პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას ბავშვთან ცოტა უჩვეულო და არცთუ ისე სასიამოვნო თემებზე უწევს საუბარი. ერთ-ერთი ასეთი თემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. როგორ ველაპარაკოთ ბავშვს სიკვდილის შესახებ, ღირს თუ არა მასთან საუბარი იმაზე, რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერს და მათ შორის ადამიანის სიცოცხლესაც აქვს დასასრული. თუ ბავშვი მოულოდნელად დაგვისვამს ამ თემაზე შეკითხვას, რა ვუთხრათ და რაზე გავჩუმდეთ, რისი თქმისაგან შევიკავოთ თავი. ალბათ ბევრი მშობლისთვის საინტერესო იქნება აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხის მიღება. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია,  თუ რა ასაკის ბავშვთან გვაქვს საქმე. სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის სიკვდილის აღქმა და წარმოდგენა სიკვდილზე სრულიად განსხვავებულია. ხუთ  წლამდე  პატარებს არ ესმით, რომ სიკვდილი ნიშნავს ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს, რომ სიკვდილი შეუქცევადია. ისინი მას აღიქვამენ როგორც ძილს,  დროებით მოვლენას, მოგზაურობას, სადმე გამგზავრებას. სიკვდილის არსის პირველი გაცნობიერება ჩვეულებრივ ხუთი წლის ასაკში იწყება. ამ პერიოდში ფართოვდება ბავშვის წარმოდგენა სამყაროზე და საკუთარ თავზე ამ სამყაროში. საყურადღებოა მოზარდთა დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთან, მათი დაინტერესება აღნიშნული თემით. ცნობილი ფაქტია, რომ გარდამავალ ასაკში მოზარდში იღვიძებს ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების უნარი. ამ პერიოდში მათ, როგორც წესი, უჩნდებათ შემდეგი სახის შეკითხვები: „ვინ ვარ მე?“, „რატომ მოვედი ამ ქვეყნად?“, „რა მოხდება, როცა მოვკვდები?“ და ა.შ. მათ თავისუფლად შეუძლიათ იმის გაგება, რომ სიკვდილი გარდაუვალი და შეუქცევადი პროცესია. ამდენად, როცა ბავშვთან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე საუბარს გადავწყვეტთ, აუცილებლად გავითვალისწინოთ კონკრეტული პერიოდისთვის დამახასიათებელი  თავისებურებები.

     პირველი შეკითხვები სიკვდილთან დაკავშირებით ბავშვს, როგორც წესი, მაშინ უჩნდება, როცა პირდაპირ „ეჯახება“  სიკვდილს,  მაშინაც, თუ ის მკვდარ ცხოველს ან ფრინველს ხედავს. იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება დედა, მამა, ბებია ან სხვა ახლობელი დაკარგოს, აშინებს ბავშვს, ბადებს მასში კითხვებს, იწვევს მწვავე განცდებს და შფოთვას.

     ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ სიმართლის თქმით შეაშინებს პატარას და არ უნდა მისი ტრავმირება. უნდა დავუმალოთ თუ არა ბავშვს სიმართლე იმ მოტივით, რომ არ შევაშინოთ ის. რა პასუხი გავცეთ მის შეკითხვებს: „ყველა მოკვდება?“, „მეც მოვკვდები?“ როგორ დაველაპარაკოთ ბავშვს სიკვდილზე ისე, რომ ეს მისთვის მატრავმირებელი არ აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხების ძიებას,  ადრე თუ გვიან,  ყველა მშობელი იწყებს.

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • უპირველეს ყოვლისა, არ არის სასურველი, რომ ბავშვის შეკითხვები სიკვდილთან დაკავშირებით ყურს მიღმა გავუშვათ და მისი ყურადღება სხვა, უფრო „მხიარულ“ თემებზე გადავიტანოთ;
  • ნუ ვამყოფებთ ბავშვს გაურკვევლობაში. არ შეიძლება, რომ სიკვდილის თემა და ამ ქვეყნიდან წასვლა ტაბუდადებულად „გამოცხადდეს“ ოჯახში. როგორც წესი, უფროსებს თავად არ გვიყვარს სევდიან, ნაღვლიან საკითხებზე ფიქრი და ლაპარაკი. ჩვენ გავურბივართ პასუხებს ბავშვის შეკითხვებზე და გვსურს  დავიცვათ ის. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქცევა უფრო მეტი პრობლემის აღმოცენების  მიზეზი ხდება;
  • თუ ჩვენ მოწყენილი და ნაღვლიანი ვართ ახლობლის გარდაცვალების გამო, ნუ დავუმალავთ ჩვენს გრძნობებს ბავშვს და ამასთან, ავუხსნათ კიდეც, თუ რატომ ვართ მოწყენილი. ნუ შეგვაშინებს ბავშვისთვის სულიერი სიმშვიდის დარღვევა. შევეცადოთ ვიყოთ რაც შეიძლება ბუნებრივი. დედის „გაქვავებული“ და უგრძნობი სახის ყურება მაშინ, როცა ის ძლიერ ემოციებს განიცდის, ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის გაცილებით უფრო საშინელია, ვიდრე მისი ცრემლები. თუ ტირილისგან თავშეკავება გვიჭირს, ვიტიროთ, მაგრამ ავუხსნათ ბავშვს, რა გვაწუხებს. თუ ბავშვი ჩვენთან ერთად ტირის, დავამშვიდოთ, მაგრამ ნუ შევეცდებით მის გადართვას სხვა მიმართულებით. შევეცადოთ ავუხსნათ ბავშვს, რომ როცა ვინმე კვდება, მწუხარება ნორმალური მოვლენაა და გარკვეული დროის შემდეგ ის გაივლის. ნებისმიერი ახალი ინფორმაცია ასეთ დროს გარკვეულ ემოციურ განცდებს იწვევს და ეს სრულიად ბუნებრივია;
  • ვესაუბროთ ბავშვს რაც შეიძლება მარტივი და მისთვის გასაგები ენით, ვერიდოთ სიტყვაუხვობას;
  • მზად ვიყოთ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ნებისმიერ, ყველაზე მოულოდნელ შეკითხვასაც კი;
  • ნუ შეგვაშინებს ჩვენთვის საკმაოდ მძიმე და არცთუ სასურველ თემაზე საუბარი. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრისას ჩვენ დისკომფორტს განვიცდით, უხერხულად ვგრძნობთ თავს და გვეშინია კიდეც, ის შეწყვეტს შეკითხვების დასმას და ჩვენი შიში მასაც გადაეცემა. ამიტომ, საჭიროა მოვემზადოთ საუბრისთვის და მშვიდი ტონით ვუპასუხოთ ნებისმიერ, ყველაზე უცნაურ შეკითხვასაც კი;
  • ბავშვთან საუბარი აღნიშნულ თემაზე მხოლოდ მაშინ დავიწყოთ, როცა ის შეკითხვებს დაგვისვამს. ამასთან, ვუპასუხოთ მხოლოდ მის მიერ დასმულ შეკითხვებს, ნუ განვავრცობთ სასაუბრო თემას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არიან შედარებით უფრო ჩაკეტილი ბავშვები, რომლებიც კითხვების დასმას გაურბიან. ასეთ დროს საჭირო იქნება ჩვენი მხრიდან ინიციატივის გამოჩენა და საუბრის წამოწყება;
  • ნუ მოვატყუებთ ბავშვს, ველაპარაკოთ მხოლოდ სიმართლე. სიკვდილი ბუნებრივი მოვლენაა, ჩვენი ცხოვრების ნაწილია; თუ ჩვენ უფროსები ამას ასე აღვიქვამთ და ჩვეულებრივ ვისაუბრებთ მასზე, ბავშვსაც გაუადვილდება მისი მიღება და გაგება;
  • აღნიშნულ თემაზე ბავშვთან საუბრისას მოვერიდოთ მეტაფორების გამოყენებას, ვისაუბროთ პირდაპირ, ნუ შევადარებთ სიკვდილს ძილს და ნუ ვეტყვით ბავშვს, რომ გარდაცვლილმა ადამიანმა „სამუდამოდ დაიძინა“ ან „უცხო სამყაროში“ გაემგზავრა. ხშირად ბავშვები მეტაფორებს პირდაპირ იგებენ და ასეთი სიტყვების შემდეგ შეიძლება პატარამ უარი თქვას ძილზე ან მოგზაურობაზე იმის შიშით, რომ შეიძლება მასაც რამე მოუვიდეს. თუ ადამიანის გარდაცვალებას დაძინებას შევადარებთ, ამით, ჩვენდა უნებურად პროვოცირებას გავუკეთებთ დაძინების, მარტო დარჩენის, ბნელ ოთახში ყოფნის შიშს;
  • შევეცადოთ არ ჩავვარდეთ პანიკაში, როცა ბავშვთან ახლობლის გარდაცვალების შესახებ საუბარს დავაპირებთ. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს აშინებს არა თავისთავად სიკვდილი, არამედ ჩვენი შიში სიკვდილის მიმართ;
  • ახლობელი, ძვირფასი და საყვარელი ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებული დიდი ტკივილისა და მწუხარების ჟამს ბევრი ზრდასრული ადამიანისთვის ძნელია იმაზე ფიქრი, თუ როგორ უთხრას ბავშვს, რომ მისი საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა; ამიტომ, პოულობენ ყველაზე მარტივ გამოსავალს – მიყავთ ბავშვი სახლიდან, ტოვებენ რომელიმე ნათესავთან და მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ეუბნებიან, რომ მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა. ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს – ბავშვს გაუჩნდეს ახლობლების მიმართ უნდობლობის გრძნობა, რომლის დაძლევა მომავალში სერიოზულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ამდენად, უკეთესი იქნება, თუ ახლობლის გარდაცვალების ამბავს ბავშვს დროულად გავაგებინებთ და ამასთან, აჯობებს, თუ ამას მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი გააკეთებს, ის, ვისაც ბავშვი კარგად იცნობს და ვისაც ენდობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვთან სიკვდილზე საუბრის დროს ჩვენი ემოციების და ქცევის მართვისთვის ვფიქრობ, საკმაოდ ძნელია „მზამზარეული  რეცეპტების“ გამოწერა. თუმცა, ერთი რამ ცხადია – გულწრფელობის ნაკლებობა და სიყალბე ასეთ დროს ბავშვის ნდობის დაკარგვის სერიოზული მიზეზი შეიძლება გახდეს.  გავითვალისწინოთ, რომ რამდენადაც ძნელია ბავშვის ნდობის მოპოვება, იმდენად ადვილია მისი დაკარგვა. ნდობის გარეშე კი სერიოზული პრობლემები ბავშვთან ურთიერთობაში გარდაუვალია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი