შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კიდევ ერთხელ მშობელთა კრების შესახებ

კარგად მახსოვს, როგორ ვიტანჯებოდი მშობელთა კრებების დროს. კლასის დამრიგებლის მცდელობის მიუხედავად, ეს ძალიან მოსაწყენი პროცესი იყო. სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ სხვადასხვა პოლუსებზე მყოფი მშობლები და მასწავლებლები კოლექტიურ სჯა-ბაასს. ამ დროს მეჩვენებოდა, რომ მათი აქტიურობის ფონზე უვარგისი დედა ვიყავი, რომელსაც სათქმელი არაფერი ჰქონდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მშობელთა კრებაზე არცერთხელ არ დამიგვიანია, არც დამიმთქნარებია. ექსკურსიების თანხასაც დროულად ვდებდი, ოღონდ ამ ექსკურსიაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი. პრინციპში, ცუდი არ იყო – სამახსოვრო ფოტები გადავიღეთ.

როგორც წესი, მშობელთა კრებაზე მორჩილად ვჯდებოდი მერხთან და ტელეფონის ზარს ვთიშავდი, თითქოსდა სადღაც სპექტაკლზე ან ინტერვიუზე ვყოფილიყავი.

რადგან ჩემი ბავშვები კარგად სწავლობდნენ, საჯარო შენიშვნებს პრაქტიკულად არ ვიღებდი. მეტიც, ბევრი საქებარი სიტყვა მომისმენია, რის გამხელა ახლაც კი მეუხერხულება.

როგორც კი მასწავლებელი ჩემი რომელიმე შვილის ქებას დაიწყებდა, დისკომფორტს ვგრძნობდი. განსაკუთრებით იმ მშობლებთან მიმართებაში, ვისი შვილებიც არცთუ კარგად სწავლობდნენ. ეს მშობლები კეთილმოსურნედ, მაგრამ ოდნავ ალმაცერად გადმომხედავდნენ ხოლმე და  რომელიმე აუცილებლად იტყოდა: „თქვენ რა გენაღვლებათ. აი, ჩემი შვილი კი ისეთი ნიჭიერი და ზარმაცია…“ ამ დროს რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. რატომღაც ჩემი შვილის შრომისმოყვარეობის მერიდებოდა და ზოგადი ფრაზით: „ალბათ სხვა საქმეშია ძალიან ყოჩაღი “, ანდა თანაგრძნობის ღიმილით შემოვიფარგლებოდი.

მშობელთა კრება რომ დასრულდებოდა, ისეთი გახარებული გამოვდიოდი სკოლიდან, ლამის უმცროსკლასელივით ასკინკილა მერბინა. დარწმუნებული ვარ, კლასის დამრიგებლისთვისაც შვება იყო რამდემიმესაათიანი კრების დასასრული.

ყველა მშობელთა კრება ერთმანეთს ჰგავდა. იქ ძალიან ცოტას საუბრობდნენ ინდივიდუალურ მიდგომებზე, შემოქმედებითობაზე, აღზრდაზე; უფრო მეტს – ნიშნებზე, დისციპლინაზე, სიგარეტის მოწევაზე. მერე კლასში რიგრიგობით შემოდიოდა ხან ერთი საგნის მასწავლებელი, ხან – მეორე და საჯაროდ არჩევდა ბავშვების ნიშნებისა და ყოფაქცევის საკითხს. ასეთი მიდგომების მართებულობაში ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი და როდესაც ამის შესახებ ერთადერთხელ დავსვი შეკითხვა, კლასში ისეთი სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, რომ უვარგისი დედობის კომპლექსი კიდევ უფრო გამიმყარდა…

მშობელთა კრებაზე სხვა საკითხებიც გარჩეულა, მართლაც რომ საჭიროებდა კოლექტიურ გადაწყვეტილებას. ეს იშვიათად ხდებოდა და ალბათ ამის მოგვარებაც მობილური ან ინტერნეტკავშირის დახმარებითაც შეიძლებოდა.

განათლების სფეროს სტატისტიკოსები მუდამ ითვლიან რაღაცას – რამდენ საათს მეცადინეობს ბავშვი სახლში, რამდენ კილოგრამიანია მისი სასკოლო ჩანთა, რამდენი კალორია უნდა მიიღოს მოსწავლემ სკოლის სასადილოში… მათ ისიც კი გამოთვალეს, რომ ათი-თერთმეტი წლის განმავლობაში მშობელი, სულ ცოტა, 50 მშობელთა კრებას ესწრება, სადაც, სულ ცოტა, თავისი ცხოვრების 100 საათს ატარებს. ბევრია ეს თუ არა, მთავარი როდია.

მშობელთა კრების პრობლემა არა დრო, არამედ ფსიქოლოგიური დისკომფორტია, თანაც, ორივე მხარისთვის. კრებაზე დასწრება სავალდებულო არ არის (მასწავლებლებიც კი სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ მშობლები ნაკლებად ინტერესდებიან შვილების სასკოლო ცხოვრებით), მაგრამ ფაქტია, რომ მშობლები მაინც ესწრებიან.

საბოლოოდ კი კრება ყოველთვის ერთსა და იმავე სახეს იღებს – საშუალო სტატისტიკური მასწავლებლები ბავშვების დაბალ აკადემიურ მოსწრებაში მშობლებს ადანაშაულებს, მშობლები კი მასწავლებლისკენ იშვერენ ხელს. უმეტეს შემთხვევაში, მშობელთა კრება ისე მთავრდება, რომ არცერთ მხარეს არ აქვს კმაყოფილების განცდა.

მშობელთა კრების კიდევ ერთი მინუსი მამების პასიურობაა. ბავშვის მამა კრებაზე ათასში ერთხელ თუ მოვა. ისიც იმიტომ, რომ დედას რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს, კრებაზე დასწრება კი აუცილებელია. მასწავლებელს არ შეუძლია მამებს მშობელთა კრებაზე სიარული აიძულოს, მამებს კი ჰგონიათ, რომ კრება ქალის საქმეა.

დედას და ბებიას, რომელიც ქართულ ოჯახში შვილისა და შვილიშვილის მიმართ მამაზე გაცილებით ლმობიერია, სახლში „შელამაზებული“ ინფორმაცია მოაქვს. არადა, გარკვეულ ასაკში მამის როლი, მით უფრო ბიჭი მოზარდის აღზრდაში, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, სკოლაში მეტ მასწავლებელ მამაკაცს რომ ემუშავა, მამებიც მეტ ინტერესს გამოიჩენდნენ შვილების სასკოლო ცხოვრების მიმართ.

დღეს მშობელთა კრებაზე მოსული მშობლებისა და მასწავლებლების ტიპურ სახეებს გამოვყოფთ:

მშობლები

„მატრაკვეცების“ ორი კატეგორია არსებობს. პირველი – მშობელთა კრებაზე ძვირფასი სამკაულებით მორთული მოდის, სკოლის მერხთან ფეხი ფეხზე გადადებული ჯდება და ზემოდან ცქერის პოზიციით უსმენს მასწავლებელს, რომლის საუბარი არ აინტერესებს, რადგან სხვა „ჰაერით სუნთქავს“, ვიდრე დაბალხელფასიანი მასწავლებელი.

„მატრაკვეცების“ მეორე კატეგორია ინტელექტუალურია და უყვარს მასწავლებლისთვის ჩამჭრელი შეკითხვების დასმა. ამ მშობლებს ყველაფერთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება აქვთ. ინტელექტუალები აქტიურად უყურებენ ტვ-ის, ზოგჯერ კონსულტაციებზეც დადიან სპეციალისტებთან და, რაც მთავარია, „ყველაზე კარგად“ იციან, ვინ რა დონის მასწავლებელია.

„მერაშუაშივარ“ მშობლები“ – მშობელთა ეს კატეგორია საერთოდ არ აფიშირებს თავის მოსაზრებებს, კრებაზე არც რაიმე სახის კომენტარს აკეთებს. მას არც თავისი შვილის ამბები აინტერესებს და არც სხვების. არც ის იცის, აქ რატომ მოვიდა. ასეთი შეიძლება იყოს მოსწავლის მამაც, რომელსაც ცოლის შეცვლა მოუწია. მას სახლამდე ზუსტი ინფორმაცია ვერ მიაქვს, რადგან ის რაღაც გაუგებრობაში მოხვდა და ვერ მოასწრო გარკვევა, „დემოკრატების“ მშობელთა კრებაზე რა თემებზე საუბრობდა მასწავლებელი.

„შემცვლელები“ – ისინი „მერაშუაშივარ“ მშობლებს“ ჰგვანან, მაგრამ მათგან განსხვავებით ზუსტად ამახსოვრდებათ, რა ეცვა მათემატიკის მასწავლებელს და როგორი მაკიაჟი ჰქონდა ინგლისური ენის მასწავლებელს. ამ კატეგორიაში შედიან მოსწავლეების უფროსი დები, დეიდები, ძიძები და ბებიები. ისინი ფურცელზეც კი ინიშნავენ მასწავლებლის გამონათქვამებს. თუმცა ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ მშობლებამდე სათქმელი სწორად მიაქვთ.

„მშობლები“ – ეს ის კატეგორიაა, რომელიც სკოლაში სიმართლის დასადგენად მოდის, შესადარებლად – რას იტყვის მისი შვილი და როგორ შეაფასებს მას მასწავლებელი. „მშობლები“ ადეკვატურები არიან, არავის ადანაშაულებენ, მზად არიან თანამშრომლობისთვის, ილუზიების გარეშე აფასებენ განათლებისა და აღზრდის თემას, სკოლას, მასწავლებლის შრომას. მათ იციან, რა მიზანი და პასუხისმგებლობა აქვთ აღებული. ასეთი კატეგორია უმცირესობაშია.

„ფანტომები“ – სკოლის კრებაზე საერთოდ არ დადიან. კლასში ყოველთვის არსებობს ერთი მშობელი, რომელსაც მასწავლებელი ვერასოდეს ხვდება და ვერასოდეს ხედავს. ასეთი „ფანტომები“ მხოლოდ წლის შემაჯამებელ საზეიმო ღონისძიებებზე მატერიალიზდებიან.

მასწავლებლები

„განწყობის ადამიანი“ – მას შეუძლია ყველა დამსწრე გაანადგუროს, შეუძლია იყოს კეთილი, გამგები და მპატიებელი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განწყობაზეა. ის პასუხს ვერ აგებს საკუთარ ემოციებზე ვერც ბავშვებთან და ვერც მათ მშობლებთან. ასეთ მასწავლებელთან შეხვედრას ყველა თავს არიდებს.

 „მშფოთვარე“ –  ის მამაკაცი დამრიგებელია, სულ მუდამ ატრიალებს ხელში ცხვირსახოცს ან „შპარგალკას“, რათა კრების დროს სათქმელი არ აერიოს. მას შუბლზე ოფლი ასხამს, სახე წითელი ლაქებით აქვს დაფარული. მშობლების ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც  ხანგრძლივ მონოლოგს აწყვეტინებს, დიდი ხნით აბნევს მას. ამიტომ უმჯობესია არც არაფერი ჰკითხოთ. „მშფოთვარე“ არსებითს არაფერს ამბობს. არ წყვეტს პრობლემებს. ის მალევე ამთავრებს მშობელთა კრებას.

„ავტორიტეტი“ – არასდროს იბნევა, მობილიზებულია, ხმამაღლა საუბრობს მბრძანებლური ტონით, აქვს მკაცრი გამოხედვა. მშობლებს, ისევე როგორც თავის სადამრიგებლოს მოსწავლეებს, მხოლოდ გვარებით მიმართავს და სრულ მორჩილებას მოითხოვს. მშობლებს ეშინიათ მასწავლებლის, რადგან, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მათ სურთ, თავ-ბედს გაწყევლინებს. „ავტორიტეტი“ ბავშვების ინტერესებსაა ამოფარებული და საუკეთესოს მოითხოვს მათთვის – ახალ ფარდებს, ძვირადღირებულ ექსკურსიებს… ხშირად მშობელთა კრებას იმ მოსწავლეთა ჩამონათვალით იწყებს, ვინც ცუდად სწავლობს ან ვისაც დავალიანება აქვს.

„დემოკრატები“ – „ავტორიტეტებისგან“ განსხვავებით, ისინი იშვიათად უბრაზდებიან ვინმეს. მათი პრინციპი თავისუფლებაა და ეს პრინციპი ბავშვებზე, მშობლებსა და კოლეგებზე ვრცელდება. მშობელთა კრებისთვის „დემოკრატები“ არ ემზადებიან და არც ის იციან, რაზე უნდა ილაპარაკონ. ამიტომ ლაპარაკობენ ყველაფერსა და არაფერზე. განხილვის თემა შეიძლება გახდეს მათემატიკის ჩაშლილი გაკვეთილი და რომელიმე მოსწავლის ახალი ვარცხნილობა. „დემოკრატების“ მიერ ორგანიზებულ მშობელთა კრებაზე მშობლები უწესრიგოდ დადიან, ან მოდიან ისინი, ვისაც ლაპარაკი არ ეზარებათ. „დემოკრატი“ მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ მის კლასს პრობლემები არ აქვს, სინამდვილეში კი ერთ მშვენიერ დღეს ყველა პრობლემა ერთდროულად იჩენს თავს და ვიღაცის ან მშობლების გამოსასწორებელი ხდება.

„კლასის დამრიგებელი“ – მას მშობელთა კრება მშვიდად მიჰყავს. გეგმა წინასწარ აქვს შედგენილი. საუბრობს თავისუფლად. ის მუდამ საქმის კურსშია, როგორ  იქცევიან მოსწავლეები. სხვა მშობლების თანდასწრებით არ საუბრობს რომელიმე მოსწავლის ნიშნებსა და ქცევაზე. მშობელთა კრებაზე ის განიხილავს გლობალურ პრობლემებს და მშობელთა აზრის დაფიქსირების შემდეგ გამოსავალსაც სთავაზობს მათ. „კლასის დამრიგებელი“ ყოველთვის ეძებს კომპრომისს, რადგან ესმის, რომ მასწავლებლისთვის და მშობლისთვის ყველაზე მთავარი ბავშვის ინტერესია. მისთვის ყველა მოსწავლე თანაბრად ძვირფასია, ყოველ შემთხვევაში ამაში სურს დაარწმუნოს მშობლები. ის კეთილმოსურნე, პოზიტიური და სამართლიანი ადამიანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი