პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვებს, მშობლების სიყვარულის გარდა, საზოგადოებაც სჭირდებათ

ავტორი: ლევან ალფაიძე

ჯანმრთელი ბიოლოგიური მიზეზების გამო, ბავშვებს სურთ და სჭირდებათ მშობლების გარდა სხვებთან ურთიერთობაც.

მე მშობლების ბუნებრივი ინსტიტუტის მომხრე ვარ. ასეთი ”მშობლობის” მთავარი თვისება, ჩემი აზრით, არის მშობლების რწმენა ბავშვების შესაფასებებისა და ინსტინქტებისადმი. მაგალითად, როდესაც აცნობიერებთ, რომ ბავშვი, რომელიც ტირის, არის ბავშვი, რომელსაც რაღაც უნდა და თქვენ ცდილობთ მიხვდეთ რა სჭირდება მას, რათა დაკმაყოფილდეს. ანუ, თქვენ არ ”აცლით” ბავშვს ”ბოლომდე” იტიროს. თქვენ ალბათ აცნობიერებთ, რომ ჩვენი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში, ჩვილებსა და პატარა ბავშვებს ყოველთვის თავიანთ დედებთან, სხვა უფროსებთან ან და-ძმასთან ერთად ეძინათ და არასდროს მარტოებს – ბევრი ბავშვისათვის, მარტო დაძინება შიშის მომგვრელია. თქვენ აცნობიერებთ, რომ ჩვილებს და ბავშვებს, ჩვენს მსგავსად, ფიზიკური კონტაქტის დიდი სურვილი აქვთ და თქვენ მათ ამის საშუალებას აძლევთ. თქვენ არ კრავთ მათ ხელს, როდესაც არ გსურთ ასეთი კონტაქტი, პირიქით, თქვენ მათ ეხვევით და თქვენს გვერდით ამყოფებთ, როდესაც პატარებს ეს სურთ. აქ მთავარი კონცეფცია გულისხმიერებაა. როდესაც გესმით თუ რა სურს ბავშვს და რა სჭირდება მას იმ მომენტში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არამოლაპარაკე (არავერბალური) ბავშვის სურვილებსა და საჭიროებებს ეხება – თქვენ ამ პატარა პიროვნების ტალღაზე უნდა იყოთ მომართული. თქვენ უნდა შეგეძლოთ სამყაროს დანახვა ბავშვის თვალსაწიერიდან. ეს კი თანაგრძნობას მოითხოვს. ეს, რეალობაში, არაფრით განსხვავდება რომელიმე სხვა მჭიდრო ადამიანური ურთიერთობების მოთხოვნებისგან: კარგი ქორწინებისათვის აუცილებელია თანაუგრძნობდეთ თქვენს მეუღლეს. იმისთვის, რომ კარგი მეგობარი იყოთ, უნდა თანაუგრძნობდეთ თქვენს მეგობარს.

თქვენი მეუღლე, მეგობარი და თქვენი ბავშვი, განსხვავდება თქვენგან; მათ სხვა, თქვენგან განსხვავებული საჭიროებები და სურვილები აქვთ, და იმისთვის რომ მათთან კარგი ურთიერთობები გქონდეთ, საჭიროა მათი სურვილებისა და საჭიროებებისადმი მგრძნობიარენი იყოთ. ბუნებრივი მშობლების ინსტიტუტი ხშირად გათანაბრებულია ე.წ. ”აღზრდასთან, მშობლებთან მჭიდრო ემოციური ურთიერთობებით” (ინგლ. Attachment Parenting[1]) და ეს სრულიად მისაღებია თუ ტერმინი ”მჭიდრო ემოციურ ურთიერთობები – attachment” სწორად გვესმის. ბავშვები, ბუნების მიერ, შექმნილნი არიან მჭიდრო ურთიერთობებისთვის არა მხოლოდ მათ დედასთან და მამასთან. აუცილებელი ბიოლოგიური მიზეზების გამო, ბავშვებს შეუძლიათ მჭიდრო ემოციური ურთიერთობები ჰქონდეთ სხვებთანაც, საზოგადოებაში თუ თემში. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რაგდან, ოჯახი, კერძო სოციალური ბირთვი-ერთეული, რომელიც ცხოვრობს თავის სახლში, სხვებისგან განცალკევებით თუ მოცილებით, ევოლუციური კუთხით, არაბუნებრივი წარმონაქმნია.

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებამდე, ადამიანები არ ცხოვრობდნენ სახლებში – ისინი ცხოვრობდნენ ბანაკებში (ალბათ ეს სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს იმ საცხოვრებელ გარემოს). პირველადი, საბაზო სოციალური ერთეული გახლდათ ჯგუფი-ტომი, რომელიც ჩვეულებრივ, 20-დან 50-მდე ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, თანაარსებობდნენ და რომლებიც ერთი ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ, როგორც ამას სანადიროდ ხელმისაწვდომი ცხოველების მიგრაცია თუ საკვებად ვარგისი მცენარეული საფარი მოითხოვდა. ყოველ ასეთ ბანაკში, ადამიანები აგებდნენ დროებით ქოხებს, სადაც მათ ერთად ეძინათ. ძილის შემდგომ დროს კი ადამიანები გარეთ ატარებდნენ, ჯგუფის ყველა წევრთან ერთად. ამ დროს არსებობდა ქორწინება და ბავშვებს მშობლებთან განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდათ, მაგრამ ბავშვები მშობლებს არ ”ეკუთვნოდნენ”, როგორც ისინი ”გვეკუთვნიან” დღეს, ჩვენს კულტურაში. ბევრი გაგებით, ბავშვები, მთელი ჯგუფის ბავშვებს წარმოადგენდნენ. ყოველ ბავშვზე ზრუნვა ყველას მოვალეობა იყო. ყველა მოზრდილს, ყოველ ბავშვთან თავისი ურთიერთობა უყალიბდებოდა; და ბავშვებიც, ჩვილების ჩათვლით, ამ ურთიერთობების ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე-პარტნიორები იყვნენ.

ევოლუციური გაგებით, აბსოლუტურად გასაგები მოვლენაა როდესაც ბავშვს სურს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ბევრ, სხვადასხვანაირ ადამიანთან, არა მხოლოდ მის მშობლებთან. კაცობრიობის განვითარების დასაწყის პერიოდში, ადამიანების ისტორიის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ბავშვების გაზრდამდე თუ ზრდასრულობამდე, მათი მშობლების სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მშობლის დაკარგვა ყოველთვის სამწუხარო ამბავია; მაგრამ ეს არ არის ფატალური მოვლენა ბავშვისათვის, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს სხვებთან, იმათთან, ვინც ასევე ჩართულია ბავშვზე ზრუნვაში. შესაძლოა, ბავშვობის მიზანი, როგორც ჩვენს, ისე მონადირე-შემგროვებელთა კულტურებში, არის ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი არსების აღზრდა, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს ბევრ, სხვადასხვაგვარ ადამიანთან – ურთიერთობები, რომლებიც მნიშვნელოვანია მისი გადარჩენისა და გამრავლებისათვის. ამას ადამიანი მხოლოდ დედ-მამასთან ურთიერთობებით ვერ სწავლობს. ადამიანი ამას სწავლობს ბევრ ადამიანებზე დაკვირვებით. ადამიანებზე, რომლებიც განსხვავებულნი არიან, აქვთ განსხვავებული საჭიროებები და რომლებსაც სხვადასხვა რამის მიცემა-გაზიარება-შეთავაზება შეუძლიათ.

ბავშვობის მეორე მიზანია – სწავლა. რაც ნიშნავს იმ იდეების, ცოდნის, უნარების, ღირებულებებისა და კულტურის შეთვისება, რომელშიც ბავშვი იზრდება. თუ ვინმე ეცდება ამის შესრულებას მხოლოდ მშობლების მეშვეობით, იგი ამ ყველაფრის მხოლოდ მცირე და შეზღუდულ ნაწილს შეითვისებს და უბრალოდ, არასაკმარისად მზად იქნება სამყაროში ცხოვრებისათვის. ბავშვების ძალიან მჭიდრო კავშირი და ”მიბმულობა” მშობლებზე არამხოლოდ არასასარგებლოა ბავშვისთვის, არამედ ეს შესაძლოა ტვირთადაც იქცეს დედისათვის (როგორც წესი ეს დედაა და არა მამა). აბსოლუტურად არაბუნებრივია, როდესაც ამბობენ რომ ქალმა უნდა შეწყვიტოს თავისი საქმეები და თავი მხოლოდ შვილებს და შინაურ საქმეებს მიძღვნას, როგორც კი დედა გახდება. მონადრე შემგროვებელთა დედები, ბავშვების არზრდასთან და მათზე ზრუნვის პარალელურად, აგრძელებდნენ შემგროვებლობას და სხვა სოციალურ აქტივობებს თავისი ჯგუფის თუ მეზობელი ჯგუფების ზრდასრულ წევრებთან.

დედობა მათთვის არ იყო იზოლირების სინონიმი – პირიქით, იგი კიდევ უფრო მეტად აკავშირებდა ქალს ჯგუფის სხვა წევრებთან, რადგან სხვებიც ინტენსიურად ურთიერთობდნენ მის შვილებთან.

ცოტა ხნის წინ, ბედნიერება მქონდა გავცნობოდი ბოსტონის კოლეჯიდან ჩემი კოლეგების, ჯილდა მორელის, პაულა აივი ჰენრისა და შტეფეტ ფიორსტერის გამოკვლევას[2]. გამოკვლევის თავი, რომელზეც მოგითხრობთ, ეხება მონაცემებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მოიპოვა ამ ჯგუფმა ეფეს ხალხში, მონადირე-შემგროვებელთა ტომში, რომელიც აფრიკულ კონგოში, იტურის ტყეებში ცხოვრობს. მათი გამოკვლევა ჩვილებსა და ბავშვებს და ტომის წევრებთან მათ სოციალურ ურთიერთობებს ეხება. მოგახსენებთ კვლევის რამდენიმე ძირითად შედეგს:

როდესაც ეფეს ტომში ბავშვი იბადება, პირველნი, ვინც მას უვლის არიან დედა და სხვა ბავშვები, რომლებიც დედასთან ქოხში ცხოვრობენ და რომლებიც ეხმარებიან დედას როგორც მშობიარობის დროს, ისე – შემდგომ, მისი ემოციური მხარდაჭერით. შემდეგ, ბავშვი გარეთ გაჰყავთ და მას ტომის ყველა წევრი მიესალმება, ყველა იჭერს ხელში და ულოცავენ ახალი ადამიანის დაბადებას. დედა, სულ ბოლოში იჭერს ხელში თავის ბავშვს.

  • ეფეს ბავშვებს უვლის არ მხოლოდ მისი უშაულო დედა, არამედ ტომის ნებისმიერი მეძუძური ქალი, რომლებიც, როგორ წესი, დედის გენეტიკური ნათესავები არ არიან.
  • პერიოდული, სისტემატიური დაკვირვებებით გამოირკვა, რომ 4-დან 6-თვემდე ასაკის ბავშვებს, ეფეს ტომში, მჭიდრო ფიზიკური და სოციალური კონტაქტი აქვთ საშუალოდ 9 პარტნიორთან, ყოველ 2 საათში. ხოლო 18-21 თვემდე ბავშვებს – ასეთივე ურთიერთობა-კონტაქტი აქვთ 14 სხვადასხვა პარტნიორთან, ყოველ 2 საათში! პარტნიორებში იგულისხმება კაცები, ქალები და ბავშვებიც. საშუალოდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვილებს, დღის განმავლობაში, ერთ პირთან კონტაქტი, სანამ მას სხვა პირს გადასცემენ, მხოლოდ 3 წუთით აქვთ.

ჩვილის ზრდასთან ერთად ძალიან აქტიური ხდება მისივე ინიცირებული კონტაქტები სხვებთან, მათზე შეხებით, ღიმილით, სიცილით ან სხვაგვარად, როდესაც ჩვილი იწვევს სხვებს, მასთან ურთიერთობისთვის. როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს, ისინი თავისით იწყებენ სიარულს ერთიდან მეორე ადამიანისკენ და მოძრაობას სხვა ბავშვებთან ერთად, განსხვავებული ასაკის ბავშვების ჯგუფში, მათთან თამაშის მიზნით.

  • ეფეს ჩვილი ბავშვები და პატარები (რომლებმაც უკვე დაიწყეს სიარული), გამორჩეულად ხალისიანები და არამომთხოვნები არიან. შესაძლოა, ამის მიზეზი ის ყურადღებაა, რომელსაც ისინი ამდენი განსხვავებული ადამიანისგან იღებენ დღის განმავლობაში. მკვლევარების ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატარები ძირიდათად კარგ ხასიათზე არიან – იღიმიან, იცინიან, სიხარულს გამოხატავენ მზერით და ყურადღებით აკვირდებიან სხვებს – გამოკვლევის პერიოდის დროის (როდესაც მათ არ ძინავთ) 90%-ის განმავლობაში.

მონადირე-შემგროვებელთა სხვა ტომებში, ჩვილების თემურ აღზრდა ეფეს ხალხის მსგავსი შეიძლება არ იყოს, შესაძლოა ტომის წევრების ჩართულობის ხარისხის სხვანაირი იყოს, მაგრამ ყველა ასეთი კულტურის ხალხი, ბევრად უფრო თემური წესით ზრდის თავიანთ ბავშვებს, ვიდრე ჩვენ.

მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებში ბავშვებზე ძალადობა ან მათი ჩაგვრა პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ დედა ან მამა გაღიზიანდება ბავშვთან ურიერთობისას, ან ბავშვს მკაცრად მოექცევა, ტომის სხვა წევრები სასწრაფოდ ერევიან კონფლიქტში, აწყნარებენ მშობლებს და ეფერებიან ბავშვს.

რადგანაც ბავშვებზე ზრუნვა საერთო, საჯარო საქმეა, თემის ყოველი წევრი, ჩვილების ჩათვლით, უყურებს და აკვირდება ბავშვის მოვლის წესებს. არავინ ხდება მშობელი, სხვებზე დაკვირვებისა და სხვისი ბავშვების მოვლის გამოცდილების გარეშე. არცერთ ზრდასრულ ადამიანს არ უწევს ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა მარტოს, სხვების დახმარების გარეშე.

რამდენად განსხვავებულია ეს წესები ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული წესებისგან! რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, დღევანდელი სოციალური ურთიერთობების ფონზე, რათა შევქმნათ ბავშვებზე მზრუნველი თემი, მათი ჯანმრთელი განვითარებისთვის და მშობლების დასახმარებლად? ეს გულწრფელი შეკითხვაა, თუმცა მასზე პასუხი არ მაქვს.

წყარო : https://www.psychologytoday.com/experts/peter-gray-phd

ავტორი: დოქტორი პიტერ გრეი

სტატია თარგმნა და მას კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

[1] ქართული შესატყვისის მოძიების სირთულის გამო, გთავაზობთ ასეთ თარგმანს: შვილების აღზრდა მშობლებთან (მზრუნველებთან) მჭიდრო, ემოციური ურთიერთობებით – ე.წ. Attachment parenting (AP), ფრაზა, რომელიც განვითარების ფსიქოლოგიაში ამერიკელი პედიატრის, უილიამ სირზის შემდეგ დამკვიდრდა. ეს მეთოდი ემყარება აღზრდის მჭიდრო ურთიერთობების თეორიას. ამ თეორიის თანახმად, ჩვილს, ბავშვობის პერიოდში უყალიბდება ძლიერი ემოციური კავშირები მზრუნველთან, ხანგრძლივი შედეგებით მთელი ცხოვრების მანძილზე. შვილების აღზრდა, მშობლებთან მჭიდრო-ემოციური ურთიერთობებით, ბავშვს ეხმარება ჩამოიყალიბოს ახლო ემოციური უერთიერთობების უსაფრთხო სტილი, რაც ხელს უწყობს მის სოციო-ემოციურ განვითარებას და კეთილდღეობას (ლ.ა.)

[2] წყარო: Morelli, G., Ivey Henry, P., & Foerster, S. Relationships and Resource Uncertainty: Cooperative Development of Efe Hunter-Gatherer Infants and Toddlers.” In D. Narvaez, K. Valentino, A. Fuentes, J. McKenna, & P. Gray (Eds.), Ancestral Landscapes in Human Evolution. New York: Oxford University Press.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი