შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თანამედროვე ვუნდერკინდები

8 წლის ასაკში ნასას კონფერენციაში მონაწილეობა, 10 წლის ასაკში კოლეჯის დამთავრება, 5 წლის ასაკში მთელ მსოფლიოში კონცერტებით გამოსვლა, 3 წლის ასაკში კი ნახატების გამოფენა – ყველაზე ნიჭიერი ბავშვები თავიანთი უნიკალური შესაძლებლობებით თანამედროვე სამყაროს კვლავ აოცებენ.

მალაკაი სემდი

11 წლის მალაკა სემდიმ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ფეხზე ვერ დგებოდა. „ძალიან პატარა იყო და ფაქტობრივად ყველაფერზე აკაკუნებდა. „ჩემი მეუღლე ხშირად ხუმრობდა, რომ მისგან დრამერი დადგებოდა“, – იხსენებს ბიჭის მამა ნასერ სემდი. პირველი დოლის სადგამი  მალაკაის 2 წლის ასაკში აჩუქეს, 4 წლისა ნიუ-ჯერსიში მარკ მერფის მუსიკალურ სკოლაში მიიღეს, 5 წლისას კი უკვე დიდ აუდიტორიასთან ჰქონდა კონცერტი.

გარდა იმისა, რომ მალაკაი სწრაფად ავითარებს თავის მუსიკალურ ნიჭს, 5 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა საბავშვო ბაღებს, დასახლებებსა და ყველა შესაძლებელ ადგილს სტუმრობს, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ის უკრავს და ყველას აწვდის ერთ მნიშვნელოვან აზრს – ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. 2015 წელს აშშ-ის სენატმა და გაერო-ის გენერალურმა ასამბლეამ მალაკაის ღვაწლი განსაკუთრებით აღნიშნა.

ოტომ დე ფორესტი

14 წლის მხატვარი ოტომ დე ფორესტი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც 2001 წელს დისქავერის არხის გოგონა „გენიალურ მხატვრად“ გამოაცხადა. უმსხვილესი მედიასაშუალებები ერთხმად ჰყვებოდნენ 7 წლის მხატვრის შესახებ, რომლის ნამუშევრები შესრულებით მსოფლიოში განთქმულ მხატვრებს მოგვაგონებდნენ.

ოტომმა საღებავებით ექსპერიმენტების ჩატარება 5 წლის ასაკში დაიწყო. ბავშვის ნიჭის გამოვლენის შემდეგ მშობლები ყველანაირად მხარს უჭერდნენ მას: ყიდულობდნენ ფუნჯებს, საღებავებს, ტილოებს. მათ საკუთარი მუსიკალური სტუდიაც კი გოგოს სახელოსნოდ გადააკეთეს.

2001 წელს ოტომის პირველი გამოფენა ჩატარდა, შემდეგ აუქციონები, სადაც მისი ნამუშევრები 100 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა. ის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერი ბავშვი, ჰარვარდის უნივერსიტეტში დაპატიჟეს, სადაც ხელოვნების სკოლებში სწავლების მნიშვნელოვნების შესახებ ისაუბრა.

ახლა ოტომ დე ფორესტის ნახატები საერთაშორისო გალერეებში ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოს და ჰენრი მატისის ნამუშევრებს უტოლდება.

მიტ ფუჯი

მიტ ფუჯი – 6 წლის ფოტოგრაფი ნიგერიიდან. პოპულარული 3 წლის ასაკში გახდა, როდესაც მისი ნამუშევრები ლაგოსში Sipa Press-ის გამოფენაზე წარადგინეს. ახლა ფუჯის 3-ათასზე მეტი ფოტონამუშევარი აქვს. მამამისი ვაჟიშვილზე დიდ იმედებს ამყარებს: „ვიმედოვნებ, რომ ის არა უბრალოდ რეპორტიორი გაიზრდება, არამედ გამოიკვლევს ბუნების კანონებს და გავლენას იქონიებს კაცობრიობის ისტორიაზე“.

ევერი მოლეკი

ევერი მოლეკი – როკჯგუფების Kiss, Metallica, Van Halen, AC/DC თაყვანისმცემელი. 9 წლის ბიჭი არა მხოლოდ უსმენს საყვარელ შემსრულებლებს, არამედ მათ სიმღერებს დრამებზე უკრავს. 2 წლის ასაკში დედამ სახლში სათამაშო გიტარა და დოლი მოუტანა. ბავშვს ეს ძალიან მოეწონა. ის მულტფილმების ნაცვლად მუსიკალურ კლიპებს უყურებდა და დედას სთხოვდა, რომ მისთვის ისე ჩაეცვათ და შეეღებათ სახე,  როგორც ამას ჯგუფ Kiss-ის წევრები აკეთებდნენ. 4 წლის ასაკში მშობლებმა ნამდვილი დრამები უყუდეს, 5 წლის ასაკში კი უკვე ტურებში დადიოდა. ევერი ნოტებს სმენით ცნობს. 2014 წელს ჯგუფმა Kiss დაპატიჟა ტურზე, სადაც მას შოუს მსვლელობისას დრამის პარტია უნდა შეესრულებინა. ევერის უნდა, როკვარსკვლავი გახდეს და საამისოდ მას ყველა შანსი აქვს.

დანატ პლუშუნუეტანვი

13 წლის დანატ ვიი, როგორც მას შემოკლებით ეძახიან, ტაილანდიდანაა. პირველ რიგში, ის ვირტუოზულად უკრავს ვიოლინოზე, ასევე, მხატვარია.

ბავშვობაში ბიჭი ფარეხში საღებავებთან ბევრ დროს ატარებდა, სწრაფად ისწავლა ხატვა. მისი ნამუშევრები ყველას აოცებდა. დანატის პირველი გამოფენა 3 წლის ასაკში ჰქონდა, ის ბანგკოკში ჩატარდა. ამ დროისთვის მას ორი ათასზე მეტი აბსტრაქტული ტილო აქვს შექმნილი და რამდენიმე ნახატი სოლიდურ ფასადაც გაყიდა.

ვიოლინოზე დანატი 3 წლიდან უკრავს. ახლა ის სოლო კონცერტებს მართავს სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამ ყველაფრისა, ვიი ბრწყინვალე ორატორია და მისი აკადემიური წარმატებები ბევრად სერიოზულია, ვიდრე ეს მისი ასაკის ბავშვს შეეფერება.

აელიტა ანდრე

მხატვარი ავსტრალიაში ცხოვრობს. აელიტა ანდრე ახლა 9 წლისაა, მაგრამ სახელოვნებო წრეებში ეს გოგონა ჯერ კიდევ 7 წლის წინ შენიშნეს. 2 წლის ასაკში მან პირველი სამხატვრო გამოფენა მოაწყო.

ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბავშვი 9 თვის იყო. ერთხელ მამამ საღებავები და ტილო ოთახში, იატაკზე დატოვა. აელიტა ტილოსთან მიცოცდა და ტუბებიდან საღებავის გამოწურვა დაიწყო. მას ეს მოეწონა. ახლა აელიტას საკუთარი ოთახი აქვს, სადაც ტილო მასზე 10-ჯერ დიდია. გოგონა სათლიდან საღებავებს ისვრის და წარმოუდგენელ ფერებს გემოვნებით აერთიანებს. თითქოს თავისი ისტორიები ტილოზე გადააქვს, BBC-მ ის „ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალ მხატვრად“ დაასახელა.

7 წლის განმავლობაში აელიტას 800 ათასი დოლარის ღირებულების 30-ზე მეტი ნახატი გაეყიდა. აელიტას გამოფენები ჩატარებულა ჰონგკონგში, ლონდონში,  ნიუ-იორკში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

ელინ ტენრობერტს

ყველა კარგად ვიცნობთ ალბერტ აინშტაინსა და მის ცნობილ 160-ქულიან IQ-ს. ახლა კი  წარმოიდგინეთ, რომ 2 წლის ასაკში ელის ტენ-რობერტს IQ 156 აქვს.

ამ საოცარმა ბავშვმა ლაპარაკი 5 თვის ასაკიდან, მომდევნო 2 ორ თვეში კი სიარულიც დაიწყო. წლინახევრის ელინმა ყველა ქვეყნის დედაქალი იცოდა, ითვლიდა ესპანურად, ცდილობდა წერას. 2 წლის ასაკში ის ორგანიზაცია „მენსას“ ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. „ჩვენი მთავარი მიზანია თვალ-ყური ვადევნით მის შესაფერის დონეზე სწავლებას. არ გვინდა, რომ სწავლა მხოლოდ იმის გამო შეწყვიტოს, რომ თანაკლასელების დონეზე იყოს. მაგრამ ის ჯერ კიდევ პატარაა. ყველაზე მეტად მინდა, რომ უბრალოდ ბედნიერი იყოს“, – ამბობს მამამისი ედვარდი.

ახლა ელისი თითქმის 10 წლისაა და არც ის და არც მისი მშობლები მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.

კლეოპატრა სტრატანი

კლეოპატრა მოლდოველი მომღერლის, პავლე სრატანის ოჯახში დაიბადა და ის ყოველთვის ბაძავდა მამას. 3 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა კომერციულად წარმატებული  შემსრულებელი გახდა. მისი პირველი ალბომიც – La vrsta de trei ani – სწორედ მაშინ შეიქმნა. საინტერესოა, რომ ბავშვი არანაირ კურსებს არ ესწრებოდა, არ ჰყავდა პედაგოგი. მას უბრალოდ ემღერებოდა.

გოგონას სიმღერები ითარგმნა ინგლისურ და ესპანურ ენაზე, მათ ცნობენ იაპონიაში. გოგონა MTV-ის სამი პრემიის მფლობელია.

ტანიშ მეტიუ აბრაამი

4 წლის ასაკში ტანიში NASA ორგანიზაციაში გააწევრიანეს. 5 წლის ასაკში მან მათემატიკაში სტენფორდის უნივერსიტეტის ნორჩ გენიოსთა ონლაინპროგრამა გაიარა. 7 წლის ასაკში რივერ კოლეჯში გეოლოგიისა და ასტრონომიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ტანიშმა 10 წლის ასაკში დაამთავრა სწავლა. 2013 წელს TED-ის კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ „უნივერსიტეტში და კოლეჯში მაშინ უნდა ჩააბარო, როდესაც ამისათვის მზად ხარ და არა როცა გარკვეულ ასაკს მიაღწევ“.

8 წლის ასაკში ტანიში NASA-ს კონფერენციებში მონაწილეობდა და თვალს ადევნებდა შტორმს მზეზე ქვეყნის უმსხვილესი ლაბორატორიიდან. კოლეჯში სწავლის დროს მან გაირა ბერკლის უნივერსიტეტის ონლაინკურსი ქიმიაში, ისწავლა ფორტეპიანოზე ვირტუოზულად დაკვრა, ჭადრაკის და ჩოგბურთის თამაში. ტანიშს უყვარს მეცნიერება და ის ამბობს: „მიყვარს პრაქტიკული ფიზიკა, ანტიმატერია და დიდი აფეთქების თეორია. მინდა შევქმნა ხომალდი, რომელიც სინათლის სხივზე სწრაფად გადაადგილდება“.

ოსკარ რიგლი

კიდევ ერთი 9 წლის პატარა მაღალი IQ-თი და არაჩვეულებრივი ნიჭით – ბრიტანელი ოსკარ რიგლია. 2 წლის ასაკში ის ყველაზე ახალგაზრდა ბრიტანელი იყო, ვინც „მენსაში“ მიიღეს, მისი IQ 160-ს უდრის. 2 წლის ასაკში მას პინგვინების რეპროდუქციული ციკლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე ჩვეულებრივი სათამაშოებით გართობა.

ოსკარის მშობლები ადასტურებენ, რომ ბავშვმა 9 თვის ასაკში დაიწყო ლაპარაკი, 18 თვისა კი ალფავიტს ცნობდა. 2 წლის ასაკში მას ათასსიტყვიანი მარაგი ჰქონდა და ეს მაშინ, როდესაც მისი ასაკის ბავშვებმა მხოლოდ 50 სიტყვა იციან. 3 წლის ასაკში ბიჭუნამ საჩუქრად საქსაფონი მოითხოვა. „ზოგჯერ მანქანაში სიამოვნებით უსმენდა ინდიანა ჯონსის საუნდტრეკებს და გვაფრთხილებდა „აი, ახლა ვიოლინო შემოვა ან ტრომბონი“, – იხსენებს მისტერ რიგლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი