შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – მედროვეობა

სამწუხაროა, რომ მედროვეობის საკითხი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ეს გასულ საუკუნეში იყო. მმართველი ძალის შიშიც და მათი მაამებლობის სურვილი ისევ ისეთი მოდებული სენია. ამიტომაც წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავლის ანი მაზანაშვილის დაკვირვებებს იმ ორ ნაწარმოებზე („კვაჭი კვაჭანტირაძე“ და „ყვარყვარე თუთაბერი“), რომელთა კვლევაც დღეს კიდევ უფრო აუცილებელი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ავტორთან დასახელებულ ტექსტებში მედროვეობის თემა არის დომინანტური და მთავარი გმირებიც მედროვეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, მკითხველს ერთგვარი თანაგრძნობა და სიმპატიაც აქვს კვაჭის მიმართ, ხოლო ისეთივე მედროვე ყვარყვარე თითქმის არცერთ მკითხველს არ მოსწონს. ორივე სახელი ქართველი კაცის ლექსიკონში დამკვიდრდა: კვაჭი, როგორც მარიფათიანი ადამიანის შესატყვისი ეპითეტი, შესაბამისად, ირონიული კონოტაციით, შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ პოზიტიური შეფერვითაც და ყვარყვარე, როგორც ყველა სიტუაციას მორგებული  ადამიანის ეპითეტი, შესაბამისად, ნეგატიური კონოტაციით. ჩემთვის  მნიშვნელოვანია ამ სიმპატია/ანტიპატიის მიზეზების ძიება. საინტერესოა, როგორ თვლის მკითხველი, მედროვეობა ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს თუ იგი შეძენილი ფაქტორია, რომელსაც გარემო პირობები განსაზღვრავს? თუკი ამ კითხვაზე პასუხს ვიპოვი, მაშინ, მგონია, რომ პასუხი გაეცემა წინა შეკითხვასაც რა იწვევს მკითხველის სიმპატია/ანტიპატიას. საქმე ისაა, რომ მედროვეებს არა მარტო მკითხველები თანაუგრძნობენ, არამედ მედროვეებს მხარდაჭერა საზოგადოებაშიც ჰქონდათ. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ არც ამდენი მედროვე იარსებებდა. ალბათ სწორედ ამიტომაც დაიწერა ეს ორივე ნაწარმოები, მიხეილ ჯავახიშვილსაც და პოლიკარპე კაკაბაძესაც მედროვის გაჩენის მიზეზები აინტერესებდათ. ისინიც პასუხს ეძებდნენ მარადიულ შეკითხვაზე, შეძენილია თუ თანდაყოლილი მედროვეობა, ბუნება განაპირობებს მას თუ გარემო ფაქტორები.

ორი ნაწარმოების კვლევამ წარმოაჩინა ის არგუმენტები, რომელთა დახმარებითაც შევეცადე, პასუხი გამეცა საკვლევი შეკითხვისთვის. მანამდე კი დავადგინე, რომ მიხეილ ჯავახიშვილიც (რომანით „კვაჭი კვაჭანტირაძე“) და პოლიკარპე კაკაბაძეც (პიესით „ყვარყვარე თუთაბერი“) პასუხს ეძიებდნენ შეკითხვაზე, თუ რა განაპირობებდა მედროვეობის ფენომენს: ადამიანის თანდაყოლილი ბუნება თუ გარემო ფაქტორები. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიკარპე კაკაბაძე არ მოგვითხრობს ყვარყვარეს ბავშვობაზე და მისი მშობლების როლზე პერსონაჟის აღზრდის საკითხში, ვერაფერს ვიტყვით, რამდენად არის გმირის მედროვე ხასიათი ამგარემო ფაქტორების (აღზრდის) ბრალი. მისგან განსხვავებით, მიხეილ ჯავახიშვილი დაწვრილებით გვიამბობს მამის როლზე პერსონაჟის ხასიათის ჩამოყალიბებაში კვაჭის გაჩენის დღიდან. შესაბამისად, გასაგებია, რომ მწერალს სურს, მედროვის ხასიათის ფორმირებაში გარემო ფაქტორი – აღზრდა – გავითვალისწინოთ. ამდენად, ერთი შეხედვით, ყვარყვარე თუთაბერი პირველი კატეგორიის მედროვეს ტიპია, ანუ გარემო ფაქტორებით განპირობებული მედროვეა ასევეა კვაჭი კვაჭანტირაძეც, ოღონდ მის მედროვე ხასიათზე მამის ფაქტორმაც არანაკლები როლი შეასრულა. მაგრამ დეტალურმა ანალიზმა წარმოაჩინა, რომ ყვარყვარე დროის შეცვლამდეც ამჟღავნებდა ხასიათის ისეთ თვისებებს, რომლებიც მომავალში მას მედროვედ ჩამოაყალიბებდა, ანუ ყვარყვარეს, შესაძლოა, ბუნებითი მედროვეც ვუწოდოთ. მისნაირი ადამიანები პიესაში ბევრნი არიან. ოღონდ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა ამ ადამიანების, ყვარყვარეს მსგავსად, მედროვეებად ჩამოყალიბება. საბედნიეროდ, მათ ყვარყვარესავით არ მიეცათ საშუალება, სამოქმედო ასპარეზზე ისევე აქტიურად გამოსულიყვნენ. ყვარყვარე, მათგან განსხვავებით, თავისი ბუნებისთვის სასურველ დროს სასურველ გარემოში აღმოჩნდა. რაც შეეხება კვაჭის, კვაჭი თავიდანვე ასეთი შეიყვარეს: „რა ვუყოთ, ასეთია“, ასეთად აღზარდა მამამ, ასეთად ჩამოაყალიბა დრომ, ამიტომაც მკითხველი, ნაწარმოების მოქმედ პირებთან ერთად, ადვილად ეგუება მის მედროვე ხასიათს. შეეგუენ ასეთ კვაჭის და აღარც არავის უფიქრია შემდგომში მისი გამოსწორება. ორივე შემთხვევაში მედროვეობას თვითგადარჩენის საფუძველი უდევს. ყვარყვარეს შემთხვევაში ეს ცხოველური და პრიმიტიული ინსტინქტია, რომელიც ვითარებამ და გარემომ მოითხოვა, და ყოველგვარი აწონვის, გადაფასების და ანალიზის გარეშე დაემონა ამ ინსტინქტს, ხოლო კვაჭისთვის ჯავახიშვილისმიერ ნახსენები შერჩევის კანონით ერთადერთი გადარჩენის ხერხია, რომელიც კარგად ჩაებეჭდა ტვინში დარიგებების, გამოცდილების და ცხოვრებისეული მაგალითების სახით.

ამიტომაც, თუ კვაჭი ირონიული, მაგრამ პოზიტიური მეტსახელია, ყვარყვარეს წოდება შეურაცხმყოფელია. არადა, კვაჭიც ისეთივე მედროვეა, ნეგატიური და სახიფათო, როგორი ნეგატიური და სახიფათო მედროვეც ყვარყვარეა. მაგრამ რა არის ის, რაც მკითხველებს მოსწონთ კვაჭიში და აღიზიანებთ ყვარყვარეში? ნუთუ ის, რომ კვაჭის მედროვეობა, ერთი შეხედვით, მისი აღზრდიდან გამომდინარეობს? სამწუხაროდ, ეს ზედაპირული პასუხი ბევრი ადამიანისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ის, რომ ამოიცნონ მიხეილ ჯავახიშვილის განზრახვა, გარკვევით დაგვანახოს: რომ არა კვაჭის ბუნება, მას ვერც აღზრდა და ვერც გარემო ვერასდიდებით ვერ შეცვლიდა. კვაჭი კარგი მთქმელის კარგი გამგონე აღმოჩნდა, გაამართლა მამის მოლოდინები, ადვილად შეითვისა მლიქვნელობა, ფლიდობა – ყოველივე ის, რასაც, წესით და რიგით, მამა შვილს არ უნდა ასწავლიდეს. შემდეგ გარემო პირობების შესაფერისად იქცეოდა: იყო ავკარგიანიც, იყო სათნოებით გამორჩეულიც, ხან – ვნებიანი საყვარელი, ხანაც – გულგრილი, ხან – კეთილშობილი რაინდი, ხანაც – გაქნილი არამზადა, ხან – ყოვლისმცოდნე სწავლული, ხანაც – უბირი. მერე რა, რომ მისი ისტორიები, ყვარყვარესგან განსხვავებით, მხოლოდ პოლიტიკურ მედროვეობას არ აღწერს?! როგორც ჩანს, მკითხველს იმიტომ არ უნდა კვაჭის ბუნებითი მედროვეობის დანახვა, რომ მას ამით თავისი თავის გამართლებაც სწადია. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ საბჭოთა ადამიანზე, როგორ „კვაჭობის“ ადვოკატზე არ ვლაპარაკობ. მე ვსაუბრობ ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც ხედავს, რომ ავტორიტეტი ცდება, მაგრამ თავს უხრის, რადგან ეშინია ავტორიტეტთან დაპირისპირების. ამიტომაც ბევრად უფრო ადვილია მოგწონდეს კვაჭი, ვერ ან არ გაიგო, მიხეილ ჯავახიშვილის გზავნილი და გარემო პირობებს გადააბრალო ჯერ კვაჭის, მერე კი შენი უპრინციპობა, გარემო პირობებით ახსნა, რატომ მიდიოდი კომპრომისებზე; ვითომ გარემო პირობების გამო უღალატო და დათმო, არ უერთგულო მრწამსს, დაივიწყო მორალური ღირებულებები და ზნეობა.

ამდენად, კვლევამ ნათლად წარმოაჩინა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძისა“ და პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ პერსონაჟები, კვაჭიც და ყვარყვარეც, გარემოს მსხვერპლნი კი არა, დაბადებიდან ანუ ბუნებითი მედროვეები არიან. ხოლო, ყვარყვარესგან განსხვავებით, კვაჭისადმი კეთილგანწყობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მკითხველის მიერ საკუთარი მედროვეობის გამართლების სურვილმა. მედროვეობა მარადიული სენია, იგი ეპიდემიასავით მარტო ერთ ეპოქას კი არ მოედება, არამედ მედროვეთა ხილვა ნებისმიერ ეპოქასა და დროში შეიძლება. ამიტომაც არის, რომ კვაჭის მიმართ სიმპატია კი საბჭოთა პერიოდში ჩაისახა, მაგრამ გაგრძელდა სსრკ დანგრევის შემდეგაც. ჩემი აზრით, მკითხველი ჯავახიშვილის გენიას იმით კი არ აფასებს, რომ მან მედროვეობის ფენომენი ამხილა, არამედ მოეწონა ყოჩაღი კვიმატი კვაჭის პერსონაჟი და ნაკლებად ამტყუნებს მის მედროვეობას, პირიქით, ეცდება გაამართლოს კიდეც და „კვაჭობა“ გადააბრალოს ხან აღზრდას, ხანაც სხვა გარემო ფაქტორებს. პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარეს“ შემთხვევაში კი ყველაფერი იმდენად პირდაპირაა ნათქვამი, რომ მკითხველი, იმის შიშით, მეც მედროვე არ გამოვჩნდეო, ყვარყვარეს სხვების დასანახად უწყებს გმობას. გმობისდა მიუხედავად მუდმივად ცდილობს, დაივიწყოს ეს ნაწარმოები და მასში აღძრულ პრობლემაზე გულახდილად კი არ იმსჯელოს, არამედ მიჩქმალოს პრობლემა და „ყვარყვარობაზე“ ისე ისაუბროს, ვითომ იმ სხვათა სენია, ვინც საბჭოთა კავშირის აისს მოესწრო.

შეჯამების სახით ვიტყვი, რომ კვაჭი კვაჭანტირაძისადმი მკითხველის კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მაშინ, როდესაც ისიც ისეთივე მედროვეა, როგორც ყვარყვარე თუთაბერი, განაპირობა ჩვეულებრივმა ადამიანურმა ფაქტორმა, რომელსაც თავის მართლების სურვილი ჰქვია.

ამ წერილით ვასრულებ წერილების ციკლს „ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები“. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულის მასწავლებლებს სურვილი გაუჩნდებათ, წაახალისონ თავიანთი მოსწავლეები და აუმაღლონ მოტივაცია, საფუძვლიანად გამოიკვლიონ მათთვის საინტერესო საკითხები, რომლებიც უხვად მოიძებნება ქართულ ლიტერატურაში. მე კი ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი IB-ის ქართული ენისა და ლიტერატურის გამსწორებელს მაია ზალდასტანიშვილს, რომელმაც უმაღლესი შეფასებები არ დაიშურა ჩემი მოსწავლეებისთვის და ასე დააფასა მათი მონდომება, პირველი ნაბიჯები გადაედგათ მეცნიერული კვლევის რთულ, მაგრამ საინტერესო გზაზე (ვრცელი ესეები შესრულდა სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომლის შესახებაც მოთხრობილია წერილში https://mastsavlebeli.ge/index1.php?action=page&p_id=19&id=353).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი