პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ცხოვრების აზრი და ყოველდღიური გმირები

მუდამ ისე ხდება ხოლმე, რომ რთულ კითხვებზე პასუხებს წიგნებში ვპოულობ. ახლა პასუხების საძიებელ ადგილს უსაზღვრო მსოფლიო ქსელიც მიემატა…

ბოლო დღეები (ბოლო წლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ…) პირადად ჩემთვის დამძიმდა, „არაფერი გვეშველება“ განცდა გაძლიერდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, კინომსახიობთა თეატრში, ყაზტრანსგაზში და თითქმის ყველგან მომუშავე ღირსების არმქონე და სხვათათვის ღირსების ამყრელი ადამიანების გამო. ჰოდა, გადავაწყდი ზიმბარდოზე სტატიას… ვფიქრობ, ის რასაც ზიმბარდო გვთავაზობს, საინტერესო იქნება სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის და არამარტო…

„რა არის ცხოვრების აზრი ფილიპ ზიმბარდოსთვის? პირველ რიგში, სრულად უნდა გავაცნობიეროთ, რა ხანმოკლეა ადამიანის არსებობა, რომ ყოველი დღე ისე გავატაროთ, როგორც უკანასკნელი და ყოველი – ბუნებაში, მეგობრებთან, ოჯახში გატარებული თუ ადამიანის შემოქმედებისა თუ სექსუალურობის – მომენტით სრულად დავტკბეთ.

საკუთარი უკვდავების დასაჯერებლად ბეჯითად უნდა გავისარჯო, რომ ცხოვრება ღირსეული გავხადო ჩემთვის და ჩემს გარშემო მოკვდავებისთვის. ერთ–ერთი გზა ისეთი პროექტების შექმნაა, რომელიც ამდიდრებს ადამიანის არსებობას. ამის მაგალითია პროექტი „გაზარდე გმირი საკუთარ თავში“[1] (Heroic Imagination Project HIP). მისი მისიაა, სამყარო ისეთი ყოველდღიური გმირების თაობებით გაამდიდროს, რომლებიც ყოველდღიური ძალისხმევით გარკვეულწილად ამდიდრებენ კოლექტიურ არსებობას.  

ნება მომეცით მოკლედ შევეხო გმირისა და გმირობის ახალ კონცეფციას, რომლის შექმნასაც ვცდილობ. პირველ ყოვლისა, რამდენიმე პროვოკაციულ შეკითხვას დავსვამ, ხოლო შემდეგ უჩვეულო პასუხებს შემოგთავაზებთ.

  • რატომ უნდა ჩავანაცვლოთ სუპერგმირები ჩვეულებრივი, ყოველდღიური გმირებით?
  • რატომ უნდა გავაფართოოთ გმირების ჩვენეული ხედვა იმ მამაცი სამხედრო გმირების მიღმა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ბრძოლის ველზე?
  • რატომ უნდა გავცდეთ ცალკეული ინდივიდების მიერ ჩადენილი ისეთი გმირული ქმედების პატივისცემას, რომლებიც მამაცობის ექსტრემალური გამოხატულებაა?
  • რატომ არ უნდა შემოვსაზღვროთ „გმირების გალერეა“ მხოლოდ გამონაკლისებით (მაგ., ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი), რომლებმაც, პიროვნული მსხვერპლისა და პოტენციური რისკის მიუხედავად, კეთილშობილური მიზნისთვის გადადეს თავი?
  • რატომ უნდა მივანიჭოთ ინსტიტუციურ დონეზე კორუფციის მამხილებელს გმირის სტატუსი, თუკი მისი ქმედება, როგორც წესი, სიცოცხლის საფრთხეს არ უკავშირდება?

ყველა ამ „რატომ“–ზე ერთადერთი პასუხი ის გახლავთ, რომ არასამართლიანია „გმირის“ განსაზღვრების დავიწროება ადამიანთა შედარებით მცირე ჯგუფამდე, ძირითადად, მამაკაცებამდე, რომლებიც ჩვეულებრივი მოკვდავებისაგან განსხვავდებიან იშვიათობით, გამონაკლისობით, გამორჩეული ნიჭით.

ამგვარი ვიწრო ხედვა მთლიანად უნდა შემეცვალა. ადამიანთათვის, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის შთამაგონებელი ალტერნატივა შევიმუშავე და მისი განხორციელებისთვის 2008 წელს არაკომერციული ორგანიზაცია – „გაზარდე გმირი საკუთარ თავში“ (Heroic Imagination Project HIP) – შევქმენი სან ფრანცისკოში.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ყოველდღიურ გმირობას, როგორც

ა) არაჰუმანურობის, კორუფციის, უსამართლობისა და ბოროტების ანტიდოტს (ქმედება და უმოქმედობა);

ბ) ადამიანური ბუნების დადებითი პოტენციალის ზეიმს/აღნიშვნას;

გ) ბუნებრივ შედეგს, რომელიც მოჰყვება ჩვეულებრივი ადამიანების მიერ სოციალური სიკეთისათვის ჩადენილ გამორჩეულ საქმიანობას.

პროექტის მისიაა, ასწავლოს ადამიანებს სიტუაციაში გარკვევა და ყოველდღიურობის რთულ სიტუაციებში წარმატებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბაზო უნარები.

საკუთარი დანიშნულებისა და მისიის მისაღწევად პროექტი შესაბამისი კვლევის შედეგებს სოციალური ფსიქოლოგიიდან და სხვა მონათესავე სფეროებიდან ცოდნად, ინსტრუმენტებად, სტრატეგიებად და სავარჯიშოებად გარდაქმნის და ეხმარება ინდივიდებსა და ჯგუფებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ეფექტურად და გონივრულად იმოქმედონ. სოციალური გავლენის უარყოფითი ფორმების (კონფორმულობა, მორჩილება, დამკვირვებლობა/განზე დგომა) კვლევამ საშუალება მოგვცა ფოკუსი ყოველდღიური გმირობის ბუნებისა და ინდივიდუალური და სოციალური ზრდის ფსიქოლოგიის შესწავლაზე გადაგვეტანა.

პროექტი ამზადებს ახალგაზრდებს გმირობისთვის – ასწავლის ყოველდღიურ სიკეთეს, ზრუნვას და, ამრიგად, სიკეთის, თანაზიარობისა და თანაგრძნობის ინდივიდუალურ ღირსებას გადააქცევს გმირობის სამოქალაქო ღირსებად. მიზანი ის გახლავთ, რომ ამგვარი ქმედებები ნებისმიერი ადამიანის ხასიათის განუყოფელი ნაწილი გახდეს, რაც სოციოცენტრიზმს ეგოცენტრიზმზე მაღლა დააყენებს. პროექტი ჩვეულებრივ ადამიანებს არაჩვეულებრივი ქმედების ძალას აძლევს. ჩვენი მოსწავლე გმირები ცდილობენ თანამოაზრე ინდივიდებისაგან შემდგარი „გმირთა გუნდების“ შექმნას, რომლებიც შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლობენ. ახალგაზრდებთან მუშაობით ბევრის მიღწევა შეიძლება – მათთან ერთად შესაძლებელია ცხოვრების საზრისის გამდიდრება!“

 

პროექტის დეტალები

პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე ბევრ საინტერესო ინფორმაციასთან ერთად ნახავთ პროგრამების აღწერასაც. 6 მოდულიანი ძირითადი პროგრამის სახელწოდებაა „ადამიანური ბუნების გაგება“. ყოველი მოდულის მიზანია უნიკალური მეთოდებით ყოველდღიური გმირების მომზადება. ეს პროგრამა ორი რამით განსხვავდება სოციალური ცვლილებისადმი სხვა მიდგომებისაგან: (1) ორიენტირებულია ყოველდღიური სოციალური სიტუაციების დინამიკაზე და არა პიროვნებებზე და მათ ინდივიდუალურ თავისებურებებზე (როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს). (2) არ ხდება რთულ სიტუაციებში ადამიანთა დამოკიდებულებებისა და ავტომატური ქმედების სტიგმატიზაცია. ვცდილობთ, დავინახოთ „დავიცდი და ვნახავ“–ს, „დინების მიყოლისა“ და სხვების შესახებ ნაჩქარევი განსჯის ჩვენეული ტენდენცია. ამით ვამცირებთ ადამიანთა დამოკიდებულებას ნორმალური ქცევის შესახებ მათივე შეხედულებებზე და უფრო ადვილად თავდაღწევისა და გათავისუფლების საშუალებას ვაძლევთ.

ყველა პროგრამა მდიდარ აკადემიურ შინაარსზეა აგებული, მიმზიდველი, სახალისო ვიდეოებითა და ინდივიდუალური სავარჯიშოებით, რომელიც ყველა ჩვენს კლიენტს (სკოლები, უნივერსიტეტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები) შეუძლია გამოიყენოს საკუთარი გამორჩეული საჭიროებების შესატყვისად.

მოკლედ მოდულების შესახებ:

  • მაყურებლის ეფექტი: პასიური უმოქმედობის გარდაქმნა გმირულ ქმედებად

ეხმარება მსმენელს დაძლიოს ის სოციალური ძალები, რომელიც ბუნდოვან ან საგანგებო სიტუაციაში ქმედებისაგან თავის შეკავებას აიძულებს და ასწავლის გონივრული და ეფექტური რეაქციის უნარებს.

  • განწყობის შექმნა: ფიქსირებული განწყობის შეცვლა ზრდის განწყობით

ეხმარება მსმენელს შეცვალოს ფიქსირებული განწყობა – რწმენა, რომ ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს მეორის შესაძლებლობები და პიროვნული თავისებურებები – ზრდის განწყობით – რწმენით, რომ ადამიანს დროთა განმავლობაში ძალისხმევით შეუძლია საკუთარი პიროვნული ასპექტების შეცვლა.

  • სოციალური კონფორმულობის დადებით გავლენად გადაქცევა

ეხმარება მსმენელს გაიღრმავოს ცოდნა სოციალურ სიტუაციებში კონფორმულობის საკუთარი ავტომატური ტენდენციის შესახებ და შეცვალოს ეს ტენდენციები ჯანსაღი ქცევით.

  • სტერეოტიპების საფრთხის ეფექტურად მართვა ადაპტური ატრიბუციით

ეხმარება მსმენელს შეამციროს ან სრულიად მოსპოს სტერეოტიპების საფრთხის ეფექტი და არაჯანსაღი ატრიბუცია სწავლისა და საქმიანობის შესახებ.

  • სიტუაციური ცოდნის განვითარება ავტორიტეტის ძალაუფლების შესახებ

ეხმარება მსმენელს გაიგოს, როგორ ზემოქმედებს ჯგუფი და სიტუაცია გადაწყვეტილების მიღებაზე და ასწავლის სოციალური სიტუაციების გააზრებულად გადაჭრის სტრატეგიებს.

  • ცრურწმენისა და დისკრიმინაციის დამარცხება ურთიერთგაგებისა და ურთიერთმიღების ხელშესაწყობად

ეხმარება მსმენელს გააცნობიეროს სხვა ადამიანებსა თუ ჯგუფებზე ვარაუდების დაშვების ტენდენცია და წინ აღუდგეს, თუკი თავად ხდება ცრურწმენისა და დისკრიმინაციის საგანი.

 

 

წყარო: https://excellencereporter.com/2016/11/21/dr-phil-zimbardo-the-meaning-of-life-and-the-everyday-heroes/?utm_content=buffer4b0d4&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer

https://heroicimagination.org/programs/

 

[1] მადლობა ნოდარ მანჩხაშვილს პროექტის სახელწოდების საუკეთესო თარგმანისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი