პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

451º

გუშინ ისეთი რამ მოხდა, რასაც ამ ბლოგში ვერ მოვყვები ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, არც ფაქტი და ხანძარია კავშირში ერთმანეთთან, მაგრამ სკოლიდან გამოსულს, იქვე სახანძრო რომ მიხსენეს, მაშინვე ეს წიგნი გამახსენდა – რეი ბრედბერის “451 გრადუსი ფარენჰეიტით”. მოკლედ, რაზეა ეს წიგნი – ადამიანები ცხოვრობენ სრულ კმაყოფილებაში, რაღაც ახალ განვითარებაზეა კაცობრიობა გადასული და თითქოს ყველა ბედნიერია, მაგრამ ერთი უცნაურობა ახასიათებს ამ საზოგადოებას. მათში არის სახანძრო სამსახური, რომელიც კი არ აქრობს, არამედ აჩენს ხანძარს იმის გამო, რომ სადღაც გადამალული წიგნები დაწვას იმ სახლთან ერთად, სადაც ისინი აღმოაჩინეს.

იმ ქალაქში არიან ადამიანები, რომლებიც წიგნებს მალავენ. დიახ, მათ არ სურთ ცვილის ფიგურებად ცხოვრება, ყოფნა ისე, თითქოს ყველა და ყველაფერი ერთნაირია და ისინი მალავენ წიგნებს, თუმცა ბევრს ეს ცდა უცუდდება და მათ აგნებენ. შემდეგ  ერთ-ერთი მეხანძრე ყველაფერს ხვდება, უახლოვდება წიგნების ადამიანებს და ბოლოს ნახულობს, როგორ შეიძლება წიგნი იყოს ადამიანი, რომ თვითონ დაწერილი წიგნებიც ადამიანები არიან, რომ ისინი ოდესღაც ადამიანებმა დაწერეს საკუთარი გამოცდილებებით, განცდებით, იდეებით, იმედებით: “ყოველი წიგნის უკან ადამიანი იდგა, ადამიანი ფიქრობდა მსჯელობდა და დიდი წვალებით ნელ–ნელა გადაჰქონდა თავისი აზრი ქაღალდზე”.

მგონი სჯობს, იცავდე წიგნებს და ვიღაც მათ ებრძოდეს, ვიდრე საზოგადოება წიგნის მიმართ გულგრილი იყოს, არც უშავებდეს რაიმეს, არც მატებდეს. ისევ ბრედბერს რმ დავუჯეროთ, “ვინც არ აშენებს, უნდა დაანგრიოს”. ამ სიტყვების აზრი ქართულ ლიტერატურაშიც გვხვდება კონსტანტინე გამსახურდიასთან და გურამ რჩეულიშვილთან, ოდნავ განსხვავებულად, თუმცა მაინც, რომ სიამოვნება შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. ასევე გვხვდება ილია ჭავჭავაძესთან. ის უფრო მეტად მიესადაგება ბრედბერის სათქმელს, რომ „მოძრაობა და მოძრაობაა მთავარი, ჩემო თერგოც“ და ჩემო ადამიანებო. რა თქმა უნდა, არ ვაშენებ, ამიტომ რადგან მოძრაობაა საჭირო, უნდა ვანგრიოო, გაუმართლებელია. თუმცა გააზრებულ მოქმედებას, რომელიც სიკეთის მომტანია, თუნდაც ნგრევა ერქვას, თავის შინაარსში უდევს მომავალი შენებისთვის ადგილისა და ვითარების მომზადების წინაპირობა.

ფრანსუა ტრიუფოს ამ რომანის ეკრანიზაციაში ძალიან ამაღელვებელია ბოლო კადრები, სადაც მეხანძრე ცოცხალ ადამიან-წიგნებს ხვდება.

ჩვენ გვაქვს სკოლის ბიბლიოთეკები, ქალაქის წიგნთსაცავები, მოსწავლეებს სახლებში აქვთ საოჯახო კუთხეები წიგნებისთვის, არსებობს სხვადასხვა ინტერნეტრესურსი, თუმცა იქცევიან თუ არა ბავშვები იმ წიგნებად, რასაც კითხულობენ?.. ცოტა უაზრო და რიტორიკული შეკითხვაა და დავაზუსტებ, კითხულობენ თუ არა ისინი ისე, რომ მათში რაიმე შეიცვალოს?..

პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავანახოთ მათ კითხვის საჭიროება. საჭიროებები კი სხვადასხვაა. ვინმესთვის ეს შეიძლება ესთეტიკური სიამოვნების მიღება იყოს, ვინმესთვის – მეტი განათლების მიღება, საკუთარი აზროვნებისა და აზრების განვრცობა-განვითარება და ა.შ. ანუ, მოსწავლის საჭიროებებს უნდა მოვარგოთ იმის ახსნა, თუ რატომაა საჭირო ლიტერატურა. თუ არ არსებობს საჭიროება, არ იქნება დაინტერესებაც.

დაკვირვებიხართ მოსწავლეებს? ვინც კითხულობს ისე, ვალდებულების გარეშე, საკუთარი სურვილით, თუნდაც სავალდებულო ტექსტებს, როგორ ემოციურად საუბრობს, განიხილავს, აკავშირებს. ისინი კი, ვისთვისაც ეს მხოლოდ ვალდებულება და ნიშნის მიღების საშუალებაა, ერთფეროვნად, სწორხაზოვნად, გაუაზრებლად ხსნიან ფაქტებს, მოვლენათა ლოგიკურობა-ალოგიკურობას და ასევე ვითარდებიან მომავალი საზოგადოების წევრებად. რჩებათ იგივე დამოკიდებულება – გულგრილი და ზედაპირული მიდგომა ყველა საკითხის მიმართ.

“ხალხი ჩირაღდანს ჰგავს, რომელიც, სანამ არ ჩააქრობენ, მხოლოდ საკუთარ შუქს ასხივებს. რა იშვიათად ხდება, რომ სხვა ადამიანმა ასახოს შენი სახე და დაგანახოს შენი შთაბეჭდილებები, შენი იდუმალი და მოკრძალებული ფიქრები”, – ეს სიტყვებიც ბრედბერის რომანიდანაა. წიგნები ჩვენ გვაჩვენებენ ჩვენს სახესა და შთაბეჭდილებებს, მიუხედავად იმისა, რომ მათში სხვა პერსონაჟებია, რომლებსაც სხვა ფიქრები აქვთ. აუცილებელია, რომ მასწავლებლებმა ცდა არ დავაკლოთ, რომ მოსწავლეების შუქი არ ჩაქრეს და თან ავსახოთ მათი სახეები, დავანახოთ თავიანთი ფიქრები, შთაბეჭდილებები, იდუმალი და მოკრძალებული ფიქრები და შემდეგ ამის სხვებისთვის გაკეთება ვასწავლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი