პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„ფერადი კლიმატი“  და   პრობლემების გადაჭრა  გაკვეთილზე                                                                                                                                  

სასწავლო პროცესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა ჩართულობა. მასწავლებლები მოსწავლეებს გაკვეთილზე საინტერესოდ ვესაუბრებით, ვაჩვენებთ ვიზუალურ მასალას, ვცდილობთ დავაინტერესოთ, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლისთვის მთელი ეს ინფორმაცია უმნიშვნელოა. ისინი თითქოს გვისმენენ, მაგრამ, ფაქტობრივად, არ აცნობიერებენ მოყოლილს; ათვალიერებენ ვიზუალურ მასალას, მაგრამ რეალურად  ვერ აღიქვამენ, რადგან სინამდვილეში თავიანთი  საქმიანობით  არიან დაკავებულნი: ოცნებობენ, ფიქრობენ თავის საფიქრალზე. უმეტესად ეს ხდება მაშინ, როდესაც გაკვეთილის ტექსტი ზედმეტად  მშრალია ან პირიქით, გადატვირთულია ინფორმაციით და მოსწავლე გაურბის მათ დამახსოვრებას. ასეთი მოსწავლეების ჩართულობისა და გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია მათი ფიქრებისა და ოცნებებისთვის  „სხვა გზის მოძებნა“ და  იმ ტიპის დავალებების შეთავაზება, რომელიც მოსწავლეებს აიძულებს, იაზროვნონ და აქტიური კომუნიკაცია დაამყარონ საკლასო სივრცესთან.

პრობლემური სიტუაციის შექმნა, პრაქტიკული და შემეცნებითი ამოცანების შეთავაზება ეფექტური საშუალებაა მასწავლებლისთვის, „აიძულოს“ მოსწავლეებს, გახდნენ აქტიურები,  დამოუკიდებლად წამოაყენონ არგუმენტები,   მოიძიონ მტკიცებულებები და ერთობლივად გადაწყვიტონ   პრობლემები.  საკუთარი  „აღმოჩენები“  დადებით  ემოციებს გამოიწვევს მოსწავლეებში, გაზრდის მათ კომპეტენციას, ღირსების შეგრძნებას და აიძულებს მათ გულისყურით  მოუსმინონ თანაკლასელებსა და მასწავლებელს. მრავალფეროვანი  თვალსაჩინოებების შეთავაზებაც (რუკების, სქემების, ისტორიული პერსონალიების პორტრეტების და სხვ.)  დამატებითი სტიმულატორია  სახალისო   საგაკვეთილო  საქმიანობისთვის.

მაგალითად, მეშვიდეკლასელებს შუა საუკუნეების პერიოდის შესწავლისთვის   საკმაოდ ვრცელი მასალის ათვისება უწევთ. გადატვირთული პროგრამის გამო ტექსტური მასალა   ხშირად  სტილისტურად ერთი ფორმისაა, არ აქვს „საინტერესოს მოლოდინის“ ეფექტი,  რაც ხშირად მოსწავლეთა გაფანტულობის მიზეზიც ხდება.  როგორც კი მსგავს სიტუაციას შეამჩნევს,  მასწავლებელმა წინასწარ უნდა დაგეგმოს გაკვეთილი, შექნას პრობლემური სიტუაცია და გაახალისოს და გაამრავალფეროვნოს იგი მრავალგვარი აქტივობებით.

ამასთანავე, ეფექტური იქნება, თუ მასწავლებელი პედაგოგიკის ფსიქოლოგების რჩევებსაც გაითვალისწინებს და სწავლების სტიმულაციისთვის, ინტელექტის გაღვიძების და შემოქმედებითი აქტივობისთვის გამოიყენებს „ფერადი  კლიმატის“ ეფექტს, ანუ გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა  ფერში გადაწყვეტილ  თვალსაჩინოებას შესთავაზებს მოსწავლეებს. მაგალითად, მიჩნეულია, რომ გაკვეთილის დასაწყისში, პირველ ვიზუალურ მასალაში,  გამოკვეთილი უნდა იყოს ვარდისფერი, რომელიც შემდეგ გაგრძელდება წითლით, ხოლო გაკვეთილის დასკვნით ნაწილში უნდა ჭარბობდეს  მწვანე და ცისფერი. გონების მობილიზებისა და ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციისთვის სასურველია სქემების და ცხრილების საწყის ფონად  ყვითლის  და ფირუზისფრის შერჩევაც, სადაც  ჩარჩოდ გამოყენებული იქნება შავი და ა.შ.  მსგავსი „ჩანართებით“ მიღებული შედეგები ყოველთვის იმედის მომცემია.

მაგალითად მომაქვს პრობლემურ სიტუაციაზე ორიენტირებული გაკვეთილი:

 საგანი -ისტორია;

კლასი – VII;

გაკვეთილის თემა – „ილ დე ფრანსი,  კაპეტინგები საფრანგეთში“;

მიზანი: მოსწავლე მუშაობს ნარატივზე, აანალიზებს ძლიერი სამეფო ხელისუფლების ჩამოყალიბების მიზეზებს, გამოყოფს ფეოდალური იერარქიის დამახასიათებელ ნიშნებს, ახასიათებს სახელმწიფო მმართველობის ფორმას, მსჯელობს ქვეყნის ისტორიაში პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე, ადარებს კაპეტინგების მმართველობის თავისებურებებს  და  იყენებს  ვიზუალურ მასალას   (ისტ.VII.3,4);

რესურსები: დაფა, მარკერი, სახელმძღვანელო, ვიზუალური მასალა (სქემა, რუკა), პროექტორი;

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური;

ლექსიკონი: „დომენი-მეფის ან რომელიმე ფეოდალის სამფლობელო შუა საუკუნეებში“.

გაკვეთილის  ეტაპები:

I – კლასის ორგანიზება და  გაკვეთილის თემის გამოცხადება.  გონებრივი იერიში: მასწავლებლის შეკითხვა კლასს – „გაიხსენეთ, რის საფუძველზე ჩამოყალიბდა დასავლეთ ფრანკთა სამეფო?“

მოსწავლეები პასუხობენ: 843 წლის ვერდენის ხელშეკრულების  საფუძველზე (დაახლ.3 წთ).

II – მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს,  გამოიყენონ თვალსაჩინოება და  უპასუხონ შეკითხვას: ა) „რა ინფორმაციას გვაწვდის სურ.1. X საუკუნის საფრანგეთის შესახებ? ბ) რა შეიძლება გავიგოთ რუკების დახმარებით შუა საუკუნეების საფრანგეთის ტერიტორიული მდგომარეობის შესახებ?“ (სურ.1).

მოსწავლეთა  სავარაუდო პასუხი: „საფრანგეთი X საუკუნეში არ იყო ერთიანი  ქვეყანა, ის დაყოფილი იყო მრავალრიცხოვან სამფლობელოებად, თუმცა მოგვიანებით მაინც მოახერხა გაერთიანება“  (დაახლ.3 წთ).

III – მასწავლებლის შეკითხვა კლასს: ა) „რა განაპირობებდა შუა საუკუნეებში  სახელმწიფოს გაერთიანების აუცილებლობას?“ ბ) „ვინ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის გაერთიანება?“

სავარაუდო პაუხები: „უსაფრთხოება, მტრებისგან თავდაცვა; ხალხის მოთხოვნა  წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით; გაერთიანებისთვის ბრძოლას სჭირდება  ხელმძღვანელი, მეთაური; მეთაურს  მხარს  დაუჭერს  ხალხი;  ქვეყნის გაერთიანებასა და ხალხის მშვიდობიან ცხოვრებაზე პასუხი მოეთხოვებოდა მეფეს; ქვეყნის გაერთიანებისთვის მეფეს სჭირდებოდა ხელისუფლების  გაძლიერება;  მეფის ხელისუფლების გამტკიცება იწვევდა ქვეყნის გაძლიერებას, გაერთიანებასა და უსაფრთხოებას …  და ა.შ. “.

მოსწავლეთა  პასუხებში  გამოიკვეთება  გაკვეთილის პრობლემა, რომელიც დაიწერება დაფაზე:  (დაახლ.4 წთ).

„რა  გახდა  საფრანგეთის  გაერთიანების საფუძველი და ჰქონდა თუ  არა  მას  კავშირი   სამეფო ხელისუფლების გაძლიერებასთან?“

IV – მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დამოუკიდებლად იმუშაონ სახელმძღვანელოს ტექსტზე (I აბზაცი), შემდეგ კი წყვილებში გააანალიზონ ინფორმაცია და  შეასრულონ დავალება: „რატომ გაერთიანდნენ დასავლეთის ფრანკები  ჰუგო კაპეტის გარშემო?“

მოსწავლეების  პასუხები  მასწავლებელს დაფაზე გადააქვს.

V – მასწავლებელი  მიმართავს მოსწავლეებს,  განიხილონ ჯგუფებში ყველა  შესაძლო ვარიანტი, რომლითაც მეფე განიმტკიცებდა მონარქიულ ხელისუფლებას და აფართოებდა სამეფო დომენს, მიღებული პასუხების საფუძველზე კი შეივსება   პროექტორზე  განთავსებული   სქემა  (სქემა 1) (დაახლ.5 წთ).

VI – მასწავლებლის დავალება მოსწავლეებს, იმსჯელონ  იმ უპირატესობებზე, რასაც  მეფე ჰუგო კაპეტი ფლობდა დიდებულებთან შედარებით.  მიღებული პასუხებით ივსება  პროექტორზე  განთავსებული  სქემა  (სქემა 2) (დაახლ.5 წთ):

VII – მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს:  ა) დაასახელეთ, კონკრეტულად საზოგადოების  რა ნაწილი დაუჭერდა მხარს მეფის გამაერთიანებელ პოლიტიკას და რატომ?“

მოსწავლეები ჩამოთვლიან იმდროინდელ საზოგადოებრივ  ფენებს, გამოყოფენ მათ დამახასიათებელ ნიშნებს, მსჯელობენ მათ შესახებ. მიღებული დასკვნებით პროექტორზე  განთავსებული  სქემა  ივსება   (სქემა 3) (დაახლ.5 წთ):

VIII – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, იმუშაონ  ჯგუფებში  სახელმძღვანელოს  ტექსტზე  (აბზაცი 2, 3, 4), წყარო 2-ზე, რუკებზე (სურ.1), გააანალიზონ მასალა და გააკეთონ დასკვნა, როგორ წარიმართა საფრანგეთის გაერთიანება XII-XIII ს-ში, რა ასახვა ჰპოვა მან თანამედროვე საფრანგეთის პოლიტიკურ საზღვრებზე და როგორია პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობა ამ საქმეში.

მოსწავლეები ასრულებენ  დავალებას, დასკვნები ჩამოიწერება დაფაზე  (დაახლ.5 წთ).

IX – მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, იმუშაონ ჯგუფებში და შეადარონ კაპეტინგების მმართველობის თავისებურებები.

მოსწავლეები მუშაობენ და ავსებენ  სქემა 4-ს (დაახლ.5 წთ).

Xმასწავლებელი  მიმართავს   მოსწავლეებს,  იმსჯელონ  ქვეყნის    ისტორიაში პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე, შეაფასონ მათი მმართველობის შედეგები   და გადაწყვიტონ გაკვეთილზე დასმული  პრობლემა:  რა კავშირია  ძლიერ სამეფო    ხელისუფლებასა  და სახელმწიფოს ერთიანობას შორის?! (დაახლ.5 წთ).

XI – რეფლექსიის ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას და საშინაო დავალებას თემაზე: „კაპეტინგების მმართველობა საფრანგეთში“   (დაახლ.2 წთ).

მსგავსი გაკვეთილები სწავლის მეტ მოტივაციას აძლევს  მოსწავლეს,  უვითარებს  სასწავლო კომპეტენციებს,  კომუნიკაციურ უნარებს  და  ხელს უწყობს სასწავლო პროცესის წარმატებას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი