პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი სკოლის დირექტორის ძმა

***

წვრილი, ხორხოშელა თოვლით დაიწყო ზამთარი სოფელში. ფანჯარასთან მიდგმულ ტახტზე ძაღლივით მუხლებზე ვარ  დაყუნცული და შუბლით მინას ვებჯინები. დედაჩემის ხელით გულისმომკვლელად თანაბარი გვირისტით აკინძული სახიანი, გახამებული თეთრი ნახევარფარდა, რომელიც, მგონი, მარტო ჩვენღა გვიკიდია, თავზე მაქვს გადაფარებული და ვუყურებ, როგორ იფიფქება დეკემბერში ჯერ კიდევ გაშლილი ვარდები. ჩემ გვერდით კი, რაფაზე, დეკემბერა იგიჟებს თავს, ლამის შუშა ჩაამსხვრიოს ყვავილებით  და თოვაში გააბიჯოს. ფიფქები სწრაფად  იკიდებენ ფეხს მშრალ მიწაზე. სულ მალე ერთი შავი წერტილიც კი აღარსად მოჩანს.

***

წელს შეშის თადარიგი დროულად ვერ დავიჭირეთ.  აქამდე ძველი მოგვყვა  და სწორედ დღეს ველოდებით, ორთვალათი უნდა მოგვიტანონ. აქ ასეა, „ორთვალობით“ ან „კოლხოზნიკობით“ იზომება შეშა. თუ იმდენი ფული არ გაქვს, რომ სამხიდიანი მანქანით თავიდანვე ერთ გზად მოიტანო, მერე მთელი ზამთარი ასე უნდა იწუნწურო: თვეში ერთხელ შეიპირო ვინმე და ხან შედარებით მშრალ, ხან პირდაპირ იმ დღეს მოჭრილ ჭონჭოხ ხის  კოტრებს 50-60 ლარად მოგიტანენ სახლში. თუ ცუდი ამინდები წაეწყო, როცა ტყეში შესვლა ჭირს, უფრო მეტიც ღირს. სოფლის ოჯახების უმეტესობას, ჩვენსავით, მარტო ამ მეორეზე მიუწვდება ხელი.

Image6187

***

გარედან  ამოიღლიავებული, წინა წლიდან შემორჩენილი ხმელი შეშა შემოაქვს დედაჩემს და ქოშინით ამბობს:

– შეშას კი მოგვიტანენ, მაგრამ, ვის დავაჭრევინოთ?- უფრო თავის თავს ეკითხება. იცის, მე ამ საქმეში  ვერ დავეხმარები, სკოლის დამთავრების შემდეგ სულ წასული ვარ და თითქმის აღარავის ვიცნობ სოფელში. – ავდგები და იმ ბიჭს ვეტყვი ისევ, ჩემს ძველ მეზობელს, შარშანაც იმას დავაჭრევინე. დღიურ მუშად დადის, პატიოსანი ბიჭია, ლევანასავით არ გაგვიჯანჯლებს.

– ვინ ბიჭს, ლევანას გარდა ახალგაზრდა ვინ  მოგივა აქ შეშის დასაჭრელად? მაგასაც ისე აქვს კუდი ყავარზე გადებული, რომ არ შიოდეს, ფეხს არ მოადგამდა. მთელი დღე  ბრიოლინით გადაგლესილი ქოჩრის სწორებას  და მობილურზე ლაპარაკს უნდება. ნეტა ის მაინც გამაგებინა, ვინ ურეკავს! – დედაჩემი სინანულით მიქნევს თავს. –  ლევანას, თუ გამოჩნდა, ისე მივცეთ რამე. ის ბიჭი ვინ არის, ვისზეც თქვი, ვეტყვიო?

– ჩემი ტოლი ბიჭია. –  მეღიმება, ბიჭს რომ ამბობს, მაგრამ არ მიკვირს. მეც გოგოებად და ბიჭებად ვიხსენიებ ჩემს ორმოცს გადაცილებულ მეგობრებს და ვიცი, ასე იქნება ყოველთვის. მაგრამ დედაჩემის ნათქვამ „ბიჭზე“ რაღაც მწყდება გულში. ალბათ იმიტომ, რომ ამ „ბიჭის“ უკან, რომლის სახელიც ჯერ არ ვიცი, ბავშვი და ყმაწვილი ქალი დედაჩემი დგას, რომელიც თავისი ბავშვობის ზამთრებში ამ „ბიჭთან“ ერთად სკოლაშიც წასულა ნაქსოვი ბადით ჩანთაზე ჩამოკიდებული სამელნის კონწიალით, გზად მიმავალს მასთან ერთად უგუნდავია კიდეც და გალიპულ „საცურაოზეც“ არაერთხელ უსრიალია; და ალბათ, კიდევ იმიტომ, რომ  სწორედ ეს „ბიჭი“ და მისი ნაცნობი სხვა „გოგო-ბიჭებიღა“ დაატარებენ მოგონებებს ერთმანეთის ახალგაზრდობის წლებზე.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ***

ლამბერსექსუალი – შეუძლებელია არაფერი გსმენოდათ  2015 წლის მამაკაცური მოდის ამ ახალ  ტენდენციაზე. ლამბერსექსუალ მამაკაცს ოდნავ უხეში გარეგნობა, მოვლილი, გრძელი წვერი ჰქონდა და ფლანელის უჯრულა პერანგი ეცვა, სახელი კი ინგლისური სიტყვიდან – “lumberjack” – “შეშის მჭრელი”- მომდინარეობს. თუ მოხდა ისე, რომ ეს მოვლენა თქვენი ყურადღების მიღმა დარჩა, მაშინ იმას მაინც აუცილებლად შეამჩნევდით, ბოლო დროს ჩვენში ლამის სანთლით საძებარი რომ გახდა წვერგაპარსული ახალგაზრდა კაცი. ეს ამბავი კი იმან გამახსენა, რომ შეშის მოტანიდან რამდენიმე დღეში ჩვენს ეზოში შეიძლება ყველაზე არამოდურმა, მაგრამ, ალბათ, მაინც  ყველაზე ნამდვილმა “lumberjack”-მა შემოანათა თავისი პრიალა ნაჯახით.

***

მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი იყო. ფართოშუბლიანი. მორიდებით შემოვიდა, თვალი სწრაფად მოავლო ეზოს და  სიტყვის უთქმელად გაემართა დახვავებული კოტრებისკენ. ერთი კოხტა, საშუალო ზომის კოტრი ამოარჩია, ნაჯახის წვერით თავისკენ გადმოითრია და პირველი მოზრდილი ნაჭერი მსუბუქად, მოკლე ჩახანით ჩამოათალა. მერე მეორე მიაყოლა, მერე მესამე. ბახ, ჭახ, ჩახ… ერთმანეთს ენაცვლებოდა დაგუდული და მჭახე ხმები. დაპობილი შეშა სწრაფად მატულობდა და უსაშველოდ დიდი ზომის ყელგადაკეცილი სამხედრო  ჩექმები ნელ-ნელა წიფლისა და რცხილის თეთრ-წითელი ნაჭრების გროვაში იმალებოდა. დრო და დრო ორი-სამი წუთით შეისვენებდა, სიგარეტს მოუკიდებდა და მორზე შემოდგმულ ძლიერ მუხლზე იდაყვით დაყრდნობილი, რომაელივით გახედავდა ხოლმე ჩვენს ბებერ ლეღვს, როგორც სიწმინდეს.

***

– რა ჰქვია? –  ვეკითხები ღუმელს მიფიცხებულ დედაჩემს ჩვენს შეშის მჭრელზე და თავს  ეზოსკენ ვაბრუნებ.

– არავის გაგონებს სკოლიდან? – კითხვას მიბრუნებს დედაჩემი.

– არა, ვის უნდა მაგონებდეს?

– ირაკლი ჰქვია, შენი სკოლის დირექტორის, თემოს, ძმაა.

–  სიმაღლით კი ჰგავს.  ოღონდ თემოს უფრო რბილი ნაკვთები და ღაჟღაჟა სახე  ჰქონდა, არა?

– რა ვიცი, ფერი რაღა მახსოვს, რამდენი წელია აღარ არის, საწყალი!

– სთხოვე, იქნებ ცოტა ხნით შემოვიდეს, ან არაყი დალიოს გასათბობად, ან ერთი-ორი ლუკმა შეჭამოს.

– არ შემოვა, – თავდაჯერებით მპასუხობს, მაგრამ მაინც მიდის. ვიცი, თვითონაც უნდოდა ამის გაკეთება.

– ხომ გითხარი – სანამ შებინდდება და ყინვა მოუჭერს, დავჭრი, იქნებ დღეს მოვრჩეო, – უარით და შეფაკლული სახით ბრუნდება უკან დედაჩემი.

***

სკოლის დამთავრების შემდეგ არასოდეს გამხსენებია ჩემი სკოლის დირექტორი. უფრო სწორად, ალბათ გამხსენებია, მაგრამ რაიმე შემთხვევითობის გამო – ან მასზე ლაპარაკს მოვკარი ყური, ან მის შესახებ მკითხა ვინმემ რამე, ან მისი გვარი ამოვიკითხე სადმე… ჩემდა სამარცხვინოდ, მისი გარდაცვალების ამბავიც კი არ ვიცოდი დიდხანს.

იმას ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მახსოვდა მასზე, რომ დამავიწყდა მისი „მარადიული“ ნაცრისფერი პიჯაკი, მისი სახასიათო მანერები, სპეციფიკური მეტყველება,  ფართო შუბლი და გამორჩეული სიმაღლე, რბილი ბუნება, და, ზოგჯერ, სკოლის დერეფნებში უმიზეზოდ აწეული ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწავლეებს, და, ეჭვი მაქვს, მასწავლებლებსაც, ცოტაოდენი შიში ან მორიდება მაინც ჰქონოდათ; მისი დირექტორობის დროინდელი რამდენიმე ამბის გახსენებაც შემიძლია, თუნდაც, ჩემი კლასის გახმაურებული „დიდი გასეირნებისა“, შატალოსი, მეზობელი ლეკების სოფელში, კინაღამ ყველანი რომ გაგვრიცხეს სკოლიდან… და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ჩემი სკოლის დირექტორი  მაინც არასოდეს გამხსენებია…

***

…ჩვენ რომ სკოლაში, ვინ მოთვლის, რამდენჯერ, ერთ გზაზე მიმავლებს ერთხელ მაინც გვერდიგვერდ „თანასწორი“ ადამიანებივით გვევლო და არა ქუჩის სხვადასხვა მხარეს, როგორც უცხოებს, როგორც უფროსსა და უმცროსს, ჩვენ რომ ერთხელ მაინც, ერთად გაგვეკვალა დილით ჩვენს ქუჩაზე ფეხდაუკარებელი თოვლი, ან ის რომ წინ წასულიყო, თავისი დიდი ფეხსაცმელებით, მე კი მის ნაკვალევში ჩავმდგარიყავი, და  ამ სიარულში ჩვენს შორის ასეთი „არაფრის მომცემი“ დიალოგი გაბმულიყო:

– მე: რამხელა თოვლი მოვიდა, არა, მას!

– დირექტორი: აბა!.. მიყვარს დიდი თოვლი. ჩემს ბავშვობაში ამაზე დიდიც მოდიოდა, მაგრამ  თოვლი მაშინ უფრო კარგია, თუ შეშა დამარაგებული გაქვს სახლშიც და სკოლაშიც.

– მე: სკოლაში ხომ გვაქვს  შეშა, მას.

– დირექტორი: სკოლაში ხო, სახლში ვერ მოვასწარი წელს მოტანა.

– მე: თქვენ ციგით სრიალებდით ხოლმე, მას, ბავშვობაში?

– დირექტორი: როგორ არა, ჩემი ხელით გაკეთებული ციგა მქონდა, სამი-ოთხი ბავშვი ვეტეოდით ზედ.

– მე: ძნელია, დირექტორობა, მას?

– დირექტორი (თვალს მიკრავს): ადვილი არ არის, სცადე თუ გინდა, დიდი რომ გახდები…

მერე, შენობაში შესვლის წინ, ერთი რბილი გუნდა რომ ესროლა ჩემთვის, თოვლიანი ფეხები ერთად რომ დაგვეფერთხა დერეფანში და მეორე სართულზე, იმას თავისი კაბინეტისკენ გაეხვია ღიმილით, მე კი ჩემი კლასისკენ კმაყოფილს გამეგრძელებინა გზა…

გამახსენდებოდა, აუცილებლად გამახსენდებოდა!..

***

ირაკლის დაჭრილი შეშა გადახურულში  დავაწყვეთ მე და დედაჩემმა, ქვიტკირის კედელს  მეორე, შეშის კედელიც ავაყოლეთ. მერე მე ფოტოც გადავიღე ამ კედლის ფონზე და ფეისბუკში დავდე. წინასწარ ვიცი, ბევრი მოწონება ექნება, ჩემ გამო არა, სიგრძე-სიგანეზე მართლა კოხტად დაწყობილი შეშის გამო.

მეც მიყვარს შეშის დაჭრა. სოფელში ისე არ ჩავალ, გასართობად, ანუ „ხილად“, როგორც დედაჩემი ამბობს, ჩემი დაჭრილი ერთ-ორი ნაჭერი არ შევუკეთო ღუმელში. შეიძლება თქვენც შეგიყვარდეთ, თუ ერთხელ მაინც უყურეთ, როგორ ოსტატურად ჭრიან ირაკლისნაირი ნამდვილი “lumberjack”-ები შეშას. მთავარია, უკოჟრო, საშუალო ზომის კოტრი  აირჩიოთ, მიწაზე მოხერხებულად დადოთ, დასარტყმელი ადგილი თვალით  წინასწარ მოინიშნოთ და მაღლა აწეული ნაჯახი შეძლებისდაგვარად ძლიერად და მყარად დაუშვათ ზევიდან. ვინ იცის, იქნებ მერე ამ ამბავმა თქვენც გაგახსენოთ რაიმე ძველი ისტორია, ან ვინმე დიდი ხნის დავიწყებული ადამიანი. სულაც არ არის აუცილებელი, ის თქვენი სკოლის დირექტორი იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი