შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ცოტა რამ საკუთარი თავის შესახებ

ალბათ, გსმენიათ რამდენიმე თხზულების შესახებ, რომლებსაც საბჭოთა სკოლებში აძლევდნენ დასაწერად მოსწავლეებს და დღეს საბჭოთა განათლების სისტემისა და მისთვის დამახასიათებელი ტრაფარეტული აზროვნების სისტემის ქილიკისათვის გამოიყენება. ამ სათაურების ირონიულ პერიფრაზს ქართულ პრესასა და ბლოგებში ხშირად შევხვდებით.

ალბათ, თქვენც ხშირად გიხუმრიათ მათზე: ,,ქალთა სახეები ,,ვეფხისტყაოსანში”, ,,როგორ გავატარე გასული ზაფხული” (ეს მეც დამიწერია, ცოტა კი მეუხერხულებოდა იმის აღწერა, როგორ ვიჯექი სოფლის სახლში და მეშვიდედ ვკითხულობდი ბებიაჩემის ბიბლიოთეკას), ,,ცოტა რამ საკუთარი თავის შესახებ…” აქ შევჩერდეთ – ფასეულობათა გადაფასების პროცესი მუდამ ლოგიკურია, მაგრამ ნუთუ მართლა ასეთი ცუდია საკუთარი თავის შესახებ წერა? ნუთუ მართლა არავის უნდა საკუთარი თავის შესახებ წერა?

მიჭირს ამისი დაჯერება.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ადამიანი ეგოცენტრული ქმნილებაა და მას არავინ ჰყავს საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი, გამოუცნობი და გამოსაკვლევი. საკუთარი თავი არის ის, ვის მიმართაც ინტერესს თითქმის არასოდეს ვკარგავთ და ვის შესახებაც სიამოვნებით ვსაუბრობთ ყველასთან, ვისაც ვენდობით ანდა თუნდაც ფულს ვუხდით ამაში _ ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგს ვგულისხმობ. მოზარდობის პერიოდი, მოგეხსენებათ, საკუთარი თავის ძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და დღიურების წერას, თვითგამორკვევის ამ არცთუ ძლევამოსილ საშუალებასაც, სწორედ ამ პერიოდში მიმართავენ ყველაზე ხშირად. მახსოვს, ,,ანე ფრანკის დღიურის” კითხვისას როგორ მომინდა საკუთარი ყოველდღიურობა აღმეწერა და როგორ მშურდა ანეს ყველა ის უბედურება, რომლებიც ჩემს თვალში ასეთ საინტერესოს ხდიდნენ მის ცხოვრებას (საკუთარისაგან განსხვავებით).

მეორე მხრივ, მასწავლებლის გადმოსახედიდან ძალიან საინტერესოა კლასისათვის ამ ტიპის დავალების მიცემა: ჯერ ერთი, შეიძლება მივიღოთ ისეთი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ, რომელზეც სხვა შემთხვევაში ხელი არ მიგვიწვდება და რომელიც ძალიან დაგვეხმარება მასთან შემდგომი ურთიერთობის ნიუანსების დახვეწაში _ მაგალითად ის, რომ მას ოჯახში ჰყავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე დედმამიშვილი ანდა აქვს ისეთი არაორდინალური ჰობი, რომლითაც თანატოლების დაინტერესება საკმაოდ გაუჭირდება; მეორე მხრივ კი, ეს დავალება ძალიან კარგი ასპარეზია მოსწავლის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ფანტაზიის უნარის გამოსავლენად და აი, რატომ:

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღვნიშნეთ, ალბათ, ყველა ადამიანს სურს გულახდილი საუბარი საკუთარი თავის შესახებ, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსწავლემ ამ თხზულებაში გული გადაგიშალოთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სათანადოდ არ გენდობათ თქვენ ან/და თავის თანაკლასელებს; ანდა მიუხედავად სურვილისა, საჯაროდ საკუთარი თავის შესახებ საუბარი ეუხერხულება, სცხვენია/ცუდ ტონად მიაჩნია. მას, ამ შემთხვევაში, აქვს ორგვარი გამოსავალი: იოლი და შედარებით საინტერესო. იოლი გამოსავალია (და მას მოსწავლეთა უმეტესობა ირჩევს) მიჰყვეს ავტობიოგრაფიის შაბლონს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს თხრობა. ასეთი თხზულებები, როგორც წესი, იწყება ფრაზით: ,,დავიბადე ამა და ამ წლის ამ დღეს აქ. მშობლებმა მითხრეს, რომ თოვდა (წვიმდა, ქარი უბერავდა)”. გარდა ამისა, მასში გვხვდება ასევე მეტ-ნეკლებად სტანდარტული ლირიკული გადახვევები ლირიკული გმირის თვისებების, ღირებულებებისა და ინტერესების შესახებ.

მეორე მხრივ კი არიან მოსწავლეები, რომლებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მწერლები, რომლებსაც სურთ, რომ ავტორიტარული რეჟიმის ცენზორებს ,,დაუძვრნენ” და ძირითადად, ალეგორიზაციას მიმართავენ.  ამისთვის კი შემდეგ სტრატეგიებს იყენებენ:

  • წერენ საკუთარ თავზე მესამე პირში – მოსწავლე ცდილობს გაექცეს სუბიექტივიზმს, გამოვიდეს საკუთარი ,,მეს” ჩარჩოებიდან და გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს. ამგვარ ესეებში ხშირად ჭარბობს შეფასება ,,ერთი ჩვეულებრივი…”, მაგრამ ავტორი მუდამ ცდილობს მესამე პირის მიერ დანახული ,,ჩვეულებრივი” ცხოვრების მქონე ,,ჩვეულებრივი” მოზარდის განუმეორებელი ინდივიდუალიზმი დაგვანახვოს. ამგვარი სტრატეგია ძალიან კომფორტულია მორიდებული ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც პირველი პირის ნაცვალსახელის ხშირი და დაჟინებული გამოყენება ეუხერხულებათ. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგობამდე ბევრი მიკლია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ეს თვითკრიტიკული და თავდაუჯერებელი ადამიანების სტრატეგიაა;
  • იყენებენ არაორდინალურ ,,მთხრობელს” – ,,ჩემი ყოველი დილა ასე იწყება: ავმღერდები თუ არა, გაბრაზებული სალომე ლოგინიდან ხელს გადმოსწევს, თავში ჩამარტყამს და მომაკეტინებს…” – ეს ჩემი მოსწავლის, სალომეს, ავტოფიქციური ნამუშევარია, მთხრობელი მისი მაღვიძარაა, რომელიც საკუთარი თვალით დანახულ პატრონის ცხოვრებას აღგვიწერს. ასევე წამიკითხავს თხზულების ავტორის ძაღლის, თუთიყუშის, ჩოგნის და ა.შ. პირით ასახული მათი მფლობლის ყოველდღიური ყოფა. მსგავსად წინა სტრატეგიისა, ავტორები აქაც ცდილობენ გარეშე მაყურებლის პოზიციიდან შეხედონ საკუთარ თავს, თუმცა ამჯერად ,,მთხრობელი” არა ,,სამყაროს გულგრილი თვალია”, არამედ ის ნივთი ან არსება, რომლისთვისაც იგი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა და რომელიც ხედავს მას ,,ისეთს, როგორიც სინამდვილეშია”. ჩემი დაკვირვებით, ეს გულჩახვეული და ძალიან საინტერესო ადამიანების სტრატეგიაა;
  • მიმართავენ მისტიფიკაციას – ყველას უნდა იყოს პერსონაჟი, მაგრამ თუ ცნობილი მწერლის გმირის პროტოტიპი ჯერ ვერ გავხდით, ხელს არაფერი გვიშლის, ჩვენივე ნაწარმოების მთავარ პერსონაჟად ვიქცეთ. ამისთვის საჭიროა ფანტაზია, მდიდარი ლექსიკა და ემპათიის უნარი. მოსწავლეები დიდი ხალისით წერენ ლიტერატურულ ნაწარმოებს საკუთარ თავზე, თუმცა მათი კითხვისას, თუ თანამედროვე მასკულტურაში კარგად ერკვევით, შეიძლება რომელიმე საშინელებათა ჟანრის ფილმის ანდა ვამპირული საგის სიუჟეტიც გაგახსენდეთ;
  • იყენებენ ნოველის სტრატეგიას – მთავარი პერსონაჟის ცხოვრება და მისი სულიერი სამყარო ისევ თქვენი თვალსაწიერის მიღმა რჩება, მაგრამ შეიძლება მან აღწეროს თავისი ცხოვრების ერთი დღე, თავისი ურთიერთობა ოთახის მცენარეებთან, პატარა დასა ან ძმასთან, გიამბოთ, როგორ წაიკითხა კონკრეტული წიგნი და ამისგან დაუვიწყარი შთაბეჭდილება მიიღო, მოკლედ, იგი გაჩვენებთ ერთ ფრაგმენტს და იმედი აქვს, რომ მთელი სურათის აღსადგენად გამჭრიახობა და წარმოსახვის უნარი გეყოფათ;
  • უნივერსალური მიდგომა _ იუმორი – (კარგი) იუმორი თავისუფალი წერის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა, რომელიც თითქმის ყოველთვის ამართლებს. ხუმრობით შეიძლება საკუთარი თავი ქებით ცაშიც აიყვანო და კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც გაატარო. იუმორი ეხმარება ადამიანებს თავიდან აირიდონ უამრავი რთული და უხერხული ცხოვრებისეული სიტუაცია, მაგალითად, ისეთი, მასწავლებელი საკუთარი თავის შესახებ თხზულების დაწერას რომ დაგავალებს…

და ბოლოს, ნუ შეგეშინდებათ სტერეოტიპების, სთხოვეთ მოსწავლეს, შეთხზას ესე საკუთარი თავის შესახებ. შეიძლება ამით ის ძალიან გაახაროთ, შეიძლება მას ყოველთვის უნდოდა უკეთ გაეცნო საკუთარი თავი გარშემომყოფებისათვის და ამისი საშუალება არ მიეცა. მაგრამ თუ ასე არაა, მით უკეთესი _ ნახეთ რა საშუალებას გამოიყენებს იგი, რომ თავის ,,კომფორტის ზონაში” არ შეგიშვათ და რაც უფრო ეცდება, მეტი დაგიმალოთ, მით მეტს გაიგებთ მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი