შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც დიდი ძალისხმევით მიმდინარეობს ქართული ენის სწავლება. რამდენიმე პროექტის მასწავლებლები არიან ჩართული ამ საქმეში და არის კიდეც შედეგები, რაც ნათლად ჩანს საატესტატო თუ ეროვნული გამოცდების შედეგებიდან. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქართულ უნივერსიტეტებში ჩამბარებელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების რიცხვი.

თუმცა, ამ ყველაფერში მთავარი ისაა, თუ რამდენად ახდენენ ისინი ინტეგრაციას საზოგადოებაში. მე ვასწავლიდი როგორც სომხურენოვან, ასევე აზერბაიჯანულენოვან სკოლებში. ენის სწავლის კუთხით სიტუაციები იქ იცვლებოდა და უმჯობესდებოდა. წიგნები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა, არაა დატვირთული მხატვრული ლიტერატურით, არც გრამატიკით, ისინი შექმნილია სასაუბრო ქართულის სასწავლებლად.

პროექტები, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ინტეგრაციაში. სკოლებში, სადაც მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ, ყველას, აბსოლუტურად თანაბარი უფლებები გაქვს ჩვენ ქვეყანაში, ვასწავლით საქართველოს გეოგრაფიას, ისტორიას, არიან ბავშვები, რომელთაც ქვეყნის დედაქალაქი კი არა, თავისი რეგიონალური ოლქი ან უახლოესი ქალაქი არ უნახავთ,.

ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის ფარგლებში ჩემს მეგობრებთან ერთად გავაკეთეთ პროექტი და მოსწავლეები დედაქალაქში ჩამოვიყვანეთ. ვაჩვენეთ მუზეუმები, სკოლები, უნივერსიტეტი და მახსოვს როგორ დაეტყო მათ შემდგომში სწავლისადმი ინტერესი. თითქოს მათში გაჩნდა სუბიექტი ინტერესის. აი, ესაა მთავარი, მოსწავლესაც, მასწავლებელსაც მოტივაციისთვის, უკეთესად სწავლა-სწავლებისთვის სჭირდება რაღაც ნიშა, რაღაც წერტილი, სუბიექტი, რასაც უნდა მიწვდეს თავისი წარმატებით და თუ ის ხედავს სამომავლოდ იმ რაღაცას, მაშინ მისი მოტივაციაც იმატებს.

მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროექტებში იყვნენ ჩართულნი, ბევრად უფრო მოტივირებულები იყვნენ გაკვეთილებზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გარდა ენის სწავლებისა, ხორციელდებოდეს სხვადასხვა აქტივობები, გაცვლითი პროგრამები. ამ თავლსაზრისით  საზაფხულო ბანაკებიც ბევრის მომცემია. მოსწავლეებს შორის ყალიბდება მეგობრული დამოკიდებულება, ისინი უყვებიან ერთმანეთს თავიანთი რეგიონების, რაიონების შესახებ. ისმენენ სხვის აზრებსაც და ეს ცოცხალი პროცესი მათთვის ზოგჯერ უფრო მეტად შემეცნებითია, ვიდრე სტანდარტული გაკვეთილი.

სახელმწიფომ, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა შეუწყოს ხელი ეთნიკურ უმცირესობებში მივლინებულ მასწავლებლებს, ასევე უნდა ჩამოაყალიბოს უფრო მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანი იქნება არა მხოლოდ ის, რომ ამ ადამიანებმა ისწავლონ ქართული ენა, არამედ თავი იგრძნონ ქვეყნის სრულფასოვან წევრებად, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, შეცვალონ რეგიონებსა და რაიონებში არსებული რეალობა უკეთესისკენ, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში და მათთვის არ არსებობდეს რაიმე დაბრკოლება იმის გამო, რომ სხვა ეთნოსს მიეკუთვნებიან და არსებობს ენისა თუ კულტურული ბარიერები.

საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, თუმცა ტერიტორიულად თუ რიცხობრივად ეთნიკურ უმცირესობათა ხვედრითი წილი ძალიან დიდია. ეთნიკური უმცირესობები ახლაც ძალიან დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ე.წ. ენის სახლები, სადაც ყველა მოქალაქეს შეეძლო სახელმწიფო ენის სწავლა, ძალიან კარგი კერები იყო მარნეულში, ახალქალაქსა თუ სხვა ქალაქებში. მნიშვნელოვანია, რომ მათ დაიბრუნონ ეს ფუნქცია და უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეთ თავიანთ გადაწყვეტილებებსა და მოქმედების გეგმების დასახვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი