პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეფასება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში

თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული პრობლემური საკითების  დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსწავლეთა ობიექტური შეფასება, შეფასების მრავალმხრივი მიდგომა, შეფასების რუბრიკების გამოყენება მუშაობის პროცესში. იმდენად რამდენადაც მოსწავლეთა შეფასება  სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, შეფასებით მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა მიღწევას, თუ რამდენად  შეესაბამება  მათი ცოდნა  ეროვნული სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გადავწყვიტე VII კლასში  ერთგვარი კვლევა ჩამეტარებინა. კვლევის შედეგად უნდა მიმეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები, სისტემატურია თუ არა ეს პროცესი, მაგრამ არანაკლებ მაინტერესებდა, რამდენად კარგად ვასწავლი, რამდენად ეფექტურია ჩემ მიერ გამოყენებული მეთოდები და რამდენად კარგად გადავცემ მოსწავლეებს მათთვის აუცილებელ და საინტერესო ინფორმაციას იმისათვის, რომ მათ მიერ მასალა სრულყოფილად იქნას ათვისებული.

როგორც ვიცით, სწავლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შეფასებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, პირველ რიგში, სჭირო იყო  განმესაზღვრა,  რა, როდის და როგორ უნდა შემეფასებინა, ამისათვის წინასწარ უნდა დამედგინა, თუ რა შედეგზე მსურდა გასვლა და მხოლოდ ამის შემდეგ დავადგენდი შეფასების რომელ ფორმას გამოვიყენებდი ამა თუ იმ გაკვეთილზე.

კარგად ვიცი, რომ სწავლა-სწავლების პროცესში რა მეთოდი უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა. ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი შეფასების პრინციპების  დაცვაა, ამისათვის, პირველ რიგში, კარგად გავეცანი შეფასების პრინციპებს და ჩამოვყალიბდი:

  1. შეფასების დროს უნდა ვყოფილიყავი ობიექტური, არ უნდა დავყრდნობოდი პირად მოსაზრებას, სურვილსა და მოსწავლის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას.
  2. შეფასება უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე. ამისათვის მოსწავლეებისათვის წინასწარ უნდა გამეცნო, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით შევაფასებდი მათ ნაშრომსა თუ ზეპირ დავალებას და, რაც ყველაზე მთავარია, კარგად უნდა გამეაზრებინა, რას მისცემს მოსწავლეებს ამ პრინციპის დაცვა.
  3. შეფასების პრინციპებიდან გამომდინარე, არანაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნიე სანდოობა. მოსწავლეთა შეფასება იდენტური უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, თუ ვინ, სად ან როდის შეაფასებდა მოსწავლეს (იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე უკმაყოფილო იქნებოდა შეფასებით ან გაუჩნდებოდა შეკითხვები).

ყოველივე ამის გათვალისწინების შედეგად, მუშაობის პროცესში დავადგინე, რომ მოსწავლეს საშუალება ეძლევა უფრო კარგად მოემზადოს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვან საკითხებზე. შესაბამისად, მისთვის არ იყო მოულოდნელი, თუ რა შეფასებას მიიღებდა. შეფასების სანდოობა უზრუნველყოფს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ  საკითხებსა და დავალებების ინსტრუქციებს. შეფასების მეთოდს იქიდან გამომდინარე ვარჩევდი, თუ რა მიზანი მქონდა დასახული ამა თუ იმ გაკვეთილზე.

მოგეხსენებათ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არსებობს შეფასების ორი უმნიშვნელოვანესი ტიპი, რომელიც სწავლა-სწავლების განუყოფელ სისტემურ ნაწილს წარმოადგენს – განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის ცოდნა, თუ როდის და რა კონკრეტული მიზნისათვის უნდა გამოვიყენო შეფასების ეს ფორმები.

მუხლი 16.

  1. „ განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
  2. განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვა“.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა მოსწავლეთა სამი ტიპი:

  1. უმრავლესობა მოსწავლეებისა გაზვიადებულად წარმოადგენს რეალურად არსებულ მდგომარეობას, ისინი მიიჩნევენ, რომ გაგება და სწავლა ერთი და იგივე ცნებებია. ეჩვენებათ, რომ ყველაფერი კარგად იციან, მათ უჭირთ ფიქრი იმაზე, თუ რა, როგორ და რა დონეზე იციან. ასეთ მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ერთი წაკითხვით სწავლობენ.
  2. მოსწავლეთა მცირე ნაწილს აწუხებს არასრულფასოვნების კომპლექსი. ისინი ეჭვით უყურებენ საკუთარ შესაძლებლობებს. თვლიან, რომ ახალ მასალას სრულყოფილად ვერ იგებენ და უჭირთ სწავლა. მათთვის უცხოა, ვერ წარმოუდგენიათ, რომ თავად შეუძლიათ დაგეგმონ, წარმოადგინონ და შეაფასონ აქტივობები. ხშირად ეს არის წინაპირობა იმისა, რომ მოსწავლე წარუმატებელია და მშობელი უკმაყოფილო. (კვლევა დამეხმარა სწორედ ასეთი საკითხების მოგვარებაში. შევეცადე მომეპოვებინა  მათი ნდობა, დავარწმუნე, რომ სუსტი მხარეების გამოვლენა, სულაც არ არის ცუდი და არანაირად არ იმოქმედებდა  მათ ავტორიტეტზე, პირიქით, ამ გზით შევძელი მათი დახმარება და შედეგიც უკეთესი იყო).
  3. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი აფასებს ობიექტურად  საკუთარ შესაძლებლობებს.

კვლევის მიმდინარეობის პროცესში ყოველდღიურად ვცდილობდი გამომევლინა მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები. ამისათვის ყოველი აქტივობის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ვაძლევდი შესაძლებლობას, გაეაზრებინა, რა ისწავლა, რა ვერ გაიგო, რა ფორმით იქნებოდა უფრო გასაგები, რა შეძლო, რა ვერ შეძლო, რა საკითხში  სჭირდებოდა ჩემი დახმარება და რა მასალა  უნდა გაემეორებინა დამოუკიდებლად (ამ ყოველივეს წერდნენ სპეციალურად მათთვის შედგენილი სქემის ფორმაში, რომელიც აძლევდა საშუალებას, თავის მხრივ, დაკვირვებოდნენ, თუ როგორ იცვლებოდა მათი სწავლის დონე და სწავლა-სწავლებისადმი  დამოკიდებულება.

რა ვისწავლე რა ვერ გავიგე სწავლების რა ფორმით შევძლებდი მასალის მარტივად  გაგებას რა შევძელი რა ვერ შევძელი საკითხები, რომელშიც მჭირდება მასწავლებლის დახმარება რა მასალა უნდა გავიმეორო დამოუკიდებლად

სწავლების არაერთი ეფექტური სტრატეგია, რომელიც ემყარება გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, მომეხმარა, რათა გამომევლინა მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები; ვცადე, ჩავწვდომოდი თითოეული მოსწავლის ხასიათის თვისებებს; გამომევლინა, რამდენად განსხვავებულია მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები და შევეცადე, ხელი შემეწყო მათთვის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებაში.

მოსწავლის შეფასების პროცესი  არც თუ ისე ადვილია.  ძირითადად ვხელმძღვანელობთ  შეფასების რუბრიკებით, მოსწავლისათვის გასაგებია რაში, რატომ, როგორ და როდის ფასდება. მრავალი  საშუალება არსებობს მოსწავლის ცოდნის გასაზომად, ყველაფერი ჩვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. პრაქტიკიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ   პოზიტიურია მოსწავლეთა ჩართვა   შეფასების რუბრიკების შემუშავებაში. მათთან ერთად ვადგენდი და ვადგენ შეფასების რუბრიკებს საშინაო, საკლასო, შემაჯამებელი, ტესტური, ჯგუფური მუშაობის, დისკუსიისა თუ სხვა სახის მუშაობის პროცესისათვის. ეს არის  საკმაოდ რთული და შრომატევადი, მაგრამ ეფექტური პროცესი. (გთავაზიბთ შეფასების რუბრიკის რამდენიმე ვარიანტს):

ესეს შეფასების რუბრიკა

ქულები 9-10 7-8 4-6 1-3
 

აზროვნების

დამოუკიდებლობა.

 

 

 

აზროვნება  მკვეთრად  ორიგინალურია,

ავტორის  მსჯელობა  საფუძვლიანია.

ავტორი  დამოუკიდებლად აზროვნებს,

თუმცა

მსჯელობა  ყოველთვის  დამაჯერებელი

არ  არის.

ავტორის  აზროვნება  სტერეოტიპებს

ემორჩილება, თუმცა  სათქმელი  გასაგებია.

მოსაზრებები  გამოუკვეთელი

ბუნდოვანი და

მოუწესრიგებელია.

 

 

ესეს  კომპოზიცია,  ლოგიკურობა, არგუმენტირება.

მსჯელობა  მწყობრია,  მყარად  დასაბუთებული, ნაშრომის  კომპოზიცია  მკაფიოა. მსჯელობა  ძირითად ლოგიკური  და  დასაბუთებულია,  შეინიშნება  მცირე ხარვეზები. მსჯელობა  გარკვეულწილად დასაბუთებულია, მაგრამ  შეინიშნება   ხარვეზები. მსჯელობა  არალოგიკური,  დაუსაბუთებელია,  ქაოტურია  კომპოზიცია.
 

ენობრივი კულტურა

 

 

 

ავტორის  ლექსიკა  დახვეწილი, ზუსტია. არ  შეინიშნება  მაღალფარდოვნება.  სალიტერატურო  ენის  ნორმები  დაცულია. ლექსიკა ზუსტია,

დახვეწილი. შეინიშნება  ზედმეტსიტყვაობა.

ავტორის  ლექსიკა  მწირი, არაზუსტია,

ენის  ნორმები  ბევრგან  არის  დარღვეული.

ავტორი  ვერ  ფლობს  ენას,  სალიტერატურო  ენის  ნორმები  უგულებელყოფილია.

საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები მაღალი 9-10 საშუალოზე მაღალი 7-8 საშუალო 5-6 საშუალოზე დაბალი 3-4 დაბალი 1-2
გამართული და სწორი მეტყველება გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა; შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს. იცავს მართლმეტყველების წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს. იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. უჭირს გამართულად საუბარი.
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად. სათქმელს გადმოსცემს გასაგებად. სათქმელს  ნაწილობრივ გამართულად გადმოსცემს. უჭირს სათქმელის გამართულად გადმოცემა.
კონტაქტი აუდიტორიასთან: თვალსაჩინოებების გამოყენება წარმატებით იყენებს არავერბალურ (ხმის აწევ-დაწევა, მიმიკა, ჟესტიკულაცია) საშუალებებს  აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად იყენებს. თვალსაჩინოებას ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად. ნაწილობრივ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას. იშვიათად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას. ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს. ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს. ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს. ვერ პასუხობს კითხვებს.

„ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები ფასდებიან სემესტრული და წლიური შეფასებით.

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

  1. საშინაო დავალება;
  2. საკლასო დავალება;
  3. შემაჯამებელი დავალება.

შეფასების სამივე  კომპონენტს ერთნაირი ხვედრითი წილი აქვს. საკლასო და საშინაო დავალებათა კომპონენტებში  გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება. ხოლო შემაჯამებელი დავალება ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით.

ეროვნული სასწავლო გეგმით ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველ სემესტრში ოთხი, ხოლო მეორე სემესტრში – ხუთი შემაჯამებელი სამუშაო მაინც უნდა ჩატარდეს.

იმისათვის, რომ სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, ვიყენებთ შემაჯამებელი დავალების მრავალგვარ ფორმას (თხზულება, რეფერატი, მოხსენება, პერსონაჟის დახასიათება, ეპიზოდის შინაარსი კომენტარით. ტექსტის იდეურ-მხატვრული ანალიზი და ასე შემდეგ).

თითოეული მოსწავლე ვალდებულია, შეასრულოს ყველა შემაჯამებელი დავალება (გაცდენის შემთხვევაში, მასწავლებელი უზრუნველყოფს მოსწავლის მიერ ამ დავალების აღდგენას, ვადები და ფორმა დადგენილია სასწავლო წლის დასაწყისში სასკოლო სასწავლო გეგმით).

დაკვირვება ხდებოდა არა მხოლოდ საკლასო ან საშინაო დავალებებზე, არამედ დიდ ყურადღებას ვუთმობდი შემაჯამებელი სამუშაოს გასწორებასა და შემდგომ მის  ანალიზს მოსწავლეებთან ერთად. მართალია, შეცდომების გასწორებაში ქულებს არ  ვწერდი, მაგრამ ვაძლევდი ზეპირ მითითებას და თითოეულ მოსწავლეს   ვავალებდი ეწარმოებინა დაკვირვების ფურცელი, რათა ეკონტროლებინა მიღწევა თუ ხარვეზი. ეს მეთოდი მეხმარებოდა, რათა მომდევნო შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას უკეთესი შედეგისთვის მიმეღწია.

საინტერესო იყო კვლევის პროცესი, დაკვირვების შედეგად ნაყოფიერი აღმოჩნდა. შეიცვალა მოსწავლეთა მიდგომა შეფასების მიმართ. ის არ იყო სასჯელი და მოსწავლეები, როგორც წესი, აღარ ცდილობდნენ წარმოეჩინათ თავი ისეთი, როგორიც ჩვენ, უფროსებს გვინდა იყვნენ, არამედ ისინი იყვნენ ინდივიდები. შეიცვალა მათი მიდგომა სწავლა-სწავლების პროცესის  მიმართ. მათ კარგად გაიგეს, რომ შეფასება დამატებითი აქტივობა კი არა, არამედ  სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია. შეფასების მეშვეობით უნდა ხდებოდეს ყველა მოსწავლის მიღწევის, ცოდნისა და წინსვლის  დადგენა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სწავლება და შეფასება- დამხმარე სახელმძღვანელო(II)

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2008;

2.ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2012.

3.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი

სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მანანა ბაქრაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი