პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

   სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

ეკატერინე გაბაშვილის „თინას ლეკური“

 

იყო ქალი და იყო გმირი, გაცილებით ძნელია. ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი შეზღუდული სარბიელია, თუმცა არის სხვა ასპექტებიც, მაგალითად, შვილები. „შუშანიკის წამების“ სწავლებისას, როდესაც დედოფალი შვილებს ტოვებს, ბევრი მოსწავლე აპროტესტებს  მის საქციელს. ვეკითხები ხოლმე, როგორ ფიქრობენ, აქვთ თუ არა მათ დედებს სხვა ბავშვისთვის თავგანწირვის უფლება, ბევრი მპასუხობს, არაო. მაშინ როცა მამებს გმირობის უფლება ყოველთვის აქვთ.  მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობამ ქალი გმირისთვის მშვენიერი სარბიელი შექმნა, ასეთი პერსონაჟები მაინც ცოტაა.

საგაკვეთილო სივრცეში ცალკე კამათის თემაა, რა არის გმირობა, ვის შეიძლება, ვუწოდოთ გმირი, როგორი სიკვდილია გმირული სიკვდილი? შეიძლება მოკვდე სამშობლოსთვის, იდეისთვის, ვიღაცის გადასარჩენად, რწმენისთვის, მაგრამ ყველა შემთხვევაში, გმირის სიკვდილი სიკვდილს თრგუნავს, ან პირდაპირი მნიშვნელობით – იხსნის ადამიანის ან ერის სიცოცხლეს, ან ირიბად – უპირისპირდება სიბნელეს, უმეცრებას და ტოვებს სასიცოცხლო კვალს, რომელიც თავისთავად თრგუნავს სიკვდილს.

საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, ამ რელიგიის კვალი ყველაფერს ატყვია: ყოფას, კულტურას, ხელოვნებას. თუმცა მაინც იშვიათია ისეთი მხატვრული სახე, რომელიც ასე ზუსტად იმეორებდეს ჯვარცმული ქრისტესადმი ნათქვამ ეპითეტს „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“, როგორც ეს  ეკატერინე გაბაშვილის ნოველა „თინას ლეკურშია“. მით უფრო იშვიათია ასეთი გმირი ქალები.

ალბათ სიმბოლურია, რომ მოქმედება გიორგობა დღეს ვითარდება. მთელი სოფელი სადღესასწაულოდ ემზადება. ყველას მზადა აქვს მოსალხენი, ყველგან ცეცხლი ანთია, ყველა სახლის სახურავიდან მძლავრი კვამლი ამოდის. მხოლოდ თინა და მისი ობოლი შვილიშვილები არიან მშიერ-ტიტვლები, მხოლოდ მათ კერიაზე არ ანთია ცეცხლი.

„ყოველი ბინიდგან ძლიერი კომლი ამოდის, დიდი და პატარა ცეცხლს აჩაღებს, რომ მისის სხივით მაინც ინუგეშოს გაბუტულ პატარძალივით ღრუბლებში მიმალულ მზის გამოჯავრებული.
მთელ სოფელში მარტო თინას კერაა გაცივებული, მარტო მისი შვილიშვილები სიცივისაგან გალურჯებულნი სხედან ცივ კერასთან და ძველ ნაგლეჯ საბანში გახვეულნი მშიერი მგლის ლეკვებივით ყმუიან: “დიდედო, ცივა, ცივა! დიდედო, გვშია, გვშია!..”“
გაჭირვება გაცილებით მწარეა, როცა ირგვლივ ლხინია, როცა ყველა მდიდარია – ერთი კი ღატაკი, როცა ყველა მაძღარია – ერთს კი შია. ასეთ დროს სოფელს, საზოგადოებას, რაღა თქმა უნდა, აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს იმ ერთ გაჭირვებულზე, მით უფრო, როდესაც საუბარი ობოლ ბავშვებსა და მოხუც, ავადმყოფ ბებიაზეა. მაგრამ სოფელი თავის ლხინშია გართული, ისინი თითქოს არავის ახსოვს, თითქოს არავინ იმწარებს საყოველთაო დღესასწაულს ობოლ-მშივრების ხსენებით, თითქოს სიცივე, რომელიც გიორგობისთვისთვის ზედმეტად მკაცრია, მთელი სოფლის არსშია გამჯდარი. გადასარჩენია არა მხოლოდ ობლები, რომლებსაც სცივათ და შიათ, არამედ სოფელიც, საზოგადოებაც, რომლებსაც ეს ობლები არ ახსოვს.

ეკატერინე გაბაშვილს, თავად ადრე დაობლებულს,  ბებია მკაცრი მემამულე ჰყავდა. როგორც ამბობენ, პირველი პროტესტი უსამართლობის მიმართ სრულიად ბავშვს, სწორედ ბებიასადმი გამოუხატავს. როგორი საინტერესოა ადამიანის ბუნება, დაისწავლის ძალადობრივ, უსულგულო ქცევას, თუ გაუჩნდება წინააღმდეგობის სურვილი და საკუთარ თავში გამოძერწავს ზნეობრივ ადამიანს, რომელმაც სუსტი, მოხუცი, ავადმყოფი ბებიები არა მხოლოდ უნდა დაიცვას, არამედ გმირებად უნდა დახატოს, გმირებად, რომელთა სიკვდილსაც სიკვდილის დათრგუნვა შეუძლია.

სასოწარკვეთილი თინა ბატონების კარზე მიდის, სახლი შემაღლებულზეა და თინას აღმართი, თავისი გოლგოთა აქვს ასავლელი. ეს გზა ასაკისა და ავადმყოფობის გამო მისთვის მართლაც გოლგოთასავით მძიმეა. ბატონის სახლში საერთო მიზეზს მხიარულებისას ისიც ემატება, რომ მისი დღეობაა და ამიტომაც, მართლაც სამეფო სუფრაა გაშლილი. მაძღარი ხალხი მაგიდებთან ვეღარ ჩერდება და იწყება ცეკვა-თამაში. ეკატერინე გაბაშვილი არ ყვება, როგორ იბადება მის პერსონაჟში ლეკურის ცეკვის გადაწყვეტილება. ის უბრალოდ წინასწარ აღწერს თინას მოგონებებს, როდესაც ახალგაზრდა იყო, როდესაც ამავე ბატონის სახლში ასეთივე დღესასწაულზე ლამაზი და ჯანმრთელი ცეკვავდა, როდესაც ბატონებისგან შაბაშებსა და აღფრთოვანებულ შეძახილებს იმსახურებდა. მერე ეს მოგონებები წყდება, თინა უკვე მოხუცი და დავრდომილია და სახლში შემცივნული, მშიერი ობლები ელიან. გადაწყვეტილება ახალგაზრდა, მომხიბვლელ ყმაწვილთან გაცეკვებისა, არც იქნებოდა გააზრებული, ეს უთუოდ უკანასკნელი, მძლავრი იმპულსი უნდა ყოფილიყო, რომელიც გაუაზრებლად, ქმედებასთან ერთად გაჩნდა. სწორედ ამიტომ, ეკატერინე გაბაშვილი არაფერს ამბობს, როგორ გადაწყვიტა თინამ ცეკვა, მხოლოდ ქმედება აღწერს და ეს არის ამ შემთხვევაში მხატვრული სინამდვილის ყველაზე სწორი, ყველაზე დამაჯერებელი გზა:

„დარბაზის გაღებულ კარებში მრავალი მოსამსახურენი იდგნენ და პირდაღებულნი უცქეროდნენ ბატონების ლხინს და ნადიმს; ამათში ორიოდე გლეხკაცის ჭუჭყიანი მაზარაც მოსჩანდა და მათ შორის დედაკაცებიც მორცხვად გამოიყურებოდნენ. უცებ ამ კარებიდგან წამოვიდა ბებერი თინათინა, ოთახის კუთხეში მიაყუდა თავისი ბერკეტი, იქვე ფლოსტები წაიძრო და მარტო წინდების ამარა ყმაწვილ მოთამაშეს გამოეთამაშა. სტუმართ ყიჟინი ასტეხეს დართულნი და ბრწყინვალე მანდილოსანნი ისტერიულმა სიცილმა შეიპყრო, სახლის პატრონი გასახტებული, გაოცებულ იდგა და არ იცოდა, რა ექნა, გაეგდებინებინა ლაქიებისთვის ეს გამბედავი, კონკებში გახვეული მოხუცი, თუ სხვებთან ერთად დაეწყო სიცილი და აღტაცებული ყიჟინი.“

ამ საერთო მხიარულებას უცებ მოეღება ბოლო. თინა კვდება და თითქოს სინდისი იღვიძებს ხალხში.

„იატაკზე გაშეშებული ეგდო სათამაშოდ ხელებგაშლილი, თვალებდაჭყეტილი, საოცარის ტანჯვით ჯვარცმული თინათინა და თავის საზარელის შეხედულებით იქ მყოფთა გულში რაღაც სინდისის ქეჯნას იწვევდა.“

არც ხალხში დაბადებულ სინანულს აღწერს ეკატერინე გაბაშვილი დაწვრილებით. მათი საქციელიც, გაიღონ მოწყალება ობლებისათვის იმპულსურია. სინდისი ხშირად იღვიძებს ხოლმე, მაგრამ ყოველთვის როდი ღრმავდება და არქმევს მოვლენებს თავის სახელებს. ხშირად ამ გაღვიძებული სინდისის დასამშვიდებლად ერთჯერადი, იმპულსური ქმედება, ვთქვათ, მოწყალების გაღებაა საკმარისი.

თუმცა თინას ჯვარცმას მოაქვს ყველაზე მთავარი ნაყოფი, მისი ობოლი შვილიშვილები სიცივითა და შიმშილით სიკვდილს გადაურჩებიან.

დღეს, როდესაც ახალი სახელმძღვანელოების შექმნა აქტუალური თემაა, ძალიან მინდა ეს ნოველა ჩვენი შვილების თვალთახედვის არეში მოხვდეს.

„თინას ლეკური“ ერთ- ერთი იმ ნაწარმოებთაგანია, რომლითაც შეიძლება საფუძველი მოვამზადოთ ჰაგიოგრაფიის სწავლებისათვის. სანამ ჩვენი მოსწავლეები სასულიერო მწერლობის შესწავლას დაიწყებენ, სასურველია ქრისტიანულ მოტივებს, ქრისტეს ჯვარცმის, სიკვდილზე სიკვდილით გამარჯვების, დამნაშავე და გადასარჩენი საზოგადოების ამბებს საერო მწერლობის ნიმუშებით გაეცნონ. ასე უფრო გაუადვილდებათ იმ მხატვრული სინამდვილის გაგება, რომელიც სასულიერო მწერლობაში დახვდებათ.

გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივობის, პასუხისმგებლობის, აქტიური თუ პასიური აგრესიის, დანაშაულის, საზოგადოებრივი გულგრილობის თემებზე სასაუბროდ მშვენიერი საწყისია „თინას ლეკური.“

თუმცა მთავარი მაინც ტექსტის მხატვრული ღირებულებაა. როგორ ახერხებს ავტორი ღრმად რელიგიურ სტრუქტურაზე დაყრდნობით შექნას რეალიზმის ნიმუში, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს ვერც ერთ მკითხველს. რა განაპირობებს „თინას ლეკურის“ მძაფრ ემოციურ ზემოქმედებას, რის ხარჯზე იქმნება მხატვრული სინამდვილე, რომელიც არ აჩენს ეჭვებს, რომელიც მიუხედავად მძაფრი, ტრაგიკული სიუჟეტისა, სიყალბის, გინდაც ჰიპერბოლიზაციის განცდას არ ტოვებს?

ერთ-ერთი პრობლემა სასკოლო სივრცეში ლიტერატურის სწავლებისას მოსწავლეთა მიერ ჟანრულ კუთვნილებაში გარკვევაა. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ, მივცეთ შესაბამისი ცოდნა, მოთხრობა ნოველისგან განასხვავონ. მხოლოდ განმარტება ნოველისა, საკმარისი არაა.

საყოველთაოდ ცნობილია, ეკატერინე გაბაშვილი ქართულ მწერლობაში რამდენიმე მცირე ჟანრის, მათ შორის ნოველის ფუძემდებლად ითვლება.

„თინას ლეკური“ კლასიკური ნიმუშია ნოველისა. მისი ამ კუთხით სწავლებაც საინტერესო იქნება.

საგაკვეთილო განხილვის თემად შეიძლება იქცეს ნოველის საკვანძო საკითხები, რა ნიშნითაა თინას ლეკური“ ნოველა? არის თუ არა, განსხვავებული, გამორჩეული ამბავი, იძლევა თუ არა განმარტებებს, არის თუ არა ემოციური, რადგან ნოველა თავის საწყისს ხალხურ სიტყვიერებაში იღებს, საინტერესო იქნება ამ მხრივ ყურადღების გამახვილებაც.

ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის კონტრასტის ეფექტის ჩვენება. „თინას ლეკურის“, როგორც ლიტერატურული ტექსტის კვლევისას, მარტივად იქნება შესაძლებელი იმ განსხვავებების გამოყოფა, რომლებიც ნაწარმოების მძაფრ ემოციურ ქსოვილს ქმნის.  თუნდაც უმარტივესი დავალებით, გამოყონ „კარგი“ და „ცუდი“ ამბები, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვისაც კი ნათელი გახდება, რამ გამოიწვია მათში ემოცია. ამგვარი გამოცდილებით ისინი მომავალში შეძლებენ უფრო რთული ტექსტების ლიტერატურულ კვლევასაც.

ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, მომავლის სახელმძღვანელოებში (საბაზო საფეხურზე) აუცილებლად შესატანია „თინას ლეკური,“ რომელიც თავისი მხატვრული ღირებულებით, გენდერული ნიშნით, ქრისტიანული სტრუქტურითა და მარადიულად არსებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხით უმნიშვნელოვანესი და ბევრის მიმცემი ტექსტია ჩვენი მოსწავლეებისათვის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი