ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დასჯა წესების დაცვით

დიახ, ასეც ხდება – ზედმიწევნით ვიცავთ წესებს, ვემორჩილებით კანონებს, ვითვალისწინებთ ნორმებს და შედეგი მაინც არასასურველი გვაქვს…

დღეს მინდა გესაუბროთ საკითხზე, რომელიც ხშირად პრობლემად ქცეულა ჩემთვის პედაგოგიურ პრაქტიკაში და, როგორც კოლეგებისგან მომისმენია, მათაც აწუხებთ.

მეცხრეკლასელი გიორგი (დავარქვათ, პირობითად, გიორგი ) გონიერი, ინტერესიანი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული მოსწავლეა, ერთ ქართულ ფილმს თუ დავესესხებით, თითქმის „დიმიტრი გელოვანი“. ჰოდა, მოხდა ისე, რომ გიორგის დედ-მამა სექტემბრის დასაწყისში დაშორდა ერთმანეთს, ბავშვმა ძალიან განიცადა ეს ფაქტი, ცდილობდა, არ შეემჩნია, მაგრამ აკადემიურ მოსწრებას მაინც დაეტყო – ერთი თვის განმავლობაში ქართულში ზედიზედ სამი „ორიანი“ მიიღო. მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ ბავშვს ნაკლებად შეხებოდა მათი კონფლიქტი, წაიყვანეს ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე, არ აკლებდნენ ყურადღებას, იმაზე მეტ დროს ატარებდნენ გიორგისთან, ვიდრე მანამდე. საბოლოოდ მათმა მცდელობა შედეგი გამოიღო – ბავშვმა დაძლია სტრესი, გახდა სოციალურად აქტიური და, რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის  მთავარია,  კვლავინდებურად ყურადღებით მოეკიდა სასწავლო პროცესს და იმავე ქართულში სემესტრის ბოლომდე ერთი გაკვეთილიც კი არ ჩაუგდია, უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა და განვლილი მასალაც, რომელშიც უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, თავისუფლად დაძლია.

დასრულდა სემესტრი, მანანა (ეს სახელიც, რა თქმა უნდა, პირობითია) მასწავლებელმა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა მოითხოვს მისგან, გადათვალა გიორგის ნიშნები, მიუმატა ერთმანეთს (2,2,2,9,10,10,10,10,10,10,10,10,10,10,10,10.) და მიღებული რიცხვი (135) გაყო ნიშნების რაოდენობაზე(16) – მოკლედ, გაასაშუალარითმეტიკულა. გიორგის ძლივს გამოუვიდა 8 – საშუალო ქულა. პედაგოგი საგონებელში ჩავარდა – ამ სკოლაში სწორედ გიორგია ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე უკეთ გადის ესგ-ის მეცხრე კლასის ქართულის საგნობრივი პროგრამის სამივე მიმართულების სწავლის შედეგებზე. მართალია, სემესტრი ცუდად დაიწყო, მაგრამ სირთულეებს გაართვა თავი და, ყველაფრის მიუხედავად, უმაღლესი შედეგი აჩვენა. მანანა მასწავლებელი ხვდება, რომ სემესტრის დასაწყისში მოსწავლის აკადემიური ცოდნის ობიექტური შეფასების გამო და კიდევ იმის გამო, რომ სხვა მოსწავლეებს არ გასჩენოდათ უსამართლობის განცდა, შეფასება გიორგის სასჯელად ექცა. ქ-ნი მანანა იძულებულია თვალოს, იანგარიშოს და ჟურნალში სემესტრის ბოლო გრაფებში მიჯრით ჩაწეროს 10-იანები, რომ გიორგის მისი ცოდნის, უნარებისა და, ზოგადად, კომპეტენციის ადეკვატურთან მიახლოებული შეფასება „გამოუყვანოს“.

კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს „კულისების“ თემაა, რომელზეც არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ვახორციელებთ, რომელზეც ვწუხვართ, მაგრამ, ასევე, „ვდუმვართ“.

არახალია, რომ ცოდნის შეფასება პედაგოგიური პროცესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. მოსწავლეთა ცოდნის  შემოწმება – შეფასება სკოლის მთელი მუშაობის აღრიცხვის საფუძველია. მასში ნათლად აისახება როგორც სკოლისა და მისი პედაგოგების  მუშაობისას მოპოვებული წარმატება და ნაკლი, ასევე,  სკოლის  წინსვლის  პერსპექტივა. ცოდნის შეფასებისა და შემოწმების საგანმანათლებლო ფუნქცია მდგომარეობს  მოსწავლის მიერ ახალი ცოდნის შეძენასა და სისტემატიზაციაში. ცოდნის   შემოწმებისა და შეფასების აღმზრდელობითი და განმავითარებელი ფუნქცია კი სწორედ ისაა, რომ სასწავლო პროცესში შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენების საშუალებით მოსწავლეებში სხვადასხვა უნარი და ჩვევა განავითაროს. მაგ., ზეპირი და წერითი მეტყველების უნარის, მასალის დამოუკიდებლად მოძიების და წარმოდგენის და სხვ. ამასთან ერთად, მოსწავლეს უვითარდება ხასიათის ისეთი თვისებები, როგორებიცაა: პასუხისმგებლობისა და ობიექტურობის გრძნობა, დისციპლინა, ნებისყოფა და სხვ. შესაბამისად, ნიშანი ყოველივე ზემოაღნიშნულის თითქოს მარტივი, მაგარამ უაღრესად მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი სიმბოლოა. ჩვენს შეთხზულ ამბავში, რომელსაც დოკუმენტური საფუძველი აქვს, ასეთი დაანგარიშება მოსწავლეს, ფაქტობრივად, უკარგავს ნიშნის „გამოსწორების“ შანსს. საკმარისია მოსწავლემ სემეტრის განმავლობაში 2-3-ჯერ არ/ვერ მოამზადოს გაკვეთილი და მიიღოს არადამაკმაყოფილებელი შეფასება, რომ სემესტრის დასასრულს ვერაფრით მოიპოვებს უმაღლეს ქულას. ეს, ცხადია, ბავშვს იმთავითვე უკარგავს სტიმულს და აუცრუებს გულს. მით უფრო ლეგიტიმურია ეს მსჯელობა, თუ გავიაზრებთ, რომ ჩვენი განათლების შინაარსი – ეროვნული სასწავლო გეგმა – სწორედაც წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების რიტორიკითაა შექმნილი და მოსწავლის ცოდნა და უნარები წლის ბოლოს სწორედ ესგ-ის სწავლის შედეგებთან შესაბამისობით უნდა შეფასდეს. შესაბამისად, ვფიქრობ, მოსწავლის შეფასებისას მასწავლებელი სწორედაც რომ დინამიკით უნდა ხელმძღვანელობდეს და არა მხოლოდ სტატისტიკით. მოსწავლის აკადემიურ მუშაობაზე დაკვირვება თუ ცხადყოფს, რომ მან აშკარად დაძლია სირთულეები, გადის დასახულ სწავლის შედეგზე, სიღრმისეულად ფლობს ცოდნას და განუვითარდა შესაბამისი უნარ-ჩვევა, ორი თვის წინ ჩადენილ „დანაშაულზე“ პასუხისგება არასამართლიანად მიმაჩნია. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მასწავლებელს აიძულებს, მოსწავლის ინტერესებისა და პედაგოგიკური მეცნიერების პრინციპების გათვალისწინების მიზეზით, რბილად რომ ვთქვათ, თვალი დახუჭოს, სრულყოფილი ვერ არის და საჭიროებს გადახედვას.

მესმის, განაცხადი ხისტია, სათქმელი სადავო. ამ ჩემს მოსაზრებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, მაგრამ ღრმად მწამს, ჩვენ ასეთ თემებზე უნდა ვისაუბროთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი