ჩვენს ეპოქაში ქართველი პედაგოგები წელიწადში რამდენიმე ათეულ სემინარს ესწრებიან სწავლა-სწავლების მეთოდების შესახებ. მასწავლებელთა უმრავლესობას უკვე დამუშავებული აქვს გაკვეთილის ჩატარების უამრავი ტექნიკა, თითქმის ყველა სკოლაში შეიძლება ერთი ადამიანის აღმოჩენა მაინც, რომელიც მოსწავლეებს ყოველი ახალი თემის დამუშავებისას ახალ-ახალი ტიპის სამუშაოს უნაწილებს. საქმე ყოველთვის ამგვარად არ ყოფილა. ჩემს ბავშვობაში იშვიათად გვაძლევდნენ ხოლმე არასტანდარტულ, ორიგინალურ საშინაო დავალებებს.
ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან ყველაზე უკეთ მახსენდება ისტორიის მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული წინადადება. მან ერთხელ გვთხოვა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის თავგადასავლის მიხედვით ერთი კონკრეტული ქალაქის წარსული გაგვეცოცხლებინა. თავდაპირველად, გადავწყვიტე ჩემი წინაპრების თბილისში ჩამოსახლების ამბავი მომეთხრო, მაგრამ მალევე ავიღე ხელი განზრახვისგან. ვიფიქრე, რომ თანაკლასელებიც ამავე გზას დაადგებოდნენ და მარტივად შეეცდებოდნენ ფონს გასვლას. შესაბამისად, გადავწყვიტე უფრო შორეული და ბუნდოვანი მოვლენებისთვის მიმეპყრო ყურადღება და იმერეთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქის განსაკუთრებული მახასიათებლები მომეძიებინა.
ალბათ, ყველა ოჯახში მოიძებნება მონუმენტური მნიშვნელობის ფიგურა, რომელიც იმქვეყნად გამგზავრების შემდეგაც სახლში რჩება და არსად მიდის, მასზე საუბარს არ წყვეტენ თაობები, ისინიც კი, რომელთაც თვალითაც არ უნახავთ იგი; მის გამონათქვამებსა და ამბებს ათასგზის იმეორებენ შთამომავლები, მაგრამ მაინც არ ჰბეზრდებათ მათზე მსჯელობა, ხანდახან გულიანი სიცილიც კი. საბედნიეროდ, ასეთები ბევრნი არიან ჩემ ირგვლივ, მაგრამ დავალების სპეციფიკიდან და მონატრების უცნაური გრძნობიდან გამომდინარე გადავწყვიტე ღრმა ბავშვობაში დაღუპული ბებია და მისი მშობლიური ქალაქი – ხონი მექცია ჩემი დავალების მთავარ თემად.
მოულოდნელად ურთულესი ამოცანის წინაშე აღმოვჩნდი. ბებია რამდენიმე ეპიზოდად შემომრჩენოდა მეხსიერებაში, ხონში ნამყოფი არ ვიყავი, მისი ნათესავები დიდი ხნის წინ იყვნენ ბათუმში გადასახლებულნი. როგორ უნდა შემესრულებინა დავალება? გადავწყვიტე მის შესახებ არსებული ოჯახური ლეგენდები კიდევ ერთხელ, მოწესრიგებულად გამეხსენებინა და ფურცელზე ჩამომეწერა ის გამონათქვამები, რომლებიც ბებიას იმერეთის პატარა ქალაქთან, თავის ბავშვობასთან აკავშირებდა.
მუშაობის დაწყებისთანავე ფურცელზე დავწერე მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ციტატა: „უბრალო ქალი კი არ ვარ, ხონში დავიბადე, სემინარიის გვერდით ვცხოვრობდი!“. მოსწავლეობის პერიოდში მეგონა, რომ პატარა ქალაქში სასულიერო სასწავლებელი ფუნქციონირებდა და ამ სულიერ-კულტურულ კერასთან სიახლოვით იწონებდა თავს თბილისის ცნობილი ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე. თურმე, სასტიკად ვცდებოდი. წლების შემდეგ ახლობლების დახმარებით ერთი უჩვეულო ფაქტი აღმოვაჩინე.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისის გუბერნატორს თავის რეგიონში სამასწავლებლო სემინარიის, ანუ მასწავლებელთა მოსამზადებელი ცენტრის, სასწავლების დაფუძნების გადაწყვეტილება მიუღია. ცხადია, მასწავლებელთა სახლი ქუთაისში უნდა აშენებულიყო, მაგრამ ხონელებმა იბრძოლეს, რომ მათ ქალაქსაც მინიჭებოდა ახალი და განსაკუთრებული ფუნქცია. ამ ბრძოლას ივანე შარაშიძე ედგა სათავეში, ადგილობრივი ვაჭარი, რომელსაც თავად არ ჰქონდა მიღებული სასკოლო განათლება, მაგრამ შესანიშნავად აცნობიერებდა განათლების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში.
ივანე შარაშიძემ დაბაში თავისი სახსრებით დააარსა რამდენიმე ორკლასიანი სასწავლებელი, მაგრამ ბოლომდე მშვიდად მაინც ვერ გრძნობდა თავს. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრს სურდა, რომ სამასწავლებლო სემინარია ქუთაისის ნაცვლად ხონში აშენებულიყო. ბევრი იბრძოლა, მიაღწია იმას, რომ დაინიშნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა გაეკეთებინა არჩევანი მთავარ ქალაქსა და მის მეზობელ დაბას შორის. შარაშიძემ მიმდებარე სოფლებიდან, მთელი იმერეთიდან შეკრიბა ნაცნობები და ხონის ქუჩებში ეტლებით სეირნობა სთხოვა. მეფისნაცვალს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცოცხალ, მჭიდროდ დასახლებულ, მზარდ დასახლებაში იმყოფებოდა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სემინარიისთვის საფუძველი მოგუგუნე დასახლებაში ჩაეყარა. ალბათ, ბებიაჩემსაც უხაროდა, რომ მასწავლებლების, მომავალი პედაგოგების, წიგნის მოყვარული ადამიანების გვერდით დაიბადა და აღიზარდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ უსვამდა ხაზს თავისი მშობლიური სახლის ადგილმდებარეობას.
ჩემთვის გამოუცნობ შეკითხვად რჩებოდა, თუ რატომ სთხოვდა სრულიად ახალგაზრდა ბებიაჩემი თავის სამივე ვაჟს, რომ თავის გასვენებაში აუცილებლად მოეწვიათ სასულე ორკესტრი; რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი განსაკუთრებული სიყვარული მას სასულე მუსიკის მიმართ. კვალს კვლავ სემინარიასთან მივყავართ. ლევან კიტიასა და ნინო კაკაურიძის ფილმში „დუხავოი“ (პირველი არხი) სამასწავლებლო სასწავლებლის პირველი წლები კარგად არის აღწერილი. სასწავლებლის მსმენელები უშველებელი გალავნის მიღმა ცხოვრობდნენ, მათ იშვიათად ჰქონდათ პანსიონატის გარეთ გამოსვლის უფლება. მზრუნველებს ძალიან უჭირდათ ახალგაზრდების დიდი ხნით გაჩერება ერთ ადგილზე. მოსწავლეთა მოწყენილობის დასამარცხებლად რაღაც უნდა მოეფიქრებინათ. 1890 წელს სემინარიაში პედაგოგად მოიწვიეს ჩეხი განმანათლებელი – ანტონ ვიაჩესლავ ჰაუდეკი, რომელმაც ხონელი სემინარისტებისათვის სამოქალაქო სასულე ორკესტრი დააფუძნა. მას შემდეგ 135 წელი გავიდა და ხონში ტრადიცია დღემდე ცოცხალია, ქალაქში დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას ჰაუდეკის მიერ დაფუძნებული კოლექტივი. როგორც ჩანს, ამ ორკესტრის არსებობამ განაპირობა ერთი იმერული დასახლების მცხოვრებთა შორის განსაკუთრებული ესთეტიკური ღირებულებების გავრცელება. ერთი ჩეხი პედაგოგის მიერ დაწყებულმა საქმემ აქცია მუსიკა პატარა ქალაქის დიდ თანამგზავრად.
ალბათ თქვენც გიჭირთ ღიმილის შეკავება, როდესაც ადამიანები სიამაყით, წარბშეუხრელად, განმარტების გარეშე უკავშირებენ ერთმანეთს ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. მაგალითად, ბებიაჩემი საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად, ჯიუტად და ხშირად იმეორებდა ფრაზას: „მამაჩემი უპატიოსნესი კაცი იყო, ორჯერ გახლდათ ნასამართლები!“. დავალების შესრულების დროს ეს ამოცანაც ვერ გადავწყვიტე დამოუკიდებლად, კარგად ვერ მივხვდი, რა საიდუმლო იმალებოდა მამაზე უზომოდ შეყვარებული ქალის სიტყვების მიღმა, მაგრამ დამეხმარნენ.
ხონში სემინარიის აშენებას მხოლოდ განათლებისა და კულტურის მძლავრი კერის ჩამოყალიბებისთვის არ შეუწყვია ხელი. თითქმის ასი მეტრი სიგრძის, ორსართულიანი შენობის აღმართვას აგურ-კრამიტის ქარხანა სჭირდებოდა, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანამ მუშაობა განაგრძო. იქვე არსებობდა აბრეშუმის პატარა ფაბრიკაც, რომელიც დაბას დამატებით სიმდიდრეს სძენდა. ორი ახალი საწარმოსა და სემინარიის ამოქმედებამ ძალიან გააძლიერა ხონის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი დაწესებულება – „იარმარკა“. ვინაიდან ქალაქი ახლოს იყო ქუთაისთან, სამეგრელოსთან, გურიასთან, ლეჩხუმთან, სავაჭრო გზებთან, ხონში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან პარასკევობით ყოველთვის დიდი ბაზრობა ეწყობოდა. ბაზრობის მრავალფეროვნებასა და გამორჩეულობას უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი ებრაელებიც, რომელთა კოლონიაც მოგვიანებით კულაშში გაასახლეს. ერთი სიტყვით, მანუფაქტურული წარმოებითა და ვაჭრობით ხონი იმერეთის მოწინავე პუნქტი იყო. „იარმარკის“ ფუნქციონირებაში ადგილობრივები ახალგაზრდული ასაკიდანვე ერთვებოდნენ და ნამდვილ პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესი აღმოჩნდა საბჭოთა პერიოდშიც, ხონელები ბოლშევიკური რეჟიმის პირობებშიც ახერხებდნენ საქონლის გატანას შორეულ ქალაქებში და იქიდან დეფიციტური პროდუქტებისა თუ საგნების შემოტანას. ჩემი დიდი ბაბუაც ამგვარი მაქინაციების შუაგულში აღმოჩენილა, ჩეკას ორჯერ დაუპატიმრებია არალეგალური ვაჭრობისთვის. მიუხედავად ამისა, პეტრეს ყველა მაინც პატიოსან კაცად იცნობდა, არ იპარავდა, არ იტყუებოდა და თავისი საქმით ბევრ ადამიანს უმართავდა ხელს.
თითქმის ოცი წელი გავიდა და დღემდე მახსოვს ეს საშინაო დავალება. მან მომცა შესაძლებლობა:
- ჩემს ცხოვრებაში შემომეყვანა ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად არ ვიცნობდი. დამეწყო ფიქრი მის გრძნობებზე, ტკივილზე, განვლილ გზაზე;
- გამეხედა ჩემი ქალაქის, დიდი მეგაპოლისის მიღმა, გავქცეულიყავი შორს ხმაურიანი თანამედროვეობისგან. დამენახა კავშირი საუკუნის წინ საქართველოში დაწყებულ პროცესებსა და ვთქვათ, ბებიაჩემის მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულს შორის;
- აღმომეჩინა ერთი ციდა ქალაქის უპირობო განსაკუთრებულობა. მეგრძნო, რომ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს თავისი ორიგინალური ისტორია აქვს.
იმედი მაქვს, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაცილებით მეტი მასწავლებელი გასცემს ისეთ საშინაო დავალებას, რომელიც ბავშვებს ათეულობით წლის შემდეგაც ემახსოვრებათ.