შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საქართველოში, ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა (IChO 48), რომელიც 23 ივლისიდან საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა.

ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მსოფლიოს 75 ქვეყნის 300 საუკეთესო მოსწავლე  მენტორ- მასწავლებლებთან ერთად ჩამოვიდა.  IChO 48-ის დახურვის ცერემონიალი რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა..დახურვის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს ასეთი  მაღალი დონის შეჯიბრს, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს და რომ, განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მთელი ძალისხმევა განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური სტრატეგიების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

13882100_1026839270769821_5478105654149262734_n

  • ოლიმპიადები, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ხელს უწყობს მეგობრობასა და თანამშრომლობას. სწორედ ამ დროს მყარდება მჭიდრო კონტაქტები პოტენციურ ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებს შორის და ხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. თქვენთვის ეს მართლაც ძალიან ამაღელვებელი მომენტი უნდა იყოს – თქვენ ხომ დღეს ეჯიბრებით თქვენს თანატოლებს მთელი მსოფლიოდან. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებს შორის, ქიმიით დაინტერესების ასეთ მაღალ დონეს ვხედავ. ჩვენი პრიორიტეტებია – სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლის, კვლევების, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რადგან ეს ყველაფერი მომავლის მოქალაქეების, მომავლის მეცნიერებისა და გამომგონებლების აღზრდას უწყობს ხელს. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც გადალახავს თანამედროვეობის უდიდეს გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან, ენერგომატარებლებთან, მედიცინასთან, სოფლის მეურნეობასთან, საკვების უვნებლობასა და უსაფრთხოებასთან. ქიმიას ხომ უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გლობალურ ეკონომიკაზე – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

13679963_1027084904078591_161079950604261947_o

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველო ორი წლის წინ ჩაერთო და პირველად, ოთხკაციანი გუნდით, 2014 წელს, ვიეტნამში, ჰანოეს 46-ე ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა სტუდენტებმა წინა ორ  ოლიმპიადაში ვერ მოიპოვეს მედალი. წელს, IChO 48-ში, ქართველმა მოსწავლემ საბა თავდგირიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საბა წელს პირველად მონაწილეობდა. გასულ წელს ის ოლიმპიური ნაკრების რეზერვისტი იყო , რამაც დიდი გამოცდილება შესძინა.

  • ძალიან რთული ოლიმპიადა იყო. რასაკვირველია, კარგად ვემზადებოდი, თუმცა სიმართლე გითხრათ, ბრინჯაოს მედლის მოპოვებაზეც ვერ დავდებდი თავს, რადგან თეორიული ტესტირება რთული იყო. თავდაპირველად, ჩემი სახელის გამოცხადებისას, ვერ ვიჯერებდი, რომ მე ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ და კმაყოფილიც. გაისად, იმედი მაქვს, კიდევ უფრო წარმატებული ვიქნები – ამბობს საბა.

13882211_1026839214103160_4768268146819789430_n

განსაკუთრებით სასიხარულო იყო საბას გამარჯვება მისი მენტორ- მასწავლებლებისთვის. საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადისთვის ამზდებდნენ ლიდერები: თინათინ ბუთხუზი და ვახტანგ კურცხალია, მასწავლებლები: ინგა აბდუშელიშვილი, ემზარ ლომიძე, სოფო ფაცაცია.

ოლიმპიადის ფარგლებში ოქროს მედალი სულ ოცდაათმა მოსწავლემ მიიღო. ოქროს მედალოსან მოსწავლეებს შორის იყვნენ ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, სინგაპურის, ვიეტნამის, ტაილანდის, პოლონეთის, კორეის წარმომადგენლები.

13735019_1027090807411334_4388029711922711862_o

ოლიმპიადის საორგანიზაციო დეტალებზე საუბრობენ უცხოელი ორგანიზატორები და სამეცნიერო კომიტეტის წევრები.

13873125_1026839744103107_8895478359971886120_n

  • გილოცავთ, ოლიმპიადა შედგა. შედგა დიდი წარმატებით და არც ერთი პრობლემით. არასოდეს მინახავს სხვა დროს, ასეთ მცირე პერიოდში, რომელიმე ქვეყანას მოეხერხებინოს მსგავსი მოცულობის საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზება. გილოცავთ პირველ ბრინჯაოს მედალს ოლიმპიადაზე. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე უფრო მაღალ შეგედებს მიაღწევთ – ამბობს „ოლიმპიადის პატრიარქად“ წოდებული დუკვან ლი, პროფესორი კორეიდან.
  • მადლობას ვუხდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საოცრად სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისთვის, ბიუროკრატიის  თავიდან აცილებისათვის. ოლიმპიადა იყო ძალიან კარგი – ქიმიისა და სანახაობების, ტურიზმის არაჩვეულებრივი ნაზავი. მონაწილეებიცა და სტუმრებიც სავსე არიან შთაბეჭდილებებით. მადლობა საორგანიზაციო კომიტეტს უზარმაზარი სამუშაოს, მცირე დროში, პროფესიონალურად წარმართვისა და თავდადებისთვის. განსკუთრებული მადლობა ოლიმპიადის მთავარ კოორდინატორს, ქიმიის პროფესორს, ბატონ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომლის წვლილი ოლიმპიადის ასე ჩატარებაში განუზომელია  – განაცხადა ოლიმპიადის სამეცნიერო და სამეთვალყურეო კომიტეტის თავმჯდომარემ გაბორ მაგიარფალვმა.

13909444_1027088664078215_5062403537279161597_o

ოლიმპიადის მიმდინარეობა შუქდებოდა ყოველდღიურ „კატალაიზერებში“.

https://www.icho2016.chemistry.ge/catalyzer.php

ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდამჭერი იყო ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge.“

c7baff12-da4d-44a9-b0bc-bbd0555657a9

დახურვის ცერემონიალზე მონაწილეებმა მოუსმინეს ქართულ ტრადიციულ სიმღერებსა და მსოფლიო ქავერებს.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება ქვეყნებს 10 წელიწადში ერთხელ ეძლევათ. შემდეგი მასპინძელი ქვეყნების განრიგი 2021 წლამდე წინასწარაა შედგენილი. IChO 49-ე მომავალ წელს ტაილანდში ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი