პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ წავუკითხოთ ბავშვებს სწორად

მშობლების უმრავლესობა უკითხავს შვილებს წიგნებს. ჩვენ ვიცნობთ გამოკვლევებს ბავშვებისთვის კითხვის მარგებლობის შესახებ და ეს თითქოს აუცილებელ საქმიანობად გვექცა – მინიმუმად, რომელიც მშობელმა უნდა გააკეთოს შვილის წარმატებისთვის. მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს მიზანს.

ზოგჯერ შვილებს წიგნებს ვუკითხავთ არა იმისთვის, რომ ენობრივი უნარები განვუმტკიცოთ, არამედ იმისთვის, რომ დავაძინოთ ან საშინაო დავალება დავაწერინოთ. ვარჩევთ ღამის წიგნებს ძილისწინა რიტუალისთვის (როგორც ბავშვის აღზრდის ექსპერტები გვირჩევენ), ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვების დასამშვიდებლად და სხვა. ზოგჯერ სხვადასხვა პერსონაჟის სხვადასხვა ხმით ამეტყველებასაც ვახერხებთ, მიუხედავად დახვავებული ჭურჭლისა, ელექტრონული ფოსტისა, დღის დასრულებით გამოწვეული სასოწარკვეთისა და იმისა, რომ ეს ისევ ის წიგნია.

საუკეთესო დღეებში ვუკითხავთ ბავშვებს განსხვავებული სამყაროების საჩვენებლად. ვიყენებთ იგავებს, რათა ბავშვიც ჩაერთოს, როცა ფრთხილად მიმოვიხილავთ გრძნობებისა და ურთიერთობების შესახებ აბსტრაქტულ ცნებებს. ვყიდულობთ ამერიკელი გოგონას წიგნს „თავის მოვლა და ზრუნვა“ („The Care and Keeping of You“) ჩვენი ქალიშვილისთვის მისი განვითარებადი სხეულის შესასწავლად. ვარჩევთ წიგნებს ბულინგზე, როცა ჩვენს ვაჟიშვილს სკოლაში უსამართლოდ აწუხებენ.

ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ წიგნები შესაძლოა გაცილებით სასარგებლოც იყოს. მხოლოდ ის უნდა ვისწავლოთ, რომ თავი დავანებოთ შვილებისთვის წიგნების უბრალოდ კითხვას და ამ საქმეში მათი აქტიურად ჩართვა დავიწყოთ.

არსებობს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ზრდასრულებს, რომლებიც მოკლე მხატვრულ ტექსტებს კითხულობენ, უკეთ ესმით სხვების ფსიქიკური მდგომარეობა (კიდი და კასტანო, 2013). მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟის ფიქრებისა და გრძნობების საფუძვლიანი აღწერა საშუალებას აძლევს მკითხველს, შეივსოს წარმოდგენა პერსონაჟის მოტივაციისა და პერსპექტივის შესახებ, ეს კი ემპათიის თანდაყოლილ გრძნობას აძლიერებს.

საბავშო წიგნების უმრავლესობას არ აქვს წერისა და ნიუანსის ეს დონე, მაგრამ სწორი მიდგომის შემთხვევაში ნებისმიერი წიგნი გამოდგება ემპათიისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის განსავითარებლად. ყველაზე საშინელი წიგნებიც კი.

მაშ, როგორ გამოვიყენოთ წიგნები განსხვავებულად? ავიღოთ კონფლიქტი. წავიკითხოთ ბულინგის ამბავი, სანამ ბავშვებს შორის ურთიერთობა დაიძაბება, მერე კი შევჩერდეთ და წიგნი დავხუროთ. ჰკითხეთ შვილს, როგორ მოიქცეოდა პერსონაჟის ადგილას. ერთად ჩამოყარეთ ვერსიები, მერე კი ისევ გადაშალეთ წიგნი და ბოლომდე მიჰყევით ავტორს.

ნეირომეცნიერების პერსპექტივიდან, მშობელთა უმეტესობა ყოველღამე უშვებს ხელიდან წარმოუდგენელ შესაძლებლობას, გამოიყენოს გამოგონილი კონფლიქტი ცხოვრებისთვის შვილის მოსამზადებლად. წიგნში „შენ დედაჩემი ხარ?“ („Are You My Mother?“) კონფლიქტი მაშინვე ხდება: ბარტყი მარტო იღვიძებს ბუდეში და დედა წასულია. შენ რას იზამდი, ბარტყო? თქვენმა შვილმა ერთად 216-ჯერ წაკითხულ წიგნებშიც კი შეიძლება აღმოაჩინოს პერსონაჟის მოქმედების განსხვავებული გზა, განსხვავებული გადაწყვეტილება, რომელიც პერსონაჟმა შეიძლება მიიღოს.

საგანმანათლებლო კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ სწორედ რეფლექსიის პროცესი უწყობს ხელს ღრმა, საფუძვლიან სწავლას. კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ხშირად მას შემდეგ დგება, რაც წიგნს გადადებ. ამბის ღირებულება ჩვენი შვილების გონებაში იფილტრება – მათი ვარაუდებისა და მათ მიერ შექმნილი სამყაროს საწინააღმდეგოდ აღძრულ ფიქრებში. ჩააფიქრებს თუ არა წიგნი მათ დახურვის შემდეგ?

კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ თუ რაღაცის შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ის უკეთ გამახსოვრდება. ტვინის მოქმედება უმჯობესდება იმის მიმართ, რასაც პრაქტიკაში ახორციელებს და რეფლექსიით ბავშვი აქტიურად ვარჯიშდება გადაწყვეტილების მიღებაში, განსხვავებით წიგნის პასიური მოსმენისაგან. ეს აქტიური პრაქტიკა იწვევს სინაფსურ ცვლილებებს და აძლიერებს ნეირონულ გამტარ გზებს.

როგორც მშობლები, ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენი შვილების შინაგან და ძლიერ განცდებს. ყველას გვსურს, ჩვენი შვილი კითხვაში გაიწაფოს. მაგრამ, უფრო ღრმა დონეზე, რა გვინდა ჩვენი შვილებისათვის? ემპათია შეიძლება გამომუშავდეს მარტივად, სხვისი თვალთახედვის გაზიარებით. ეს იოლი გზაა, გაძლიერებული ემპათიის შედეგები კი შთამბეჭდავია: ემპათიური ადამიანები უფრო კმაყოფილნი არიან ცხოვრებით, უკეთესი ურთიერთობები და განქორწინებათა უფრო დაბალი პროცენტი აქვთ. ემპათიური ადამიანები უკეთესი ხელმძღვანელები, თანამშრომლები, შუამავლები და მეგობრები არიან.

დიდებული ხერხია მშობლებისათვის: თქვენ ჩვეულებრივ წიგნს აქცევთ თავგადასავლად, რომელსაც თვითონ ირჩევთ, ისე რომ ის ემსგავსება რეალურ კონფლიქტს, ცხოვრებას. ეს შეამზადებს ბავშვებს ზრდასრული ცხოვრებისათვის და რადგან განვითარებადი ტვინი ასეთი მოქნილია, ადვილია ასწავლო ემპათია ახლა, მაგრამ რთულია შემდეგ შესასწავლად.

ბავშვებისთვის წიგნების კითხვა პაუზის ან რეფლექსიის გარეშე იგივეა, რაც მათი მიტოვება ფილმის საყურებლად. ჩვენ გვითრევს სიუჟეტი, მოუთმენლად ველით, რა მოხდება შემდეგ. მაგრამ ჩვენ მაინც გარეშე დამკვირვებლები ვართ და ვუყურებთ, როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა. ნამდვილი მაგია კი ჩვენსავე თავებში ხდება, როდესაც ვინმე სხვის ცხოვრებას მოვირგებთ.

აუცილებელია, წიგნის ყოველი წაკითხვისას შევჩერდეთ და დავფიქრდეთ? არა, რადგან ზოგჯერ მხოლოდ სწრაფი კითხვისთვის გვრჩება ენერგია, დაე, თუნდაც რამდენიმე გვერდს გადავახტეთ, ოღონდ ძილის დრო მალე მოვიდეს (ყველას გამოგვიცდია ეს). მაგრამ თუ საამისო დრო გვაქვს, არა მარტო წავუკითხოთ, არამედ დავფიქრდეთ კიდეც და აღმოვაჩენთ, რომ შედეგად უფრო ბედნიერი, უფრო შეგნებული და გაცილებით უფრო ემპათიური შვილები გვყავს.

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/neuroparent/201609/neuroscientist-how-really-read-kids

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი