შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ასოციაციობანა

ასოციაციობანა, გნებავთ „ნამიოკობანა“, ვფიქრობ, ყველას გვითამაშია. ის ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, ზრდის ლექსიკურ მარაგს და ა. შ. არ იქნებოდა ურიგო გაკვეთილის ნაწილის ამ პრინციპზე აგება.

ჰო, სიტყვა „გაკვეთილი“ ამ წუთას ჩემთვის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდთან ასოცირდება, გარდამტეხ ან ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბებთან, რომლებმაც სრულიად შემცვალა, გამზარდა.

ყოველდღიური, ყოფითი სცენები ხშირად ზოგიერთ მხატვრულ ნაწარმოებთანაც მიჩენს ხოლმე ასოციაციას. მაგალითად, ყოველთვის, როცა ახალგაღვიძებული შვილების ტიტველ ტერფებს დავინახავ, ირაკლი ჯავახაძის „ადამიანი ზერო“ მახსენდება. კერძოდ კი მოთხრობის ფინალური სცენა, როდესაც კაცი ოჯახიდან წასვლასა და სხვა ქალთან ცხოვრებას გადაწყვეტს, გასვლისას კი მძინარე შვილს დახედავს. ბიჭუნას საბნიდან ქუსლი მოუჩანს. დანარჩენი, გირჩევთ, თავად წაიკითხოთ.

„სამოთხე აქვეა,
კარის უკან,
შვილების ტიკტიკში.“

იაკი კაბეს ეს ტანკაც მაშინ ამომიტივტივდება ხოლმე, როცა ვხედავ, ჩემი სამივე შვილი ერთად რომ თამაშობს, ან შორიდან ვისმენ, როგორ საუბრობენ თავიანთ ენაზე, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორ არიგებენ ჭკუას ერთმანეთს. სავარაუდოდ ყველა დედას გამოუცდია ის გრძნობა, როცა გული ყელში გებჯინება სიხარულისაგან.

„ქალაქი შხაპის ქვეშ იყო, მაღვიძარამ რომ დარეკა“. – ასე იწყება რუსა ამირეჯიბის მოთხრობა „აბსურდი“, რომელიც წლების წინ წავიკითხე რომელიღაც ლიტერატურულ ჟურნალსა თუ გაზეთში. ბავშვობიდან ჩემთვის შხაპის მიღება ძილისწინა, ღამეულ რიტუალთან ასოცირდებოდა. ახლა ყოველთვის, როდესაც დილით ვიღებ შხაპს, მაშინათვე ეს მოთხრობა და ის გაოცება მახსენდება, კითხვისას რომ დამეუფლა, თურმე მთელი თუ არა, ნახევარი ქალაქი მაინც ახალგაღვიძებულზე ბანაობს და მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი-მეთქი.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ასოციაციები კულინარიულიც არსებობს. მაგალითად, კარტოფილს რომ უცნაურ ფორმებად ვჭრი, მაშინვე მამიდაჩემი მახსენდება, ვისგანაც ამგვარი დაჭრა ვისწავლე. ის წამით არ დაფიქრებულა და ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა ძმისშვილების მოსავლელად, როცა მისი ძმა უცხოეთში ოპერაციის გასაკეთებლად ცოლთან ერთად წავიდა. მამიდამ საკუთარი შვილები ერთი თვით დატოვა და აბიტურიენტობისას მე მიწყობდა ხელს, რომ საჭმელზე საზრუნავი არ მქონოდა; ახერხებდა, რომ სანთლის შუქზე ნამეცადინევისა და ღამენათევისათვის დილის მაღვიძარაც ყოფილიყო და დედაც.

ასეთი ასოციაციობანა არ გაგიგიათ?! უფრო მოკლედ და სხარტად ჯობია? კარგი, შევეცდები.

დილა – ყავა.

შოკოლადი – ბედნიერება.

ზღვა – სიმშვიდე.

ფოლკნერი – მწვერვალი.

ვან გოგი – ჟრუანტელი.

მაინც გრძლად მირჩევნია… არასდროს დამავიწყდება ის უჰაერობა და თავბრუსხვევა იმ სიდიადის ხილვის მერე, რაც მქონდა ამსტერდამში, ვან გოგის მუზეუმში. დარეტიანებული კარგა ხანს ვიჯექი სკამზე. ჰოდა, ამას წინათ მეგობარს ვეკამათე, რომელიც ამტკიცებდა, რომ უსამართლობაა ამდენი შედევრის ერთად თავმოყრა; უსამართლობაა, რომ ხუთ წუთზე მეტს მაგალითად ვან გოგის ავტოპორტრეტს ვერ უთმობ. მე კი ვუპასუხე, რომ მსოფლიოში გაფანტულ ნიმუშებს ალბათ მთელი ცხოვრება დასჭირდებოდა დასათვალიერებლად და ამიტომ მუზეუმი კარგი გამოსავალია იმის მიუხედავად, რომ ხანდახან ზედოზირებით შეიძლება მოკვდე-მეთქი.

აუტიზმის მქონე ქალს – თემპლ გრანდინს ფრანგულის შესწავლისას სულ გველთევზები (ინგლ. eel) აგონდებოდა. საქმე ისაა, რომ მესამე პირის ნაცვალსახელი (ფრანგ. elle, il), რომელიც ტექსტებში ხშირად ხვდებოდა, ასოციაციას სწორედ გველთევზებზე უჩენდა, რადგან მისი აზროვნება ფოტოკადრების პრინციპზეა აგებული. კითხვისას მაშინათვე წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ და უკვირდა, რაში სჭირდებოდა ფრანგულს ამდენი გველთევზა.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველა ჩვენი ფანტაზიისა და მდგომარეობის მიხედვით ვუყურებთ და აღვიქვამთ სამყაროს. იქნებ დავინტერესდეთ, ვის რა ასოციაციას უჩენს, მაგალითად, სიტყვა „სკოლა“? გავიაზროთ ეს სიტყვა როგორც წარჩინებული, ისე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის, მწერლებისა და მასწავლებლების, მხატვრებისა თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების, არქიტექტორების, წარმატებული მეცნიერებისა თუ სხვადასხვა სპეციალობაში ხელმოცარული ადამიანების თვალთახედვიდან.

ვითამაშოთ ასოციაციობანა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი