შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ტერმინების ტყვეობაში: სილაბუსი

შეგახსენებთ, რომ ენა კომუნიკაციის მთავარი იარაღია, სიტყვიერი კომუნიკაცია კი გარესამყაროსთან ადაპტირებისა და სოციუმში ინტეგრირების უნარს ავითარებს. გადატვირთული ტერმინოლოგიით მოსაუბრე ადამიანი განსაკუთრებულ დისკომფორტს ბავშვებს უქმნის, რადგან მათ უჭირთ საუბრის შინაარსის სრულყოფილად გაგება და მოსაუბრის დამოკიდებულების სწორად განსაზღვრა.

ადრე სპეციფიკურ ტერმინებს მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებში თუ შეხვდებოდი, ახლა კი სამეტყველო ენაშიც ისე ღრმად გაიდგა ფესვი, თითქმის ყველა ორატორისა თუ რიგითი მუშაკის მონოლოგში აღმოაჩენთ.

უცხო სიტყვათა ლექსიკონი გვამცნობს, რომ „ტერმინოლოგია“ მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების რაიმე დარგში გამოყენებულ ტერმინთა ერთობლიობაა, ტერმინი (L. Terminus – საზღვარი) კი – სიტყვა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს/განმარტავს გარკვეულ ცნებას.

პირველად სპეციფიკურ ტერმინოლოგიასთან შეჭიდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომიხდა. მოგვიანებით, სკოლაში მასწავლებლის სტატუსით დაბრუნებისას, ისევ დამჭირდა უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის დახმარება. მალევე შევისისხლხორცე ტერმინები: სილაბუსი, პორტფოლიო, ინტეგრირება, უკუკავშირი, მოტივაცია, ტრენინგი, ფასილიტატორი და სხვ. თავიდან ყველა იმ დოკუმენტის სახელის განმარტებას ვეძებდი, რომლის შექმნაც მევალებოდა. გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ კი მეც დავიწყე მათი გამოყენება.

სასწავლო წლის დასასრულს ტერმინი ,,სილაბუსი“ განსაკუთრებით აქტიური ხდება. სხვა მასწავლებლების მსგავსად, მეც გასული თვე თემატური გეგმების წერას შევალიე, ამიტომ დღეს სწორედ ამ ტერმინის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ვისაუბრებ.

სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პროცესის ყველა ეტაპზე დროის განაწილების სქემას, მისაღები სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი ეტაპის დამთავრებისას, ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას. ასეთ დოკუმენტს ადგენს სახელმწიფო, საგანმანათლებლო დაწესებულება ან მათი გაერთიანება და მასწავლებელი, განათლების სხვადასხვა მიმართულებისა (საგნის) და საფეხურის შესაბამისად. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განასხვავებენ რამდენიმე სახის სასწავლო გეგმას, კერძოდ: ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის სასწავლო გეგმას და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. მასწავლებელი თავისი საგნის სილაბუსს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ადგენს.

სილაბუსი საგნობრივი თემატურ–კალენდარული გეგმაა და წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (მეთოდი), საათობრივად გაწერილი თემატური ერთეულების სია, გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდები ან სხვა ტიპის რესურსის დეტალური მონაცემები. აუცილებელია კურსის შეფასების პრინციპების (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი…) მითითება და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრაც.

სილაბუსის დაწერა არც თუ ისე ადვილია: ჯერ კარგად უნდა დაამუშაოთ სახელმძღვანელოში არსებული მასალა. შემდეგ იწყება მისი თემატურ ნაწილებად დახარისხება (ზოგიერთი საგნის სახელმძღვანელო თემატურ მონაკვეთებადაა დაყოფილი, რაც საქმეს საგრძნობლად აადვილებს), სასწავლო მასალის დამუშავებისთვის საჭირო დროის განსაზღვრა, ეფექტური მეთოდებისა და აქტივობების შერჩევა. ნიმუშად გთავაზობთ ამონარიდს თემატური გეგმიდან ქართულ ენასა და ლიტერატურაში (V კლასი):

(სილაბუსის ნიმუში N1)

სილაბუსი 1

მსგავსი მსხვილ თემატურ ერთეულებად დაყოფილი სასწავლო გეგმის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე დეტალურად გაწერილი სილაბუსის ყველაზე გავრცელებული ფორმის შევსება, სადაც საკმაოდ ვრცლად უნდა ჩამოაყალიბო პროგრამის შინაარსი და მიზნები, თითოეულ შესასწავლ მასალას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ინდიკატორები მიუსადაგო და დროც ადეკვატურად და ზუსტად გაანაწილო. პირადი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, მსგავსი სილაბუსი სასწავლო პროცესის წარმართვის დროს ნაკლებად გამოგადგებათ. თუმცა სკოლაში საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი (დამკვირვებელი) თუ გესტუმრათ, მის წინაშე საკმაოდ გამართული, მისაღები ფორმის დოკუმენტით წარსდგებით.

(სილაბუსის ნიმუში N2)

სილაბუსი2

ერთგვარ მინისილაბუსს წარმოადგენს გაკვეთილის გეგმა (სცენარი), რომლის დაწერაც ყოველდღე თუ არა, ღია გაკვეთილების ჩატარების წინ მაინც მოგიწევთ. იმ შემთხვევაში, თუ დეტალური სცენარის შედგენა დაგევალათ, თქვენი გეგმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს გაკვეთილის სტრუქტურას, აღრიცხავდეს საგაკვეთილო პროცესის განვითარების თითოეულ ნაბიჯს. როგორც წესი, გეგმაში გაწერილია გაკვეთილის მიზანი და სასურველი შედეგის მიღწევისთვის საჭირო აქტივობები, მოცემულია აქტივობების ორგანიზების ფორმა, შეფასების კრიტერიუმები და საგაკვეთილო დროის დაგეგმილ აქტივობებზე განაწილების სავარაუდო მონახაზიც. უნდა მიუთითოთ გაკვეთილის მომზადებისა თუ ჩატარების პროცესში გამოყენებული რესურსების ჩამონათვალიც.

როგორც წესი, მასწავლებლის წიგნში მოცემულია სცენარის რამდენიმე ნიმუში, სადაც ზუსტადაა აღწერილი გაკვეთილის სავარაუდო მსვლელობა. სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ მოიფიქროს თემატური შეკითხვები, რითაც მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას უზრუნველყოფს და მათ აქტიური მოსმენის უნარსაც გამოუმუშავებს. სასწავლო მასალის შესაბამისი აქტივობების წინასწარ შერჩევა და მათზე დროის ადეკვატურად განაწილებაც ხელს შეუწყობს ეფექტური და ნაყოფიერი პროცესის წარმართვას. თუმცა გეგმის ზედმიწევნით შესრულება აუცილებელი არაა (მასწავლებელს უნდა შეეძლოს სიტუაციის შესაბამისად ლავირება).

გაკვეთილის გეგმის შედგენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მოსწავლეების წინარე ცოდნა, მოტივაცია, საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობა, საკლასო გარემო და სხვ. საგაკვეთილო პროცესის შეფასება რომ გაგიადვილდეთ, შეგიძლიათ მიზნის მიღწევის დონეების გამოყოფა, შეფასების რუბრიკის შედგენა. მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა მიიღონ უკუკავშირი, განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასების ან თუნდაც თვითშეფასების კითხვარის მეშვეობით (მაგალითად, აქტივობა ,,ვიცი, გავიგე, მინდა გავიგო“). სასურველია, თავად მასწავლებელმაც შეაფასოს საკუთარი ნამუშევარი: გამოყოს ჩატარებული გაკვეთილის დადებითი და უარყოფით მხარეები, მიაგნოს გეგმის სრულყოფილად შესრულების ხელისშემშლელ ფაქტორებს, დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორების ეფექტურ გზებს. გთავაზობთ გაკვეთილის სცენარის ნიმუშს:

(სილაბუსის ნიმუში N3)

სილაბუსი 3

შეგიძლიათ გაკვეთილის გეგმას დაურთოთ აქტივობათა მოკლე აღწერაც:
აქტივობა N1 – მასწავლებელი ხმამაღლა, მიმდევრობით კითხულობს ანბანს, ანბან–პლაკატზე თითოეულ ასოზე მიუთითებს, შემდეგ მთელი კლასი იმეორებს მასწავლებელთან ერთად.
აქტივობა N2 – მოსწავლეები ასახელებენ ამა თუ იმ ასოზე დაწყებულ სიტყვებს, გამოყოფენ სიტყვის თავ ასოს.
აქტივობა N3 – მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს წინა გაკვეთილზე დამუშავებულ ტექსტს, შემდეგ კი ანაწილებს როლებს. ,,მთხრობელი“ მასწავლებლის დახმარებით (კითხვა–პასუხის რეჟიმი) აღწერს ტყის ბინადართა საკლასო ოთახს, ,,ძია თომა“ კი ყველას ულოცავს სწავლის დაწყებას და სათითაოდ ეცნობა ახალ მოსწავლეებს. იმართება მარტივი დიალოგები მოსწავლეებს შორის. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, თუ რომელი პერსონაჟის როლი მოირგეს, მაგალითად:
– რა გქვია?
– ბაჭია.
– ვინ მოგიყვანა სკოლაში?
– დედიკო კურდღელმა და ა.შ.
აქტივობა N4 – მოსწავლეები რიგრიგობით აღწერენ სურათზე მოცემულ ნივთებს, მათ თვისებებს და დანიშნულებას.
აქტივობა N5 – მოსწავლეები დაიყოფიან მცირე ჯგუფებად. მათ თვალით უნდა მოძებნონ სკოლისათვის შეუსაბამო ნივთი (მაგალითად, ფოტოალბომი, სათამაშო, ჩაიდანი და სხვ.), რომელიც მასწავლებელმა გაკვეთილის დაწყებამდე შეიტანა კლასში. შემდეგ მასწავლებელი ჩამოთვლის საკლასო ნივთებს, რომელშიც ერთი საოჯახო ან სათამაშო ნივთი ურევია. შეუსაბამო საგნის დასახელების დროს ჯგუფის წევრებმა ტაშით უნდა შეაჩერონ მასწავლებელი. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი აღმოაჩენს კლასში დამალულ ზედმეტ საგანს და ყველაზე მეტ შეუსაბამო სიტყვასაც ამოიცნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი