიდი შოუბიზნესის სამყაროში მოხვდა. ის სწორედ „სოფლური ბლუზის“ დახვეწის შედეგია. „კლასიკურ ბლუზს“ ძირითადად ქალები ასრულებდნენ. ეს შესრულება გრძნობებით, ეროტიზმითა და სექსუალურობით იყო აღსავსე. კლასიკური ბლუზის „დედოფლებად“ შერაცხულნი იყვნენ გერტრუდ რეინი, მეტსახელად “მა” – ბლუზის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი მომღერალი (კონტრალტო) – და მისი მოსწავლე ბესი სმითი.

მა რეინსა და ბესი სმითს შავკანიანი აუდიტორია აღმერთებდა. მათ რისკის ფასად უერთდებოდნენ ზანგების ხელოვნებით მოხიბლული თეთრი მსმენელები. ამ დიდებული ქალბატონების მიერ შესრულებული ბლუზი მსმენელს “ქანთრი ბლუზს” მოაგონებდა. სხვათა შორის, მამაკაცებს არასოდეს განუცდიათ ისეთი თავბრუდამხვევი წარმატება, როგორიც “ბლუზის ბუმის” დროს ქალებს ხვდათ წილად.

ძველ, ტრადიციულ ბლუზში აფრიკული ელემენტები დომინირებდა, მოგვიანებით კი მასში ევროპული მუსიკის გავლენა გამოიკვეთა. ბლუზის შემსრულებელი ქალები ევროპულ ტრადიციებთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე მამაკაცები. მათი უმეტესობა მხოლოდ ბლუზს კი არ ასრულებდა, არამედ მენესტრელების თეატრის ვოკალისტიც იყო და თავს ესტრადის მომღერლად მიიჩნევდა.

XX საუკუნის 20-იან წლებში ბლუზმა დიდი ძალისხმევის ფასად თავი დააღწია ზანგურ გეტოს და ამერიკელების – შავებისა და თეთრების – მნიშვნელოვანი ნაწილის საყოველთაო გატაცებად იქცა.

30-იანი წლების მუსიკოსებისთვის ბლუზი ჰარმონიების განსაზღვრულ ნაკრებს ნიშნავდა, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა იმპროვიზაცია. ბლუზის ძირითადი ელემენტები, რომლებმაც პირველადი ფუნქცია დაკარგა, ჯაზის საერთო სისტემაში აღმოჩნდა ჩართული. ჯაზმენებისთვის ბლუზი ჯაზის რეპერტუარის ნაწილი გახდა და არა გამოცალკევებული მუსიკალური ფორმა.

თუმცა 50-იანი წლების ბოლოს ბლუზი ბიბლიურ ლაზარესავით აღდგა. ის მოულოდნელად იქცა ახალი მუსიკის – როკის წყაროდ, რომელმაც ელვის სისწრაფით დაიპყრო მსოფლიო. როკი, ისევე როგორც ჯაზი, ბლუზისგან დაიბადა, ასე რომ, ბლუზი თავის „შვილებთან“ ერთად დღემდე მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას.

 

ბესი

ბლუზის უდიდესი მომღერალი ბესი სმითი ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც მომდევნო თაობებზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა.

XX საუკუნის 20-იანი წლები წარმატების პერიოდად იყო მიჩნეული როგორც ბესი სმითისთვის, ასევე მთელი ამერიკისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის ზრდამ (უმთავრესად – სამხედრო დაკვეთების ხარჯზე) ქვეყანა მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოთა რიგებში ჩააყენა. მაგრამ 20-იანი წლების ბოლოს, „შავ ხუთშაბათად“ წოდებულ 1929 წლის 24 ოქტომბერს, როდესაც ნიუ იორკის ბირჟამ კრახი განიცადა, ქვეყანაში დიდი დეპრესია დაიწყო. შემოღებულ იქნა მშრალი კანონი, თუმცა მოყვარულები ალკოჰოლს მალულად მაინც ეძალებოდნენ, უკრავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ამ პერიოდს ამერიკელმა მწერალმა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა „ჯაზის ეპოქა“ უწოდა.

 

ბავშვობა

ბესის ახალგაზრდობის წლების შესახებ, სამწუხაროდ, ცოტა რამ ვიცით. საკამათო იყო მისი დაბადების თარიღიც, თუმცა, კრის ალბერტსონის „ბესის“ მიხედვით, მომღერალი 1894 წელს უნდა დაბადებულიყო. უნდა ითქვას, რომ ჯაზის ლიტერატურაში ეს წიგნი ერთ-ერთ საუკეთესო ბიოგრაფიულ ნამუშევრად მიიჩნევა. უტყუარია ცნობა იმის შესახებ, რომ ბესი შვიდშვილიან უღარიბეს ოჯახში დაბადებულა, მშობლები კი ადრე გარდაცვლია. ობოლი, ნახევრად მშიერი და მრავალჯერ გამონაცვალ ტანსაცმელში გაზრდილი ბესი რაც შეიძლება ბევრი ფულის შოვნაზე ოცნებობდა და იმედით უყურებდა მომავალს.

ბესი ბავშვობაშივე გაიტაცა სიმღერამ. კვირაობით მღეროდა საეკლესიო გუნდში, ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იყო. 9 წლისა ქუჩაში სიმღერით ირჩენდა თავს – გულკეთილი გამვლელები ხუთცენტიანებით აჯილდოებდნენ.

არავინ იცის, ბესი ბავშვობაში როგორ მუსიკას უსმენდა. რა თქმა უნდა, მშობლიურ ჩატანუგაში ჯაზს ვერ მოისმენდა. თუმცა ბლუზის ადრინდელი ვარიანტები და პოპულარული მელოდიები მენესტრელების წარმოდგენებიდან მაშინ უკვე ჟღერდა. შესაძლოა, ბესი, ახალფეხადგმული რეგტაიმის მელოდიებსაც ისმენდა და ითვისებდა.

 

გზაჯვარედინი

შესაძლოა, ბესი ბოლომდე ქუჩის მომღერლად დარჩენილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბედმა სხვაგვარად ინება. ბესის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 1912 წელს მის ქალაქში საკუთარი შოუ-დასით „ბლუზის დედა“ – მა რეინი ჩამოვიდა. მა რეინმა ბესის ნამღერი მოისმინა, ცეკვის გამორჩეული ნიჭიც უმალ შეამჩნია და დასში აიყვანა.

მა რეინი მუსიკალურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას უჩიოდა და უსაფუძვლოდ არც „ბლუზის „დედად“ ყოფილა მონათლული. მა რეინი მეტოქეობის ჟინით არასდროს გამოირჩეოდა, ამიტომ ბესის მომღერლად აღზრდას სიამოვნებით მიჰყო ხელი. თავიდანვე შესამჩნევი იყო, რომ ბესი მასწავლებელს აჯობებდა. გოგონას დაბალი, ძლიერი, მსუყე და გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა. დროთა განმავლობაში ის ბრწყინვალედ დაეუფლა ბლუზის ინტონაციური შეფერილობის ხელოვნებასა და ბგერათა სწორ არტიკულაციას. საინტერესოა, რომ ბესის არასდროს გამოუყენებია მიკროფონი. „მას შეეძლო ემღერა უფრო ხმამაღლა, ვიდრე ნებისმიერ სვინგურ ორკესტრს“, – ამბობდა ერთ-ერთი ცნობილი მესაყვირე.

ახალბედა მომღერალმა მა რეინისგან ბევრი კარგიც და ცუდიც შეითვისა. ვოკალური ოსტატობაც სწორედ მისგან ისწავლა. სამწუხაროდ, ამავე დასში მიეძალა ალკოჰოლს, რამაც შემდგომ ძალზე გაურთულა ცხოვრება.

მომდევნო წლებში ბესი სხვადასხვა თეატრში მუშაობს, გამოდის ტენტ-შოუებში, კარნავალებზე, საესტრადო ჯგუფებთან ერთად მონაწილეობს გასტროლებში. პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის, ჯაზის ციებ-ცხელების დასაწყისში, 26 წლის ბესი უკვე ცნობილი მომღერალია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი