პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საჭირო ცვლილებები საქართველოს სკოლებში

რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა განათლების დონის საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოსწავლეთა წიგნიერების დონე ძალიან დაბალია, მკვეთრად ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს და ის სიის ბოლო ადგილებს აფრიკასთან, ირანსა და კატართან იყოფს. დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან ჩვენი ქვეყანა 37-ე ადგილზეა.

2016 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა. წერა-კითხვის გავრცელების დონე ქვეყანაში, ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ტესტებში სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ ნაჩვენები შედეგები – ეს იმ კრიტერიუმების მხოლოდ ნაწილია, რომელთა საფუძველზეც რეიტინგი დგება.

საინტერესოა ქართული წიგნის ბაზრის 2016 წლის კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც მხატვრული ლიტერატურის კითხვის სიხშირე განსხვავდება ასაკის მიხედვით. როგორც ირკვევა, ასაკის მატებასთან ერთად წიგნების კითხვის სიხშირე მატულობს. საქართველოში წიგნებს ყველაზე ხშირად 65 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები კითხულობენ (მათი 75% წიგნებს კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად კითხულობს).

კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ საჯარო ბიბლიოთეკები მკითხველების მხოლოდ 7%-ისთვის არის წიგნის წაკითხვის ზოგადი წყარო. მას სასურველი წიგნის წაკითხვის ძირითად წყაროდ მიიჩნევს მკითხველების მხოლოდ 2%.

მართალია, მოსწავლეთა ოჯახებს ფინანსურად აღარ აწვებათ სასკოლო სახელმძღვანელოების თანხა, მაგრამ უფასო სახელმძღვანელოები განათლების დონის ზრდის პირდაპირპროპორციული არ აღმოჩნდა. სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებიც სავალალოა – პედაგოგთა საშუალოდ 70%-მა ვერ გადალახა ბარიერი სხვადასხვა საგანში.

რას შეცვლიდით საქართველოს სკოლებში? – ამ კითხვით მივმართეთ სასწავლო პროცესში მონაწილე თითქმის ყველა რგოლს. როგორც მცირე გამოკითხვამ აჩვენა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცვლილებები აუცილებელია.

დათა ნადარეიშვილი, IX კლასის მოსწავლე: „საჯარო სკოლებში ვისურვებდი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მეტ შემოქმედებითობას სწავლების პროცესში, რაც სხვადასხვა საგნის მიმართ მოსწავლეების ინტერესს გაზრდიდა. მოსწავლეები, რომლებსაც სურთ ტექნიკური საგნები გაძლიერებულად ისწავლონ, ჩემი აზრით, ცოტათი იჩაგრებიან. ვფიქრობ, კლასების დაყოფა დონეების მიხედვით გამართლებული იქნება, რადგან სუსტ მოსწავლეს ექნება მოტივაცია, რომ კარგად ისწავლოს და ძლიერების ჯგუფში გადავიდეს, „ძლიერისათვის“ კი გაკვეთილზე ჯდომა უინტერესო აღარ იქნება“.

 

თათია მელაშვილი, სსსმ მოსწავლის მშობელი: „ვფიქრობ, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად, მშობლების აზრის გათვალისწინებით უნდა მიჰყვეს სკოლაში დაგროვილ პრობლემებს. პირველ რიგში შესაცვლელია სპეციალური მასწავლებლების სტატუსი. ერთი შეხედვით ისინი გათანაბრებული არიან ტექნიკურ პერსონალთან და არა მასწავლებლებთან. დიდი რესურსი და სპეცპედაგოგების მრავალწლიანი გამოცდილება იფანტება, რადგან ძალიან ხშირია ამ ნიჭიერი ახალგაზრდების სკოლებიდან გადინება. ეს ყოველივე კი ცუდად აისახება სკოლებში ინკლუზიური სწავლების პროცესსა და ხარისხზე. სტატუსის ცვლილება მოტივაციას გაზრდიდა ახალგაზრდა სპეციალისტებში, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე, მწირ ხელფასზე მუშაობენ. მათ სჭირდებათ ყველა ის შეღავათი, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დღეს საჯარო სკოლაში (40დღიანი შვებულება, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, სამუშაო საათების გაწერა და სხვ.).

 

ვლადიმერ გირინი, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელი: „სკოლაში, სადაც სწავლება რუსულ ენაზეა (ეს ეხება აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებსაც), მუშაობენ სასწავლო გეგმით, რომელიც განსხვავდება ქართულენოვანი სკოლების სასწავლო გეგმისგან. ვთქვათ, VII კლასში „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საფუძვლების“ საგნის ნაცვლად ისწავლება ბიოლოგია. რუსულ სექტორზე მისი შესწავლა X კლასში სრულდება, ქართულ სექტორზე კი ის გრძელდება XI კლასშიც, როგორც წესით უნდა იყოს კიდეც, რადგან XI კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის საატესტატო გამოცდას აბარებენ. ამჟამად რუსული სექტორის მოსწავლე გამოცდაზე ისე გადის, რომ საგანს უკვე არ სწავლობს.

კიდევ ერთი მაგალითი: ქიმიის შესწავლა ქართულ სექტორზე VII კლასში იწყება და XI კლასში მთავრდება. ამავე წელს აბარებენ ქართული სექტორის მოსწავლეები საატესტატო გამოცდას. რუსულ სექტორზე კი ქიმიის შესწავლა XII კლასშიც გრძელდება და შესაბამისად, საატესტატო გამოცდასაც XII კლასის დამთავრებისას აბარებენ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ციკლის საგნების შესწავლასას ეს რადიკალური განსხვავებები დაუშვებელია, რადგან არ შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მის სტანდარტებს. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სახელმძღვანელოები სხვადასხვა დონისა და შინაარსისაა, განსაკუთრებით ფიზიკის სახელმძღვანელოები X და XI კლასებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებული სახით ეროვნული სასწავლო გეგმები ნებისმიერი ტიპის სკოლისათვის (სწავლების ენის მიუხედავად) უნდა შეიცვალოს. ცვლილებები უნდა შეეხოს ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივ ბადესაც IX-XI კლასებში ისეთ საგნებში, როგორებიცაა მუსიკა, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნება, რადგან ამ საგნების სწავლებაშიც ბევრი უზუსტობა გვხვდება.

 

თამარ ლებანიძე, სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემელი: „სკოლის მთავარი პრობლემა არა მხოლოდ  სასწავლო გეგმა, არა მხოლოდ  სახელმძღვანელოები, არამედ პედაგოგებიცაა. საქმეს სავარაუდოდ წაადგება „სისხლის გადასხმა“, ახალი კადრები ახალი ხედვით, რომლებიც ღირსეული ანაზღაურებით იმუშავებენ მოსწავლეებთან. მასწავლებლობა მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის. კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამებს დაემატება სპეციალური კურსი და, სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული დარგის სპეციალისტს პედაგოგიური ცოდნის მიღებაც შეეძლება.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ თავისუფალი ბაზრის არსებობას პროგრესისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ავტორები და გამომცემლები ერთობლივად ქმნიან ხარისხიან სახელმძღვანელოებს. გამომცემლებს – განათლების რეფორმის სრულფასოვან მონაწილეებს, წლების განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორებს – მტრად არ უნდა აღიქვამდნენ. პირიქით, მათ უნდა უსმენდნენ და დაგროვილ გამოცდილებასაც გონივრულად იყენებდნენ. ჩვენი ქვეყანა სახელმძღვანელოების მხრივ ლიდერი იყო რეგიონში. ახლა კი, უკვე ხუთი წელია, რაც ავტორები და გამომცემლები უმოქმედოდ არიან. თუკი ადრე წლიდან წლამდე სახელმძღვანელოები იხვეწებოდა და მასწავლებელთა და სხვათა შენიშვნებსაც ვითვალისწინებდით, ახლა ეს შეუძლებელია. გაუგებრობაც ხშირად ხდება. მაგალითად, მოგეხსენებათ, რომ უცხო ენის სახელმძღვანელოებში მოსასმენი მასალა მნიშვნელოვანი კომპონენტია. უფასო სახელმძღვანელოებს კი აუდიოდისკი არ ახლავს, რაც სწავლების პროცესს არასრულფასოვანს ხდის. საზოგადოდ, აუცილებელია, რომ განათლებას გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოს სახელმწიფომ და მთელმა საზოგადოებამ იმისათვის, რომ სიტუაციის გამოსწორება შევძლოთ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი