პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წიგნიერების გაკვეთილები

ამ ბოლო დროს ტელევიზორის ეკრანებსა თუ გაზეთების ფურცლებზე ხშირად მოჰკრავთ თვალს ინფორმაციას წიგნიერების დონის ამაღლებისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით გამართული სხვადასხვა ღონისძიების შესახებ. ალბათ ბევრს უკვირს, რა საჭიროა ამხელა ხმაურის ატეხა ისეთი ჩვეულებრივი მოვლენის გარშემო, როგორიცაა წიგნის კითხვა. როგორც წესი, ცოტამ თუ იცის, რომ წიგნიერება თავის თავში მოიცავს მრავალმხრივი უნარების განვითარებას, ესენია:  კრიტიკული აზროვნება, წაკითხულის განხილვა, ანალიზი, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, არგუმენტირებული მსჯელობა, დისკუსია და სხვა.

განმარტებით ლექსიკონს თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ ,,წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში“.  თუ დავაკონკრეტებთ, წიგნიერება გააზრებულ კითხვასთან ერთად მოიცავს აქტიური მოსმენის, ზეპირმეტყველებისა და  წერითი აზროვნების უნარებს და მაქსიმალურად განავითარებს ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული გზით მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებით, ქართველ მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. განსაკუთრებით თვალშისაცემია დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებასა და გადმოცემასთან დაკავშირებული სირთულეები.

ამავე კვლევის თანახმად, მოსწავლის წიგნიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ფაქტორი.  თუ მშობლები სოციალურად და ეკონომიკურად წელში გამართულები არიან, მათი შვილები უმეტესად მაღალ აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, ხოლო თუ ოჯახს ფინანსურად უჭირს, მასში მცხოვრები მოზარდების წიგნიერების დონე დაბალია. ამიტომაც სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა. კომპიუტერსაც ამიტომ მივეჯაჭვეთ, ვირტუალური საინფორმაციო სივრცე ხომ ყველა შესაძლებლობის ადამიანისთვის ღიაა. ციფრული კედელი ყველა ჩვენს კომპლექსსა თუ არასრულფასოვნების შეგრძნებას საიდუმლოდ ინახავს. სოციალურ ქსელში თავი ლამის ყოვლისშემძლე სუპერგმირებად მოგვაქვს. სულ რაღაცას ვამტკიცებთ, მაშინაც კი, როცა არავინ გვეკამათება, პროვოკაციული თემების დახმარებით ვიპყრობთ ვირტუალურ სცენას და  ვიწყებთ მოპოვებული ინფორმაციით ,,პოზირებას“. თუმცა ამ მოვლენასაც გააჩნია დადებითი მხარე – სოციუმში ინტეგრირებისა და ცალკეული პროცესების მართვის სურვილი, რაც, თავის მხრივ, წიგნიერების განვითარებასაც უწყობს ხელს.

გამოცდილი უფროსები თავიანთ შვილებთან/მოსწავლეებთან დასაახლოვებლად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბილიკებს იყენებენ. წიგნიერების გავრცელების ეფექტურ გზად მედიაწიგნიერება მიიჩნევა, რადგან ის იყენებს სწორედ იმ რესურსებს, რომლებიც მოიპოვება ვირტუალურ გარემოში.

მედიაწიგნიერება მოიცავს ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლის დახმარებითაც საზოგადოება აანალიზებს სხვადასხვა ტიპის მედიაგზავნილებს, ამასთან ახერხებს გარკვეული ტიპის ინფორმაციის  აუდიტორიაზე ზეგავლენისა და  შედეგების კრიტიკულ შეფასებას და მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის/ფორმატის მედიაპროდუქციის შექმნას.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე ყველა საგნობრივმა ჯგუფმა უნდა იზრუნოს. მოსწავლეს უნდა შეეძლოს გარკვეული ინფორმაციის მულტიმედიური საშუალებებით მიღება, გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება თუ შექმნა, რადგან სწორედ ინფორმაციის ოკეანეში ორიენტირების უნარი, სწორი არჩევნის გაკეთება, მასალის დახარისხება და შესრულებული სამუშაოს კრიტიკულად შეფასება განსაზღვრავს განათლების მთავარ პრინციპს – ასწავლე, როგორ ისწავლოს!

მედიაწიგნიერება პასუხობს ციფრული საუკუნის გამოწვევებს და გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. მედიაწიგნიერების მაღალი დონე პიროვნების დამოუკიდებლობის ხარისხსაც განაპირობებს. ის არასდროს ექცევა არასასურველი ინფორმაციის წნეხში, რადგან შეუძლია  მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება. არ ხდება ,,მედიადამოკიდებული“, რადგან მკაცრად იცავს ციფრულ და რეალურ სამყაროს შორის არსებულ საზღვრებს და არ უტოვებს მედიას მის ცხოვრებაზე, დღის წესრიგზე, ინტერესებსა თუ დამოკიდებულებებზე გაბატონების უფლებას.

პირველ რიგში, ინფორმაციული წიგნიერება ნიშნავს იმის ცოდნას, თუ რატომ გვჭირდება კონკრეტული ინფორმაცია და სად/როგორ მოვიპოვოთ და გამოვიყენოთ იგი. ამისათვის უნდა შეგვეძლოს:

  • საძიებო კითხვის სწორად ჩამოყალიბება;
  • მოძიებული მასალების საჭირო და მეორეხარისხოვან რესურსებად დახარისხება;
  • მოპოვებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება (მისი სანდოობისა და სიზუსტის შემოწმება);
  • ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (მივუთითოთ წყარო, რათა სხვამაც შეძლოს მისი გამოყენება);
  • ინფორმაციის დანიშნულებისამებრ, კორექტულად გამოყენება.

სამწუხაროდ, საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეუძლია ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელება, მის თვალწინ ინფორმაცია მდინარესავით მიედინება და მეხსიერებაში ყოველგვარი გაანალიზება-გადამოწმების გარეშე ილექება.  შედეგად ადამიანს უყალიბდება არათანმიმდევრული, მცდარი შეხედულებები, რომელთაც ასევე დამახინჯებული სახით ავრცელებს.

წიგნიერების დონის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის შესაბამისი რესურსებით აღჭურვილი სივრცის შეთავაზებაც. თუ გარემოს არ შეუძლია მოზარდთა ინტერესების სრულად დაკმაყოფილება, ინტერესთა სფერო არათუ ფართოვდება, პირიქით, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლებს.

გარდა იმისა, რომ გარემო უნდა იძლეოდეს მოაზროვნე მკითხველად ჩამოყალიბების საფუძველს, უნდა შეიცვალოს საზოგადოებაში დღემდე არსებული მცდარი მოსაზრება წიგნიერების როლზე, თითქოს ის მხოლოდ კითხვის უნარს და წაკითხული წიგნების სიმრავლეს ნიშნავს (რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავ, უფრო წიგნიერი გახდები). არავინ ფიქრობს იმაზე, რატომ უნდა გაეცნოს ამა თუ იმ ლიტერატურას, რაში გამოიყენოს მისგან მიღებული ცოდნა და საერთოდ, სჭირდება თუ არა მას ამ ტიპის ინფორმაცის მიღება.

თუ გსურთ, მოზარდს კითხვის/ინფორმაციის მიღების სურვილი გაუღვივოთ, გარემო ხარისხიანი და მისი ინტერესების შესაბამისი ტექსტებით უნდა გაამდიდროთ. ტექსტებით მდიდარ გარემოში იგულისხმება, როგორც პერიოდული გამოცემებისთვის (ჟურნალ–გაზეთები) სისტემატურად თვალის მიდევნების ტრადიცია, ასევე მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკა.  უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის კომფორტის უზრუნველყოფას მხოლოდ წიგნიერი მშობლები ახერხებენ.

ჩნდება კითხვა: რა ქნას მოზარდმა, რომლის ოჯახსაც არ შეუძლია მსგავსი გარემოს შექმნა? შეგახსენებთ, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვის ვალდებულება მშობლებთან ერთად სახელმწიფოსაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ.

სამწუხაროდ, სასკოლო ბიბლიოთეკების უმეტესობას არ შეუძლია მოზარდებისთვის კომფორტული სამკითხველო გარემოს შეთავაზება, რადგან სკოლის წიგნთსაცავების უმეტესი ნაწილი მეორად სახელმძღვანელოებს უჭირავს, მხატვრული ლიტერატურითა და სხვა კლასგარეშე საკითხავი წიგნებით კი სკოლები იშვიათად მარაგდებიან. ჩემი აზრით, სანამ სკოლებში არ არსებობს სამკითხველო დარბაზი, სადაც შესაძლებელია გაკვეთილების შემდეგ ჩასვლა, სასურველი წიგნის არჩევა და წაკითხვა, მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე საუბარიც ზედმეტია.

ბავშვებს იშვიათად უშვებენ წიგნის თაროებთან, როგორც წესი, მათ საკითხავ მასალას უფროსები ურჩევენ. არადა, რა მოხდება, თუ მათაც მივცემთ არჩევის უფლებას?! მივიდეს, წიგნი თაროდან გადმოიღოს, ფურცლოს, წინასიტყვაობას ან ილუსტრაციებს გადაავლოს თვალი, რადგან თავდაჯერებულ მკითხველად ჩამოყალიბებას  მოზარდისთვის გასაგებ და საინტერესო ტექსტებთან ურთიერთობა და უფროსების მხრიდან მისი არჩევნის  სწორად შეფასება განაპირობებს.

რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, მოზარდებს უნდა ვასწავლოთ ციფრულ ბიბლიოთეკაში ორიენტირების წესებიც. მათ უნდა შეეძლოთ სასურველი ლიტერატურის მოძიება და წაკითხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

კითხვის უნარის დახვეწა გარკვეულწილად დამოკიდებულია კითხვის სწავლების მეთოდებზეც. მრავალფეროვანი და ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული სასწავლო მასალების გამოყენება არ კმარა. თუ მასწავლებელი შესასწავლ თემას დამატებითი ტექსტებით, აუდიო-ვიდეო თუ ფოტომასალებით გაამდიდრებს, მოსწავლეს საშუალება ეძლევა, ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა მიმართულებით შეაფასოს, დაახარისხოს და შეაჯამოს მიღებული ინფორმაცია,  დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება.

მოტივაციის ასამაღლებლად საკმაოდ პოპულარული მეთოდია მოსწავლეთა ჩართვა გაკვეთილის, პროექტისა თუ ღონისძიების დაგეგმვის პროცესში. მოზარდები შესაშური ენთუზიაზმით აგვარებენ საორგანიზაციო საკითხებს: ადგენენ სამუშაო გეგმას, იძიებენ საჭირო რესურსს, ამზადებენ თემატურ თვალსაჩინოებას (პლაკატს, აფიშას, მოსაწვევს), ავრცელებენ ინფორმაციას და სხვ. როგორც წესი, ისინი ირჩევენ შესასრულებელი სამუშაოს იმ სფეროს, რომელშიც თვლიან, რომ ძლიერები არიან. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები სასწავლო პროდუქტის თანაავტორები ხდებიან.

მოტივაციის ამაღლების კიდევ ერთ ეფექტურ ხერხს წარმოადგენს შთაბეჭდილების გაზიარება. სასურველია, შეხვედრები სისტემატური ხასიათის იყოს და მოიცავდეს, როგორც წაკითხული წიგნების შესახებ საუბარს, ასევე ფილმების/სპექტაკლების განხილვასაც.

წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ზოგიერთი სკოლა მკითხველთა კლუბს ხსნის ან წიგნიერების გაკვეთილს სავალდებულო საგნის სტატუსს ანიჭებს. რადგან ეს საგანი ტიპურ აკადემიურ დისციპლინებს არ მიეკუთვნება, მასწავლებლებს თავად უწევთ თემატური გეგმისთვის სასწავლო  და დამხმარე მასალების შერჩევა და ადაპტირება. შემდეგ წერილში სწორედ წიგნიერების გაკვეთილისთვის შესაფერის თემებზე ვისაუბრებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი