ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სიტყვების შესახებ

(წერილი მელოდის)

გამარჯობა, მელოდი, მე დიანა მქვია. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც მიზანს ვერ ხვდება. ლაპარაკი ძალიან ადრე დავიწყე, თუმცა ხშირად, ძალიან ხშირად ჩემი წარმოთქმული სიტყვა  მიზანს, სხვების სმენას თუ გულს სცდებოდა, ჰაერში იკარგებოდა ასფალტზე გაფანტული თესლივით, უდაბნოში ნამღერი იავნანასავით, წყლისთვის მოყოლილი სიზმარივით. კლასში, კლასს გარეთ, მეგობრებთან, ქუჩაში, სახლში, სიტყვები ყოველთვის ვერ აღწევდნენ მიზანს. მათი  ამბავი კარგად ვიცი, მე დიანა ვარ, სკოლის მოსწავლეც ვიყავი და სტუდენტიც, შვილიც და დედაც.

            პროფესია, რომელიც ავირჩიე, სიტყვების გაზომ-აწონვას, შესწავლას, სიგრძესა და სიგანეზე გაჭრას, მათზე მიკროსკოპით დაკვირვებას, მათი ძირებისა და ფუძეების შესწავლას, მათი წარმომავლობის, წარმოშობის, ცვლილების ცოდნას, მათი გამრავლების ან თუნდაც გაყოფის წესებს გულისხმობს – მე დიანა  ვარ, ფილოლოგი, ენათმეცნიერი და სიტყვების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდე, ყოველდღიურად ვსწავლობ, ვიკვლევ, სიტყვების არტეფაქტებს ვეძებ, მტვრისგან ვასუფთავებ, ყოველდღე ვსწავლობ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვიცი.

             ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეც სიტყვების ცოდნაა,  მათი ერთმანეთთან მიბმა თუ მიკერება, საშიში, თუმცა საინტერესო ცდები, სასიამოვნო და ზოგჯერ რთული კომბინაციები. მე ვიცი სიტყვები, თუმცა ხშირად მათი დაკავშირება, წინადადება, ქვეწყობა თუ თანწყობა, შერწყმა თუ გამარტივება ყოველთვის ვერ მეხმარება ვთქვა სწორედ ის, რისი თქმაც მინდა. არის ხოლმე, დაჯდები და წერ, თითქოს ყველა სიტყვა თავის ადგილზეა, ლექსის ქსოვილი ეწყობა, ლაგდება, კარგია, მაგრამ აღმოაჩნდება ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც ვერ იპოვე, ვერ ჩასვი, ვერ მოისადაგე. ჰოდა, ზუსტად მაშინ ვფიქრობ, მე თუ ვერ ვხვდები, სხვას როგორღა გავაგებინო? მე დიანა ვარ, პოეტი და ვიცი, რა რთულია სიტყვების კუბიკ-რუბიკი.

            ყველაზე ძალიან სიტყვების ძალას მაშინ ვგრძნობ, როცა გაკვეთილს ვატარებ. ვცდილობ მოსწავლეების არცერთი სიტყვა არ ავიცდინო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ზოგჯერ ჩემი სიტყვები გზაში მეკარგება, არ აღწევს სახელმძღვანელოებს ჩაჩერებულ, თითის ბალიშებზე მელანმოცხებულ, კალმისღეჭია, ჭკვიან, საინტერესო და მხიარულ ბავშვებამდე, ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ მე ვსწავლობ. მე დიანა ვარ, მასწავლებელი და სიტყვები ყველაზე რთული ასახსნელი გაკვეთილია.

            მიყვარს, ძალიან მიყვარს და აი, უკვე 7 წელია ერთად ვცხოვრობთ. ჩვენი სიტყვები ზოგჯერ ერთმანეთს ხვდებიან და გზას ერთი მიზნისკენ მიუყვებიან. ზოგჯერ ეს სიტყვები მხოლოდ ჩვენ ორს გვესმის, უმოკლესი მანძილია მისი ბაგიდან ჩემს ყურამდე. ზოგჯერ სიტყვები ჩურჩულია, ზოგჯერ ხმის სიმაღლეც იმატებს. ისეც ხდება, რომ სიტყვები ერთმანეთს ისხლეტენ, მაგრამ პირიქითაც ხშირადაა, ხან ტელეფონის შეტყობინებით ვცვლით სიტყვებს, ხანაც სოციალური ქსელით,  მე შეყვარებული ვარ და სიტყვების ძალის მჯერა.

            5 წელია  რაც გავაჩინე. მას მერე ყოველი დღე ახალი თავგადასავალია. ის ჭკვიანი, დიდთვალება, ლამაზი ბიჭია. კითხვა უყვარს და ათასგვარი სახლების, ხიდების, კონსტრუქციების აწყობა. სიტყვებს დიდხანს, ძალიან დიდხანს ველოდი, ლაპარაკი დააგვიანა. მერე, როგორც ფერად-ფერადი პეპლები, მოდიოდნენ და მასხდებოდნენ მხრებზე ყველაზე ძვირფასი ბაგიდან გამოფრენილი სიტყვები – დედა, გავისეირნოთ, მიყვარხარ, ძილი ნებისა, დილა მშვიდობის და ა.შ და ა.შ. სიტყვები მოვიდნენ, როგორც იქნა, მაგრამ ახლა გაგიმხელ, რომ მეგონა, მათ ლოდინს ვერ გავუძლებდი. მე დიანა ვარ, დედა და ჩემმა ბიჭმა ლაპარაკი დააგვიანა. ჰოდა, ზუსტად ვიცი, რა გრძნობაა, როცა ახალდახნულ, ფხვიერ მიწაში ჩაყრილი თესლის გაღვივებას ელოდები, ელოდები და სულ იშვიათად ეჭვიც კი გიტევს, ნეტავ ეს ხორბალი მოხარშული ხომ არაა?

            ჰოდა, მელოდი, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა შენი სიტყვების არ სჯერათ. ისიც ვიცი, ეჭვი რა არის. ისიც, როცა ვერაფერს ამტკიცებ. ისიც, მიზანში მოხვედრილი სიტყვა რა არის… ყველაფერი გამომიცდია და ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან რამეს მივხვდი. სიტყვების არარსებობა დასასრული არ არის, ზოგჯერ მიზანი თავად მიდის სიტყვებთან, თავად ეძებს სიტყვებს. მიზანი – ჩვენს სათქმელში იბადება.

            მოკლედ, ასე, არ შეგეშინდეს, მთავარია, მელოდია არსებობდეს, მას ჩიტიც იმღერებს, ნიავიც და ქალაქის ავტომანქანების ხმაურიანი საყვირებიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი