პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავეხმაროთ არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციაში

რამდენიმე დღის წინ ორ ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო საუბრის მოწმე გავხდი. ერთი-ერთი მათგანი საკმაოდ შეშფოთებული და შეშინებული თავის პრობლემაზე ესაუბრებოდა მეგობარს – „სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, მე კი უკვე პანიკაში ვარ- როგორ შეეგუება ჩემი შვილი სკოლას ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ბავშვი მესამე კლასში გადავიდა და მაინც უჭირს სკოლაში წასვლა და სწავლის დაწყება. ძალიან ცუდად მახსენდება გასული სასწავლო წლის დასაწყისი. ერთი თვის განმავლობაში ყოველი დილა ისტერიკით იწყებოდა, ატირებული და გაღიზიანებული ბავშვი აცხადებდა, რომ არ წავიდოდა სკოლაში. სწავლაშიც ძალიან ჩამორჩებოდა, ცუდი შედეგები ჰქონდა. შემდეგ თითქოს ყველაფერს მიეჩვია და დამშვიდდა, სწავლასაც მოუმატა, შედეგები გაუმჯობესდა. ძალიან არ მინდა, რომ ეს ყველაფერი წელსაც განმეორდეს. მინდა უპრობლემოდ ჩაერთოს ბავშვი სასწავლო პროცესში.“  მეორე ქალბატონმა ყურადღებით მოისმინა მეგობრის გასაჭირი და მის დამშვიდებას შეეცადა: „იცი, ჩემი გიო მერვე კლასში გადავიდა და მასაც ყოველწლიურად იგივე ემართება ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ. როგორც ჩანს,  ბავშვებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქალბატონის მოსაზრება ძალიან ახლოსაა რეალობასთან.

იმისათვის, რომ გავიგოთ რას გრძნობს არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნებული ბავშვი, საკმარისია გავიხსენოთ, რას გრძნობენ ზრდასრული ადამიანები, როცა შვებულებიდან სამსახურში ბრუნდებიან. ბევრი მშობელი, როცა არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნებულ ბავშვთან პრობლემებს აწყდება, გაოცებას ვერ მალავს  – „პირველი წელი ხომ არ არის ბავშვის სკოლაში ყოფნის, ახლა ის უფრო სწრაფად უნდა ეგუებოდეს სკოლას, მას კი ნახევრად სძინავს გაკვეთილზე, ყველაფერი ავიწყდება და სწავლის არანაირი სურვილი არა აქვს“. საჭიროა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვის ცხოვრებაში ახალი მოვლენაა, რომელთანაც აუცილებელია შეგუება და შეჩვევა. ამასთან,  ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თითოეულ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის საკუთარი, ინდივიდუალური ტემპი აქვს და ის დამოკიდებულია, როგორც ბიოლოგიურ, ისე სოციალურ ფაქტორებზე. პირველკლასელებთან  სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი, როგორც წესი, 2-3 თვე გრძელდება; საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან  – ორი კვირიდან თვენახევრამდე. სკოლასთან ადაპტაციის პროცესში აღმოცენებული პრობლემები, საშუალო და უფროს სასკოლო ასაკში, უფრო ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს – ემოციური ფეთქებადობა, მომატებული მგრძნობელობა და გაღიზიანებადობა, პრობლემები ყურადღებასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებით. დაწყებით კლასებში, სკოლასთან ადაპტაციის პროცესში სირთულეები შეიძლება გამოვლინდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით –  ხშირი გაციება, ალერგიული დაავადებები, ენურეზი. უნდა ითქვას, რომ, როგორც წესი, ეს ყველაფერი სასკოლო შფოთიანობის გამოვლენის თავისებური ფორმაა პატარებში.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების დასაძლევად საჭიროა დრო და დიდი მოთმინება. ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო იქნება რეკომენდაციები, რომლებიც დაგვეხმარება  საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვაში. მართალია, რეკომენდაციები ძალიან მარტივია, თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, არცთუ ისე ადვილად შესასრულებელი, რამდენადაც უფროსებისგან ძალიან დიდ დროს და მოთმინებას საჭიროებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ჯერ კიდევ საზაფხულო არდადეგების პერიოდში უნდა დავიწყოთ.

რეკომენდაციები სკოლასთან ადაპტაციის ხელშესაწყობად:

  • არდადეგების პერიოდში თავი შეიკავეთ ბავშვთან სკოლის თემაზე საუბრისაგან. როგორც ზრდასრულ ადამიანებს არ სიამოვნებთ შვებულების პერიოდში სამსახურის საქმეებზე საუბარი, ასევე არ სიამოვნებთ ბავშვებს არდადეგების პერიოდში სკოლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
  • ნუ შეახსენებთ ხშირად ბავშვს მის მარცხს და პრობლემებს სასკოლო ცხოვრებიდან, ისინი მას ისედაც კარგად ახსოვს;
  • სასწავლო წარუმატებლობების გამო ნუ დასჯით ბავშვს იმით, რომ მოაკლოთ დასვენება. ახალ სასწავლო წელს, პროტესტის ნიშნად, ბავშვის უკმაყოფილება  ნეგატიური რეაქციების სახით გამოვლინდება;
  • ნუ აიძულებთ ბავშვს დადოს პირობა, რომ ახალი სასწავლო წლიდან უკეთესად ისწავლის და წარმატებული იქნება. ამით შეიძლება მას შევუქმნათ დაძაბულობა და გავუჩინოთ დანაშაულის გრძნობა ამა თუ იმ მიზეზის გამო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
  • ვიყოთ ფრთხილი დაპირებების დროს და ნუ მოვუწყობთ ბავშვს შანტაჟს სიტყვებით: „მე შენ გიყიდი, თუ დამპირდები, რომ ისწავლი ათიანებზე ახალ სასწავლო წელს“; „შენ არ დაგიმსახურებია მოგზაურობა, მაგრამ გაგიშვებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგად ისწავლი ახალ სასწავლო წელს“. ხდება ხოლმე, რომ ბავშვთან სასურველი შედეგის მისაღწევად ჩვენ მას რაღაცას ვპირდებით, შემდეგ გადავიფიქრებთ ან შეიძლება არც ვაპირებდით მის შესრულებას. ასეთი ქცევით ბავშვის ნდობა შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ. გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ერთხელ არ შევასრულებთ დაპირებას, ბავშვი ორჯერ არ შეასრულებს დანაპირებს;
  • არდადეგების პერიოდში მკვეთრად იცვლება დღის განრიგი. იმისათვის რომ შევუმსუბუქოთ ბავშვს სასკოლო ყოველდღიურობაზე და ახალ განრიგზე გადასვლა, შევეცადოთ, არდადეგების ბოლო 3-4 დღე მაინც დავუახლოვოთ სასკოლო დღის რეჟიმს – დავაძინოთ ადრე და გავაღვიძოთ ადრე; ამის გამო შესაძლოა წავაწყდთ ბავშვის ემოციურ წინააღმდეგობას; ნუ შევშინდებით, გამოვიჩინოთ მოთმინება, შედეგი ამად ღირს. ჯანსაღი ძილი უშუალო გავლენას ახდენს სასწავლო წარმატებაზე. კარგად გამოძინებული ბავშვები ნაკლებად აგრესიულები, ნაკლებად კონფლიქტურები არიან და მეტ ინტერესსაც იჩენენ სასწავლო მეცადინეობების მიმართ;
  • შექმენით სახლში მშვიდი გარემო. ბავშვის შეფასებებმა სასწავლო წლის დასაწყისში შეიძლება მაინცდამაინც არ გაგახაროთ. გაითვალისწინეთ, რომ სიზარმაცე აქ არაფერ შუაშია. ნუ მოსთხოვთ ბავშვს დაუყონებლივ მაღალი ქულების მიღებას. დასვენების შემდეგ ბავშვის ორგანიზმს სჭირდება დრო სასწავლო პროცესთან შესაგუებლად. შეეცადეთ გაუგოთ მას. სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს ნაცვლად იმისა, რომ ვკითხოთ, რა ნიშანი მიიღო, გავესაუბროთ, რა გაიგო საინტერესო, რა მოეწონა ყველაზე მეტად იმ დღეს სკოლაში;
  • ნუ შეშინდებით, თუ ბავშვი უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს სკოლის მიმართ, ნუ ეჩხუბებით, ნუ გაკიცხავთ, ნუ შეარცხვენთ მას. აუცილებლად გამონახეთ დრო და დაელაპარაკეთ, რომ გაიგოთ მისი გრძნობები. გაუფანტეთ მას შიში და შფოთვა. უთხარით, რომ გესმით მისი. ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და თუ მშობლებს ესმით მათი, ისინი უფრო ადვილად ძლევენ სირთულეებს და პრობლემებს;
  • ნუ დატვირთავთ ბავშვს სასწავლო წლის დასაწყისშივე დამატებითი მეცადინეობებით. ნუ იჩქარებთ მის ჩართვას სხვადასხვა წრეებში და სპორტულ სექციებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს თავად აქვს ამის სურვილი. შეეცადეთ ეს ყველაფერი ცოტა მოგვიანებით განახორციელოთ. რა პოზიტიურიც არ უნდა იყოს ცვლილებები, ის საჭიროებს ფსიქიკური ენერგიის ხარჯვას მასთან შეგუების პროცესში. საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ ბავშვს კი ისედაც პრობლემები აქვს სასწავლო წლის დასწყისში სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაციის მიმართულებით. ამდენად გამართლებული იქნება, თუ ბავშვი სხვადასხვა სახის დამატებით მეცადინეობებს ორი-სამი კვირის ან თუნდაც ერთი თვის შემდეგ დაიწყებს.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ხშირად სერიოზული პრობლემები და სირთულეები მოყვება, რომელთა დასაძლევად მნიშვნელოვანი და აუცილებელია  დიდი  მოთმინება, თანაგანცდა და სიყვარული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი