შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მეგობრობის მნიშვნელობა სკოლამდელ ასაკში -მეორე ნაწილი

მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება ადამიანის ცხოვრების პირველივე დღეებში იწყება. შეიძლება ითქვას, დაბადებამდეც კი, რადგან ნაყოფს  დედის მუცელში ესმის ხმები და რეაგირებს მათზე. ახალშობილის მხედველობა მხოლოდ იმ ადამიანებს სწვდება, რომლებსაც ის ხელში უჭირავთ, რადგან მხოლოდ 20-25 სმ-ის მანძილზე ხედავენ. სამი კვირის ბავშვი განარჩევს ადამიანის სახეს სხვა ობიექტებისგან და უპირატესობას ანიჭებს მას. ორი თვის ასაკში ის ამყარებს პირველ სოციალურ კონტაქტს – ღიმილს ღიმილით პასუხობს. მშობლების სიყვარული და მზრუნველობა ბავშვს დაცულობის განცდას უქმნის და სხვა ადამიანებისადმი ნდობით განაწყობს. 6 თვის ჩვილები უკვე შეხებით ეცნობიან ერთმანეთს და ტიკტიკებენ.

მშობლებს შეუძლიათ ჩვილობის ასაკიდან დაეხმარონ შვილებს მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად  აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებაში. ამისათვის საჭიროა,  მათ თავიდანვე გააცნობიერონ და აღიარონ, რომ ბავშვს განცდები და მოთხოვნილებები აქვს. გამოიცნონ მისი ქცევის მიზეზები, საჭიროებები და სწრაფად უპასუხონ მათ, მოექცნენ თბილად, ესაუბრონ, უმღერონ, იცეკვონ მასთან ერთად, ეთამაშონ,  ჩაეხუტონ, ხელში აიყვანონ, როცა ბავშვს ეს სჭირდება. დროთა განმავლობაში, ასეთი ურთიერთობისას, ისინი ზუსტად მიხვდებიან, როდის სჭირდება მათ შვილს ესა თუ ის აქტივობა და როდის იღლება მისგან და შესაბამისად შეუქმნიან დატვირთულ ან მშვიდ გარემოს. ასევე, მნიშვნელოვანია, თამაშის დროს აცალონ მას პასუხის გაცემა. მაგალითად, შეისვენონ ლაპარაკის დროს, შეხედონ თვალებში და დაელოდონ, სანამ ბგერებით გასცემს პასუხს ან გაიღიმებს. ბავშვები მშობლებისგან სწავლობენ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გამოცდილება ექნებათ მათთან, ვისაც ცხოვრების პირველ თვეებში ყველაზე ხშირად ხვდებიან.

თუ 6 თვემდე  ჩვილები უპირატესობას უცნობ სახეებს ანიჭებენ, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების შემდეგ უმრავლესობას უცხო ადამიანების შიში უჩნდება. ამ დროს საჭიროა მშობლებმა იპოვონ „ოქროს შუალედი“, განაგრძონ ბავშვის საზოგადოებასთან ადაპტაცია ისე, რომ ეს ნაკლებად სტრესული იყოს მისთვის. ამისთვის, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მთავარია, უპირველესად ბავშვი გრძნობდეს თავს კომფორტულად და მხოლოდ ამის შემდგომ, მისთვის უცნობი ადამიანი. მშვიდი ინტონაციით, ხალისიანად გააცნონ ბავშვს უცხო. დარჩნენ მხედველობის არეში და დაანახონ, რომ კეთილგანწყობილნი არიან უცხოს მიმართ. აგრეთვე, გააფრთხილონ სტუმარი იმის შესახებ, რომ ბავშვს შეიძლება შეეშინდეს და დრო დასჭირდეს მასთან შესაგუებლად. თუ ბავშვი შეწუხდა, ყურადღება მისთვის ნაცნობ ნივთებზე გაამახვილონ.

1-2 წლის ბავშვები უკვე სიტყვებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ისინი ბაძავენ და ჰყვებიან უფროსებს თამაშში, თუმცა თანატოლებთან თამაშს ჯერ მარტო თამაში ურჩევნიათ. ხშირად თამაშობენ ერთ სივრცეში, მაგრამ ცალ-ცალკე, რადგან ვერ იყოფენ სათამაშოებს.  3 წლიდან  უკვე იწყებენ სათამაშოების გაზიარებას და ერთად თამაშს. ასოციალური აქტივობა ასაკთან ერთად მცირდება, თუმცა ჯერ კიდევ იკავებს იმ 3-4 წლის ბავშვების თავისუფალი დროის დიდ ნაწილს, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დადიან.  4-6 წლის ბავშვების თამაში უფრო თანამშრომლური ხდება, ირგებენ და ინაწილებენ მშობლების, პროფესიების როლებს, რაც ეხმარებათ სხვისი განცდების გაგებასა და საკუთარის დარეგულირებაში. ისინი სწავლობენ კონფლიქტების მოგვარებას მოლაპარაკებისა და კომპრომისის გზით და იძენენ „კარგი მეგობრისთვის“ საჭირო უნარ-ჩვევებს.

მშობლებთან თბილი ურთიერთობის მქონე ბავშვები უფრო ადვილად ამყარებენ მეგობრულ კავშირებს. ისინი აკვირდებიან, როგორ ურთიერთობენ უფროსები ერთმანეთთან და ბაძავენ მათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მათ მეგობრობის პოზიტიური მაგალითი მისცენ. ასევე, შესაძლებელია, თოჯინების გამოყენება ამ მიზნისთვის – პატარა სპექტაკლი, რომელშიც მისი საყვარელი სათამაშოები ერთმანეთთან საუბრობენ. ის სკოლამდელი ასაკის ბავშები, რომელთა ოჯახები ხშირად აწყობენ შეხვედრებს და ერთვებიან ორგანიზებულ საქმიანობაში, სოციალურად უფრო კომპეტენტურნი არიან. მშობლების მაგალითზე ისინი სწავლობენ, როგორ უნდა გახდნენ მეგობრობის ინიციატორები და  კარგი მასპინძლები.

ბავშვები თამაშის დროს ხანდახან აგრესიას გამოხატავენ. სკოლამდელი ასაკისთვის უფრო მეტად დამახასიათებელია ინსტრუმენტული აგრესია – ბრძოლა კონკრეტული სათამაშოს მოსაპოვებლად. საჭიროა, მშობლებმა და სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებმა ასწავლონ მათ აგრესიის მისაღები ფორმებით გამოხატვა და კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების გზები. ემპათიის განცდის ჩამოყალიბებისთვის, კარგი იქნება, თუ მშობლები დაეხმარებიან საკუთარი და სხვების ემოციების გარკვევაში („ნაწყენი ხარ, რომ გიორგი არ გეთამაშა?“), წააქეზებენ მათი ქცევის მიზეზების გამოცნობისკენ („როგორ ფიქრობ, რატომ მოიქცა ასე“) და გამოსავლის ძიებისკენ („შენი აზრით, შეძლებთ ისევ ერთად თამაშს? როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის“). ამავდროულად, გამოხატავენ საკუთარ განცდებს – „როცა შენ მიყვირი, მე მწყინს. გთხოვ, შეწყვიტე ყვირილი“.

სკოლამდელ ასაკში ბავშვები მეგობრებად ირჩევენ ისეთ თანატოლებს, რომლებიც მათ გვერდით არიან, ვისთანაც დიდ დროს ატარებენ, ვისაც სათამაშოებს უზიარებენ და მათთვის მეგობრობა ხანგრძლივ ურთიერთობასთან არ არის დაკავშირებული. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ორჯერ უფრო მეტად გამოხატავენ სიხარულს მისალმებისას ან არიან უფრო დამთმობები იმ ბავშვებთან ურთიერთობისას, რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევენ. ამავე დროს, შეუძლიათ კლასის ყველა მოსწავლე მეგობრად დაგისახელონ. ამ ასაკში გვხვდება სქესის მიხედვით დამეგობრება და შესაბამისი კომენტარები: „გოგონები არ დაიშვებიან!“, „ბიჭებისთვის თამაშში მონაწილეობა აკრძალულია!“.
ადრეულ ბავშვობაში არ ირჩევენ მეგობრებს კანის ფერისა და ეთნიკურობის მიხედვით. თუ მათ ჩამოუყალიბდებათ კომფორტული, ხანგრძლივი ურთიერთობა ეთნიკურად განსხვავებულ მეგობრებთან, ისინი მათ განიხილავენ არა სტერეოტიპულად, არამედ როგორც ინდივიდებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი მეგობრობის წახალისება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი