პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გამოკვლევასა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა

ჯონ  დიუიმ  1910  წელს  აღწერა  გამოკვლევით  სწავლის  საბაზო  ფორმატი. მას  შემდეგ  ამ  სტრატეგიის  მრავალი  ვარიანტი  განხორციელდა,  მაგრამ  იგი ძირითადად  მოიცავს  შემდეგ  ელემენტებს: მასწავლებელი  წარუდგენს  ბავშვებს  გამოსაცნობ  მოვლენას, კითხვას  ან  პრობლემას.  მოსწავლეები:

  • ახდენენ ჰიპოთეზის  ფორმულირებას,  რათა  ახსნან  მოვლენა  ან  გადაჭრან პრობლემა;
  • აგროვებენ მონაცემებსა  და  ინფორმაციას  ჰიპოთეზის  გამოსაცდელად;
  • აკეთებენ დასკვნებს;
  • განიხილავენ ორიგინალურ პრობლემას და მის გადასაჭრელად საჭირო სააზროვნო პროცესებს.

გამოკვლევის მაგალითები. ერთი  სახის  გამოკვლევაში,  მასწავლებლის  მიერ   პრობლემის  გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები სვამენ კითხვებს (რომლებზეც პასუხი  შეიძლება  იყოს  მხოლოდ ,,კი” ან ,,არა”), რათა მოაგროვონ მონაცემები და გამოსცადონ ჰიპოთეზა. ეს  საშუალებას  აძლევს  მასწავლებელს მოახდინოს  მოსწავლეთა  აზროვნების  მონიტორინგი    და  მართოს  ეს  პროცესი. მაგალითად:

  1. მასწავლებელი გააცნობს  მოსწავლეებს  განსხვავებულ  მოვლენას  (ძირითადი წესების ახსნის შემდეგ). ის ფრთხილად უბერავს სულს ფურცელს მაგიდის ზედაპირის  გასწვრივ  და ფურცელი ზევით იწევს. ის სთხოვს მოსწავლეებს გაარკვიონ, რატომ  აიწია  ფურცელი.
  2. მოსწავლეები სვამენ  კითხვებს,  რათა  მოაგროვონ  ინფორმაცია  და  გამოყონ არსებითი, რელევანტური ცვლადები. ისინი ეკითხებიან მასწავლებელს, მნიშვნელობა აქვს თუ არა ტემპერატურას (არა), არის თუ არა ფურცელი განსაკუთრებული (არა).  ისინი  ასევე  სვამენ  შეკითხვას,  არის  თუ  არა წნევა  რამენაირად  დაკავშირებული  ფურცლის  აწევასთან  (კი).  კითხვები გრძელდება….
  3. მოსწავლეები ცდიან კაუზალურ (მიზეზ-შედეგობრივ) ურთიერთობებს. ამ შემთხვევაში  ისინი  კითხულობენ,  ზედაპირზე  არსებული  ჰაერის  ბუნება იწვევს  თუ  არა  ფურცლის  აწევას  (კი);  ისინი  კითხულობენ,  ზედაპირზე ჰაერის  სწრაფი  მოძრაობა  თუ  იწვევს  ზედაპირზე  წნევის  ვარდნას  (კი). შემდეგ  ისინი  ცდიან  ამ  წესს  სხვა  მასალებზე – მაგალითად,  თხელ  პლასტმასზე.
  4. მოსწავლეები ახდენენ განზოგადებას, აყალიბებენ პრინციპს: “თუ სიბრტყის ზედაპირზე ჰაერი უფრო სწრაფად მოძრაობს ვიდრე მის ქვევით, მაშინ წნევა ზედაპირზე  ეცემა  და  ობიექტი  ზევით  იწევს.” მოგვიანებით გაკვეთილი  აფართოებს  მოსწავლეთა  მიერ  ამ  პრინციპისა  და  ფიზიკური კანონების  გაგებას  მომდევნო  ექსპერიმენტების  მეშვეობით.
  5. მასწავლებელი იწვევს  მოსწავლეებს  მათი  აზროვნების  პროცესების  განხილვასა და დებატებში. რა იყო მნიშვნელოვანი ცვლადები? როგორ დააკავშირებთ მიზეზსა და შედეგს? და ა.შ.

შირლი მაგნუსონმა და ანამარი პალინსკარმა განავითარეს მასწავლებელთა  მითითებები  კვლევითი  სამეცნიერო  ერთეულების  დაგეგმვის,  დანერგვისა და  სხვადასხვა  ფაზების  შეფასებისათვის.

მასწავლებელი,  უპირველეს  ყოვლისა, ადგენს  სასწავლო  გეგმის  არეალს  და ზოგად  კითხვებს,  ამოცანებს ან პრობლემებს. მაგალითად, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი  ირჩევს  კომუნიკაციების სფეროს/არეალს და სვამს ზოგად კითხვებს: “რატომ და როგორ  ურთიერთობენ ადამიანები და ცხოველები?” შემდეგ ისმება სპეციფიკურ საკითხზე  კონცენტრირებული  რამდენიმე  კითხვა. “როგორ  ურთიერთობენ ვეშაპები  ერთმანეთთან?” „როგორ  ურთიერთობენ  გორილები ერთმანეთთან?”  ეს  სპეციფიკური  კითხვები  ფრთხილად  უნდა  იყოს შერჩეული  და  შედგენილი,  რათა  მოსწავლეს  სწორი  მიმართულება  მისცეს. ცხოველებს  შორის  ურთიერთობის  გაგების  ერთ-ერთი  საკვანძო  აზრია  ცხოველთა შეგრძნების ორგანოებს, თვითგადარჩენის ფუნქციებსა და საცხოვრებელ არეალს შორის ურთიერთდამოკიდებულება. ცხოველებს სპეციფიკური სტრუქტურები აქვთ,  როგორიცაა  დიდი  ყურები  ან  ექოლოკატორები,  რომლებიც  ფუნქციონირებენ  საკვების  მოსაპოვებლად,  პარტნიორის  მოსაზიდად  ან  მტაცებლის  გამოსაცნობად.  ეს  სტრუქტურები  და  ფუნქციები  დაკავშირებულია ცხოველის საცხოვრებელ  ადგილთან.  ამრიგად,  კითხვები  ძირითადად  უნდა ეხებოდეს კომუნიკაციების განსხვავებულ სტუქტურებს, გადარჩენისთვის  განსხვავებულ  ფუნქციონალურ  მოთხოვნილებებსა  და  სხვადასხვა  ადგილას  მობინადრე ცხოველებს.  შეკითხვები  იმ  ცხოველების  შესახებ,  რომელთაც  ერთნაირი სტრუქტურა და ერთი საცხოვრებელი ადგილი აქვთ, გამოკვლევისთვის არ იქნებოდა ეფექტიანი.

შემდეგი  ფაზაა  მოსწავლეთა  ჩართვა  გამოკვლევაში.  მაგალითად,  შესაძლებელია მოასმენინო მათ სხვადასხვა ცხოველის ხმები და სთხოვო, გამოთქვან თავიანთი ვარაუდი კომუნიკაციების შესახებ, დაუსვა მოსწავლეებს კითხვები მათი ვარაუდებისა  და  გამონათქვამების  ირგვლივ.  შემდეგ  მოსწავლეები  ახორციელებენ კვლევას  როგორც  პირველადი,  ისე  მეორადი  წყაროების  დახმარებით. პირველადი  წყაროს  კვლევა  გულისხმობს  პირადაპირ  გამოცდილებას  და  ექსპერიმენტებს.  მაგალითად,  ღამურის  თვალისა  და  ყურების  გაზომვა  და  მათი  შედარება  ღამურის  სხეულის  ზომასთან  (ვიდეოებისა  და  სურათების გამოყენებით).  მეორადი  წყაროს  გამოკვლევისას  მოსწავლეები  იყენებენ წიგნებს,  ინტერნეტს,  ექსპერტებთან  ინტერვიუებს  და  სხვა  მასალას  სპეციფიკური  ინფორმაციის  ან  ახალი  იდეების  მოსაძიებლად.  გამოკვლევის  ნაწილია მოსწავლეების  მიერ  მოდელთა  იდენტიფიცირება. მოსწავლეებმა  შეიძლება გამოკვლევის  რამდენიმე  ციკლიც  კი  გამოიყენონ,  მოახდინონ  მოდელთა იდენტიფიცირება  და  განაცხადონ  შედეგები  ახსნის  აგებამდე  ან  საბოლოო კვლევაზე  გადასვლამდე.  კიდევ  ერთი  შესაძლო  ციკლია – საბოლოო  კვლევის განხორციელებამდე –  დასკვნის შეფასება  (ჯერ  გავაკეთოთ  და  შემდეგ  შევამოწმოთ წინასწარი დაშვებები, მოვარგოთ ახსნები ახალ სიტუაციებს).

გამოკვლევით  სწავლა  მოსწავლეებს  საშუალებას  აძლევს, ერთდროულად ისწავლონ  შინაარსიც  და  პროცესიც.  ზემოთ  მოყვანილ  მაგალითებში  მოსწავლეები სწავლობდნენ  ჰაერის  წნევის  ეფექტებს,  როგორ  დაფრინავენ  თვითმფრინავები, როგორ  ურთიერთობენ  ცხოველები  და  როგორ  არიან  დაკავშირებულნი საცხოვრებელ  ადგილთან.  ამასთან,  ისინი  სწავლობენ  თავად  გამოკითხვის  პროცესს – როგორ  შეიძლება  გადაჭრა  პრობლემები,  შეაფასო დასკვნები  და  იაზროვნო  კრიტიკულად.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა. პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლის მიზანია,  დაეხმაროს მოსწავლეებს მოქნილი ცოდნის განვითარებაში, რომელიც, ინერტული  ცოდნისგან განსხვავებით, მრავალ სიტუაციაში გამოიყენება. ინერტული ცოდნა არის  ინფორმაცია,  რომელიც  დამახსოვრებულია,    მაგრამ იშვიათად  გამოიყენება.  პრობლემაზე  დაფუძნებულ  სწავლას  სხვა  მიზნებიც  აქვს: შინაგანი  მოტივაციის  გაზრდა,  პრობლემათა  გადაჭრის, თანამშრომლობისა და თვითმართული, მთელი ცხოვრების განმავლობაში  სწავლის უნარების განვითარება. პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლაში მოსწავლეები უპირისპირდებიან პრობლემას,  რომელიც  გამოსავლის  მოსაძებნად  მოითხოვს  გამოკვლევას, თანამშრომლობას. მოსწავლეებს ეძლევათ პრობლემაზე დაფუძნებული სცენარი, ისინი სვამენ და აანალიზებენ პრობლემას სცენარიდან მოხმობილი ფაქტების დახმარებით და იწყებენ ჰიპოთეზების ჩამოყალიბებას შესაძლო გადაწყვეტის შესახებ. ჰიპოთეზის  შემუშავების  შემდეგ,  ადგენენ,  რა  ინფორმაცია  აკლიათ,  რისი  გაგება  სჭირდებათ  გადაწყვეტილების  შესაფასებლად. ეს საწყის ბიძგს აძლევს თვითმართული სწავლისა  და  კვლევის  ფაზას.  შემდეგ  მოსწავლეები იყენებენ ახალშეძენილ ცოდნას, აფასებენ პრობლემის მათეულ გადაჭრას, საჭიროების  შემთხვევაში  ხელახლა  გადახედავენ  კვლევას  და  ბოლოს  იაზრებენ იმ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას, რომელიც მიიღეს.

გამოკვლევაზე და პრობლემაზე დაფუძნებული ინსტრუქტირების კვლევა.  გამოკვლევის მეთოდები ჰგავს აღმოჩენით სწავლის მეთოდს; მათ ზოგი საერთო პრობლემაც აქვთ. ასე რომ, გამოკვლევა ფრთხილად დაგეგმილი და ორგანიზებული უნდა იყოს,  განსაკუთრებით  ნაკლებად  მომზადებული  მოსწავლეებისთვის, რომელთაც შეიძლება  არასაკმარისი  ბაზისური  ცოდნა  და  პრობლემათა გადაჭრის  უნარები  ჰქონდეთ.  კვლევებმა  გვიჩვენა, რომ აღმოჩენის მეთოდები არაეფექტურია და საზიანოც კი დაბალი  შესაძლებლობების  მქონე მოსწავლეებისათვის.  როცა  ტედ  ბრედმანმა გააანალიზა  და  ურთიერთს  შეადარა  57  აქტივობაზე  დაფუძნებული სწავლისა  და  სწავლების  ტრადიციულ  მიდგომათა  შედეგები,  მან  დაასკვნა, რომ  აქტივობაზე  დაფუძნებული  მეთოდები  უფრო  შედეგიანი აღმოჩნდა როგორც კრეატიულობის, ისე საგნის შინაარსის შესწავლის თვალსაზრისითაც.

1993 წელს მსგავსი შედარება გაკეთდა პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე სამედიცინო სკოლაში. მოსწავლეები,  რომლებიც  სწავლობდნენ  პრობლემაზე  დაფუძნებული  ინსტრუქტირების  საშუალებით,  უკეთეს  შედეგებს  აჩვენებდნენ  ისეთ    უნარ-ჩვევებში,  როგორიცაა  პრობლემის  ჩამოყალიბება და  დასაბუთება,  მაგრამ  უარესები  იყვნენ  თავიანთი  მეცნიერების  საბაზისო ცოდნაში,  ისინი  მეცნიერებაში  ნაკლებ  მომზადებულად  თვლიდნენ  თავს.  შემდეგ  კვლევაში  მაგისტრატურის სტუდენტები,  რომლებმაც ისწავლეს  ცნებები  პრობლემაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით, უკეთესები  იყვნენ  იმ  მოსწავლეებთან  შედარებით,  რომლებმაც  ცნებები  ლექციაზე და  დისკუსიის  მეშვეობით  ისწავლეს.  მაღალი თვითრეგულირების  უნარის  მქონე  მოსწავლეებმა  შეიძლება  სხვებთან  შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენონ პრობლემაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებაში,  ამავე  დროს,  პრობლემაზე დაფუძნებული  მეთოდების  გამოყენებამ  მოსწავლეებს  დროთა  განმავლობაში შეიძლება თვითონვე  განუვითაროს  თვითმართული  სწავლის  უნარ-ჩვევებიც.

პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლის  მიზნების  გათვალისწინებით  ქინდი ჰმელო-სილვერმა მიმოიხილა კვლევები და აღმოაჩინა იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ  პრობლემაზე  დაფუძნებული  სწავლა  ხელს  უწყობს მოქნილი  ცოდნის  კონსტრუირებას  და  ავითარებს  პრობლემის  გადაჭრისა  და თვითმართული  სწავლის  უნარ-ჩვევებს.  მაგრამ  ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლაში  ყველა  ასაკის  მოსწავლეთა  მონაწილეობა შინაგნად  მოტივირებული  იყოს  ან  ასწავლოს  თანამშრომლობა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევათა  უმრავლესობა  ჩატარებულია  მაღალკლასელებთან, ყველაზე ხშირად კი სამედიცინო სკოლებში.

საუკეთესო  მიდგომა  დაწყებით  და  საშუალო  სკოლებში  შეიძლება  იყოს შინაარსზე  ფოკუსირებული და  გამოკვლევის  ან  პრობლემაზე  დაფუძნებული მეთოდების  დაბალანსება. მაგალითად,  ევა  ტოთმა,  დევიდ  კლერმა და  ზე  ჩენმა გამოსცადეს  დაბალანსებული  მიდგომა  მეოთხე  კლასის  მოსწავლეებთან  იმის  გასარკვევად,  თუ  როგორ  გამოეყენებინათ  სხვადასხვა    სტრატეგია  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებაში      კარგი    ექსპერიმენტის ასაგებად.  მეთოდი  სამი  ფაზისაგან  შედგება:

(1) მცირე  ჯგუფებში მოსწავლეები  ახორციელებენ  აღმოჩენით  ექსპერიმენტებს  იმ  ცვლადების დასადგენად,  რომლებმაც  აიძულეს  ბურთი  დაგორებულიყო  დაქანებაზე;

 (2) მასწავლებელი  აწარმოებდა  დისკუსიებს,  ხსნიდა  საკონტროლო  ცვლადის სტრატეგიას  და  იძლეოდა  სწორი  აზროვნების  ნიმუშს  ექსპერიმენტის  აგების თაობაზე;

(3)  მოსწავლეები ატარებდნენ ექსპერიმენტს და იყენებდნენ მათ იმ ცვლადების  გამოსაცალკევებლად,  რომლებმაც  გამოიწვიეს  ბურთის  დაგორება. კვლევის, დისკუსიის, ახსნისა და მოდელირების კომბინაცია წარმატებით დაეხმარა მოსწავლეებს ცნებების გაგებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი