ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როლური თამაში გეოგრაფიის გაკვეთილზე

სამუშაოს, რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ, მოსწავლეები, როგორც წესი, ხალისით ასრულებენ: იკვლევენ, წარადგენენ ანგარიშებს და აწყობენ პრეზენტაციებს. ეს როლური თამაშია. მის მნიშვნელობასა და შედეგებზე არაფერს ვიტყვი. ის ყველამ კარგად იცის. მე ძალიან მიყვარს ეს მეთოდი. რატომ?

ჩემი მოსწავლე ხან ქალაქის მერია, ხან გაეროს დამკვირვებელი და ხანაც სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინვესტორები და ექსპერტები კლასში ხომ მრავლად გვყავს. ასე თამაშ-თამაშით გეოგრაფიასაც ვსწავლობთ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც განვიხილავთ. ვფიქრობ როლური თამაში, ყველაზე სახალისო და შემოქმედებითი მეთოდია. მოსწავლეები ყველაზე თამამები და კრეატიულები ამ დროს არიან.

პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ დამკვირვებელთა, ანუ „ექსპერტთა ჯგუფი” მოტივაციის ამაღლების მიზეზად შეიძლება იქცეს. ამ ჯგუფის წევრებს თავად მოსწავლეები ირჩევენ. „ექსპერტთა ჯგუფი” წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით მოსწავლეთა ნამუშევრებსა და პრეზენტაციებს აფასებს. გარკვეული ვადის შემდეგ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების შედეგად ჯგუფში ხდება ცვლილება. „ექსპერტთა ჯგუფში” მოხვედრა მოსწავლეს მთელი წლის მანძილზე უმაღლებს მოტივაციას. წლის ბოლოს ჯილდოს ჯგუფის წევრებისთვის თავადვე არჩევენ: „ყველაზე აქტიური”, „ყველაზე სამართლიანი”, „ყველაზე კრეატიული” და ა.შ.

გთავაზობთ როლური თამაშის რამდენიმე ვარიანტს და შესაბამის მასალას:

მე-10 კლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე ევროკავშირის ქვეყნების შესწავლის შემდეგ შესაძლებელია ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვის მოწყობა.

აქტივობა №1.

იქმნება ,,ევროკავშირის ექსპერტთა” ჯგუფები, რომლებმაც ევროკომისიას უნდა წარმოუდგინონ არგუმენტირებულად დასაბუთებული სამომავლო 2013-2020 წლების ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული პრიორიტეტები (აღმოსავლეთ ევროპის განვითარება, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების დონის თანაფარდობის მიღწევა, ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და ა.შ.).

პრეზენტაციას სასურველი ფორმით წარმოადგენენ. გამარჯვებული პროექტის ავტორთა ჯგუფი „ფულადი პრემიით” წახალისდება: 10 000$ (10), 9 000$ (9), 8 000$ (8) და ა.შ.

პროექტის შემუშავების დროს სასურველია ევროკავშირის ბიუჯეტის 2012 წლის მონაცემების გამოყენება.

1.მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ევროკავშირის ბიუჯეტი წევრ ქვეყნებს შორის: კვლევისა და ინოვაციების, განათლებისა და ტრენინგების, ტრანსევროპული ქსელების, სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროების განვითარებისათვის.

2.მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ევროკავშირის სტრატეგიას ევროკავშირი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსა და რეგიონებში მდგრადი განვითარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რეგიონთა შორის თანამშრომლობას და ინტეგრაციის პოლიტიკას.

3.მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა ასახავს, თუ რას მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტი. დაფინანსების ნაწილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან მოიცავს საერთო სამეურნეო პოლიტიკას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და გარემოს დაცვაზე გათვალისწინებულ ხარჯებს.

4.მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ადმინისტრაციულ ხარჯებს ყველა ევროპულ ინსტიტუტებზე, ასევე, პენსიებსა და ჯანდაცვაზე.

გამარჯვებულ პროექტს „ექსპერტთა ჯგუფი” გამოავლენს. აქ შეიძლება შეიქმნას მეორე ჯგუფიც, „საზოგადოების წარმომადგენლების” ან „არასამთავრობოთა ჯგუფი”. ისინიც საკუთარ შეფასებას წარმოადგენენ. ეს ჯგუფები მუშა ჯგუფების წარმომადგენლებისგან იქმნება. შეფასების კრიტერიუმებიც წინასწარ ერთობლივად მუშავდება. ასე რომ, სუბიექტურობა გამორიცხულია.

მეორე აქტივობაც მე-10 კლასისთვის არის გამიზნული, თუმცა მისი გამოყენება მე-11 კლასშიც შესაძლებელია.

აქტივობა №2. როლური თამაში. ტექსტისა და სქემის ანალიზი.

ახალგაზრდული სამიტი თემაზე ,,ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში”.

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რომელშიც მსოფლიოში ,,ათასწლეულის განვითარების მიზნები(MDG)-ია” გაწერილი. სამიტზე უნდა იმსჯელონ საქართველოში ათასწლეულის განვითარების ამ 8 მიზნის შესახებ. მათ უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები და წარმოადგინონ „სამომავლო ინიციატივები” თითოეული მიზნის შესაბამისად.

ბარათი:2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე ათასწლეულის განვითარების რვა მიზანს მიაღწევდნენ. ეს მიზნები ემსახურება ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სიღარიბე, შიმშილი, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, გენდერული უთანასწორობა და სხვა.

ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი:

  1. უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა;
  2. დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში;
  3. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
  4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
  5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება
  6. აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
  7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
  8. მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელისმოწერით, საქართველომ ვალდებულება აიღო, განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული მხარეებისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნები დისკუსიის, პრიორიტეტებზე შეთანხმებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალება გახდა.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში 2004 წლის ივნისში შეიმუშავეს, ხოლო ანგარიში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ 2005 წლის სექტემბერში მომზადდა.

ეს ანგარიშები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და განვითარების პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, წარმოგვიდგენს მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყნის მიერ 2015 წლისათვის თითოეული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

შემდეგი მასალა კი დებატების ჩატარებაში დაგვეხმარება.

აქტივობა №3. როლური თამაში. დებატები.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტის ენდი სამნერის მოსაზრებებსა და ნიუ-იორკში ჩატარებული კონფერენციის შესახებ ინფორმაციას.

კლასი იყოფა ჯგუფებად. ერთი ჯგუფი იქნება გაეროს წარმომადგენელთა მუშა ჯგუფი;

მე-2 – ,,ათასწლეულის განვითარების მიზნების” პროგრამის 2015 წლის შემდეგ

გაგრძელების მომხრე;

მე-3 – პროგრამის გაგრძელების მოწინააღმდეგები.

მე-4 – საზოგადოების წარმომადგენლები.

წყარო: მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ ნიუ-იორკში ეგრეთ წოდებული „ათასწლეულის განვითარების მიზნების” ხელახლა განსახილველად. გაეროში ეს კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. მონაწილეებს სურთ ათი წლის წინ დასახულ ამოცანებს გადახედონ და იმაზე იფიქრონ, თუ რა გზებით შეიძლება 2015 წლისთვის გათვლილი მიზნების მიღწევა, რაც აშკარად შეაყოვნა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. კონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განვითარებული ქვეყნების ლიდერები მიიხმო, რათა მათთან ერთად კვლავ განეხილა ის მიზნები, რომლებიც ათი წლის წინ დაისახა. ესენი იყო: სიღარიბისა და შიმშილობის დაძლევა, დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და შიდსის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა. დღეს, როცა მიზნის მიღწევის ვადამდე 2 წელი დარჩა, გენერალური მდივანი ცდილობს ამ ამოცანების მიღწევის საქმეში ჩავარდნები დიპლომატიურად გამოხატოს:

„ამ თავყრილობის მხარდაჭერამ გული გამიმაგრა. ჩვენ კვლავაც ვიხილეთ, თუ რა თვალშისაცემია განსხვავება, როცა საქმეში მაღალი რანგის პოლიტიკა ერევა. დროსთან ამ შეჯიბრის პირობებში ყველა დანაპირები უნდა შევასრულოთ.”

ნიუ-იორკში დაფუძნებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელი მარკ ლეგონი მთავარ პრობლემაზე ლაპარაკობს. მისი აზრით, გაეროს შეუძლია სიღარიბის თაობაზე მსოფლიო შეკრება გამართოს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო ინსტიტუცია, ის უმნიშვნელო გავლენას ახდენს ადამიანების შემოსავალზე: „გაერო არის სახელმწიფოთა ფორუმი, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი შეშფოთება გამოხატონ მსოფლიოში სიღარიბის გამო, მაგრამ კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაეროსთან”.

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციებია, რომლებზეც დიდწილადაა დამოკიდებული მსოფლიოში ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. სტიუარტ პატრიკი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მუშაობს, ნიუ-იორკის ამ შეხვედრის მნიშვნელობას ხედავს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედი არა აქვს, რომ შეხვედრა “ათასწლეულის განვითარების მიზნების” მიღწევის საქმეში დიდ ცვლილებებს მოიტანს: „მიზნები ერთობ ამბიციურია. მათი მიღწევა ისედაც რთული იყო. 2008 წლის ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მათი მიღწევა კიდევ უფრო გაართულა. ვითარება ასეთია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შეფერხდა”. შეფერხდა, რადგან არაერთმა ქვეყანამ თქვა უარი თავდაპირველი დანაპირების შესრულებაზე. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი არ არის ერთადერთი, ვინც აცხადებს, რომ უჭირს ამ პროექტისთვის გათვალისწინებული სახსრების გამოყოფა. გენერალური მდივნის განცხადებით, გაეროს დღეს 26 მილიარდი სჭირდება, 2015 წლისთვის კი უკვე 100 მილიარდი დოლარი დასჭირდება. გამონაკლისის სახით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „ათასწლეულის განვითარების” პროექტისთვის დაპირებულ თანხას გაიღებს. მაგრამ სტიუარტ პატრიკი განმარტავს, ვაშინგტონმა ეს რომც ისურვოს, კონგრესი შეიძლება წინააღმდეგ წავიდესო. ათასწლეულის განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილ ამ წარმომადგენლობითი შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა იმართება, რომელსაც დაესწრებიან აზიის ქვეყნების – მათ შორის, უზბეკეთისა და ავღანეთის – პრეზიდენტები. ნიუ-იორკში ჩავა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ორივე შეხვედრაზე იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გენერალური ასამბლეის მთავარი საკითხები იქნება ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვა და ადამიანის უფლებები.

ენდი სამნერი, ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტია, რომელმაც თავის ნაშრომში ფინანსებისა და განვითარების თანაფარდობა შეაფასა: „კამათი იმის შესახებ თუ რა მოხდება 2015 წელს მაშინ, როცა ათასწლეულის განვითარების პროგრამა დასრულდება ფართო განხილვის თემას წარმოადგენს. მოხდება კი პროგრამით გათვალისწინებული უფრო მეტი მიზნობრივი ჯგუფის შექმნა? შევძლებთ კი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევას. ამ გადასახედიდან, უმჯობესია პროგრამის მიმდინარეობის განვლილ 10-წლიან გზას გადავხედოთ. “ბატონი სამნერი სასექსის უნივერსიტეტში სიღარიბის დაძლევის საკითხებზე მომუშავე მკვლევარია. მისი თქმით, ამ დოკუმენტის ეფექტურობის თაობაზე უამრავი კითხვა ისმის: „სინამდვილეში, გაეროს ათასწლეულის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების თაობაზე ხელი არასდროს მოუწერიათ ქვეყნების მეთაურებს. მათ ხელი მხოლოდ ათასწლეულის განვითარების დეკლარაციაზე აქვთ მოწერილი. და სწორედ ამიტომ მის წინაშე ალბათ მიიჩნევს თვლის თავს ანაგრიშვალდებულად. “დეკლარაციის პარალელურად, ბევრი ანგარიში სავარაუდო დანახარჯისა და შემოთავაზებული კრიტერიუმების ცვლილებებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, იმედი ათასწლეულის განვითარების პროგრამის შესახებ, გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს სწრაფი განვითარების საკითხში.

ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი რაოდენობა დახმარების სფეროში დაიხარჯა, რომლის ეფექტურობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ საკითხს – ფართო თუ ვიწრო რაკურსით: „თუ ამ თემას გლობალური კუთხით შევაფასებთ, დავინახავთ, რომ გაეროს სიღარიბის დაძლევის შვიდი ძირითადი პრინციპიდან სამი მათგანი პროგრამის მიზნებს ამართლებს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი – ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა კი, ვერ აკამაყოფილებს. არავინ არაა დარწმუნებული მისი მონაცემების ადეკვატურობაში.”

ენდი სამნერის მოსაზრებით, სიღარიბის შემცირების მიზანი 2015 წლისთვის ბიზნესის დაუსრულებლობას კვლავ განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში გავრცელებულ შეხედულებას სიღარიბის დაძლევის თაობაზე მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ახლა მხოლოდ ის გვაინტერესებს, თუ რა მოხდება 2015 წლის შემდეგ. მოხდება კი ათასწლეულის განვითარების პროგრამის გაგრძელება თუნდაც განახლებული მიზნებით?

გამოყენებული ინტერნეტ საიტები:

1.https://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52;

2.https://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი