პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა შეიძლება ეშველოს საფრანგეთის სასკოლო სისტემას – ათი შესაძლო გამოსავალი

რა შეიძლება ეშველოს საფრანგეთის სასკოლო სისტემას

 

ათი შესაძლო გამოსავალი

ავტორი: პიტერ გამბელი

ეს სტატია საფრანგეთის თანამედროვე სასკოლო სისტემის პრობლემებს ეხება. ბრიტანელი ჟურნალისტი პიტერ გამბელი (Peter Gumbel), რომელიც დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და ფრანგული განათლების საკითხებზე წერს, შესაძლოა ზედმეტად კრიტიკული მოგეჩვენოთ. ზოგი მკითხველი მის სტატიებში ანგლოსაქსონურ ქედმაღლობასაც ხედავს და ავტორს ურჩევს, ინგლისზე ან ავსტრალიაზე წეროს.

ამავე დროს, პიტერ გამბელის კრიტიკული სტატიები საფრანგეთში ძალიან პოპულარულია, რადგან ბრიტანელი ჟურნალისტი ფრანგული რევერანსების გარეშე, მწარე ენითა და ბრიტანული პირდაპირობით ააშკარავებს საფრანგეთის სკოლების „ბნელ“ მხარეებს და თავისი კონსტრუქციული კრიტიკით ხელს უწყობს გზების ძიებას განათლების სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად.

თუმცა საკითხები, რომლებსაც გამბელი ამ სტატიაში ეხება, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია ყველა ქვეყნისა და სასკოლო სისტემისთვის და ავტორის ცოტა უხეშ სტილს შეიძლება დიდი ყურადღება არ მივაქციოთ. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, „შიგნიდან“ დაინახოს საფრანგეთის სასკოლო სისტემის პრობლემები და შეადაროს ისინი ჩვენს სასკოლო დღევანდელობას.

ეს სტატია სწორედ ამიტომ შევარჩიე. ფრანგული სკოლების პრობლემების გაცნობა შესაძლოა დაგვეხმაროს საქართველოს სასკოლო განათლების სუსტი მხარეების დანახვასა და პრობლემათა მიზეზების გააზრებაში. ამ კუთხით ბატონი გამბელის ბრიტანული სარკაზმი შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს ქართული სასკოლო სისტემის „დაავადებების“ დიაგნოსტირებისთვის.

მთარგმნელი

 

ფრანგული სკოლა, ოდესღაც – ერის სიამაყე, ღრმა კრიზისშია.

დღეს, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ოთხიდან ერთი ფრანგი მოსწავლე ვერ ასრულებს სასკოლო კურსს და სკოლას ტოვებს, ხოლო იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებიც გაჭირვებით ითვისებენ (ან ვერ ითვისებენ) კითხვის, წერისა და მათემატიკის საბაზო უნარებს, ბოლო 15 წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა.

ამავე დროს, გაიზარდა სოციალური უთანასწორობა და უფსკრული მდიდარი და ღარიბი ოჯახების ბავშვების მოსწრებას შორის ახლა უფრო ღრმაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოსწრებაში განსხვავება უფრო დიდია, ვიდრე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ან აშშ-ში.

საფრანგეთში დიდი ამბავია ატეხილი ამის გამო – ყველა უთანასწორობასა და მოსწრების საშინელ მაჩვენებლებზე გაჰყვირის, ცდილობენ, შეაკეთონ სასკოლო სისტემა, თუმცა ეს უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რეფორმირების მცდელობამ შესაძლოა პოლიტიკური შტორმი გამოიწვიოს, ხოლო ზომიერი ცვლილებები ვერაფრით უმკლავდება დაღმასვლას.

გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას, რომლებმაც შესაძლოა შეაჩეროს სისტემის ვარდნა.

  1. ვასწავლოთ მასწავლებლებს, როგორ ასწავლონ ბავშვებს

ეს მოსაზრება შესაძლოა რაციონალური ჩანდეს, მაგრამ ფრანგები ასეთ მიდგომას ვერ ეგუებიან. ფრანგ მასწავლებლებს საგნის ცოდნის ხარისხის მიხედვით არჩევენ, მაგრამ იმას, როგორები იქნებიან ისინი საკლასო ოთახში, ნაკლები ყურადღება ექცევა.

მასწავლებელთა სატრეინინგო კოლეჯებს ისეთი ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, რომ ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს ისინი დახურეს.

პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის დროს კოლეჯები ხელახლა გახსნეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორ ასრულებენ ისინი თავიანთ ფუნქციას. არაერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, მასწავლებლებს საფრანგეთში არ ასწავლიან სხვადასხვა შესაძლებლობის კლასების მართვას. მათ საერთოდ არ ასწავლიან იმ ბავშვების იდენტიფიკაციას და დახმარებას, რომლებსაც სწავლის პრობლემები აქვთ.

თუ საფრანგეთის სკოლების კრიზისის დაძლევაზე ვისაუბრებთ, კარგი იქნება, დასაწყისისთვის მასწავლებლებს საკლასო ოთახში შესვლამდე რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება მივცეთ.

  1. შევაჩეროთ ბავშვებისადმი უმოწყალო დამოკიდებულება

უცხოელებისთვის საფრანგეთის სასკოლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი თავისებურება აქ გამეფებული აშკარა უხეშობაა. დაწყებითი სკოლა ის ადგილია, სადაც პატარებს გამართულად ჯდომას და „მოკეტვას“ „ასწავლიან“. იქვე კრეატიულობას ბღვერით უყურებენ, შეცდომის დაშვება კი დღემდე უპატიებელ ცოდვად ითვლება. პოზიტიური მხარდაჭერა – როდესაც სჯერათ, რომ ბავშვები უკეთ ისწავლიან, თუ მათ წახალისებენ – მსოფლიოში გავრცელებული მეთოდია, თუმცა საფრანგეთში ის ძირითადად უცნობია. რა თქმა უნდა, აქაც არის გამონაკლისები: ზოგი მასწავლებელი ძალიან მზრუნველია და კეთილი დამოკიდებულებითაც გამოირჩევა, მაგრამ ფრანგული სკოლების უმოწყალო ბუნება თითქოს სისტემაშია ჩაქსოვილი.

მაგალითად, ისეთი მოსწავლეების კლასში ჩატოვება, ვისაც უჭირს სწავლა და სათანადო ტემპით ვერ მიჰყვება თანაკლასელებს, გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა. სრული სასკოლო წლის განმავლობაში საფრანგეთის მოსწავლეების საშუალოდ 28% კლასში რჩება და ხელახლა გაივლის უკვე გავლილ კურსს.

ეს საერთაშორისო მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია – ეს უკანასკნელი, OECD-ს (განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის) მონაცემებით, 12%-ს შეადგენს. წლის გამეორების შესახებ უამრავი სამეცნიერო კვლევა არსებობს – ყველა ადასტურებს, რომ ასეთი პრაქტიკა მოსწავლეების დემორალიზებას იწვევს და სრულიად არ ეხმარება მათ.

  1. წავახალისოთ მიღწევა და პროგრესი

შესაძლოა, ეს მეტისმეტად მკაცრ შეფასებად აღიქვათ, მაგრამ საფრანგეთის სასკოლო სისტემაში ძალიან ცოტა მექანიზმი არსებობს მოსწავლეთა პროგრესისა და მიღწევების წასახალისებლად. სამაგიეროდ, ბევრია ისეთი, რომელიც მათ სწავლის ხალისს უკარგავს.

ბავშვებს იშვიათად წარუდგენენ ხოლმე სკოლის დირექტორს ქებისთვის; მასთან მოსწავლეებს უმეტესად დასასჯელად გზავნიან.

სკოლის დამთავრების ცერემონია (ე.წ. გრედუეიშენი) საფრანგეთის მხოლოდ რამდენიმე სკოლაში იმართება, ისიც უმთავრესად – საერთაშორისო სკოლებში. სხვაგან მოსწავლეები თვითონვე ზეიმობენ სკოლის დამთავრებას და ეს, როგორც წესი, სასკოლო ოთახის არევითა და დაბინძურებით სრულდება.

სკოლებში არსებული შეფასების 20-ქულიანი სისტემა უაღრესად უსიამოვნოა. ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, საგნების უმეტესობაში 20-დან 20 ქულის მიღება. ამავე დროს, უაღრესად ადვილია 10-ზე დაბალი შეფასების მიღება, რაც „არადამაკმაყოფილებელს“ ნიშნავს.

უდიდესი პრობლემაა ის, რომ სწავლის გაუმჯობესების წამახალისებელი მექანიზმები არ არსებობს. თუ შეფასებისას იღებ საკმაოდ კომფორტულ „გამსვლელ“ 13 ქულას, რაღა აზრი აქვს 16 ქულისთვის ან მეტისთვის წვალებას? საბაკალავრო კურსზე ჩასარიცხად მოსწავლეებს სასკოლო ნიშნების მიხედვით არ ირჩევენ; მთავარია, გამსვლელი ქულები გქონდეს. შესაბამისად, არც იმას აქვს მნიშვნელობა, როგორი გამსვლელი ქულები გაქვს.

  1. გადავაქციოთ სკოლა თემად

საფრანგეთის სასკოლო სამყაროს კიდევ ერთი საკვირველი თავისებურება, რომელიც მას დანარჩენი მსოფლიოსგან განასხვავებს, ის არის, რომ მოსწავლეებს თითქმის არ აქვთ იდენტიფიკაცია დაწესებულებასთან, რომელშიც თავიანთი ბავშვობის ამხელა ნაწილს ატარებენ.

PISA-ს მიერ ჩატარებული კვლევის (PISA: Programme for International Student Assessment – მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) დროს 60 ქვეყანაში 15 წლის მოზარდებს ორი კითხვა დაუსვეს: აკავშირებენ თუ არა თავს სკოლასთან და უცხოებად ხომ არ გრძნობენ იქ თავს.

34-ზე მეტ ქვეყანაში (რომელთა რიცხვშიც შედიოდა ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა და იაპონია), მოსწავლეთა 81%-მა დაადასტურა, რომ ისინი სკოლას „ეკუთვნიან“ და თავს მის ნაწილად გრძნობენ. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 47% იყო – ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გამოკითხულთა შორის. საკითხი, რატომ გრძნობენ ფრანგი ახალგაზრდები თავს სკოლებისგან გაუცხოებულად, უკვე დიდი ხანია სოციოლოგების, ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების განსჯის საგანია.

ასახელებენ რამდენიმე შესაძლო მიზეზს:

1) საფრანგეთში მშობლები თითქმის არ მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში.

2) სკოლები სასწავლო დაწესებულებებია და სხვა აქტივობებს ნაკლებად გულისხმობს. სპორტული გაკვეთილებისთვის მინიმალური დროა გამოყოფილი, ხოლო კლასგარეშე აქტივობები კიდევ უფრო იშვიათია, ანუ სკოლას არ აკისრია დადებითი შემაკავშირებელი ინსტიტუტის ფუნქციები.

3) ზემოხსენებული ურთიერთობები, ისევ PISA-ს შეფასებით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის უარესია, ვიდრე სხვა ქვეყნებში (ამის დასტურად იხილეთ სტატიის 1-ელ და მე-2 პარაგრაფებში აღწერილი მიზეზები).

  1. გავგზავნოთ საუკეთესო მასწავლებლები პრობლემურ სკოლებში

განათლების პოლიტიკის ფრანგ ანალიტიკოსებს „სასკოლო კრიზისში“ ყველაზე მეტად ღარიბი რაიონების სკოლების მონაცემები აშფოთებთ: პარიზის, ლილის, მარსელისა და სხვა დიდი ქალაქების შემოგარენში, ე.წ. banlieues-ში (დიდი ქალაქების გარეუბნები, სადაც უმთავრესად უცხოელი იმიგრანტების ღარიბი ოჯახები ცხოვრობენ), დაბალი მოსწრებისა და სკოლის მიტოვების შემთხვევები ძალიან ხშირია.

უკვე სამი ათეული წელია, საფრანგეთის განათლების სამინისტრო ატარებს ექსპერიმენტს „პრიორიტეტული საგანმანათლებლო ზონების“, ე.წ. ZEP-ის, ფარგლებში, რაც ასეთი სკოლებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების მიწოდებას გულისხმობს. ამ პოლიტიკას, მათი აზრით, უნდა შეეჩერებინა წარუმატებელი სკოლების ვარდნა, თუმცა შედეგები, სამწუხაროდ, უკეთესობას არ აჩვენებს.

შესაძლოა, ფრანგებმა უნდა სცადონ მეთოდი, რომელიც სხვა ქვეყნებში (ფინეთში, კორეასა და ჩინეთში) წარმატებული აღმოჩნდა. ის საუკეთესო, ყველაზე გამოცდილი მასწავლებლების ყველაზე პრობლემურ სკოლებში გაგზავნას გულისხმობს.

სამწუხაროდ, საფრანგეთში, სადაც პედაგოგიური პერსონალის ცენტრალიზებული სისტემაა, განათლების სამინისტრო მასწავლებლებს სხვაგვარად ანაწილებს: ყველაზე გამოუცდელებს, ხშირად – ახალბედებსაც, ყველაზე რთულ და დაბალი მოსწრების სკოლებში გზავნიან.

  1. დავასრულოთ ზედმეტად ცენტრალიზებული მიკრომენეჯმენტი

საფრანგეთის განათლების სისტემა უზარმაზარი და უაღრესად ცენტრალიზებულია. პერსონალის რაოდენობა დღეს ერთ მილიონ ადამიანს აჭარბებს და უფრო დიდია, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები. თანაც სისტემას, შეიძლება ითქვას, ჯარივით მართავენ. აქ მკაცრი იერარქიული წესებია, რომლებიც მეთაურობასა და კონტროლს გულისხმობს.

ფრანგული სქემის მიხედვით, მასწავლებლები უფრო ბრძანებების აღმსრულებელი ქვეითები არიან, ვიდრე პატივსაცემი პროფესიონალები, რომლებსაც ხელეწიფებათ, გამოიყენონ თავიანთი დისკრეცია, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და შეაფასონ არსებული მდგომარეობა. სასწავლო პროგრამისა და გრაფიკის შედგენა, სასკოლო საათების, ფინანსებისა და სხვა რესურსების გამოყოფა–განაწილება, იმის გადაწყვეტა, რომელი მასწავლებელი რომელ სკოლაში იმუშავებს, ცენტრალური აპარატის ბიუროკრატებს ევალებათ და ამის სათავეში განათლების სამინისტრო დგას. მზარდი სასკოლო კრიზისი კი იმის დასტურია, რომ ამ სტრუქტურას კაპიტალური რემონტი სჭირდება.

ქვეყნებში, სადაც უფრო წარმატებული სკოლები აქვთ, უფლებამოსილებანი რეგიონულ, სარაიონო და ხშირად უფრო მცირე ადგილობრივ დონეებზეა დელეგირებული. ადამიანები, რომლებიც ადგილებზე მუშაობენ, რომლებიც უკეთ იცნობენ არსებულ ვითარებას, რომლებსაც უფრო ხელეწიფებათ რეაგირება, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვითონვე იღებენ. ამასთან, თვითონვე აგებენ პასუხს შედეგებზეც.

საფრანგეთში ამჟამად არსებულ სისტემაში შედეგებზე პასუხისმგებლობა უბრალოდ არ არსებობს.

ვფიქრობ, დასაწყებია სკოლებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებით, რომლის დროსაც დირექტორს უფლება ექნება, თავად შეარჩიოს მასწავლებელთა გუნდი და სწავლების სტილი თუ პრიორიტეტები განსაზღვროს.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ეს საფრანგეთში უაღრესად გართულებულია. სკოლის დირექტორი უფრო ქაღალდების მმართველია, ვიდრე სკოლის ლიდერი, თანაც მასწავლებლებზე არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია. უფრო მეტიც – თუ სკოლას რომელიმე კონკრეტული მასწავლებლის დაქირავება სურს, მას სჭირდობა ადამიანური რესურსების წესებიდან ოფიციალური გამონაკლისის დაშვება, რადგან ეს წესები სამუშაო სტაჟისა და უფროსუმცროსობის საფუძველზეა შექმნილი.

  1. მივცეთ საშუალება ათასობით სკოლას, გაიხარონ და განვითარდნენ

სახელმწიფო სასკოლო სისტემის პრობლემების გამო, ბუნებრივია, მშობლები უკეთეს ალტერნატივას ეძებენ.

საფრანგეთში მთავარი ალტერნატივა კერძო კათოლიკური სკოლების ქსელია, რომელიც ორ მილიონამდე მოსწავლეს აერთიანებს, რაც საერთო რაოდენობის 16%-ია. მაგრამ კათოლიკური სკოლები ბრმად მიჰყვებიან ეროვნულ სასწავლო პროგრამას და არაერთი ისეთივე ნაკლი აქვთ, როგორიც სახელმწიფო სკოლებს.

სხვა შესაძლო ვარიანტების საპოვნელად მძიმე შრომა მოგიწევთ.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს მონტესორის სკოლების „მინი-ბუმი“, განსაკუთრებით – პარიზის მიდამოებში. აქა-იქ შედარებით პოპულარულია ვალდორფის სკოლებიც.

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში ასპარეზზე გამოჩნდა დამოუკიდებელი სკოლების ქსელიც, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის „ჩარტერული“ ან ბრიტანეთისა თუ შვედეთის თავისუფალი სკოლების მსგავსი საფრანგეთში ჯერ არაფერი ხდება.

აქ ყველა „ალტერნატიული“ სკოლა იმაზე წუწუნებს, რომ წარმოუდგენელ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებთან უწევთ შეჯახება, რომ არაფერი ვთქვათ ეროვნული სასკოლო სისტემის ინსპექტორების შემაწუხებელ ვიზიტებზე, რომლებიც მათ პრეტენზიებს უყენებენ „სახელმწიფო სკოლებისგან განსხვავებული საქმიანობის“ გამო.

ალბათ სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა – დიდი დეცენტრალიზაციის ფონზე ალტენატიულ სკოლებს ხელშეწყობა და მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ, ვიდრე საყვედურები „განსხვავებულობის“ გამო. კარგი იქნებოდა, ახალი სკოლების წარმატებულ სტარტს სამომავლოდ საფუძველი ჩაეყარა სასკოლო ინსპექტორატისთვის, რომელიც შესაძლოა განათლების სამინსიტროსგან დამოუკიდებელი სააგენტო გამხდარიყო (ასეთი სააგენტო ფუნქციობს დიდ ბრიტანეთში).

 

  1. გავხადოთ სასწავლო კურსი უფრო მიმზიდველი

სკოლები შესაძლოა ყველგან საკმაოდ მოსაწყენი იყოს, მაგრამ საფრანგეთში მოსაწყენობის ფაქტორი უბრალოდ უზარმაზარია.

დაწყებით კლასებშიც კი ეროვნული პროგრამა თითქმის არ ტოვებს ადგილს გართობისა და შემოქმედებისთვის.

არსებობს უამრავი მასტიმულირებელი წიგნი, რომლებიც იხვეწებიან, რომ ისინი ვინმემ წაიკითხოს; უამრავი სახალისო პოეტური კურსი, რომლებიც პატარებს ლექსის წერას ასწავლის; თეატრალური სავარჯიშოები, რომლებიც ახალგაზრდებს თამაშის ანბანს შეასწავლიდა… ასეთ წიგნებს საფრანგეთის სკოლებში ვერ ნახავთ. ფრანგულ სასწავლო პროგრამაში კრეატიული წერის, მხატვრული კითხვისა და თეატრის კურსები ალბათ უმოკლესია.

კითხვა კოლექტიური საკლასო სავარჯიშოა, რომელსაც გრამატიკის შესასწავლად იყენებენ. უკვე რვა წლიდან მოსწავლეები უზარმაზარ დროს ატარებენ გრამატიკული და ლინგვისტური სტრუქტურების დასწავლაში, რომლებიც შემდგომ ფასდება ამ სტრუქტურებისთვის სწორი ტექნიკური დასახელებების ცოდნით (ამ კურსს „სიტყვების ბუნებისა და ფუნქციის“ კურსს უწოდებენ). ეს, რა თქმა უნდა, კარგი და სასარგებლოა მათთვის, ვინც მომავალში ლინგვისტობას აპირებს, მაგრამ წარმოუდგენლად დამღლელია დანარჩენი ბავშვებისთვის. თანაც, სამწუხაროდ, ასეთმა სწავლებამ შესაძლოა დანარჩენებს სამუდამოდ შეაძულოს, საზოგადოდ, კითხვა.

მეორე საფეხურის სკოლებში საქმე უფრო უარესადაა. აქ მოსწავლეებს უსასრულოდ ასწავლიან მათემატიკურ წესებს, ისტორიულ თარიღებს, ქიმიურ ფორმულებსა და მეტყველებას, რომელიც უამრავი ტექსტის დაზეპირებას გულისხმობს.

ფრანგული სასწავლო პროგრამა გენერალურ რემონტსა და გარდაქმნას მოითხოვს. საჭიროა, მშრალი, რუტინული პროგრამა უფრო ხალისიან, თამაშთან ახლოს მდგომ და სიცოცხლით სავსე გამოცდილებად იქცეს.

 

  1. ვაღიაროთ, რომ ბავშვებს შეიძლება უჭირდეთ სწავლა

საფრანგეთის სასკოლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მიუტევებელი შეცდომა სწავლის სირთულეების მქონე ბავშვებისადმი უყურადღებობაა.

სწავლის სირთულეები გულისხმობს საშუალო სიმძიმის დისლექსიას (დისლექსია – კითხვის უნარის დარღვევა, რომლის დროსაც ბავშვს უჭირს ასოების ცნობა, ბგერასთან მათი დაკავშირება და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, – ლ. ა.), ჩამოყალიბებული დისპრაქსია (დისპრაქსია – მოტორული ფუნქციის დარღვევა, როდესაც გართულებულია სხეულის მოძრაობათა კოორდინაცია, ვთქვათ, წერის დროს; არსებობს მეტყველებითი დისპრაქსიაც, რომლის დროსაც გართულებულია ბგერების გამოთქმა მეტყველებისთვის საჭირო კუნთების სუსტი კოორდინაციის გამო, – ლ.ა.) ან ADHD – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი.

ფრანგი მასწავლებლებისთვის უბრალოდ არ უსწავლებიათ ამგვარი სირთულეების იდენტიფიცირება. არც ის, როგორ უნდა დაეხმარონ ასეთი პრობლემების მქონე მოსწავლეებს.

ამავე დროს, საქვეყნოდაა ცნობილი საფრანგეთის ნევროლოგიური სკოლა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ტვინის ფუნქციებისა და დასწავლის თავისებურებების კვლევის საკითხებში. ამის ნათელი მაგალითია Collège de France-ის პროფესორი, მკვლევარი, სახელგანთქმული მეცნიერი სტანისლას დეანი (Stanislas Dehaene). მაგრამ მასწავლებლებს, თუ საკითხებს თვითონვე არ გაეცნენ, არაფერს ასწავლიან კოგნიტიური მეცნიერებების შესახებ.

შედეგად ვიღებთ ჯოჯოხეთურ სიტუაციას ბავშვებისთვის, რომლებსაც ასეთი დარღვევები აქვთ და სტრესითა და შფოთვით აღსავსე წლებს ასეთი ბავშვების მშობლებისთვის.

ისეთ მოსწავლეებსაც კი, რომლებსაც დასწავლის სერიოზული პრობლემები არ აღენიშნებათ, ხშირად უჭირთ რომელიმე კონკრეტული ამოცანის დაძლევა, რადგან მასწავლებლებისგან ადეკვატურ დახმარებას ვერ იღებენ.

მასწავლებელთა ტრეინინგისა და დახელოვნების ახალი სისტემა აუცილებლად უნდა მოიცავდეს სწავლებას ასეთი პრობლემების შესახებ, ხოლო მსურველებს მიეცეთ საშუალება, დასპეციალდნენ კოგნიტიური აღქმისა და დასწავლის სირთულეების საკითხებში, როგორც, მაგალითად, ფინეთის სასკოლო სისტემაში ხდება.

  1. 10. მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ მასწავლებლის საქმიანობა

ფრანგული სასკოლო სისტემის კიდევ ერთი ანომალია, როგორც PISA-ს და სხვა სამეცნიერო კვლევები მოწმობს, ის არის, რომ მოსწავლეებს არ გააჩნიათ „ხმის უფლება“ მასწავლებლებთან მიმართებით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ჩივის, რომ მასწავლებლებს არ აინტერესებთ მათი დამოკიდებულება კონკრეტული საკითხების მიმართ.

განსაკუთრებით გასაოცარია მოსწავლეთა უკუკავშირის მონაცემები მასწავლებლების, გაკვეთილებისა და სკოლის მიერ მათთვის გამოყოფილი რესურსების შესახებ.

34 ქვეყანაში ჩატარებული PISA-ს 2012 წლის გამოკვლევის თანახმად, მოსწავლეთა დაახლოებით 60%-ს მიეცა საშუალება, გამოეხატა აზრი ამ საკითხებზე.

ახალ ზელანდიაში მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოხატვის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო – 96%. საკმაოდ მაღალი გახლდათ ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა ავსტრია, ფინეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი – 70% და მეტი.

საფრანგეთში მასწავლებლების, სკოლისა თუ გაკვეთილების შესახებ აზრის გამოხატვის საშუალება მოსწავლეების მხოლოდ 13%-ს მიეცა. ამ მაჩვენებლით საფრანგეთი არჩეულ 34 ქვეყანას შორის ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე აღმოჩნდა.

აუცილებელია, მოსწავლეებს მივცეთ ხმის უფლება და, რაც მთავარია, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. თუ საფრანგეთის სასკოლო სისტემას სურს კრიზისის მოგვარება, ახალგაზრდებს უნდა მოუსმინოს. მასწავლებლებს არ უნდა ეშინოდეთ ბავშვების ხმის. პირიქით, უკუკავშირი გააუმჯობესებს სწავლების მეთოდებს და სკოლების ეფექტურობას გაზრდის.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

წყარო: https://www.thelocal.fr/20150831/ten-ways-to-fix-the-french-school-system

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი