ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კვლევა ბავშვებთან ერთად: მრავალფეროვანი მეთოდები

შესავალი

…ბავშვს აქვს ასი ენა,

ასი ხელი,

ასი აზრი,

ფიქრის, თამაშის, ლაპარაკის ასი გზა.

ასი, ყოველთვის ასი

გზა მოსმენისთვის,

აღტაცებისა და სიყვარულისთვის,

ასი სიხარული

სიმღერისა და გაგებისთვის,

ასი სამყარო აღმოჩენისთვის,

ასი სამყარო გამოგონებისთვის,

ასი სამყარო საოცნებოდ.

ბავშვს აქვს ასი ენა

(და ასჯერ, ასჯერ, ასჯერ მეტი)…

მაგრამ მათ ჰპარავენ ოთხმოცდაცხრამეტს.

                                       ლორის მალაგუცი

ბავშვის ცხოვრების, განვითარების, რეალობის მისეული აღქმის შესწავლა დღეს უკვე აქტუალურია არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვისაც საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში. ბავშვებსა და მათ შემოქმედებაზე ობიექტური და თანმიმდევრული დაკვირვება, ვერბალური თუ არავერბალური გზებით გამოხატული მოსაზრებების, ემოციებისა და დამოკიდებულებების შესწავლა და ინტერპრეტაცია ეხმარება მასწავლებლებს ბავშვების საჭიროებებისა და ინტერესების უკეთ გააზრებაში და, მათი პერსპექტივის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. სამწუხაროდ, საბავშვო ბაღი თუ სკოლა ხშირად ბავშვებისთვის უინტერესო, მოსაწყენ ადგილს წარმოადგენს. მართალია, ერთი მხრივ, ამ უარყოფით დამოკიდებულებას შეიძლება განსაზღვრავდეს ძალაუფლებრივი უთანასწორობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და განათლების იძულებითი ხასიათი, მაგრამ, მეორე მხრივ, სკოლას შეუძლია დაუკმაყოფილოს ბავშვს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და საგანმანათლებლო პროცესი მის გამოცდილებასა და ინტერსებს დაუკავშიროს. ძალაუფლებრივი უთანასწორობა ბავშვებსა და უფროსებს შორის შეინიშნება ყველა იმ სივრცეში, სადაც ბავშვი დროს ატარებს.

ბავშვებთან ერთად ჩატარებულ კვლევას უფლებრივი საფუძვლებიც აქვს: გაეროს ბავშვის უფლებების კონვენცია (1989) განსაზღვრავს ე. წ. მონაწილეობით უფლებებს, რომლებიც გულისხმობს ბავშვის მიერ საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმისა და საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებებს.

რიგი თეორეტიკოსებისა ბავშვების ასეთ ჩართულობას და მათი პერსპექტივების გათვალისწინებას განიხილავს, როგორც მათივე სამოქალაქო უფლებების რეალიზების საშუალებას. საგანმანათლებლო პროცესში ბავშვების მოსაზრებების გათვალისწინება ნიშნავს ბავშვების, როგორც თანასწორი პიროვნებების, აღიარებასა და პატივისცემას.

ბავშვებთან ერთად ჩატარებული კვლევების მოკლე ისტორია და ზოგადი მეთოდოლოგიური საკითხები

ბავშვები მეცნიერთა ინტერესის სფეროს ნაკლებად წარმოადგენდნენ. მათ მიზანმიმართულ კვლევას დაახლოებით ასწლიანი ისტორია აქვს, რომლის დიდი ნაწილიც “ბავშვის განვითარების” პარადიგმას უკავშირდება. მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე მეცნიერები ბავშვს განიხილავდნენ, როგორც განვითარების პროცესში მყოფ არსებას, არასრულყოფილ, ჯერ კიდევ არაკომპეტენტურ ზრდასრულს. ბავშვის განვითარების პარადიგმის წარმმართველ დისციპლინას წარმოადგენდა ფსიქოლოგია, რომელიც თეორიული პერსპექტივებითა და ექსპერიმენტული კვლევებით ცდილობდა, პასუხი გაეცა ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კითხვებისთვის. 90-იან წლებამდე სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებში განვითარების ფსიქოლოგია იყო დომინანტური ბავშვებთან (განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებთან) დაკავშირებული ცოდნის გენერირების საკითხში, სხვა სიტყვებით, ფლობდა „ჭეშმარიტების გასაღებს“. განვითარების ფსიქოლოგიისთვის საინტერესო იყო ის უნივერსალიები, რომლებიც ბავშვების განვითარებას ახასიათებდა: როდის იწყებს ბავშვი სხვისი თვალთახედვის გაგებას? როდის და როგორ იწყებს საგნის მუდმივობის გააზრებას? და ა. შ. ამავდროულად მიიჩნეოდა, რომ ამ ცოდნის მიღება, ბავშვის სრულყოფილად შესწავლა შესაძლებელი იყო ობიექტური მკვლევრის მიერ ბავშვის ქცევასა და მეტყველებაზე დაკვირვებით.

თანამედროვე მკვლევრებს (მათ შორის განვითარების ფსიქოლოგებსაც: ერიკა ბურმანი, ელისონ გოპნიკი და სხვა) მიაჩნიათ, რომ „განვითარების პარადიგმის“ ფარგლებში კვლევა ხორციელდებოდა ბავშვებზე, როგორც პასიურ დასაკვირვებელ ობიექტებზე, ვინაიდან ისინი მოიაზრებოდნენ ეგოცენტრულ, არარაციონალურ და მორალისგან თავისუფალ არსებებად. შესაბამისად, კვლევის ობიექტს არ წარმოადგენდა ბავშვის, როგორც პიროვნების, პერსპექტივა. დღეს ეს ხედვა დიდწილად ჩანაცვლდა და ბავშვი მიიჩნევა კომპეტენტურ არსებად. ამ ხედვის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ბავშვის უფლებების კონვენციის პრინციპებმა, ხოლო, მეორე მხრივ – უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში დაგროვილმა მულტიდისციპლინურმა მტკიცებულებებმა, რომლებიც მიუთითებს, რომ ბავშვების გამოცდილება, სწავლის უნარი, წარმოსახვა, შემოქმედებითობა, სხვებზე ზრუნვის უნარი ბევრად უფრო კომპლექსური და განვითარებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. სწორედ ამ კონტექსტში აქტუალური ხდება ისეთი მეთოდოლოგიური კონცეფციები, როგორიცაა: კვლევა ბავშვებთან ერთად, მოსმენა, ხმის უფლების მინიჭება, მონაწილეობითი კვლევა, ბავშვის მიერ მართული კვლევა. მათ ჩაანაცვლეს “ბავშვზე ჩატარებული კვლევის” მიდგომა.

კვლევა ბავშვებთან ერთად – ბავშვობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის ახალი პარადიგმა – კვლევის პროცესში ბავშვს ცენტრალურ როლს ანიჭებს. ის მას მოიაზრებს კვლევის თანამონაწილედ და არა – ობიექტად. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს ხდება ზუსტად იმავე კვლევის მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება, რასაც ზრდასრულებთან ვიყენებთ. ბავშვები უფროსებისგან თვისობრივად განსხვავდებიან. ბავშვის განვითარების სპეციალისტი ელისონ გოპნიკი წიგნში “ფილოსოფოსი ჩვილი” აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ბავშვებმა ჩვენთან შედარებით ძალიან ცოტა იციან, მეორე მხრივ კი, ადრეული ასაკიდანვე აქვთ წარმოსახვის, შემოქმედებითობის, სწავლის განსაკუთრებული უნარები, რომლებიც ზრდასრულობასთან ერთად სუსტდება:

“ადამიანის განვითარება მეტამორფოზას წააგავს. ეს, უბრალოდ, ზრდის პროცესი კი არაა, არამედ მუხლუხის პეპლად გადაქცევაა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ბავშვები არიან სიცოცხლით სავსე, მოფარფატე პეპლები, რომლებიც ნელ-ნელა, ზრდასთან ერთად, გარდაიქმნებიან მუხლუხებად” (გოპნიკი, გვ. 9).

აქედან გამომდინარე, ბავშვობითა და ბავშვებით დაინტერესებული მკვლევრები იყენებენ მრავალფეროვან, შემოქმედებით ხერხებს მათი პერსპექტივის უკეთესად დანახვისა და შესწავლისთვის. ბავშვებთან ერთად ჩატარებული კვლევის დროს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, უფრო ხშირად არავერბალური მონაცემების შეგროვება ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ადრეულ ასაკში მათი ვერბალური შესაძლებლობები შეზღუდულია და ისინი, ზრდასრულებისგან განსხვავებით, თვითგამოხატვის უფრო მრავალფეროვან ხერხებს მიმართავენ. კვლევის დროს მკვლევრები ხშირად რამდენიმე მეთოდს იყენებენ, რაც მთლიანი სურათის უფრო ობიექტურად დანახვის შესაძლებლობას იძლევა და ამცირებს არასწორი ინტერპრეტაციის რისკს. მეტიც, ხშირ შემთხვევაში მკვლევარი საკუთარ მოსაზრებებსა და ინტერპრეტაციებს განიხილავს არა „უზენაეს“ ჭეშმარიტებად, რომელიც მოვლენებს ახსნის, არამედ ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ადრეული ბავშვობის მკვლევრების, ელისონ კლარკისა და პიტერ მოსის მიერ შემუშავებული მოზაიკური მიდგომა. ეს მიდგომა მოიაზრებს კვლევის პროცესში ერთდროულად რამდენიმე მეთოდის გამოყენებას კვლევის მიზნებისა და ბავშვების ასაკის შესაბამისად. სხვადასხვა მეთოდის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია მოზაიკის ნაწილებია, რომლებიც საშუალებას აძლევს მკვლევარს, უკეთ გაიაზროს ბავშვის გარემო, შეხედულებები, გრძნობები და დამოკიდებულებები. ეს მეთოდებია: დაკვირვება, ბავშვების მცირე ჯგუფთან საუბარი (მინი “ფოკუს-ჯგუფები”), ფოტოაპარატისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება (ხშირ შემთხვევაში, ბავშვების მიერ), ტურები (რომლებსაც ბავშვები წარმართავენ), რუკების შედგენა, როლური თამაშები და ა. შ.

მოზაიკური მეთოდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ბავშვების მოსაზრებების, დამოკიდებულებების შესწავლა მკვლევრის ან თავად ბავშვების მიერ შეგროვებული “მტკიცებულებებისადმი”: მათ მიერ გადაღებული “საყვარელი” ან “საშიში” ადგილების ფოტოები, მათი ნამუშევრები კვირის ყველაზე სახალისო აქტივობის შესახებ, თამაშის ფოტო თუ ვიდეოჩანაწერები, საუბრების აუდიოჩანაწერები, სკოლის რუკა, რომელზეც დატანილია მნიშვნელოვანი ადგილები და ა. შ.

მოზაიკური მიდგომა და ბევრი თანამედროვე მკვლევრის მიერ გამოყენებული კვლევის მეთოდები პოზიტივისტური მიდგომისგან შორს დგას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ მიზანს არ წარმოადგენს უნივერსალური ჭეშმარიტებების ძიება ბავშვის განვითარებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან დაკავშირებით. ამ კვლევებისთვის ამოსავალ წერტილს სწორედ შესაძლებლობების, გამოცდილების მრავალფეროვნების აღიარება წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვი, რომელიც კონკრეტულ გარემოში უნიკალურ გამოცდილებას იღებს, გამოხატავს საკუთარ მოსაზრებებს, გრძნობებსა და დამოკიდებულებებს ადამიანების, გარემოსა და მოვლენების მიმართ. მეტიც, აღნიშნული კვლევითი პარადიგმა (ე. წ. „პოსტგანვითარების“ ან „პოსტსტრუქტურალისტური“) ბავშვთა (და ზრდასრულთა) პერსპექტივებს არ მოიაზრებს, როგორც მდგრადსა და უცვლელს; დამოკიდებულებები და ემოციები მუდმივად განახლებადი და ცვალებადია, ფორმირდება და ტრანსფორმირდება გარემოსთან ურთიერთობის პროცესში. განზოგადებასთან დაკავშირებული გამოწვევები არ აკნინებს ამ კვლევების მნიშვნელობას. პირიქით, ის საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ ბავშვების მოსაზრებები, განცდები, დამოკიდებულებები, რომლებსაც მხოლოდ შეფასების ტესტებითა და გარე დაკვირვებით ვერ მივიღებთ. სწორედ ასეთი კვლევები გვაძლევს საშუალებას, გავაუმჯობესოთ და ბავშვზე ორიენტირებული გავხადოთ საგანმანათლებლო პროცესი; შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ბავშვები ინტერესით ისწავლიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოში.

გამოყენებული ლიტერატურა

Clark, Alison & Peter Moss. (2011). Listening to young children. The mosaic approach. London: NCB.

Fleer, Marilyn & Avis Ridgway (Ed.). (2014). Visual methodologies and digital tools for researching with young children. Transforming visuality. International Perspectives on Early Childhood Education and Development 10. Springer

Gopnik, Alison. (2009). The philosophical baby. What children’s minds tell us about the truth, love and the meaning of life. New York: Farrar, Straus, Giroux.

Kellett, Mary. (2005). Children as active researchers: a new research paradigm for the 21st century?  ESRC National Center for Research Methods. NCRM Methods Review Papers NCRM/003.

Thomas, Nigel. (2012). Love, rights and solidarity: studying children’s participation using Honneth’s theory of recognition. Childhood, 19 (4), 453- 466.

Warming, Hanne. (2011). Getting under their skins? Accessing young children’s perspectives through ethnographic fieldwork. Childhood, 18 (1), 39-53.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი