- ამბის დასაწყისი
ამბავი იდეალური წესრიგით იწყება. თითქოს ყველაფერი რიგზეა. რიგზეა კი არა, შესანიშნავადაა. ქორწილია მთაში, სადაც გუგუას ხელისმომკიდედ ონისე ჰყავს, ავთანდილს – თავისი ტარიელი. სულ ნარჩევ-ნარჩევი ვაჟკაცები. ეტყობათ, რომ სამტროდ არ მიდიან. მოხდენილი და მხიარული მხედრები ერთმანეთს მშვიდობას უსურვებენ. ჯვარულის სიმღერას ცეკვა ცვლის, მხიარულებას – ბედნიერება. რატომაც არა, განა ვინმეს ძალით აქორწინებენ? გუგუას დიდი ხნის ნატვრა უსრულდება და საოცნებო ძიძიას ირთავს ცოლად, ძიძიასაც მიუცია თანხმობა და არაერთი ღამე გაუთენებია საქმროზე ფიქრით. ონისე? ავტორ განზრახ დაგვიმარცვლავს, რომ ონისე სიყვარულს ეძებს, საზოგადოდ, სიყვარულის ძიებაშია, ისევე, როგორც მისი ასაკის ყველა ყმა. „ონისე კი, რომ ქორებრივი თვალი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს – მიმზიდველობა, ლოყებს – სიყმაწვილის ელფერი და გულს – სისხლის ამაჩუხჩუხებელი ძალა“.
თითქოს არაფერი მოასწავებს საფრთხეს, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს – იდეალურად.
- რაღაც და როგორღაც
მალე მკითხველს შფოთვა და მღელვარება იპყრობს. იდეალურ, სამოთხისეულ წესრიგში ეჭვი იპარება და წესრიგის რღვევა სულ ორი სიტყვით გამოიხატება: „რაღაც“ და „როგორღაც“… განა მიზეზი ვიცით? განა უკვე ყველაფერს ვხვდებით ან ჩვენ, ან პერსონაჟები? არა, აქ რაღაც და როგორღაც ხდება. ჯერ „რაღაცა ჯერედ უცნობი ბედნიერება“ ჩნდება, მერე „ქალი ჰგრძნობდა რაღაც ინსტიქტიურს მღელვარებას“, მერე „გულში რაღაცამ უჩხვლიტა“, „რაღაცა უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო“, „გული როგორღაც აუკანკალდა“, „ონისე როგორღაც შეკრთა“… მოკლედ, კიდევ ბევრი „რაღაც“ ხდება, რისგანაც ვეღარავინ დაიცავს პერსონაჟებს.
ქალმა სასწრაფოდ ჩამოიფარა პირბადე, მაგრამ უშველის კი? იქნებ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია? იქნებ უკვე დაძრულია „რაღაც უხილავი ძალა“?
„რაღაცა უცნაური დუმილი“ და „რაღაცა ჭმუნვით სავსე დუმილიც“ გამეფებულა.
ბოლოსაც, ნაწარმოების ყველაზე რთულ, გადამწყვეტ მომენტში, ონისეს თვალს „რაღაც ძალა“, „რაღაც გრძნობა“ დაუბრმავებს, მტერიც ამიტომ გამოეპარება.
- ხელები
რა თქმა უნდა, არცერთ მკითხველს არ უყვარს ამბის დასასრულის წინასწარ ცოდნა, ამიტომ არც მე მოგიყვებით. ოღონდ ესაა, რომ ავტორი თითქოს წინასწარ გვიხსნის კვანძს, თავისი პერსონაჟების ბედს წინასწარმეტყველებს, ოღონდ დაფარულად, ხელების მოძრაობისა და ურთიერთობის საშუალებით, მინიშნებებითა და მეტაფორებით. კარგად დააკვირდით ამ ეპიზოდს, არ გამოგრჩეთ:
„- ონისევ! აჰა, ჩაგვიბარებია თქვენთვის ქალი წრფელი და შეურცხვენელი… დღეის ამას იქით შენ აგვირჩევიხარ ამის ძმად, – ამ სიტყვებზედ იმან გადასცა ონისეს ქალის მთრთოლვარე და გახურებული ხელი.
ონისემ რაწამს ამ ხელის მიკარება იგრძნო, როგორღაც შეჰკრთა, დაიბნა და თითონაც გაჟრჟოლდა, თუმცა ამგვარი მდგომარეობის მიზეზი ვერ აეხსნა.
… – არ მინდა, შენაი ჭირაიმე, – უპასუხა კაცმა, რომელსაც ქალის ხელი ჯერ კიდევ არ გაეშვა, თუმცა ჰგრძნობდა, რომ ეს ხელი სწვავდა, სდაგავდა მას, უღელვებდა სისხლს და გონებას აფანტვინებდა.
ონისემ მოისვა შუბლზედ ხელი, მაგრად მოიწურა ოფლი, პირდაპირ შეჰხედა ქალს და ხმამაღლა მტკიცედ წარმოსთქვა:
– იყოს თავდებად ზევით ღმერთი და ქვეშ დედამიწა, რომ ძიძია დასავით მეყვარება, გავუწევ ძმობას, მაგისთვის ძმაზედ უფრო მეტი ვიქნები!
… ონისემ მიიყვანა ქალი და გადასცა სასიძოს, რომელმაც გაშმაგებით საჩქაროდ მიაშველა თავისი ხელი. მხოლოდ საკვირველი ეს იყო, რომ ქალი თითქოს რამდენჯერმე შეჰკრთა და ხელისმომკიდის ხელის გაშვება ეძნელებოდა, მაგრამ გუგუამ გაავლო ხელი და ისეთ რიგად მოუჭირა, რომ ქალს ძვლებმა ჭახჭახი დაუწყეს და ტკივილისაგან კინაღამ შეჰყვირა“.
- სიყვარული როგორც ბედისწერა
ყაზბეგის არცერთ ნაწარმოებში არ არსებობს უფრო ბრმა და ყოვლისშემძლე ძალა, ვიდრე სიყვარულია. აქ სიყვარული არჩევანი არ არის, აქ სიყვარული მეწყერია, ბედისწერაა, რაღაც თავისთავადი სტიქიაა, რომელიც პერსონაჟების ბედს ცვლის. სწორედ ისე, როგორც ძველ ბერძნულ მითოსში, სადაც რომელიმე ქალღმერთი აფროდიტე გადაწყვეტს, რომელიმე დედოფალ ელენეს რომელიმე პარისი შეაყვაროს. ეროსის ერთი ისარი და ომის ამბავი გადაწყვეტილია.
სიყვარული ყაზბეგთან ტანჯვაა, ის ყოველთვის ეწინააღმდეგება ლოგოსს, საღ აზრს, საზოგადოებას, მოვალეობას. ყაზბეგის პერსონაჟები სულ მარცხდებიან, ზოგიერთი ისე მარცხდება, რომ ბოლო წამს მიჯნურისთვის ყველაზე წარმოუდგენელ ღალატს სჩადის, ლაჩარივით იქცევა და ამ ბედისწერასავით სიყვარულს, რომელიც ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ ორი ხელი ერთმანეთს შეეხებოდა, სატრფოს პასუხისმგებლობად და მეტიც, დანაშაულად აქცევს.