შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კონკურენტული სწავლება და თვითშეფასება

უკანასკნელ ათწლეულში საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების ერთ-ერთ სერიოზულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს სასწავლო პროცესში გამოყენებული მეთოდების, სტრატეგიების, აქტივობების, მოსწავლეთა ორგანიზებისა და სწავლების ფორმების მრავალფეროვნება. ყოველივე ამან შესაძლოა საგრძნობლად შეუწყოს ხელი მოსწავლეებში სასწავლო მოტივაციის ზრდას, რაც, თავის მხრივ, სწავლა-სწავლების ეფექტიანობას აამაღლებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათი გამოყენებისას დადებით მომენტებთან ერთად გავითვალისწინებთ თანმხლებ საფრთხეებსაც და ზედმიწევნით განვსაზღვრავთ გამოყენების პირობებს.

ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთ საკითხზე – კონკურენტულ სწავლებასა და ბავშვის თვითშეფასების ფორმირების პროცესში მის არცთუ სასურველ გავლენაზე – შევაჩერებთ.

ერთხელ მეოთხეკლასელმა ნინიმ შემომჩივლა: „იცით, მე მგონი, მათემატიკაში ვერასოდეს მივიღებ ათიანს, რადგან მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ უმაღლეს შეფასებას მხოლოდ იმ მოსწავლეს დაუწერს, ვინც ყველაზე სწრაფად შეასრულებს დავალებას და პირველ ხუთეულში მოხვდება. მე პირველ ხუთეულში კი არა, ათეულშიც ვერასოდეს ვხვდები, რადგან სწრაფად ფიქრი და წერა არ შემიძლია. ყველაზე ბოლოს ჩემს რვეულს იბარებს მასწავლებელი“. ასეთივე პრობლემა ჰქონდა მესამეკლასელ გიოსაც, რომელსაც მუდმივმა მარცხმა და წარუმატებლობამ საკუთარი თავის რწმენა დააკარგვინა. „მე მგონი, ჩემს კლასში ყველაზე შტერი, უტვინო და უნიჭო ვარ“, – ამბობდა მორიგი მარცხის შემდეგ ცრემლმორეული გიო და გულისტკივილს ვერ მალავდა იმის გამო, რომ ისევ ვერ მოასწრო განსაზღვრულ დროში დავალების შესრულება. ადვილი არ არის მესამეკლასელ ბავშვს აუხსნა, რომ მისი მარცხი „სიშტერის, უტვინობისა და უნიჭობის“ კი არა, იმის ბრალია, რომ ადამიანები ტიპოლოგიური თავისებურებებით, განვსხვავდებით ერთმანეთისგან: ზოგი სწრაფად აზროვნებს, ფიქრობს, ლაპარაკობს, წერს, ზოგი –  ძალიან ნელა. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სწრაფად აზროვნებს და წერს, უფრო გონიერია.

ვფიქრობ, ზემოთქმული ბევრ პედაგოგს გაუჩენს უკმაყოფილების განცდას და ათქმევინებს, რომ ერთი-ორი მოსწავლის გამო, რომელიც ვერ ასწრებს განსაზღვრულ დროში დავალების შესრულებას, არ შეიძლება კონკურენტულ სწავლებაზე უარის თქმა. რასაკვირველია, სასწავლო პროცესში სწავლების ნებისმიერი ფორმის გამოყენება მიზანშეწონილია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ გამოყენებამდე კარგად გავიაზრებთ ამა თუ იმ ფორმის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებსაც და შევეცდებით, დადებითი გავაძლიეროთ, ხოლო უარყოფითი შევასუსტოთ. ამის თაობაზე გიოსთან საინტერესო დიალოგი მქონდა. კითხვაზე, რა იყო კარგი საგაკვეთილო პროცესში შეჯიბრების ელემენტების გამოყენებასა და დავალების შესასრულებლად განკუთვნილი დროის მკაცრად განსაზღვრაში, დიდი ფიქრის შემდეგ, არცთუ კმაყოფილმა, მიპასუხა, რომ ეს მას სისწრაფეს აჩვევს, თუმცა იქვე დასძინა, რომ სწავლაში ძალიან უშლის ხელს, რადგან მთელი ყურადღება იქით აქვს მიმართული, როგორ დაწეროს სწრაფად, ის კი, რაც უნდა დაწეროს, სულ ავიწყდება, ვინაიდან ეშინია, რომ ვერ მოასწრებს. „შეჯიბრება ფიზკულტურის გაკვეთილზე უფრო შეიძლება; მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებლის სიტყვები: „ვინ უფრო სწრაფად ამოხსნის“, – გონებას მითიშავს და ვეღარაფერს ვწერ“.

არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ კონკურენტული სწავლების ფორმის სისტემატურმა გამოყენებამ ბავშვს, რომელიც გამუდმებით მარცხს განიცდის, დაუქვეითოს თვითშეფასება და საკუთარი ძალების რწმენა, რაც მის სასწავლო მოტივაციაზე უარყოფითად იმოქმედებს და სკოლისა და სწავლისადმი ინტერესს დააკარგვინებს. მუდმივი მარცხის მოლოდინში ბავშვი წარმატებული ვერ იქნება, წარუმატებელი და არარეალიზებული მოსწავლე კი  საკლასო ოთახში „ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია“.

მუდმივმა მარცხმა ბავშვს შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს იმ თანაკლასელების მიმართ, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს განსაზღვრულ დროში დავალების შესრულებას და მასწავლებლის ქებას იმსახურებენ, ეს კი კლასში დაძაბული ფსიქოლოგიური კლიმატის მიზეზად იქცევა, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებს სასწავლო მოტივაციასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სწავლების ამ ფორმის გამოყენებისას ურიგო არ იქნება რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • სწავლების კონკურენტული ფორმა გამოვიყენოთ რაც შეიძლება იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
  • საგანგებოდ მოვემზადოთ იმ გაკვეთილისთვის, რომელზეც სწავლების ამ ფორმის გამოყენებას ვაპირებთ.
  • წინასწარ განვსაზღვროთ სირთულეები, რომლებსაც შეიძლება შევეჯახოთ და ვიფიქროთ მათი დაძლევის გზებზე.
  • აღნიშნული ფორმით გაკვეთილის ჩატარებისას გავიაროთ ყველა ეტაპი – მომზადების, ჩატარების, შეჯამების; ნურც ერთს ნუ გამოვტოვებთ.
  • ნუ დავტოვებთ „დამარცხებულ“ ბავშვს ან ბავშვების ჯგუფს საკუთარ ემოციებთან მარტოს, დავეხმაროთ უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში.
  • სასურველია, სწავლების კონკურენტული ფორმის გამოყენების დროს შეჯიბრება ჯგუფებს შორის იმართებოდეს და არა ცალკეულ მოსწავლეებს შორის. ასეთ დროს ბავშვი თავს უფრო დაცულად იგრძნობს, რადგან მარტოს აღარ მოუწევს მარცხის გადატანა.

დაბოლოს, საგაკვეთილო პროცესში ნებისმიერი სიახლის შემოტანისას სასურველია, კარგად განვსაზღვროთ მისი საჭიროება, სასწავლო მიზნებისადმი შესაბამისობა და შედეგი, – დადებითი თუ უარყოფითი, – რომელსაც ამ სიახლის დანერგვით მივიღებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი