პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სტრუქტურა და ორიენტაცია აბსტრაქტული და კონკრეტული ახსნის დროს

წარმოიდგინეთ, რომ რაღაც პიესის დამოუკიდებლად შესწავლა დაგავალეს. თქვენი მიზანია, საკონტროლო წერაში, რომელიც ამ პიესას შეეხება და რომელიც ორ დღეში უნდა ჩატარდეს, მაღალი შეფასება მიიღოთ. როგორ მოემზადებოდით?

მეტ-ნაკლებად ორგანიზებული მოსწავლე გააკეთებს სტრუქტურირებულ კონსპექტს თავებითა და ქვეთავებით, სადაც პიესის მნიშვნელოვანი მომენტები იქნება ხაზგასმული. შეგვიძლია კონსპექტი სტრუქტურულად პიესის აქტებთან შესაბამისად ავაწყოთ. შეიძლება ის დავყოთ თავებად, რომლებიც მიეძღვნება ცალკეულ პერსონაჟებს, მოვლენებს, აქტებსა და სცენებს ან ცალკეულ სიუჟეტურ ხაზს. შესაძლოა, პიესაში განხილული ყოველი თემა ქვეთავებით გამოვყოთ. ყველა მოსწავლე თავისებურად აგებს კონსპექტს, თუმცა ყველა ორგანიზებული მოსწავლე მას სტრუქტურის მიხედვით ადგენს.

რაც გვინდა გავიგოთ და დავიმახსოვროთ, მას აუცილებლად უნდა მივცეთ ლოგიკური სტრუქტურის ფორმა. ჩვენი ხანგრძლივი მეხსიერება, არქივს წააგავს, სადაც ინფორმაცია, თაროებისა და საქაღალდეების მიხედვითაა განაწილებული. მხოლოდ სტრუქტურულად კარგად გამართული მასალა ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის.

კარგად ახსნის უნარის მქონენი მას სტრუქტურირებულ ფორმას ანიჭებენ. ისინი ამას ან მოსწავლეთა ნაცვლად აკეთებენ, ან სთავაზობენ  მათ, დამოუკიდებლად მოახდინონ მასალის სტრუქტურულად დაწყობა.

გამოცდილი პედაგოგი ყოველთვის ახსენებს, სად მდებარეობს მთავარ სტრუქტურაში ამ მომენტში ახსნილი ინფორმაცია. ამას ეწოდება „მასალაში ორიენტაცია“.

სტრუქტურული წყობა და ორიენტაცია, შესაძლებელს ხდის, თავიდან ავიცილოთ ინფორმაციის გარდაქმნა მონოლითურ, უკიდეგანო და აუთვისებელ მასივად. ისინი ახსნის პროცესს ცალკეულ ცნებებად და ადვილად ათვისებად პორციებად ჰყოფენ.

სტრუქტურა შეიძლება წარმოდგენილი იყოს დაფაზე ან ეკრანზე დემონსტრირებით, ან კონსპექტებში გამოტანილი სათაურების სახით.

ასევე სასარგებლო იქნება, შეახსენოთ კლასს, კონკრეტულად რის ახსნას აპირებთ და რატომ. მაგალითად: „მე ვაპირებ აგიხსნათ, რა განსხვავებაა ისეთ ცნებებს შორის, როგორიცაა „სახელმწიფო“ და „ნაცია“, იმდენად რამდენადაც, ეს მნიშვნელოვანია ირლანდიის ისტორიის გასაგებად. მის შესწავლას ჩვენ შემდეგ კვირას ვიწყებთ“.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კარგად ასახსნელად საჭიროა, როგორც სტრუქტურის, ასევე ასახსნელი შინაარსის მნიშვნელოვან მდგენელთა იერარქიული წარმოდგენა.

ეს სტრუქტურის წარმოდგენა თავებითა და ქვეთავებით შემდგარი

ჩამონათვალის სახით შეიძლება.

 st1

აბსტრაქტული და კონკრეტული ახსნა

 

როგორ აუხსნით რვა წლის ბავშვს, სიტყვა „ცრურწმენის“ შინაარსს? ეტყვით რაღაც ამდაგვარს, რომ ცრურწმენა – ეს დაფუძნებულია იღბლის რწმენაზე ან მსჯელობის მაგიაზე, რომელსაც არ აქვს კონკრეტული დასაბუთება? მაშინაც კი, თუ ბავშვმა იცის ყველა სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც ამ განმარტებისას გამოიყენეთ, პირობას გაძლევთ – ის ვერ გაიგებს ამ წინადადებას. ეს აბსტრაქტული განმარტებაა, თუმცა თავად სიტყვაც აბსტრაქტული შინაარსისაა და მისი ახსნა კიდევ რამდენიმე აბსტრაქტული ცნებით ძალიან ძნელი აღსაქმელია.

თქვენ შეგიძლიათ სიტყვა „ცრურწმენის“ არსი  ახსნათ კონკრეტულად – მოიტანოთ რამდენიმე ისეთი გავრცელებული ცრურწმენის მაგალითი, რომლებიც რვა წლის ბავშვმაც იცის. მაგალითად: „ცრურწმენაა, რომ კურდღლის თათი გამოცდაზე წარმატების მომტანია“, „ცრურწმენაა, რომ ცუდის მომასწავებელია პარასკევი, 13 რიცხვი“.

კარგი იქნება საპირისპირო მაგალითების მოტანა: „როცა შენ გზას გადაკვეთ და თითებს აჯვარედინებ, რომ ყველაფერი კარგად იყოს – ეს ცრურწმენაა. მაგრამ თუ კი გაიხედავ ჯერ მარჯვნივ და მარცხნივ და ისე გადახვალ – ეს არაა ცრურწმენა“, „გწამდეს, რომ დედამიწა ბრტყელია – ეს ცრურწმენა არაა, ეს  ობიექტური გაუნათლებლობაა“.

ცნებების ათვისება და პრაქტიკა უკუკავშირით

მსგავსი მცნებების ასათვისებლად საუკეთესოა უკუკავშირით პრაქტიკა. მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ რიგი მტკიცებულებები, მაგალითად: „მე არ მჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია“, „მე არ მჯერა, რომ სახიფათოა იმ სიღრმეზე შეცურვა, სადაც ფსკერს ფეხით ვერ ვწვდები“, „თუ თქვენ კიბოს ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, მაშინ სავსე მთვარე იღბლის მომტანია“. შემდეგ პედაგოგი ამ მტკიცებულებების კლასიფიკაციას ახდენს – ცრუ- და არაცრუ – რწმენებად და სთავაზობს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად მოახდინონ მსგავსი მტკიცებულებების კლასიფიკაცია. მსგავსი მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს ვასწავლოთ ისეთ ცნებებს შორის განსხვავება, როგორებიცაა: „ცრურწმენა“, „მითი“, „შეცდომაში შეყვანა“, „ცხოვრების ხარისხი“ და ა.შ.

ასეთი მიდგომის გამოყენება  ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ საგანში შეგვიძლია.

საინტერესოა, რომ ბავშვმა, რომელმაც ისწავლა ცნების – „ცრურწმენა“ – სწორად გამოყენება, საეჭვოა მოახერხოს მისი ახსნა. ცნებების ფორმულირება, როგორც ჩანს, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში ხდება, რომელიც არავერბალურად აზროვნებს. სწავლების ყველა დონეზე, გაგება უფრო ადრე მოდის, ვიდრე გაგებულის სიტყვებით ახსნის უნარი. მარტო ესეც კმარა, რათა ვერიდოთ უკიდურესად აბსტრაქტულ ახსნას.

ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებისათვის აბსტრაქტული იდეის იდეალურ მაგალითს წარმოადგენს მათივე გამოცდილებიდან მოტანილი კონკრეტული მაგალითი, შემდგომი აბსტრაქტული განზოგადებით.

კარგი პედაგოგები იყენებენ, როგორც აბსტრაქტულ, ასევე კონკრეტულ განმარტებებს.

ის ფაქტი, რომ სპეციალისტები და მასწავლებლები ცნებების ათვისების განსხვავებულ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას, ცხადყოფს, თუ რატომ არიან სპეციალისტები ხშირ შემთხვევაში ცუდი პედაგოგები. მათ არ შეუძლიათ იაზროვნონ კონკრეტულიდან საზოგადოსკენ. ქვემოთ მოტანილი დიაგრამა ახდენს ამ აზრის ვიზუალიზაციას.

st2

კონკრეტული ახსნის ძლიერი და სუსტი მხარეები

კონკრეტული მაგალითები, ადვილად ასათვისებელია, მაგრამ გამოუცდელი მასწავლებლები ამ ფაქტს ხშირ შემთხვევაში არ ანიჭებენ მნიშვნელობას, მიაჩნიათ რა, რომ ისეთი ცნებების განმარტებები, როგორიცაა „ადეკვატური გაფრთხილებები“ ან „პროტეინებით მდიდარი საკვები“, მოსწავლეებისთვის „ლაქლაქის“ ტოლფასია. გამოცდილი მასწავლებლები კი პირიქით, მაგალითებს მოიტანენ (ან კლასს სთხოვენ ამის გაკეთებას), რათა განმარტონ ამ აბსტრაქტული მცნებების მნიშვნელობა.

მაგალითისთვის განვიხილოთ ცნება – „ხახუნი“. „ხახუნი არის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მოძრაობას“. ჩვენ შეგვიძლია ცნებები წარმოვიდგინოთ, ჩვენს გონებაში არსებული ერთგვარი ყუთის სახით, რომელშიც მაგალითებს ვინახავთ. ჩვენს ყუთში „ხახუნი“ შეიძლება ინახებოდეს შემდეგი:

ხახუნი მოქმედებს, როცა ჩვენ ხელებს ვიმშრალებთ; ის არ აძლევს საშუალებას ველოსიპედის ბორბლებს მუდმივად ბრუნვის საშუალებას; მის გამო, ჩვენ გვიჭირს საგნების იატაკზე გაცურება….

ყუთი წარწერით „ხახუნი“, უსარგებლოა სანამ იქ რაიმეს არ ჩავდებთ. ამის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, რა საერთო აქვთ ყუთში არსებულ მაგალითებს, გარდა იმისა, რომ ისინი ხელს უშლის მოძრაობას:

ხახუნი მცირდება ბორბლების ან დაზეთვის საშუალებით; ხახუნი იწვევს გახურებას, ცვეთას,  ზედაპირზე მოჭიდებას…

მოსწავლეთა აზროვნებაში, ახალი ყუთის შექმნის საუკეთესო საშუალებაა, მივცეთ მათ ბევრი რამ, ყუთში ჩასადებად. კარგი მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, მათი „ცნებათა ყუთის“ შევსებაში.

აბსტრაქტულად ახსნის სუსტი და ძლიერი მხარეები

 

აბსტრაქტული განმარტებები თავიანთი არსით მოკლე, ზუსტი და ფართოდ გამოყენებადი განმარტებებია, ამიტომაც აფასებენ მათ მასწავლებლები. მაგალითად:

ფსიქოლოგიური კომპლექსი – ეს არის (გამოდევნილი და დავიწყებული) გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების ერთობლიობა, რაც იწვევს აბნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობებს და აბნორმალური, ფსიქოგენური ხასიათის სომატურ დაავადებებს.

ცოტაა ადამიანი, ვისაც არ გაუჭირდება ამის გაგება!

განსაზღვრება – აბსტრაქტული განმარტება, აბსტრაქტული ცნებების მეშვეობით. თუ მასწავლებლის მიერ ახსნილი ცნება “რთულია“, მოსწავლისთვის განსაზღვრება იქნება ბუნდოვანი და მეტიც, სრულიად აზრს მოკლებული. მასწავლებლისათვის განსაზღვრა დანიშნულების პუნქტი უფროა, ვიდრე გასვლის პუნქტი.

st3

მოსწავლეები უპირატესობას ცნების ინდუქციურ ფორმირებას ანიჭებენ. შემდეგ კი – მათ გამოცდასა და მათი აღქმის გაუმჯობესებას გამოყენების ან შემოწმების გზით.

მე რომ დამჭირვებოდა ზემოთ მოტანილი „ფსიქოლოგიური კომპლექსის“ ცნების ახსნა, არ დავიწყებდი მას განსაზღვრით. ამის ნაცვლად, მე კომპლექსების მაგალითებს მოვიტანდი და მოსწავლეებს ვკითხავდი – რა აქვს საერთო ამ მაგალითებს (ინდუქცია). ეს ამ ცნებაზე წარმოდგენისა და შემდეგ მისი განსაზღვრების ფორმირებას გამოიწვევდა.

შემდეგ შევთავაზებდი სტუდენტებს, გამოეყენებინათ ეს განსაზღვრება, რათა კიდევ გამოეყოთ კომპლექსებისა და არაკომპლექსების მაგალითები (დედუქცია). სტუდენტები გამოიყენებდნენ ცნებას, მე კი შევამოწმებდი, რამდენად სწორად იყენებენ ისინი მას (თან გავარკვევდი, რამდენად აითვისეს ცნება). ამგვარად, ჩვენ გამოვიყენებდით როგორც აბსტრაქტულ, ისე კონკრეტული ახსნის ფორმას, ავამოქმედებდით დედუქციურ და ინდუქციურ აზროვნებას.

ახსნის ინსტრუმენტები

კითხვები – გაგებინების ძლიერი ინსტრუმენტია, ასევე მნიშვნელოვანი საშუალება, გავარკვიოთ – მიმდინარეობს თუ არა შესწავლის პროცესი. ახსნისას განსაკუთრებით საჭიროა ამგვარი ტიპის შეკითხვა: „რა მოხდებოდა, თუ…“. მაგალითად, პურის ცხობის სწავლებისას:

რა მოხდებოდა, თუ საცხობად არ გამოვიყენებდით ფქვილს ხორბლის მკვრივი ჯიშებისგან?

თუ საფუარს მდუღარეს დავასხამდით?

თუ საფუარის ორმაგ დოზას გამოვიყენებდი?

თუ პურს მშრალ ტილოს დავაფარებდი და არა ნოტიოს?

st4

ვიზუალური მხარდაჭერა

 

შესაძლებელია თვით აბსტრაქტული იდეებისა და ურთიერთკავშირების თვალსაჩინოდ წარმოდგენა. ვიზუალური მხარდაჭერა ძლიერ ზეგავლენას ახდენს და აიოლებს დამახსოვრების პროცესს. გამოიყენეთ „მახსოვრობის რუკა“, ბლოკ-სქემები, „ცნებათა ხე“,

გრაფიკები, მატრიცები და ინფორმაციის ვიზუალური წარდგენის სხვა ხერხები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მასალის სრულად წარმოდგენას, ანუ „მარჯვენა სფეროსებურ“ სტილზე ახსნას.

გასაგებად მეტყველება

 

ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ეს“, „ისინი“, ფრაზები „ეს სისტემა“ ან „ეს მეთოდი“, ანუ ნაცვალსახელთა სიმრავლე, როგორც წესი, ართულებს თემის გაგებას. ამიტომ მეტი სიცხადისათვის მოვერიდოთ ახსნისას ან დასარიგებელ მასალაში მათ გამოყენებას.

 

რამდენიმე საერთო რჩევა

შეეცადეთ, თქვენი საუბარი თქვენივე მოსწავლეების ყურით მოისმინოთ.

გამოიყენეთ უბრალო სიტყვებით აგებული მოკლე წინადადებები, ისე, რომ ახსნათ ყველა გამოყენებული ტერმინი. გახსოვდეთ: ის, რაც თქვენთვის ყოველდღიურ საუბარს წარმოადგენს, მოსწავლეთათვის შესაძლოა პროფესიონალურ ჟარგონად ჟღერდეს. თვალი ადევნეთ მოსწავლეთა მოძრაობებს, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ თემა გაუგებარია: ისინი, ვინც თემას გამოეთიშნენ, შესაძლოა წინ გადახრილნი და შუბლშეჭმუხნული ისხდნენ. მოიფიქრეთ ერთზე მეტი საშუალება, რთული ცნებების ასახსნელად და გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ახსნა საკმარისი არაა. მოსწავლეებმა შესწავლილი ცნებები და იდეები უნდა გამოიყენონ, მხოლოდ ასე შეძლებენ მათ კარგად გარკვევას. და რაც მთავარია – ნუ გაწელავთ ახსნის პროცესს.

შედეგების შეჯამება, მასალის შესწავლისას

შეჯამება, ნასწავლის განზოგადების საშუალებას იძლევა, გვთავაზობს რა მთავარი იდეებისა და მათი სტრუქტურების მიმოხილვას. მაგალითად, ახსნა უნდა ეფუძნებოდეს, მოსწავლეთა უკვე არსებულ ცოდნასა და ლექსიკონს. ის უნდა იყოს მოცულობითი და ლოგიკურად სტრუქტურირებული, თვით სტრუქტურა კი – მკვეთრად აღნიშნული. პედაგოგმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ახსნის საკვანძო მომენტებზე და გამოიყენოს როგორც აბსტრაქტული, ისე კონკრეტული ახსნის ფორმები.

შეამოწმეთ საკუთარი თავი

  • თქვენი ახსნა, უკვე არსებულ ცოდნაზეა ორიენტირებული?
  • ადგენთ თუ არა ახსნის სტრუქტურას ლოგიკურად და აცნობთ თუ არა ამ სტრუქტურას მოსწავლეებს?
  • აკეთებთ თუ არა ახსნისას აქცენტს საკვანძო მომენტებზე – ინტონაციის, გამეორების და ა. შ მეშვეობით?
  • ამარტივებთ თუ არა მასალას და თუ განავრცობთ მას მოგვიანებით?
  • არიდებთ თუ არა თავს ვიწროპროფესიულ ტერმინებს?
  • იყენებთ თუ არა ახსნისას კონკრეტულ მაგალითებს?
  • იყენებთ თუ არა აბსტრაქტული ახსნის ფორმას, და ამასთანავე მუდმივად მიმართავთ თუ არა კონკრეტიკას?
  • თუ სთავაზობთ ანალოგიებსა და წარმოსახვით მაგალითებს?
  • თუ სვამთ შეკითხვებს ახსნის პროცესში?
  • აძლევთ თუ არა საშუალებას მოსწავლეებს, გამოიყენონ იდეები, რომლებიც თქვენ გადაეცით?

არავინ ცდილობს ცუდად ახსნას, მაგრამ გამოსდით ასე. კარგი პედაგოგები მუდმივად ხვეწენ ახსნის პროცესს, უფრო გასაგებს ხდიან იდეებს, იგონებენ რა ახალ ხერხებს, აფასებენ საკუთარ ეფექტურობას. ისინი არაფერში ადანაშაულებენ მოსწავლეებსა და საკუთარ თავს. ისინი უბრალოდ მუშაობენ ახსნის პროცესის დასახვეწად.

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 195-209.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი