პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გემრიელი ვიქტორინა – აქტივობა, რომელიც გამოცდილია

მინდა, ერთი აქტივობის შესახებ გიამბოთ.

სახელი – გემრიელი ვიქტორინა

ასაკი – სამი წლის (დაიბადა 2014 წლის 19 დეკემბერს)

დაბადების ადგილი – რაჭა, სოფელ უწერის საჯარო სკოლა, ლიტერატურული კაფე

გარეგნობა: მშრალი ნამცხვარი, რომელშიც ჩარჭობილია ფერად-ფერადი წარწერიანი ქაღალდები

 

დაბადების ამბავი

სამი წლის წინ ლიტერატურული კაფეს მოწყობისას ბევრს ვფიქრობდი აქტივობებზე, რომლებსაც ბავშვებს შევთავაზებდი. ისინი საინტერესო უნდა ყოფილიყო, რათა პატარა ადამიანების ყურადღება დაემსახურებინა. მაშინ დაიბადა „გემრიელი ვიქტორინის“ იდეაც, რომელმაც, ჩემდა სასიხარულოდ, ყურადღებასთან ერთად მოსწავლეთა სიყვარულიც მოიპოვა, თანდათან კი მშობლები და მასწავლებლებიც მიიზიდა და ერთ–ერთ მოთხოვნად და გამორჩეულ აქტივობად იქცა. სახელზე ბევრი არ მიფიქრია – „გემრიელი“ იმიტომ, რომ მაფინებს, კექსს უკავშირდებოდა, „ვიქტორინა“ კი იმიტომ, რომ შინაარსი თამაშსა და გამოცნობას გულისხმობდა. ტკბილეული ყველა პატარას რომ უყვარს, ცნობილია. მოკლედ, გემრიელი ნამცხვრებით წიგნების სამყაროში მათი შეტყუება განვიზრახე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

 

აღწერილობა

ამ აქტივობისთვის აუცილებელია წიგნები – მთავარია, ერთ ბავშვს, მასწავლებელს ან მშობელს მაინც ჰქონდეს წაკითხული ნაწარმოები, რომლიდანაც წინასწარ ამოვარჩევთ და ამოვწერთ ფრაზებს.

ლიტერატურულ კაფეს ორ თვეში ერთხელ ვმართავთ. ორი თვის განმავლობაში წაკითხული წიგნებიდან ვირჩევთ ერთს და ერთმანეთს ვაცნობთ. წინასწარ ვიცი, რომელ ნაწარმოებს ირჩევენ მოსწავლეები. ვინიშნავ ავტორებსა და სათაურებს, შემდეგ ვაგროვებ ამ წიგნებს და ვიწერ ამონარიდებს, რომლებიც ერთმანეთს უნდა გავაცნოთ. ფრაზა ორი ან სამია. ვცდილობ, ამონარიდები ისე შევარჩიო, რომ ერთში მაინც აუცილებლად იყოს ნახსენები მოქმედი პერსონაჟი, ერთი კი შინაარსობრივად უკავშირდებოდეს ტექსტს.

ისეთი წიგნებიც გამოერევიან ხოლმე, რომლებიც არ წამიკითხავს ან კარგად არ მახსოვს და ხშირად ისეც ხდება, რომ მე თვითონ დამვიწყებია ავტორი და ბავშვებს გამოუცნიათ. ასეთი ამბები გვახალისებს და მეტ თავისუფლებას გვჩუქნის. გულწრფელობითა და იმის აღიარებით, რომ მასწავლებლებმაც არ ვიცით ან ვერ ვიმახსოვრებთ რაღაცებს, პატარა ადამიანებს ფორიაქს ვუქარწყლებთ.

 

პროცესი

ეს თამაში სხვადასხვა დროს შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს. მაგალითად, გაკვეთილზე რომელიმე ნაწარმოების გავლის შემდეგ, ან ერთი თემატური ქვეთავის ამოწურვისას, ან შემაჯამებელ გაკვეთილად გამოვიყენოთ, ან გრამატიკის რომელიმე საკითხს დავუთმოთ.

ჩვენ ლიტერატურულ კაფეს ვუკავშირებთ. ასეთი აქტუალობა მან ბავშვების მოთხოვნების შემდეგ შეიძინა. „გემრიელი ვიქტორინა“ ხომ გვექნება, მასწავლებელო?“ – სათითაოდ მეკითხებიან ხოლმე.

თამაშს მას შემდეგ ვიწყებთ, რაც ყველა ვისაუბრებთ ჩვენს ამორჩეულ წიგნზე. ეს აუცილებელი პირობაა, რადგან ერთმანეთის მოსმენის შემდეგ ხშირად ისეც ხდება, რომ ასოციაციითა და ლოგიკით იცნობენ ავტორებსა და სათაურებს.

მასწავლებელი არიგებს მაფინებს, რომლებშიც ჩარჭობილია წინასწარ ამოწერილი ფრაზები. პროცესში ებმება ყველა: მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მოწვეული სტუმარი. შეიძლება, თითოეულ მონაწილეს ორი ან სამი ფრაზა შეხვდეს. შემდეგ რიგრიგობით კითხულობენ და ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს. კითხვას რომ დაასრულებენ, დგება გამოცნობის დრო. ყველაზე მეტად საკუთარი წიგნის ამოცნობა უადვილდებათ, თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ ის ადამიანი იცნობს, ვინც ყურადღებით ისმენდა წიგნის წარდგენას. ავტორისა და სათაურის გამოცნობა თამაშის პროცესის ყველაზე აქტიური ფაზაა და სასიამოვნო ხმაურს იწვევს ხოლმე.

 

მიზანი

თავდაპირველად აქტივობის მიზანი პროცესის გამრავალფეროვნება და მოსწავლეთა გახალისება იყო მერე კი სხვა დატვირთვაც შეიძინა, კერძოდ:

  • ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას;
  • პროცესში რთავს მშობლებს, მასწავლებლებსა და სტუმრებს;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ აქტიური მოსმენის უნარი და ლოგიკური აზროვნება;
  • უგროვდებათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ემოციები.

 

„გემრიელ ვიქტორინას“ განსაკუთრებულობას ისიც სძენს, რომ მასში მონაწილობენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

 

განსაკუთრებული რჩევები

 

ვიქტორინისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კექსისა და მშრალი ნამცხვრის რეცეპტი. პირადად მე მაფინებს ხშირად ვაცხობ „ზებრის“ ცომით. მრავალფეროვნებისთვის კულინარიულ ჟურნალებს და ინტერნეტსაც მივმართავ და არ ვერიდები სამზარეულოში ექპერიმენტებს ლიტერატურული თავგადასავლებისთვის მზადებისას.

ამონარიდებად შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნების საწყისი ან დასასრული ფრაზები, ან უშუალოდ ტექსტიდან ამოარჩიოთ.

ჩვენთან ნამცხვრის ცხობა საინტერესო თავგადასავლებს უკავშირდება. მაღალმთიანი სოფლის პირობებში ეს პროცესი ძნელდება. გვიწევს, რამდენიმე დღით ადრე ვიზრუნოთ საჭირო მასალაზე. წინააღმდეგობები ვერ გვაბრკოლებს ხოლმე – მეთოდოლოგიური აღმოჩენების პარალელურად დავტესტეთ შეშისა თუ ელექტროღუმელი, მზადებაში ჩავაბით თითქმის მთელი თემი – სკოლის დირექტორი, მეზობლები და სოფლის გამგებელი. ასეთი თავგადასავლები გვაერთიანებს და გვახალისებს.

 

შედეგი

ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, რაც უფრო ადრეულ ასაკში გაიგებენ ადამიანები ამა თუ იმ ავტორისა თუ ნაწარმოების სახელს, მით უფრო გაიზრდება მათი წიგნიერების დონე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სიამოვნება, რომელიც საკუთარი წიგნის გამოცნობას ახლავს და იმის თვალთვალი, რა ცნობიერი სახეები უხდებათ ბავშვებს ამ დროს.

ერთხელ ჟიულ ვერნის წიგნიდან – „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ – იყო გამოსაცნობი ფრაზა. ეს წიგნი ცოტა ხნის წინ ორმა მერვკლასელმა გოგომ და მეათეკლასელმა ბიჭმა წაიკითხა, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ მიხვდა. სანამ ისინი ფიქრობდნენ, მესამეკლასელმა გიორგიმ წამოიძახა: ეს მიშოს წიგნიდანაა, მასწავლებელოო. როგორც ჩანს, მიშოს საუბარს ყურადღებით უსმენდა, ყური მოჰკრა ერთ–ერთი პერსონაჟის სახელს და დაამახსოვრდა. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორი საჭირო აქტივობაა „გემრიელი ვიქტორინა“, რომელიც ჩვენთვის უკვე ერთგვარ სადღესასწაულო რიტუალადაც იქცა.

ამ წერილის მზადებისას პატარა კვლევა ჩავატარე და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს დავუსვი კითხვა: „რა არის შენთვის „გემრიელი ვიქტორინა“?

მათი პასუხები ერთმანეთს ჰგავდა. თითოეული ხაზს უსვამდა სიამოვნებას, სიხარულს და წიგნებში მოგზაურობის ბედნიერებას.

მხიარული ვიქტორინაჩემი უსაყვარლესი თამაშია. პრეზენტაციის მერე მხიარული ვიქტორინა რომ იწყება, ვხვდები, რომ წიგნების სამყაროში ვიწყებთ მოგზაურობას. ჩემთვის მხიარული ვიქტორინა ბედნიერების და სიყვარულის მომტანია“, – ასეთია მერვეკლასელი მარიამის შეფასება.

„გემრიელი ვიქტორინის დრო ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ამ დროს არასოდეს ჩავთვლი ფუჭად განვლილად, რადგან ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ჩემს მეგობრებს ბედნიერებს ვხედავ. ბედნიერებს კი იმიტომ, რომ „გემრიელ ვიქტორინას“ ჩვენთვის დიდი სიხარული მოაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, გამოვიცნობთ თუ ვერ გამოვიცნობთ, დავიბნევით თუ ბედნიერებისგან ავღელდებით, რადგან ორივე შემთხვევაში გარშემო მყოფების სახეები, გამომეტყველება, ქცევები ძალიან საინტერესოა. „გემრიელი ვიქტორინა“ არასოდეს იწვევს დაძაბულობას. პირიქით, მისი დრო ყოველთვის ლამაზია ჩემთვის“, – წერს მერველკასელი თამარი.

მეორეკლასელმა თეკლამ კი ასე გვიპასუხა: „ბედნიერება. იცი, რატომ? ბავშვები რომ ჩაფიქრდებიან, მომწონს და მასწავლებელიც რომ გვიყურებს ბავშვებს ღიმილიანად, ლამაზად და სევდიანად, ეგეც მომწონს“.

 

ამონარიდებიანი ფერადი ქაღალდები დღის ბოლოს მაგიდაზე ერთჯერად ჭიქებსა და თეფშებს შორის არის ხოლმე მიკუჭული. ზოგს სახლში მიაქვს სამახსოვროდ. ქაღალდებისგან განსხვავებით, ჩემი ლეპტოპი ინახავს მათ. რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ. წიგნის დასაწყისით ავტორი და სათაური უნდა გამოიცნოთ:

„ის შემაძრწუნებელი ამბავი, 1866 წელს რომ დატრიალდა, დიდხანს ახსოვდათ ზღვისპირა ქვეყნებს“.

„ვიცი, რომ ჩვეულებრივი ათი წლის ბავშვი არა ვარ“.

„შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში ერთი ძალზე მოუვლელი ბაღია. ბაღში ძველისძველი ჩაშავებული სახლი დგა“.

„ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ერთ დღეს წიგნში „ნამდვილი ამბები“, რომელიც უღრანი ტყის ცხოვრებას აღწერდა, განსაცვიფრებელ ამბავს გადავაწყდი: მახრჩობელა გველი რაღაც ცხოველს ყლაპავდა“.

„თებერვლის ცივი საღამო იყო. ამერიკაში, კენტუკის შტატის ერთ პატარა ქალაქში, მდიდარი მემამულის სახლში მაგიდას უჯდა ორი კაცი“.

„ათასობით… მილიონობით სიტყვით ვარ გარემოცული“.

„შარშან, თხუთმეტ ოქტომბერს, რადიოს თუ მოუსმინეთ? გაიგეთ, გამქრალ ბიჭუნას რომ ეძებდნენ?“

„დოროთი კანზასის დიდი პრერიების შუაგულში ცხოვრობდა ძია ჰენრისა და დეიდა ემთან ერთად“.

„უნდა გითხრათ, რომ მშობლებს ერთი უცნაური ზნე სჭირთ: თავიანთი შვილი, თუნდაც ის ერთი აუტანელი ბავშვი იყოს, მაინც არაჩვეულებრივი და ყველაზე კარგი ჰგონიათ“.

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, ძალიან დიდი ოჯახი“.

„ელისს მოსწყინდა მდინარის ნაპირზე დის გვერდით უსაქმოდ ჯდომა“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი