ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ გავხადოთ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლა–სწავლების პროცესი სახალისო

„ამან ხომ მომინელა!“ „რამ დააწერინა ამდენი?!“ „რაა ეს, ტარიელი სულ რომ ტირის?! ტირილი რა კაცის საქმეა?!“ „აღარ უნდა დამთავრდეს?!“ – ეს ის ფრაზებია, პედაგოგებს ასე ხშირად რომ გვესმის მოსწავლეებისგან ქართულ ენაზე შექმნილი ყველაზე გენიალური ნაწარმოების – „ვეფხისტყაოსნის“ მისამართით.

ვრცელი ლიტერატურული ტექსტების სწავლება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: როგორ გავუადვილო და გავუხალისო ჩემს მოსწავლეებს სასწავლო პროცესი? როგორ გავხადო მოსწავლე ამ პროცესის აქტიური მონაწილე მისი ცოდნის, ინტერესების, შესაძლებლობებისა და გამოცდილების გათვალისწინებით? როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროცესი ისე, რომ შესაძლებლობა მივცე ახალგაზრდებს, გამოამჟღავნონ დამოუკიდებელი და თანამშრომლობითი მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის, შეძენილი ცოდნის ტრანსფერის, თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, საკუთარი და სხვისი საქმიანობის შეფასებისა და სხვა უმნიშვნელოვანესი უნარები?

ბოლოს ერთ დასკვნამდე მივედი: ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საამისოდ სწორედ პროექტზე მუშაობაა. მეთოდების მრავალფეროვნება, სასწავლო პროცესის ერთობლივი დაგეგმვა, თითოეული მოსწავლის ცოდნის, ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინება მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას არ იძლევა; პირიქით, დიდ ინტერესს იწვევს და მოტივაციას ზრდის. ყველაფერი ერთად კი ვრცელი ლიტერატურული (და არამხოლოდ) ტექსტების საფუძვლიან შესწავლაში გვეხმარება.

თავდაპირველად ინტერესის აღძვრის მიზნით ჩემს მეათეკლასელებს მოვასმენინე ლევან ბერძენიშვილის ლექცია „ვეფხისტყაოსნის“ ეპოქა“  შემდეგ ნაწარმოებსა და მის ავტორზე რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება გავაცანი:

რობერტ სტურუა: „ბავშვობაში მამაჩემი მიკითხავდა „ვეფხისტყაოსანს“. ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ სიუჟეტი ვიცოდი. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და, ამდენად, დაკომპლექსებული გახლდით. როცა მოგვიანებით ქართულად წავიკითხე, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა.
მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე; რადგან ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას… მოვიგონე პერსონაჟი – კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისთვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი. არ შეიძლება დაიჯერო, რომ ეს არის შენი ენციკლოპედია, რომელიც გამოხატავს ქართულ სულს… არანაირ ქართულ სულს არ გამოხატავს, რადგან ლაპარაკია მხოლოდ იდეალებზე, რომანტიზმზე და არც ერთი სიტყვა არაა სიმართლისა. პერსონაჟი, რომელიც ყველაფერს აბითურებს, ცინიკოსი კი არ არის, მეცნიერია, რომელიც შეწუხებულია იმით, თუ რატომ ითვლება ეს წიგნი ქართული პოეზიის, აზროვნებისა და ფილოსოფიის ერთადერთ შედევრად. დასაწყისში ასეთი ეპიზოდია – წიგნი უჭირავს ხელში და ამბობს: „აქ არის ქართული სული?“ მოისვრის და დაიფანტება ფურცლები. ნებისმიერი მაყურებელი ჩავარდება შოკში. ის კი განაგრძობს: „ასეთი ბუტაფორია 7 ცალი მაქვს ყუთში, გადასაყრელად“.

ლევან რამიშვილი: „ვეფხისტყაოსანს“ არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. რუსთაველს თავისი განუმეორებელი მსოფლმხედველობა აქვს, რომელსაც ძალზე ღრმა შინაგანი კავშირი აქვს აღმოსავლურ ფილოსოფიურ სისტემებთან, მაგრამ არაფერს იმეორებს, არავის ბაძავს…“

ნოდარ დუმბაძე: „აგერ, რვა საუკუნის მანძილზე აძლევს სულიერ საზრდოს საქართველოს და ვინ იცის, კვლავ რამდენ საუკუნეს იქნება იგი ჩემი ერის სულიერი საუნჯე… და თუ თქვენ მე გიყვარვართ, თუ გჯერათ ჩემი, თუ მთვლით მწერლად, რომლის სიტყვას რაიმე ფასი აქვს თქვენთვის, პატიოსან სიტყვაზე უნდა მენდოთ, უნდა დამიჯეროთ, რომ მსგავსი რამ კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. ეს არის მზე, რომელიც ჯერჯერობით, საუბედუროდ, საქართველოს ცაზე ბრუნავს მხოლოდ“.

გაიმართა დისკუსია: რამ გამოიწვია ასეთი განსხვავებული შეფასებები? მაგრამ ჭეშმარიტების დასადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა წინა კლასებში მიღებული ცოდნა. მოუნდათ უფრო მეტის გაგება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მოტივაცია და ინტერესი გაუჩნდათ. მეც პროექტის იდეა გავაცანი მათ. უცებ აიტაცეს ინიციატივა. განვსაზღვრეთ და გავაანალიზეთ პრობლემა. სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩემი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. ჩამოვაყალიბეთ ამოცანის გადაჭრის შესაძლო ვარიანტები, შემოქმედებითად მივუდექით და ავირჩიეთ გადაწყვეტის ორიგინალური გზა. ჩემი მოსწავლეები სრულიად ახალი ამოცანის წინაშე დადგნენ, რაც არსებითად განსხვავდებოდა ტრადიციული გაკვეთილისგან.

დადგინდა პროექტის ვადა – 2-2.5 თვე.

შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით განაწილდა სამუშაო.

სასწავლო მიზნები ასე განისაზღვრა:

  • ცოდნის შეძენა-გაღრმავება;
  • საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარის განვითარება;
  • ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების ჩამოყალიბება;
  • სხვადასხვა საგანში დაგროვილი ცოდნის სინთეზირება;
  • ინფორმაციის მოძიების, დახარისხების ჩვევების გამომუშავება;
  • თანამშრომლობითი, საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
  • სასწავლო რესურსების შექმნა.

ჯგუფებმა დაინაწილეს სახელმწიფოები: არაბეთი, ინდოეთი, მულღაზანზარი, ხატაეთი, ზღვათა სამეფო, ქაჯეთი. მათ ევალებოდათ ამ სახელმწიფოებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოგროვება, თავმოყრა და მოდელირება პერიოდული პრესის სახით, ანუ ეს ინფორმაცია თავს იყრიდა ხელნაწერ გაზეთებში, რომლებსაც ისინი პარასკეობით გვაცნობდნენ. გაზეთებს ჰქონდა რამდენიმე რუბრიკა: „ახალი ამბები“, „პოლიტიკა“, „ეკონომიკა“, „კულტურა“, „სპორტი“ და სხვა. ინფორმაცია რუბრიკებად ნაწილდებოდა ძირითადი საკითხების დამუშავების შემდეგ:

  1. „ვეფხისტყაოსნის“ ეპოქა, ავტორი;
  2. ტექსტის წაკითხვა, განხილვა, მსჯელობა, საზეპიროების დასწავლა; მხატვრული ანალიზი;
  3. პერსონაჟები, პრობლემატიკა, მოტივები.

ვიყენებდით მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობის შესაბამის რესურსებს, რომელთა ნაწილი მათ მიერვე იყო მოფიქრებული და დამზადებული. გუნდის წევრებს შორის ფუნქციები ისე განაწილდა, რომ წარმოჩენილიყო ყოველი წევრის ძლიერი მხარე. ჯგუფები შეიკრა ინტერესთა შესაბამისად, რომლებიც პროექტზე მუშაობის პროცესში წარმოიშვა. მოსწავლეები ერთმანეთთან და ჩემთან სამუშაოდ იყენებდნენ სოციალურ ქსელს და ელფოსტას. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები ჯგუფებად იყვნენ დანაწილებულნი, ერთიანი სამუშაო პროცესი არ საქსაქსულა. დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას.

პროექტის მიმდინარეობისას მე კონსულტანტის როლს ვასრულებდი, ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს ვაძლევდი მიმართულებას, ვუთითებდი ინფორმაციის წყაროებს.

პროექტი ძალიან სახალისოდ, შინაარსიანად წარიმართა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო შემაჯამებელი ოთხი გაკვეთილი, რომლებიც ორ დღეზე განაწილდა. ამ პროექტ-გაკვეთილებს მოსწავლეებმა უწოდეს „ვეფხისტყაოსნის“ დღეები“, მოიწვიეს მასწავლებლები და პარალელური კლასების მოსწავლეები, ჩართეს ისინი აქტივობებში.

 

პირველი დღე

  • შინასაკლასო კონფერენცია

წარმოდგენილი მოხსენებებიდან მოვისმინეთ 5 საუკეთესო:

  1. „ჩემი თვალით დანახული ქრისტიანული მორალი „ვეფხისტყაოსანში“;
  2. „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში გამხელილი დიდი სიყვარული – მითი თუ რეალობა?“;
  3. „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკა და თანამედროვეობა“;
  4. „როგორ ვხედავ დემნა ბატონიშვილის სახეს „ვეფხისტყაოსანში“;
  5. „ჩემი „ვეფხისტყაოსანი“.
  • პერიოდული პრესის მიმოხილვა(მოდელირება)

არაბეთი – „არაბეთის პალიტრა“

ინდოეთი – „ინდოეთის ქრონიკები“

ხატაეთი – „ხატაეთი და ხატაელები“

მულღაზანზარი – „სამეფო კარის ამბები“

ზღვათა სამეფო – „ცხოვრება… სამყარო… შენ…“

ქაჯეთი – „სამეფოს სიახლენი“

მეორე დღე

  • სახალისო აქტივობები

ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით შერჩეულ იქნა სხვადასხვა დონის დავალებები: ინტელექტუალური თამაში, ილუსტრაციის მიხედვით შინაარსის გადმოცემა, შესაბამისობის დადგენა, ლოგიკური კავშირების დადგენა და ზედმეტის გამორიცხვა და სხვა.

  1. 1. რა? სად? როდის? (15 კითხვა დალაგებულია ფორმატზე, თითოეულს მინიჭებული აქვს ქულა. თამაშობს ორი 4-5-კაციანი ჯგუფი. კითხვები სხვადასხვა დონისაა: ერთქულიანი, ორქულიანი და სამქულიანი, – და დანომრილია. მონაწილე ირჩევს სასურველი დონის კითხვას. მოგებულია ის ჯგუფი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს)
  2. 2. მიაცილე პერსონაჟი თავის ქვეყანაში (დიდი ფორმატის რამდენიმე ფურცელზე ჩამოწერილია სახელმწიფოები „ვეფხისტყაოსნიდან“, სტიკერებზე წერია პერსონაჟების სახელები. მოსწავლემ სტიკერი უნდა მიამაგროს იმ ფორმატზე, რომელი სახელმწიფოდანაცაა პერსონაჟი)
  3. 3. შეუსაბამე პერსონაჟებს მათ მიერ გამოთქმული აფორიზმები (ერთი მოსწავლე კითხულობს აფორიზმებს; სხვები ასახელებენ პერსონაჟს, რომელიც ნაწარმოებში ამ აფორიზმს ამბობს)
  4. ლოტო (ეს თამაში ყველამ იცის, მაგრამ რესურსი მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს. ფურცელზე წერია აფორიზმების დასასრული, კოჭებზე – დასაწყისი. წამყვანი ამოიძახებს აფორიზმის დასწყისს. მოთამაშე, თუ მის ქაღალდზე წერია ამოძახებული აფორიზმის დასასრული, ხელს ასწევს. გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მალე შეავსებს რიგს)
  5. 5. სიტყვობანა (ცხრილი შევსებულია ასოებით, ვერტიკალურსა და ჰორიზონტალურ რიგებში მოსწავლეებმა უნდა ამოიკითხონ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სახელები ან ტოპონიმები)
  6. დაალაგე ილუსტრაციები თანმიმდევრობით (მოსწავლემილუსტრაციები თანმიმდევრობით უნდა დაალაგოს სიუჟეტური ქარგის მიხედვით, მოცემულ ცხრილში უნდა შეუსაბამოს რიცხვებს ილუსტრაციის ნომერი)
  7. შეარჩიე ილუსტრაცია და გადმოეცი ეპიზოდის შინაარსი (მოსწავლესრამდენიმე ილუსტრაციას ვთავაზობთ. ის ირჩევს ერთს და მოგვითხრობს ამ ეპიზოდის შინაარსს)
  8. რომელი პერსონაჟია ზედმეტი? (ჩამოწერილია რამდენიმე პერსონაჟი. ერთი არღვევს კანონზომიერებას, იგი არ არის იმ სახელმწიფოდან, რომლიდანაც დანარჩენები)
  9. 9. სად არის დარღვეული იერარქია? (ჩამოთვლილია პერსონაჟები სხვადასხვა სახელმწიფოდან; ერთ ჩამონათვალში იერარქია დარღვეულია)
  10. 10. შესაბამისობა პერსონაჟებსა და მათ ატრიბუტებს შორის (მოსწავლემ უნდა დაადგინოს შესაბამისობა ნაწარმოების პერსონაჟებსა და მათ ატრიბუტებს შორის, მოცემულ ცხრილში ატრიბუტის აღმნიშვნელ ასოს მიუწეროს პერსონაჟის შესაბამისი ნომერი)
  11. 11. შესაბამისობა სახელმწიფოებსა და მათ ხელისუფალთა შორის (მოსწავლემ უნდა დაადგინოს შესაბამისობა სახელმწიფოსა და მის ხელმწიფეს შორის)
  12. 12. ჩასვი გამოტოვებული საკუთარი სახელი (მარტივი და სახალისო თამაშია იმის დასადგენად, იცის თუ არა მოსწავლემ მიჯნურებისა და მეგობრების ვინაობა ნაწარმოებში)
  13. 13. შეუსაბამე აქსესუარი პერსონაჟს (შავ ყუთში აწყვია სხვადასხვა აქსესუარი: რიდე, მარგალიტის მძივი, ძვირფასი ბეჭედი… მოსწავლემ, რომელიც ერთ მათგანს ამოიღებს, უნდა გამოიცნოს, რომელ პერსონაჟს უკავშირდება ეს აქსესუარი)
  14. 14. კონკურსი, რომელსაც მოსწავლეებმა სახალისოდ უწოდეს „ბატის ფრთა 2016“ („ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები 11 ნომინაციაში იყვნენ წარდგენილნი; ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა):
  15. ნომინაცია „უიღბლო სასიძო“

 ხვარაზმშას ძე, როსანი, მელიქ-სურხავის ვაჟი

  1. ნომინაცია „ყველაზე ფიცხი“

დავარი, ნესტანი, როსტევნი, ფარსადანი, ავთანდილი

  1. ნომინაცია „შორსმჭვრეტელი მამა“

როსტევანი, ფარსადანი, სარიდანი

  1. ნომინაცია „საკუთარი ვერაგობის მსხვერპლი“

ფრიდონის ბიძაშვილები, ჭაშნაგირი, სამი ხვარაზმელი ძმა

  1. ნომინაცია „საუკეთესო იუმორი“

ტარიელი, ფრიდონი, ავთანდილი

  1. ნომინაცია „ყველაზე უღირსებო“

უსენი, ჭაშნაგირი

  1. ნომინაცია „ყველაზე ერთგული“

ასმათი, შერმადინი

  1. ნომინაცია „ყველაზე უმნიშვნელო“

როსტევანის მესაწოლე, ტარიელის ფარეში

  1. ნომინაცია „არამთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანი“

მონა ქაჯეთიდან, ფატმანის ზანგი მონები

  1. ნომინაცია „ყველაზე ხარბი“

როსტევანის ვეზირი სოგრატი, მელიქ-სურხავის მცველები

  1. ნომინაცია „ყველაზე დიდი ავანტიურა“

ფარსადანი, ასმათი

დასასრულ, შევაფასეთ პროექტის ეფექტურობა. აღინიშნა, რომ მოსწავლეები იყვნენ აქტიურები, მიმართეს თვითგანათლებას, მოძებნეს საჭირო ინფორმაცია (წიგნები, გამოკვლევევი, ელექტრონული რესურსები), აღიჭურვნენ ახალი ცოდნით, შეაფასეს როგორც საკუთარი, ასევე ერთმანეთის მიერ გაწეული სამუშაო. თვითშეფასება მათ დაეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში.

მოსწავლეებს განუვითარდათ სხვადასხვა უნარები:

  • პრობლემის განსაზღვრის (იდენტიფიცირების);
  • ინფორმაციის მოძიების;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების;
  • საქმიანობის ორგანიზების;
  • შემოქმედებითობის;
  • მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის;
  • შედეგების ანალიზის.

პროექტგაკვეთილი ნამდვილად იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს სასწავლო მიზნების მისაღწევად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი