ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გურამ თიკანაძე სვანეთის მუზეუმში

სულ მგონია, რომ იმ თაობის ჩვენხელა ბიჭები ჩვენზე ბევრად ჯანმრთელები იყვნენ – ფიზიკურადაც და შეგნებითაც, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყანაში არ ცხოვრობდნენ (შეიძლება სწორედ ამიტომაც უფრო უფრთხილდებოდნენ შინაგან თავისუფლებას). ოცდაექვსი და ოცდაათი წლის ბიჭები ცხოვრებასაც ასწრებდნენ და ხელოვნებასაც ქმნიდნენ, ჩხუბშიც (დარწმუნებული ვარ!) ჩვენზე მაგრები იყვნენ და სიყვარულშიც, ცენზურისა და „მთავლიტის“ ეპოქაშიც ჩვენზე გულწრფელ რაღაცებს ამბობდნენ, მიწაც ჩვენზე მეტად უყვარდათ და მთაც.

სვანეთის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, შესასვლელშივე საინფორმაციო ბანერია, რომელიც გურამ თიკანაძის ბიოგრაფიის უმნიშვნელოვანეს მომენტებთან და ჯილდოებთან ერთად, ერთი შეხედვით სტატისტიკურ, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის: „მის მიერ დატოვებული ფოტომემკვიდრეობა 15 ათას ნეგატივს ითვლის“.

ასაკს ბევრი არ მოეკითხება, მაგრამ გურამ თიკანაძის ოცდაათი წელი მაინც ძალიან მაკვირვებს. ლეგენდად დარჩენას წამი ჰყოფნის, მაგრამ შენი შემოქმედებაც რომ ამ ლეგენდის განუყოფელი ნაწილი იყოს, ამას დიდი ნიჭი, შრომა და ნებისყოფა უნდა. ხშირად – მსხვერპლისუნარიანობაც.

ალბათ, გურამ თიკანაძის ბედისწერა იყო ის, რაც ერთ ჩანაწერში თქვა: „ჯუმბერი! კუხო! და ილიკო! საშინელებაა!.. ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია“. ოღონდ იმ საბედისწერო 1963-მდე, სანამ დიდი ხნის ლოდინისა და ფორიაქის, უშგულიდან მესტიამდე რამდენჯერმე ჩასვლა-ამოსვლის შემდეგ შხარაზე ასვლის ნებართვას მიიღებდნენ, გურამ თიკანაძეს უკვე მოესწრო თავის საქმეში პროფესიონალად ქცევა და გარშემომყოფების სიყვარულიც დაემსახურებინა. მამაკაცისთვის ორი ყველაზე დრამატული ამბავიც გამოეცადა: შვილის შეძენა და ძმაკაცის სიკვდილი. ამიტომ ის პორტრეტები, რომელიც მისმა ფოტოობიექტივმა აღბეჭდა, გამოცდილი კაცის მიერ დანახული მარადიული პერსონაჟები არიან და არა შემთხვევით, იღბლიანად „ჩავლებული“ ტიპები. რომელიც გინდა დავასახელოთ: სარა და თაშუ ნიჟარაძეები უშგულში, ბექნუ ხერგიანი, ონისიმე ნიჟარაძის საოჯახო პორტრეტი… ის ერთი, გურამ თიკანაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო, მთლად შედევრია – წისქვილში, კიბეზე ჩაძინებული, დაკონკილ ტანსაცმლიანი, დაღლილი ბავშვი. ეჭვი მაქვს, ამ ფოტოსთან დიდხანს დადგომა გაგიჭირდებათ (მე ყოველ შემთხვევაში ასე დამემართა): ეს ბავშვი თითქოს გვამხელს და თავსაც გვაცოდებს, თითოეული ჩვენგანის ბავშვობიდან შეჩერებული კადრია.

გამოფენის ორგანიზატორებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან 40 ფოტონამუშევარი ამოარჩიეს, სადაც კარგად ჩანს გურამ თიკანაძის თვალით დანახული მთა/სვანეთი და მთის ხალხი/სვანები. ბრწყინვალე პორტრეტების გარდა, ბევრია უშბაზე, თეთნულდზე ასვლის კადრები. ფოტორეპორტაჟი. თავადაც, როცა ვერ გადაეწყვიტა, გეოლოგიაში დარჩენილიყო, ფოტორეპორტიორობისთვის მოეკიდა ხელი თუ ოპერატორი გამხდარიყო, თავისთვის, გულში მაინც ფიქრობდა, – ეს დინება ბოლოს ფოტორეპორტაჟთან მიმიყვანსო. გამოფენაზე მთამსვლელებისთვის მომაბეზრებლად უსიამოვნო იმ გაცვეთილი შეკითხვისთვისაც გურამ თიკანაძის სიტყვებითაა პასუხი გაცემული: „რა გვაინტერესებს მთაში? – ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა-ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა…“

ახლა აგვისტოს ბოლოა, მარიამობის წინადღეები. მაშინაც ასე იყო და მიუხედავად იმისა, რომ გაგანია უღმერთობის საუკუნე იდგა და იდეოლოგიის მჭედლებს თითქოს ეგონათ, რელიგიას და მის მიმდევრებს ხელი მოვუთავეთო, ხალხი შხარაზე დარჩენილთა სანახავად უშგულის ლამარიაზე ადიოდა – ეს საუკეთესო ადგილი იყო დაკარგული მთამსვლელების შხარას კედლებზე აღმოსაჩენად, შინაგანი სიმტკიცისა და სასოწარკვეთის დროს სულიერი გაძლიერებისთვის.

„ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!..“

მურმან ლებანიძე ტრაგედიას მალევე (1964 წ.) გამოეხმაურა და სვანური ზარის მოტივებზე დაწერილ ლექსში გურამ თიკანაძის ჰეროიკული აღსასრულისა და დატირების ქრონიკა მოგვითხრო:

„გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…“

ერთად გავიხსენოთ: ბექნუ ხერგიანი და ბექნუს ლომები, გურამის ნეშტი რომ უპყრიათ და ყელში გასჩრიათ მშრალი ბურთები; ფოსტლების ფლატუნით საკაცეს ფეხდაფეხ გამოდევნებული უხნესი დიაცი ივდითი ნიჟარაძე და მისი გულისშემძვრელი დატირება: „თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა? შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!“; ყანა-სათიბებს მომცდარი და შხარასთან ღრუბელივით მომდგარი კალა-უშგული და მთლად საქართველო.

„ურთულესი მარშრუტის განხორციელების დროსაც ახერხებდა გადაეღო მხატვრული ფოტოები“ – ეს ჩვეულებრივი ფრაზა გამოფენის საინფორმაციო ტექსტიდან ბევრ რამეს ამბობს. პირველ ყოვლისა კი ალბათ იმას, რაც გურამ თიკანაძემ შეძლო: არა მხოლოდ ყინულის ლოგინში გმირული სიკვდილით, არამედ თავისი საქმით, შემოქმედებით ყოფილიყო დაუვიწყარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი