შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

        სწავლების ოსტატობის საიდუმლო

სწავლება რთული პროცესია და მასწავლებელს, ცოდნა-გამოცდილებასთან ერთად, მოთმინება და გამძლეობა სჭირდება, რომ მცირე თუ დიდ დაბრკოლებებს გაუმკლავდეს  და გადალახოს.  ყოველი პედაგოგი თანდათან ყალიბდება, თავის მოსწავლეებთან ერთად იზრდება, იცვლება და ცოდნის გადაცემის გარკვეულ სტილსა და მანერას იძენს. მაგრამ არაფერია მუდმივი და გაქვავებული. თანამედროვე ციფრულ სამყაროში მასწავლებელს სჭირდება დროისა და ვითარების შესაბამისი სასწავლო სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის უკეთესად დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარება. თუ მასწავლებელი ჩამორჩა დროს – ვგულისხმობთ  იმ ცვლილებების გააზრება-გაცნობიერებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ხდება – მაშინ მას გაუჭირდება ურთიერთობა მოსწავლეებთან, რომლებიც დროის შვილები არიან და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისას ზუსტად აღიქვამენ იმას, რაც  აქტუალური და მნიშვნელოვანია ცხოვრებისთვის. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საგაკვეთილო პროცესში პედაგოგმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს კომპიუტერული ტექნიკა. დღეს ამის თაობაზე განსხვავებულ აზრსაც გამოთქვამენ მეცნიერები. მათი აზრით, კომპიუტერები ახშობენ როგორც შემოქმედებით უნარებს, ასევე ზღუდავენ ადამიანურ ურთიერთობებს, ეს კი ინტელექტის განვითარებას აბრკოლებს.  მაგალითად, პროფესორი პოლ ტომასი ფიქრობს, რომ განათლება, უპირველესად, ადამიანურ განცდებსა და გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, ტექნოლოგია კი ყურადღებას უფანტავს ადამიანს და კრიტიკულ აზროვნებას განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც, ყოველგვარ საქმეში ზომიერებაა საჭირო.

სწავლების სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება. თუ დაწყებით საფეხურზე პედაგოგი ერთადერთი ავტორიტეტია, შემდგომ მისი გავლენის მასშტაბი, ამ თვალსაზრისით, იცვლება. მოსწავლე იძენს ახალ-ახალ გამოცდილებებს და ინფორმაციას იღებს არა მხოლოდ სკოლიდან, არამედ ათასგვარი საინფორმაციო წყაროდან. შესაბამისად, მასწავლებელს სჭირდება როგორც საკუთარი, ასევე მოსწავლეების გამოცდილებების გათვალისწინება.

„რო­დესაც რაიმეს კეთებას ვსწავლობთ, ჩვენს გონებაში კომპიუტერუ­ლი კოდის მსგავს ინსტრუქციას ვწერთ. როდესაც ეს კოდი დაიწე­რება, შესაძლებელია გონებაში მისი ჩატვირთვა იმგვარად, რომ მან უხელმძღვანელოს შესაბამისი ამოცანის შესრულებას. ცხადია, მცირეოდენი დაფიქრებაც საჭიროა“, – წერს  ჯეიმს პოტერი. ეს კოდი გულისხმობს იმ სასწავლო უნარ-ჩვევებს, რომლებიც სწორედ სკოლაში უნდა ჩამოუყალიბდეს ბავშვს, უპირველესად, პედაგოგის დახმარებით. ამგვარი „ინსტრუქცია“, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს შემოქმედებითობას, რომელიც ყველა მოსწავლის ინდივიდუალურობას განაპირობებს. მასწავლებელმა, ამ კოდების „ჩატვირთვასთან“ ერთად, უნდა იზრუნოს სწორედ შემოქმედებითობის განვითარებაზე, რომელიც თითოეულ მოსწავლეს განსხვავებული აქვს.

ხანდახან მასწავლებელს შეიძლება სიახლის შიში გაუჩნდეს, შეჩვეულის შეცვლა გაუჭირდეს, მაგრამ ეს შიში უნდა გადალახოს. მარცხი ხომ ყოველი წარმატებული საქმის თანამდევია. ამ შემთხვევაში, სხვების გამოცდილების გაზიარება კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ახდენს. ინტერნეტში კი უამრავი წყაროა, რომელთა გაცნობა მასწავლებელს სწორი გეზის  აღებაში დაეხმარება. მაგალითად, ე. ჯ.  ჯულიანი თავის სტატიაში „ჩემი, როგორც მასწავლებლის, უდიდესი შიში“ გულწრფელად  საუბრობს შიშის მიზეზებსა და წყაროებზე. მისი აზრით, პედაგოგი კი არ უნდა გაექცეს ამ შიშს, არამედ უნდა ჩაუღრმავდეს, გაჩხრიკოს, ყოველმხრივ გააანალიზოს და დასკვნები გააკეთოს, შემდეგ მისი გადალახვის გზები დაგეგმოს. მნიშვნელოვანია, რომ მან ეს შიში რაღაც მონსტრად არ წარმოიდგინოს, რომელთან შებრძოლებაც სახიფათო და მარცხისთვის განწირულია. ამის ნაცვლად, ბრძოლის ტაქტიკა, სტრატეგია, მეთოდები უნდა მოიფიქროს.

პედაგოგმა, პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროს, რომ შიში კი არ უნგრევს მომავალს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს პროგრესსა და განვითარებაში.  მარცხი რომ არა, უამრავი საქმე არ გაკეთდებოდა ბიზნესში, პოლიტიკასა თუ ხელოვნებაში. ამის არაერთი მაგალითია ცნობილ ადამიანთა ცხოვრებაში. ჯოან როულინგმა თავისი ხელნაწერი თორმეტ გამომცემელს გაუგზავნა და უარი მიიღო. მხოლოდ მეცამეტემ მისცა შესაძლებლობა სრულიად უცნობ ავტორს, თავისი რომანი მკითხველამდე მიეტანა.

„წარმატება საზიზღარი მასწავლებელია. ის აცდუნებს ჭკვიან ადამიანებს, იფიქრონ, რომ მარცხი არ ემუქრებათ“, – წერს ბილ გეიტსი. მარცხი ემუქრება ყველას, ვინც მიღწეულით არ კმაყოფილდება – მცირე დამარცხებების ბარიერების გადალახვით პროფესიულადაც და სულიერადაც ვითარდება. განვითარებას კი ზღვარი არ აქვს ისევე, როგორც ადამიანურ შესაძლებლობებს. რისკს უნდა მიეჩვიონ მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც. შეცდომების დაშვების, დამარცხების არ უნდა ეშინოდეთ. მარკ ცუკერბერგმა, ფეისბუქის დამაარსებელმა, ახალგაზრდა მილიარდერმა, ერთ  ინტერვიუში აღნიშნა: „უდიდესი რისკია, საერთოდ არ წახვიდე რაიმე რისკზე“. ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული აზრი კი ასე ახსნა: „თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. ერთადერთი სტრატეგია, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ არ დამარცხდები, არის ის, რომ არ გარისკო“.

„ცხოვრება იმად არ ღირს, რომ შიშს მონად გაუხდე“, – წერს ჯემალ ქარჩხაძე. ეს ფილოსოფიური სენტენცია ყოველდღიურობაში, ნებისმიერ საქმიანობაში მართლდება. უილიამ ფოლკნერი კი თავის საუკეთესო რომანებს მარცხად მიიჩნევდა, რათა სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ შეეწყვიტა. ცოდნის გადაცემისა და შეძენის პროცესში გარკვეული პროცესები ავტომატურ რეჟიმში იწყებენ  მოქმედებას. ეს „ავტომატიზმი“, ერთი მხრივ, აიოლებს  ამოცანებს, რადგან ერთი და იმავე ტიპის დავალებების შესასრულებლად აღარ არის საჭირო ფიქრი ცალკეულ ნაბიჯებზე, თუმცა, ამავდროულად, ეს ადამიანის განვითარებასაც აბრკოლებს. ამიტომ გამუდმებით საჭიროა სასწავლო მეთოდების, ცოდნის შეძენის გზების შეცვლა, გამრავალფეროვნება, სტერეოტიპების უარყოფა და შაბლონების განახლება, პრაქტიკული გამოცდა ყველა იმ თეორიული გამოცდილებისა, რომელსაც სხვადასხვა წყაროდან იღებს პედაგოგი. „უნარები კუნთებს ჰგავს; რაც უფრო მეტად ვავარჯიშებთ, მით უფრო ძლიერდება, პრაქტიკის გარეშე კი სუსტდება“, – წერს  ჯეიმს პოტერი.

აი, ერთი საინტერესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს მასწავლებელი ცოდნის გადაცემის ახალი გზების მოძიებას.  სწავლების პროცესზე, როგორც ცნობილია, უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანური ურთიერთობები, განსაკუთრებით – მოსწავლეთა შორის. ერთმა პედაგოგმა, იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ეჩვენებინა, რა ცუდ გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე დაცინვა, აბუჩად აგდება, ასეთი მაგალითი მოიფიქრა: ორი ერთნაირი, წითელი, ლამაზი ვაშლი მიიტანა კლასში; ერთი რამდენჯერმე დააგდო იატაკზე, მეორე კი ხელში აიღო.  დაიწყო პირველი ვაშლის ძაგება, თითქოს მისი შეჭმა არ შეიძლებოდა, რადგან ჭუჭყიანი იყო, გაფუჭებული, ულამაზო… იგი ისე შევიდა ამ ვაშლის ძაგების ეშხში, რომ, ცოტა არ იყოს, შეეცოდა კიდეც. ბავშვები გაოცებულნი შესცქეროდნენ „გაგიჟებულ“ მასწავლებელს. შემდეგ მეორე ვაშლი აიღო პედაგოგმა და ახლა მას დაუწყო ქება ისეთივე მგზნებარებით, როგორც პირველს – ძაგება. ორივე ვაშლი გარეგნულად ერთმანეთს ჰგავდა, ვერც განასხვავებდით.  შემდეგ მან ვაშლები შუაზე გაჭრა და ბავშვებს აჩვენა. ერთს ჯანსაღი გული ჰქონდა, მეორეს კი – დაბეჟილი და გაყავისფრებული. მასწავლებელმა ბავშვებს უთხრა, რომ ადამიანზეც ასე მოქმედებს შეურაცხყოფა და დამცირება – შეიძლება გარეგნულად არ შეეტყოს, მაგრამ სული უზიანდება ტანჯვითა და ტკივილით.  სიტყვას, მართლაც,  ხანდახან მუშტზე მეტი ძალა აქვს[1]. რა თქმა უნდა, ქართველმა ბავშვებმა ეს კარგად იციან მხატვრული ლიტერატურიდან, კერძოდ, სულხან-საბას ცნობილი იგავიდან „ენით დაკოდილი“, მაგრამ ამ თვალსაჩინო მაგალითს მაინც განსაკუთრებული ძალა ექნება.

პედაგოგებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ პროფესიონალისთვის არანაირი ჩარჩო და პირობითობა არ არსებობს. ცნობილია ფინური საგანმანათლებლო სისტემის წარმატების შესახებ. ფინურ სკოლებში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ იმგვარ ცოდნას, რომელიც მოსწავლეებს ცხოვრებაში გამოადგებათ. პრაქტიკულობა მთავარი მახასიათებელია. ფინელები ამბობენ, რომ პედაგოგებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, თუ რა მიზანი აქვს სწავლებას: „მოსწავლეებს ან ცხოვრებისთვის ვამზადებთ, ან გამოცდებისთვის“. ფინელები პირველს ირჩევენ. კარგი იქნება, ეს კითხვა ქართველმა პედაგოგმაც (მთელმა საგანმანათლებლო სისტემამ) დაუსვას საკუთარ თავს. სწორედ ამიტომაც არ ატარებენ ფინეთის სკოლებში სავალდებულო გამოცდებს. მასწავლებლის ნებაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ტესტირებას მოიფიქრებს ცოდნის შესამოწმებლად.

სწავლების ოსტატობის საიდუმლო საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობასა და შემოქმედებით ძიებაშია. სწორედ ეს განსაზღვრავს პედაგოგის ინტელექტსა და იმ უნარებს, რომლებიც მას სწავლების პროცესში სჭირდება.

[1] წყარო:Relax Kids Tamworth.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი