პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პიკნიკი

რა ასოციაცია გიჩნდებათ სიტყვა „პიკნიკის“ გაგონებაზე?  თუ აპირებთ, რომ მწვანე მდელო, კამკამა მდინარე, ქოჩორა ხეები და ზედ ტკბილად მოჭიკჭიკე  ჩიტები წარმოიდგინოთ, ტყუილად შეწუხდებით. ნურც სანოვაგით დატვირთული  კალათისკენ და მწვანე ბალახზე სახელდახელოდ გადაფენილი  სუფრისკენ გაგექცევათ თვალი.

წარმოიდგინეთ რაიმე ბაღი, შიგ გაშლილი თეთრი კარვები, კარვებში კიდევ მოღიმარი მეცნიერები და სპეციალურად თქვენთვის მოფიქრებული გასართობი ექსპერიმენტებისგან შემდგარი პროგრამა. თქვენ კარავში შედიხართ და რაიმე სახალისოს, ან საინტერესოს  ნახვას თხოულობთ. როგორც იტყვიან, ითხოვე და მოგეცემაო. ჰოდა, მაშინვე სწორედ თქვენთვის რაიმე ლამაზს და უჩვეულოს ჩაატარებენ. ჯერ ერთს, შემდეგ მეორეს, მესამეს… მერვეს… მეათეს… შემდეგ შეიძლება მორიდებით გითხრან, ახლა იქნებ სხვა კარავშიც შეგეხედათ.  ამასობაში საექპერიმენტო მაგიდას გავასუფთავებთ და განვაახლებთო. თქვენ კი, ან მადლობას გადაუხდით და მართლაც სხვა კარვების მონახულებით დაკავდებით, ან შეგიძლიათ უკმაყოფილო სახე მიიღოთ და თქვათ: სულ ეს იყო, წავიდეთ შვილო, წავიდეთ (ეს იმ შემთხვევაში, თუ შვილიც გეყოლებათ თან).

დამავიწყდა მეთქვა, სამეცნიერო პიკნიკი პოლონეთში მოიფიქრეს. პირველად ვარშავაში 1997 წლის 14 ივნისს ჩატარდა. მას შემდეგ ფართოვდება და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება.

ისევ იმას დაუბრუნდები, რითიც დავიწყე. ათასნაირ ხალხს შეხვდებით პიკნიკის დროს. ძირითადად, მეცნიერებით დაინტერესებული მოზარდები მოდიან, რაც ნამდვილად ძალიან კარგია. თუმცა ზოგიერთი  უკმაყოფილოც არის… მაგალითად,  იმით, რომ მხოლოდ თერთმეტი ცდა ნახა. ან ისეთს, თავისი სამკაულების გაწმენდა, რომ სურს. ვერ გაიგეთ ხომ, რისი თქმა მინდა? ახლავე ავხსნი. ერთ პიკნიკზე ვაკეთებდი, ე.წ. „ვულკანს“, რომელიც სინამდვილეში ამონიუმის ბიქრომატის დაშლის რეაქციაა, მაგრამ უმჯობესია ითქვას, რომ „ვულკანს“ გაჩვენებთ. აბა, რომ თქვა, ახლავე ამონიუმის ბიქრომატს დაგიშლით-მეთქი, არავის დააინტერესებს და ყველა გაიქცევა.

„ვულკანი“ კი… ოოო, საინტერესოა.

ამ რეაქციის დროს „ლავაც“ არის. აბა რისი „ვულკანია“? „ლავის“ როლს ქრომის ოქსიდი ასრულებს. დიდი რაოდენობით გამოიყოფა. სხვათა შორის, შეგიძლიათ შეაგროვოთ და შემდეგ იაფ კატალიზატორად გამოიყენოთ. ან შეაგროვოთ, დაასხათ წყალი ისეთი რაოდენობით, რომ ფაფისებრი კონსისტენცია მიიღოთ და ამ მასით თქვენი  ვერცხლის სამკაულები გაწმინდოთ. ჰოდა, სწორედ ამ განმარტებების დარიგებით ვიყავი დაკავებული, რომ ერთმა ქალბატონმა ჯერ საყურეები მოიხსნა, შემდეგ ბეჭედი და გამომიწოდა… იქვე დააყოლა, რამდენ ხანში მოვიდე, როდის დამახვედრებთ გაწმენდილსო…

კიდევ ორი ბატონი მახსენდება. იმ წელს პიკნიკი თბილისობას დაემთხვა და სანამ ჩემს კარვამდე მოვიდოდნენ, სამწვადე, სახინკლე და სასოსისე კარვები უნდა გამოევლოთ. ეტყობა არცერთზე უარი არ თქვეს და როგორც მათივე საუბრიდან გავარკვიე, ღვინით, არყით და ლუდით „მაგარი პერეგაროდკები“ გააკეთეს საბრალო კუჭში.

ჰოდა, ჯერ მხიარულად იყვნენ, კუჭის და თავის ტკივილი მოგვიანებით დაეწყებოდათ. ამიტომ, ჩემს კარავში სულ თითების ტკაცუნით შემოვიდნენ (დაახლოებით ისე, რესტორნებში, რომ ატკაცუნებენ) და მითხრეს – აბაა, რას გვიჩვენებთ?

ჰოო… პიკნიკს რა – ვუთხარი მე… მაგრამ პიკნიკია, უნივერსიტეტის სახე ხარ და სულ ღიმილგადაშლილმა უნდა აჩვენო შენი პროგრამა.

– ფული დავწვათ, ბატონო,

ამაზე გამოცოცხლდნენ…

– ჩვენი თუ თქვენი?

– ჰმ, თქვენი არ ჯობია? სერიოზული სახით ვეკითხები;

– არაა…

დასაწვავად საგულდაგულოდ გადანახული ძველი ქაღალდის ლარიანები გვქონდა მომარაგებული. ქიმიკოსებმა ეს ცდა იციან. ნებისმიერ ქაღალდზე შეიძლება მისი გაკეთება, თუმცა ფული უფრო ეფექტურია. მიხვდით ალბათ, რომ არაფერიც არ დაიწვება. ცეცხლი წაეკიდება, მაგრამ უვნებელი ქაღალდი, ბანკნოტი (რასაც დაწვავთ) შეგრჩებათ ხელში. ბევრს მეხვეწნენ რეცეპტი გაგვიმხილე, სანაძლეოებს მოვიგებთო, მაგრამ მე კვლავ სერიოზული სახით უპასუხე, რომ თუ ქიმიკოსის დიპლომი არ ჰქონდათ, მათ ხელში ცდა არ გამოვიდოდა და ყველაფერი დაიწვებოდა. ეჭვიანად შემომხედეს, ხელი ჩაიქნიეს და წავიდნენ.

ერთი პატარა, ათიოდე წლის  ბიჭიც მახსოვს. ქერა თმები ჰქონდა და ცხვირზე ჭორფლები ეყარა. გავეხუმრე, მზემ გაკოცა-მეთქი? არაო, იუარა, თვალითაც არ მინახავსო. ზემოთ არის თავისთვისო. ყურადღებით მაკვირდებოდა, რას ვაკეთებდი. შაქარი დავწვი გოგირდმჟავით. ამ ექსპერიმენტის დროს ჭიქიდან უზარმაზარი შავი მასა ამოხტება და ეფექტიც ეს არის.

– ეგ რა იყო? მკითხა ბიჭმა,

– შაქარი.

– და სითხე წყალი?

– არაა, – ვიცინი, – წყალს, რომ შაქარს ასხამ, ასე მოსდის ხოლმე? ჰოდა, მეც გამიკვირდა, ჩემთან რატომ არ მოსდისო,-გაიცინა ბიჭმაც.

– ისე, ტყვიის შაქარიც ხომ არსებობს, ერთ  წიგნში წავიკითხე, ძველ რომში ღვინოს ატკბობდნენო…

ჰმ, დაკვირვებული ბიჭი ჩანს.

– არა, ის სხვა შაქარია, გინდა მოგიყვე?

– კიი, სასაცილოდ აბზიკა ცხვირი

1859 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა გასტონ პლანტემ ტყვიის აკუმულატორი გამოიგონა, მას შემდეგ მილიონი ტონა ტყვია დაიხარჯა აკუმულატორის ფირფიტების დასამზადებლად.

– ტყვიაზე გსმენია რამე? – ვეკითხები ბიჭს.

– კი, -მტკიცე და გადამჭრელ პასუხს მაძლევს. მე კი ვაგრძელებ.

მარილმჟავასა და გოგირდმჟავაში ტყვია არ იხსნება. თუმცა, ისეთი სუსტი ორგანული მჟავები, როგორიც ჭიანჭველმჟავა და ძმარმჟავააა,  ტყვიას იოლად ხსნის. გოგირდმჟავასა და მარილმჟავაში მოხვედრისას წარმოიქმნება ტყვიის უხსნადი სულფატის ან ქლორიდის ფენა და ის მას შემდგომი გახსნისგან იცავს. ძმარმჟავაში გახსნისას ტყვიის აცეტატი წარმოიქმნება. ამ მარილს ეგვიპტელმა ქემეიას მიმდევარმა ზოსიმამ  ტყვიის შაქარი უწოდა. ტკბილია, მაგრამ ისევე მომწამლავია, როგორც ტყვიის ყველა მარილი. ძველ რომში ეს არ იცოდნენ და ღვინოს არა მხოლოდ ტყვიის ჭურჭელში ინახავდნენ, კარგი გემოს მისაცემად ტყვიის შაქარსაც უმატებდნენ. მომწამლავია, მაგრამ იაფია. ორჯერ უფრო იაფი, ვიდრე ალუმინი და კალა.

– ახლა გაიგე, რა ყოფილა ტყვიის შაქარი?

– დიახ… და ტყვიაზე მეტი არაფერი იცით?

ჰმ, ეშმაკი ბიჭია, მიწვევს. ეს ერთ ამბავს მახსენებს ორ პატარა დაზე. ერთი მაღალი და უფროსი იყო, მეორე – დაბალი და უმცროსი. მაღალი და უფროსი პაპასთან ერთად სოფელში ჰამაკში ნებივრობდა. თავზე დაბალი და უმცროსი წამოადგათ და თავის დას უთხრა:

  • თათა, შენ დაბალი, მე მაღალი… თათა…

თათა აღშფოთდა, წამოხტა და პატარა დას ზემოდან ჩამოხედა, ვინ არის გოგო შენი დაბალიო. ამ დროს დამ დრო იხელთა და პაპის გვერდით მოკალათდა:

  • ჰო, თათა, შენ – მაღალი და მე – დაბალიო.

ბევრი იყვირა თათამ, ადექი ახლავე, პაპა ჩემიაო, მაგრამ გვიანი იყო.

ჰოდა, მეც დაახლოებით ასე ვთქვი, ვინ არ იცის მეტი არაფერი ტყვიაზე-მეთქი და გავნაგრძე.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ასხვავებდნენ ტყვიას და კალას-პლუმბუმ ალბუმ და პლუმბუმ ნეგრუმ.  ტყვიის  მთავარი საბადო აგლინიტი, PbS ტყვიის სულფიდია. ეს მინერალი, რომ კოცონზე დავდოთ, გოგირდი დაიწვება და გამლღვალი ტყვია დარჩება.  ხის ნახშირი ტყვიის დაჟანგვას ხელს უშლის. რკინაზე ორნახევარჯერ მძიმეა. ძველი რომაელი მეზღვაურები ხის ხომალდებით დაცურავდნენ. როდესაც გემს სადმე დააყენებდნენ, იმისთვის, რომ  ადგილზე გაჩერებულიყო,  ღუზას ტყვიის ნაჭრებს აბამდნენ. ისედაც ტყვიის ფირფიტებს იყენებდნენ სიმძიმისთვის. ხომალდების კორპუსებსაც ტყვიის თხელ ფირფიტებს აკრავდნენ.  შედეგად, ხე მალე აღარ ფუჭდებოდა.

მხატვრები ტყვიის ბაზაზე დამზადებულ საღებავებს იყენებდნენ.  ზოგიერთი ახლაც  მოქმედია. ყვითელი, ტყვიის ქრომატი PbCrO4, წითელი, ტყვიის „სურიკი“, იგივე ტყვიის პლუმბატი Pb2PbO4; ტყვიის მათეთრებელი; ამ უკანასკნელს  ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ როდოსზე ამზადებდნენ. ძალიან ძვირი ღირდა. ერთხელ ბერძენი მხატვარი ნიკეა როდოსიდან საღებავებს ელოდებოდა. გემები ათენის პორტში შემოვიდნენ, მაგრამ… ბედი არ გინდა… ხანძარი გაუჩნდათ. საბრალო მხატვარი ნაპირიდან ადევნებდა თვალყურს. ბოლოს, როგორც იქნა ჩააქრეს. მხატვარმა იფიქრა, იქნებ რამე გადარჩაო. მართლაც, რამდენიმე კასრი უვნებელი დახვდა, ოღონდ როდესაც გახსნა, იქ თეთრის ნაცვლად წითელი საღებავი აღმოჩნდა. ასე ასწავლათ ხანძარმა ერთი საღებავიდან მეორის მიღების წესი.

1673 წელს ინგლისელმა მინის ოსტატმა ჯორჯ რავინგსტორმა მინის შემადგენლობას ტყვიის ოქსიდი დაუმატა და ბროლი მიიღო. ის იოლად ლღვება, დამუშავებას კარგად ექვემდებარება. ნამდვილი მთის ბროლივით ბრწყინავს. როდესაც ბროლის ნივთს შეიძენთ, დახედეთ ყუთს, ზედ უნდა ეწეროს, რამდენ პროცენტ ტყვიის ოქსიდს შეიცავს, ძირითადად 24%-მდე არის. ამიტომაც,  ბროლის ნაკეთობები მძიმეა.

შევალღოთ სუფთა თეთრი კვარცის ქვიშა, კალიუმის კარბონატი, ანუ პოტაში და ტყვიის ოქსიდი. მივიღებთ მასალას სახელად სტრაზი. მასში სხვადასხვა პიგმენტის დამატებით კი განსხვავებული ფერი გვექნება. სახელი მეთვრამეტე საუკუნის იუველირის სტრაზის პატივსაცემად უწოდეს. ეს არის მინა, რომელიც ძალიან ბრწყინავს. მათი მეშვეობით სხვადასხვა ძვირფასი ქვების იმიტაციას აკეთებენ.

წელს პიკნიკისთვის მომზადებული მძიმე კალათები ერთი კორპუსიდან მეორეში მარტოს გადამქონდა. საკმაო მანძილი იყო. გზაში უამრავი ადამიანი შემხვდა. ნაცნობები იყვნენ თუ არა, არ ვიცი. უბრალოდ აღქვიქვამდი, რომ ბევრი ხალხი იყო (ჩემი გასაჭირი მქონდა). ამდენ ხალხში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა „კაცი“. ჩემთვის უცნობი ბიჭი ხელებში მეცა და კალათები ოთახამდე ამატანინა. როცა მადლობა გადავუხადე, შეიშმუშნა, რას ამბობთო, აბა გულგრილი დავრჩენილიყავი და მეყურებინა, როგორ მოგქონდათ მარტოს ამდენი რამეო?

ჰმ… ყოჩაღ დედამისს! კაცი გაუზრდია!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი