შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლის დღე სკოლაში

ოქტომბრის თვე მასწავლებლისთვის სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამახასიათებელი მრავალი სირთულით არის სავსე. სწავლა ახლახან დაიწყო და სასკოლო რუტინას სამი თვით ჩამოშორებულებს, ჯერ კიდევ გვიჭირს სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავება და გამოზოგვა. მიუხედავად ამისა, მაინც ვახერხებთ საინტერესო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. დღეს სწორედ ერთ-ერთ მათგანზე  მოგიყვებით.

1994  წელს იუნესკომ  5 ოქტომბერი მასწავლებლის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 1966 წლის 5 ოქტომბერს პარიზის მთავრობათაშორის კონფერენციაზე შეიქმნა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განათლების სფეროს მუშაკთა სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავდა.  მასში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სამუშაოზე აყვანისა და შრომის პირობების განმსაზღვრელი საერთაშორისო ნორმები.  1997 წლის 5 ოქტომბერს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის შესახებაც მიიღო რეკომენდაციები. 2015 წელს, მასწავლებლის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაჟღერდა ამ დღის მთავარი დევიზი: „მასწავლებელთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება. მდგრადი საზოგადოების შექმნა“. როგორც ხედავთ, ხარისხიანი განათლება მიჯაჭვულია მასწავლებლის უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების აუცილებლობასთან, რადგან სწორედ ეს პროფესია ასრულებს მთავარ როლს მომავალი საზოგადოების განვითარების საქმეში.

მასწავლებლის პროფესია დღესაც განიცდის კადრების უკმარისობას. ამის მიზეზი, პირველ რიგში, მისი არც თუ ისე მომხიბვლელი სოციალური სტატუსი და ანაზღაურებაა.  არადა, იუნესკოს სტატისტიკური ინსტიტუტის შეფასებით, მსოფლიოში საყოველთაო დაწყებითი განათლების უზრუნველსაყოფად დაწყებითი კლასების 12,6 მილიონი  პედაგოგის მომზადებაა საჭირო.

iyalTo

 

ქართულმა საზოგადოებამ განათლების მიღების აუცილებლობა საუკუნეების წინ გაიაზრა, თუმცა ,,ცოდნის ალი“ მხოლოდ სოციალური კიბის სათავეში მდგომთ სწვდებოდათ. პირველი ქართული საგანმანათლებლო კერების არსებობას ძველი ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ჩანაწერებიც ადასტურებს.  საქართველოში ანტიკური განათლების გავრცელებაზე კოლხეთის უმაღლესმა რიტორიკულმა სკოლამ (III სკ.) იზრუნა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების  შემდეგ ეკლესიების ბაზაზე სკოლების გახსნა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ საქართველოში დამპყრობლების გაუთავებელმა თარეშმა, განსაკუთრებით კი – არაბთა ბატონობამ, ქართული კულტურის განვითარება დიდი ხნით შეაფერხა.

განათლების კერების გახსნასა და პედაგოგიური საქმიანობის აღორძინებაზე ზრუნვა  დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მოსწავლეებს გელათისა და იყალთოს აკადემიების შესახებ მოვუყევი, რადგან  საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მონარქების  თანამედროვე, ასევე ბრწყინვალე მეცნიერებმა და პედაგოგებმა, სწორედ ამ აკადემიების ჭერქვეშ განაგრძეს თავიანთი მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობა.

იყალთოს აკადემია IX საუკუნეში დაარსებულა, თუმცა არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად არსებობა შეუწყვეტია.  XII საუკუნეში კი იქ დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კარის მრჩეველი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი ჩასულა და აკადემიის აღდგენა დაუწყია. არსენ მაყაშვილი წარმოშობით იყალთოელი ყოფილა და აკადემიაში დაფუძნების შემდეგ ნამდვილი გვარით თითქმის არსად მოიხსენება.

არსენ იყალთოელის თაოსნობით 1114-20 წლებში  იყალთოს აკადემია თავიდან ამოქმედდა. მისი პირველი რექტორი ქართველი სტუდენტებისთვის თავადვე თარგმნიდა თანამედროვე უცხოენოვან სამეცნიერო ლიტერატურას. ანატომიის უბადლო მცოდნეს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელოც, რომლის დახმარებითაც ეს დისციპლინა გელათისა და იყალთოს აკადემიებში კარგა ხანს ისწავლებოდა. ქართველი სტუდენტები ასევე ეუფლებოდნენ: ღვთისმეტყველებას,  რიტორიკას,  ასტრონომიას,  ფილოსოფიას,  გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას, მჭედლობას, კერამიკასა (მეკეცეობა) და მევენახეობა-მეღვინეობას, რასაც ადასტურებს აკადემიის შენობაში აღმოჩენილი რამდენიმე საწნახელისა და ერთ-ერთი ოთახის იატაკში ჩაფლული ქვევრების ნაშთი.

იყალთოს აკადემია საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერებების აღორძინების საქმეს. მან არსებობა 1616 წელს, შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ შეწყვიტა.

იყალთოსთან ერთად,  გელათის აკადემიაც უმაღლესი განათლების ანალოგიურ პრინციპებს ემსახურებოდა. 1106 წელს გელათის მონასტრის ბაზაზე თავად მეფე დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსებულ აკადემიაში სამოღვაწეოდ შეიკრიბნენ სწავლული ქართველები, მათ შორის – იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი.  მათი საქმიანობის აღსაწერად ისიც კმარა, რომ გელათის აკადემიას აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად მოიხსენიებდნენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა არსებული ქართული კულტურის კერები, როგორიცაა: ათონის ივერთა მონასტერი საბერძნეთში და პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში, ქართული საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება კიდევ რამდენიმე საუკუნით გადაიდებოდა.

სამონასტრო კომპლექსების ბაზაზე დაარსებული აკადემიების გაუქმების შემდეგ დიდი დრო გავიდა, სანამ სახალხო განათლების საქმე ხელისუფლების პრიორიტეტად იქცეოდა და 1755 წელს თბილისის პირველი სემინარია გაიხსნებოდა. ერთი საუკუნის შემდეგ კი საქართველოში 150-მდე სასწავლებელი არსებობდა, მათ შორის იყო ყველასათვის ცნობილი თბილისის პირველი გიმნაზია და გორის საოსტატო სემინარია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მთელი ამიერკავკასიის პედაგოგთა კადრების მომზადებაში.

iakob gogebaSvili

მასწავლებლის დღე რომ არა, ოქტომბრის თვე მაინც არ ჩაივლიდა ქართული პედაგოგიკის სულის ჩამდგმელის – იაკობ გოგებაშვილის გარეშე. მეც ჩემს მსმენელებს გავახსენე არც თუ შორეულ წარსულში მათ მიერ ნაფურცლი ,,დედა ენა“ და „ბუნების კარი“.   ორიოდე სიტყვით ,,დიდური ამბებსაც“  შევეხე. მოვუყევი იაკობის მთავარ საქმიანობაზე  –  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე, რომელიც თავისი ორმოცწლიანი არსებობის მანძილზე პროგრესული განათლების მთავარ კერას წარმოადგენდა, მის უმთავრეს მიზანს კი, ახალი სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურის შექმნის გარდა, სახალხო სკოლების გახსნა და ნიჭიერი, მაგრამ დაბალი სოციალური ფენის ხელმოკლე წარმომადგენლებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა წარმოადგენდა.

შემდეგ ორიოდე სიტყვით იმ ქართველ მასწავლებლებსაც შევეხე, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ემსახურებოდნენ ქართულ განათლებას. ვისაუბრეთ სოლომონ დოდაშვილზე, რომელიც არა მარტო საუკეთესო პედაგოგი, ახალგაზრდების ნდობით აღჭურვილი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ნიკოლოზ ბარათაშვილის საყვარელი მასწავლებელი  გახლდათ.  ბოლოს კიდევ ერთი დაუვიწყარი მოსწავლე-მასწავლებლის წყვილის  –  სულხან–საბა ორბელიანისა და ვახტანგ VI -ის მიერ განათლების სფეროში დატოვებულ  საკმაოდ ღრმა კვალს  შევავლეთ თვალი.

რა თქმა უნდა, ეს წყვილები შემთხვევით არ შემირჩევია. მინდოდა ხაზი გამესვა მოსწავლე–მასწავლებლის იმ განსაკუთრებული ტანდემისთვის, როცა ყველასათვის ცხადი ხდება, რომ მათ სწორედ ერთმანეთის წყალობით ჩაიდინეს ,,საქმენი საგმირონია“ და როგორც ალექსანდრე მაკედონელი ვერ იქნებოდა არისტოტელეს გარეშე ის, ვინც მისგან ამ შესანიშნავი პედაგოგის წყალობით დადგა, ალბათ ვერც ჩვენი ზემოთ ხსენებული მონარქისგან მივიღებდით  მწიგნობარ მეფეს  დიდი ქართველი მეიგავის გარეშე და ვერც ახალგაზრდა რომანტიკოსის მტკვრის პირას აშლილი ფიქრები იქნებოდა ,,ეროვნული სულისკვეთებით“ ასე გაჟღენთილი.  თუმცა ამ დღეს წერტილს ისე ვერ დავუსვამდი,  მასწავლებლის ცხოვრებაზე მოსწავლეების უდიდესი ზეგავლენისთვისაც რომ არ გამესვა ხაზი. მაგალითად კი ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მოსწავლე, განათლების უფლებისთვის მებრძოლი, ყველაზე პატარა ნობელიანტი – მალალა იუსუფზაი მოვიყვანე და მოსწავლეებთან ერთად  კიდევ ერთხელ გავიარე ამ გოგონას უჩვეულო, სირთულეებით სავსე გზა სკოლისაკენ.

ჩემი სკოლაში მოღვაწეობის განმავლობაში, წელს პირველად გადავწყვიტე მასწავლებლის დღის ასე ,,ხმამაღლა“ აღნიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი პრეზენტაციის ფორმატში წარიმართა,  ამ დღის მიზანი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ ყოფილა. მე და ჩემს კოლეგებს რამდენიმე პედაგოგის მაგალითზე გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ რა ძალა აქვს მასწავლებლის თითოეულ სიტყვას და რა მიზანს ემსახურება ის. სამომავლოდ ამ დღის სკოლის გარეთ გატარებას, თანამედროვე მასწავლებლების გაცნობასა და სხვა ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელებას ვგეგმავ, მაგრამ სჯობს ამაზე მომავალი წლის ოქტომბრის თვეში ვისაუბრო. მანამდე კი ყველა მასწავლებელს მსუყე შემოდგომასა და კარგი მოსავლის აღებას ვუსურვებ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი