შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

ქეისი – უჯრედული სუნთქვის შესასწავლად

0

 ,,1982 წლის სექტემბერში მარი კელერმანმა 12 წლის ქალიშვილს ტკივილგამაყუჩებელი მისცა, როცა ბავშვი შუაღამისას ყელის საშინელმა ტკივილმა გააღვიძა. დილის 7 საათზე გოგონა სააბაზანოს იატაკზე კრუნჩხვების მდგომარეობაში იპოვეს, მალე გარდაიცვალა. ჩიკაგოს სხვა უბანში ფოსტალიონი ადამ ჯენიუსი მოულოდნელად გულის შეტევით  დაიღუპა. ვიდრე მისი ოჯახის წევრები შეიკრიბებოდნენ, მისი და და ძმა ასევე მოულოდნელად გარდაიცვალნენ. ამათ გარდა ჩიკაგოს უბნებში კიდევ სამი ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ყველა მათგანმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ერთი და იგივე ტკივილგამაყუჩებელი მიიღო“.

სიკვდილამდე ყველა მსხვერპლის საერთო სიმპტომები აღენიშნებოდა:

  • სისისტე, თავბრუსხვევა. ძილიანობა;
  • სახის კანის ოდნავი ან ძლიერი სიწითლე;
  • თავის ტკივილი;
  • ხშირი და ხანმოკლე სუნთქვა;
  • ღებინება;
  • დაბნეულობა და დეზორიენტაცია;

კითხვები:

  1. კიდევ რისი ცოდნაა საჭირო სიკვდილის მიზეზის დასადგენად?
  1. როგორ უნდა გაგრძელებულიყო გამოძიება, თუ ჩათვლიდნენ, რომ მიზეზი შხამის მოქმედებაა?

აუტოფსიის შედეგები: შვიდივე ადამიანი ჰიპოქსიით გარდაიცვალა. ჰიპოქსია ჟანგბადის ნაკლებობაა. ჰიპოქსიის მიზეზი ყოველთვის ნათელი არ არის. მათ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა 110 mm Hg-ია. ნორმალური დონე კი 75-100 mmHg-ს ფარგლებში მერყეობს. გულის, ღვიძლისა და თირკმელების ქსოვილების ნიმუშებში უჯრედები მასიურად მკვდარი აღმოჩნდა. კიდევ უფრო ღრმა ციტოლოგიური გამოკვლევით დაადგინეს, რომ უჯრედებში დაზიანებული იყო მიტოქონდრიები.

  1. გაიხსენე ორგანელების ფუნქციები, რომელი პროცესი შეფერხდება უჯრედში, მიტოქონდრიის დაზიანების შემთხვევაში?
  2. კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჰიპოქსიური მდგომარეობა?
  3. როგორც აუტოფსიამ აჩვენა ჰიპოქსიის მიზეზი არც ერთ გარდაცვლილში უჟანგბადობა არ ყოფილა. როგორ ფიქრობ, რას უნდა გამოეწვია ჰიპოქსიით დახრჩობა?

ტოქსიკოლოგიის შედეგები: გაირკვა, რომ შვიდივე ადამიანი ციანიდით იყო მოწამლული. შხამის კვალი აღმოჩნდა გამაყუჩებელში. გამომძიებლების ვარაუდით მკვლელმა გახსნა კაფსულები და მასში ტკივილგამაყუჩებელის ნაცვლად ციანიდი მოათავსა. ციანიდი ძალიან სწრაფად მოქმედი შხამია. ის მოქმედებს პირდაპირ უჯრედულ სუნთქვაზე.

(ბრალი თავიდან არავისთვის წაუყენებიათ. შემდეგ დაიჭირეს და ჯეიმს ლევისიმ 12 წელი გაატარა ციხეში. ის 2023 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა).

  1. რატომ უწოდებენ მიტოქონდრიას უჯრედის ენერგეტიკულ სადგურს? რა სახის ენერგია მიიღება მასში? რატომ არის ის ასეთი მნიშნელოვანი?
  2. რა კავშირია სუნთქვის ჯაჭვსა და ჟანგბადს შორის?
  3. ა) მწვანედ გააფერადე ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვი;

ბ) X-ით აღნიშნე ცილა, რომელსაც ციანიდი  უკავშირდება;

გ) ლურჯად გააფერადე ფოსფოლიპიდები;

დ)  წითლად გააფერადე ატფ-სინტაზა.

 

  1. ციანიდი უსწრაფესად მოქმედი შხამია, ის შეიქმნა როგორც თვითმკვლელი აბი ამერიკელი და ბრიტანელი ჯაშუშებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს, ისინი დაკავებისთანავე სვამდნენ, რომ ცოცხლად არ ჩაბარებოდნენ გერმანელებს. რატომ მოქმედებს ის ასე სწრაფად?
  2. როგორი ეფექტი ექნება ჟანგბადიან კამერაში ციანიდით მოწამლული პაციენტის მოთავსებას? რატომ?
  3. ახსენი რას უნდა გამოეწვია დეზორიენტაცია და თავბრუსხვევა;
  4. რატომ იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს ციანიდს, სხვა შხამის გამოყენებასთან შედარებით რა უპირატესობა ჰქონდა მას?
  5. უჯრედული სუნთქვის რომელ ეტაპს უტევს ციანიდია? რატომ?

დამხმარე რესურსები:

სიმულაცია მიტოქონდრია და უჯრედული სუნთქვა

სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია

უჯრედული სუნთქვა

უჯრედული სუნთქვის ეტაპები

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.biologycorner.com/#google_vignette

 

ქეისი ქიმიის გაკვეთილისთვის

0

წერილი მალიმიტირებელ რეაგენტთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა. მოსწავლეები სიტუაციის გაცნობისა და ანალიზის გამოყენებით იმსჯელებენ შემზღუდველ ფაქტორზე, მის შინაარსსა და მისი ცოდნის მნიშვნელობაზე.

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი სიტუაციური ამოცანა:

„სკოლის თვითმმართველობის ოთხ წარმომადგენელს საბჭომ დაავალა, მომდევნო სემესტრისთვის გაემართათ სასკოლო ღონისძიება, რომელზეც უნდა გამასპინძლებოდნენ მოწვეულ სტუმრებს ადვილად მოსამზადებელი ტკბილეულით, მათ თანხმობა მიიღეს ადმინისტრაციისგან.

„მაფინები ხომ არ მოვამზადოთ?“ – იკითხა ნიკამ.

„კარგი აზრია!“ – უპასუხა ელიზამ.

„მშვენიერი წინადადებაა, თან მაფინები ყველას უყვარს!“ – წამოიძახა ნინამ.

„მე მაფინის საუკეთესო რეცეპტი ვიცი, – თქვა ლუკამ. – მომდევნო შეხვედრაზე მოვიტან“.

საორიენტაციოდ, გაიყიდება 100 ბილეთი. კომიტეტი მომავალ კვირას შეიკრიბება და დაითვლის საჭირო მასალისა და ინვენტარის რაოდენობას.

პირობისამებრ, ლუკა მაფინების რეცეპტით მოვიდა.

„ამ რეცეპტით 12 მაფინი მზადდება. თუ ერთ ადამიანზე გათვლი ოთხ მაფინს, 100 ბილეთისთვის 400 ცალი მაფინი დაგვჭირდება“.

კითხვა: რამდენი ულუფა ცომი უნდა მოვზილოთ, რომ 100 ადამიანის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?

 

მაფინის რეცეპტი – გამოდის 12 მაფინი

3 კვერცხი;

120 გრამი შაქარი;

250 გრამი მაწონი;

1 პაკეტი გამაფხვიერებელი;

100 მლ ზეთი;

ვანილი დანის წვერით;

300 გრამი ფქვილი;

შოკოლადის ღერღილი, მოცვი ან ხილფაფა გემოვნებით.

ცხვება 250 გრადუსზე.

 

ნიკამ ანგარიში დაიწყო. „400 მაფინისთვის 34 ულუფა ცომის მომზადება გვჭირდება“.

მოსწავლეებმა შეიძინეს შემდეგი რაოდენობის პროდუქტები:

110 ცალი კვერცხი;

4.500 კგ შაქარი;

20 ქილა მაწონი (500-გრამიანი ქილები);

35 ცალი გამაფხვიერებელი;

3.5 ლიტრი ზეთი;

სამი ვანილი;

11 კგ ფქვილი;

500 გრამი შოკოლადის ღერღილი;

500 გრამი მოცვი.

 

გაისტუმრეს ბილეთის ყველა მფლობელი. დამატებით 10 უბილეთო მსურველი გამოჩნდა.

მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდათ:

1) აქვთ საკმარისი მარაგი, რომ დამატებით 10 მოსწავლეს გაუმასპინძლდნენ?

2) თუ არა, მაშინ რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებენ?

 

ამ ორ კითხვაზე საპასუხოდ გარკვეული მათემატიკური ოპერაციის ჩატარებაა საჭირო. ნაყიდი პროდუქტებიდან რა რაოდენობით არის დარჩენილი თითოეული? დაიწყეს ანგარიში. სწრაფად შეიტანეს მონაცემები ცხრილში:

(ცხრილი ჩემი გაკვეთილის მონაცემებს შეესაბამება, თუმცა მასწავლებელი თავისუფალია როგორც ნამცხვრის, ისე მისი რეცეპტისა და პროპორციების არჩევანში).

გამოყენებული რაოდენობა შეძენილი რაოდენობა დარჩენილი პროდუქტი მაფინების რაოდენობა, რომლის დამზადებაც შესაძლებელია ადამიანების რაოდენობა, რომლის გამასპინძლებაც შესაძლებელია
102 კვერცხი 110 8 26 6
17 ქილა მაწონი 20 ქილა 3 ქილა 72 18
4.08 კგ შაქარი 4.5 კგ 0.420 კგ 42 10
ზეთი 3.5 ლ 100 მლ 12 3
10.2 ფქვილი 11 კგ 0.8 კგ 32 8
34 გამაფხვიერებელი 35 1 12 3

 

მოსწავლეებმა გააანალიზეს ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაცია და დაასკვნეს, რომ მხოლოდ სამი დამატებითი ბილეთის გაყიდვა შეიძლება. 7 ადამიანისთვის უარის თქმა მოუწევთ.

 

„შემდეგ ჯერზე მეტი პროდუქტი ვიყიდოთ, ასე რომ არ დაგვემართოს!“ – წამოიძახა ნიკამ. დანარჩენებიც დაეთანხმნენ.

შეძენილი ზეთისა და გამაფხვიერებლის რაოდენობა ზღუდავდა მეტი მაფინის დამზადების შანსს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პროდუქტი საკმარისზე მეტიც კი იყო.

შემდეგ გადავედი ქიმიის საკითხის ახსნაზე. სტექიომეტრიაზე ვმსჯელობ და დაფაზე ვხსნი ამოცანას მოსწავლეების დახმარებით.

რეაქციის ტოლობის გამოყენებით ავხსენი მალიმიტირებელი რეაგენტის შინაარსი. მალიმიტირებელი რეაგენტი ის ნივთიერებაა, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტების რაოდენობას.

 

3 H2 () + N2 () 2 NH3()

 

სამი მოლი წყალბადი რეაგირებს 1 მოლ აზოტთან და მიიღება 2 მოლი ამიაკი. გათანაბრებული რეაქციის ტოლობა „რეცეპტს“ შეესაბამება.

 

კლასს ვუსვამ რამდენიმე შეკითხვას:

1) 4.0 მოლი წყალბადი და 2 მოლი აზოტი შეურიეს ერთმანეთს. რამდენი მოლი ამიაკი წარმოიქმნებოდა?

2) რომელი რეაგენტი ზღუდავს ამიაკის წარმოქმნას?

3) რომელი აირი დარჩება ზედმეტი? რა რაოდენობით?

1-ელ კითხვაზე საპასუხოდ მონაცემების ანალიზის მეთოდი გამოვიყენე. ყურადღება გავამახვილე რეაქციის ტოლობის სწორად გათანაბრების მნიშვნელობაზე თანაფარდობების სწორად დასადგენად.

 

4.0 მოლი H2 (2 მოლი NH3/3 მოლი H2)  –     2.7 მოლი NH3 წარმოიქმნება;

2.0 მოლი N2 (2 მოლი NH3/1 მოლი N2) –     4.0 მოლი NH3 წარმოიქმნება.

 

2.7 მოლი NH3 წარმოიქმნა. მონაცემი შეესაბამება რეაქციის თეორიულ გამოსავალს. ეს რაოდენობა გამოთვლილია მალიმიტირებელი რეაგენტით. მას შემდეგ, რაც მალიმიტირებელი რეაგენტი ამოიწურება, პროდუქტიც აღარ წარმოიქმნება.

 

მე-2 კითხვაზე საპასუხოდ ვამბობ, რომ წყალბადი მალიმიტირებელი რეაგენტია, რადგან ის ნაკლები რაოდენობით ამიაკს წარმოქმნის. აზოტი ჭარბია, რადგან მას მეტი ამიაკის წარმოქმნა შეუძლია. ე.ი. წყალბადის მოლების რაოდენობა აფერხებს ამიაკის წარმოქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შემზღუდველი ფაქტორი ანუ მალიმიტირებელი რეაგენტია.

 

მე-3 კითხვაზე საპასუხოდ ხელახლა გავაკეთეთ რეაქციის ტოლობისა და მონაცემების ანალიზი.

 

4.0 მოლი H2(1 მოლი N2/3 მოლი H2) = 1.3 მოლი N2-ია საჭირო 4 მოლ წყალბადთან რეაქციაში შესასვლელად;

 

2.0 მოლი N2 (3 მოლი H2/1 მოლი N2) = 6.0 მოლი H2-ია საჭირო 2.0 მოლ N2-თან ურთიერთქმედებისთვის.

 

არ არის საკმარისი აზოტი, რომ რეაქციაში შევიდეს 2.0 მოლ აზოტთან. აზოტი საკმარისია 4 მოლ წყალბადთან ურთიერთქმედებისთვის. ჭარბი რაოდენობის დასადგენად არსებულ რაოდენობას აკლდება საჭირო რაოდენობა:

2.0 მოლი (ხელმისაწვდომია) – 1.3 მოლი (საჭიროა) = 0.7 მოლი აზოტი (ზედმეტია). ჭარბი აზოტი დარჩება სარეაქციო ჭურჭელში.

 

„ისევე, როგორც ჩვენი მაფინების რეცეპტში, – წამოიძახა ლუკამ, – ზეთისა და გამაფხვიერებლის მარაგი ამოიწურა. ე.ი. ისინი მალიმიტირებელი რეაგენტები ყოფილან. ჩვენ სხვა პროდუქტები საკმარისად გვქონდა, თუმცა ზეთისა და გამაფხვიერებლის უქონლობის გამო მაფინების მომზადებს საშუალება აღარ მოგვეცა“.

მე თეორიული და პრაქტიკული გამოსავლის გასაგებად სხვა მაგალითი მოვიყვანე:

ყველა ვსარგებლობთ კომპიუტერით, ტელეფონით. ქიმიური ელემენტი სილიციუმი კი გამოიყენება მიკროპროცესორების ჩიპებში. სუფთა სილიციუმი ინდუსტრიაში ქვემოთ მოცემულ რეაქციას ეფუძნება:

 

SiCl4(მყ) + 2 Mg(მყ) Si(მყ) + 2 MgCl2(მყ)

1) 525.0 გ SiCl4 შეურიეს 650.0 გმეტალურ Mg-ს, რა მასის სილიციუმი შეიძლება მივიღოთ? რას უდრის რეაქციის თეორიული გამოსავალი?

2) რომელი რეაგენტია მალიმიტირებელი?

3) რომელია ჭარბი რეაგენტი და რა მასის დარჩა რეაქციაში შეუსვლელი?

 

კლასს მივეცი რამდენიმე წუთი კითხვებზე სამუშაოდ. მათ გაიარეს შემდეგი ეტაპები:

  1. პერიოდულობის ცხრილის გამოყენებით დაადგინე SiCl4-ისა და მაგნიუმის მოლური მასები:

M(SiCl4)= 170 გ/მოლი; M(Mg) = 24 გ/მოლი.

  1. მოლური მასების გამოყენებით გამოთვალე თითოეული ნივთიერების მოლების რაოდენობა:

SiCl4 = 3.09 მოლი; n(Mg) = 20.08 მოლი.

  1. რეაქციის ტოლობისა და ამოცანის პირობის მონაცემების გამოყენებით დაადგინე მოლური თანაფარდობები და განსაზღვრე მალიმიტირებელი რეაგენტი. გათანაბრებულ ტოლობაში 2 მოლი მაგნიუმი შედის რეაქციაში 1 მოლ სილიციუმის ქლორიდთან. ე.ი. ჭარბია მაგნიუმი.
  2. რადგან მოლური თანაფარდობა SiCl4-სა და Mg-ს შორის არის 1:2, მხოლოდ 6.18 მოლი მაგნიუმია საჭირო რეაქციისთვის. ჭარბია 20.08 – 6.18 = 13.9 მოლი Mg.
  3. თეორიული გამოსავლის დასადგენად საჭიროა, ანგარიში დაიწყო შემზღუდველი ანუ მალიმიტირებელი რეაგენტის მოლების რიცხვიდან. 3.090 მოლი SiCl4. გათანაბრებულ ტოლობაში თანაფარდობა SiCl4-სა და Si-ს შორის არის 1:1, ამიტომ მიიღება 3.090 Si. სილიციუმის მოლური მასაა 28 გ/მოლი. რეაქციის შედეგად წარმოიქმნებოდა 86.52 გ სილიციუმი.

 

მაგალითზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეებმა წყვილებში შეასრულეს რამდენიმე მსგავსი ამოცანა. ბოლოს მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს გაკვეთილის საკითხები.

 

„ვინ წარმოიდგენდა რომ მაფინების დასათვლელად საჭირო მათემატიკა ქიმიაში გამოდგებოდა?“ – იცინოდა ნიკა.

„მე ვერა!“ – ერთხმად წამოიძახეს დანარჩენებმა და მუშაობა გააგრძელეს. მაფინების მაგალითზე უკვე ძალიან მარტივად გაარკვიეს ქიმიაში მოცემული ამოცანები.

 

ამოცანები დამოუკიდებელი მუშაობისთვის:

  1. მეტალური ქრომი რეაგირებს ჟანგბადთან, შედეგად მიიღება ქრომ (III)-ის ოქსიდი Cr2O3.

ა) შეადგინე რეაქციის ტოლობა და შეარჩიე კოეფიციენტები;

ბ) რა მასის ქრომ(III)-ის ოქსიდი მიიღება 0.175 გრამი ქრომის სრულად გარდაქმნის შედეგად?

გ) რა მასის ჟანგბადია საჭირო რეაქციის მიმდინარეობისთვის?

  1. ჰექსენი(C6H12) სრულად იწვის ჟანგბადში(O2), მიიღება CO2და H2O.

ა) შეადგინე შესაბამისი რეაქციის ტოლობა და შეარჩიე კოეფიციენტები.

ბ) 215.0 გ ჰექსანი შეურიეს 215.0 გ ჟანგბადს. რომელია მალიმიტირებელი რეაგენტი? პასუხი დაასაბუთე.

გ) რომელი რეაგენტი რჩება ჭარბად და რა რაოდენობით?

დ) რა მასის ნახშირორჟანგი და წყალი მიიღება რეაქციის შედეგად?

  1. ამიაკის მიღება შესაძლებელია ჩაუმქრალი კირისა და ნიშადურის ურთიერთქმედებით.

CaO (მყ) + 2NH4Cl(მყ) 2NH3(ა) + H2O (ა) + CaCl2(მყ)

ა) შეურიეს 112 გ ჩაუმქრალი კირი და 224 გ NH4Cl. რომელია მალიმიტირებელი რეაგენტი?

ბ) რას უდრის რეაქციის თეორიული გამოსავალი?

გ) რეაქციის შედეგად 16.3 გ ამიაკი რომ მიეღოთ, რისი ტოლი იქნებოდა რეაქციის გამოსავალი?

 

დამხმარე მასალა:

  1. მალიმიტირებელი რეაგენტი
  2. მალიმიტირებელი რეაგენტის დადგენა
  3. რეაქციის თეორიული და პრაქტიკული გამოსავალი
  4. რეაქციის პრაქტიკული გამოსავალი, მარგი ქმედების კოეფიციენტი და ენერგიის პირამიდა

დავალებაზე მორგებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკები

0

გთავაზობთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ დავალებაზე. მისი გამოყენება  გვეხმარება, გავაანალიზოთ, კრიტერიუმებთან მიმართებით რამდენად დაძლია მოსწავლემ შედეგების მიღწევის ინდიკატორები გრძელვადიანი სამიზნე ცნებების მიხედვით.

გრძელვადიანი სამიზნე ცნება  ტექსტი (ჟანრები)

დავალების პირობა დახატე/გამოძერწე  ზღაპრის,   „არჩილ სულაკაურის  „სალამურას თავგადასავლის’’ ის ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა და შეურჩიე ნახატს სათაური.

შეფასების კრიტერიუმები:

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რით უკავშირდება შენი ნახატი/ნაძერწი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენე ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად (ტ.1,2,3).
  • რით არის ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი (ტ.1, .3).
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ (ტ.1).
  • რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის  შინაარსს  (ტ.1).

როგორც აღვნიშნე, ძალიან მარტივია განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნა გრძელვადიან სამიზნე ცნებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

მარცხენა სვეტში ვწერთ იმდენ სამიზნე ცნებას, რამდენსაც კონკრეტული დავალება ეფუძნება. შესაძლებელია, სხვა დავალებაში რამდენიმე იყოს, კრიტერიუმების სვეტშიც დავამატებთ სამიზნე ცნების შესაბამის კრიტერიუმებს.

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

 

სამიზნე ცნება

 

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ტექსტი (ჟანრები) ახსნას, რით უკავშირდება მისი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენა ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად.

 

ახსნას, რით არის მის მიერ შერჩეული ეპიზოდი საინტერესო.

 

გადმოსცეს, რომელი სიტყვები მოეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ.

 

ახსნას, რატომ დაასათაურა ნახატი /ნაძერწი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის  შინაარსს.

 

 

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა უკვე შევქმენით.

ახლა შევქმნათ მოსწავლეთა შედეგების მიღწევის ინსტრუმენტი.

პირობითი აღნიშვნები:

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ შეძლო    ნაწილობრივ შეძლო    ვერ შეძლო

 

 

  სახელი, გვარი სამიზნე ცნება – ტექსტი

კრიტერიუმებთან მიმართებით მოსწავლემ შეძლო:

ზეპირსიტ.

რეკომენდაცია

     
ახსნა, რით უკავშირდება მისი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენა ნახატის/ნაძერწის შესაქმნელად.

 

ახსნა, რით არის მის მიერ შერჩეული ეპიზოდი საინტერესო. გადმოსცა, რომელი სიტყვები მოეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ. ახსნა, რატომ დაასათაურა ნახატი/ნაძერწი ამგვარად, როგორ უკავშირდება სათაური ეპიზოდის შინაარსს.
1      
2    
3    
  საბოლოო შედეგი          

 

დოკუმენტს ვავსებთ მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად.

საბოლოო შედეგი, რამდენმა მოსწავლემ დაძლია გრძელვადიანი სამიზნე ცნება ტექსტი, კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ავსახოთ პროცენტული მაჩვენებლით.

მნიშვნელოვანია, შედეგების გაანალიზების შემდეგ, თითოეულ მოსწავლეს მივცეთ ზეპირსიტყვიერი რეკომენდაცია, როგორ გააუმჯობესოს არსებული შედეგი.

გთავაზობთ დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკების ჩარჩო დოკუმენტებს (ჩამოსატვირთი ვერსია).

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკები

მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებელს (სამიზნე ცნებებისა და შესაბამისი სტანდარტის შედეგების ინდიკატორების გათვალისწინებით).

სალონური ზღაპრიდან ქიმიისკენ…

0

ამას წინად, ავტობუსით დაღლილ-დაქანცული სახლისკენ მივდიოდი. ლაბორატორიაში საკმაოდ შემომაღამდა, პიკი საათმაც გადაიარა და ამიტომაც გავბედე ავტობუსში ასვლა, თორემ, სხვანაირად გამბედაობა არ მეყოფოდა. გადავსებულ ხალხში მაშინვე სუნთქვის რიტმი მერღვევა და დახრჩობას ვიწყებ.

მძღოლი ერთ ადგილას გაჩერდა, თურმე ხუთ წუთიანი შესვენება ჰქონდა. გაღებულ კარებში ბებო და შვილიშვილი ამოვიდნენ და ზუსტად ჩემს წინ ცარიელი სავარძლები დაიკავეს.

-მერე? მოუთმენლად იკითხა პატარა ბიჭმა, რა გააკეთა მგელმა?

-ჰოო, მგელმა წითელქუდას მოტყუება განიზრახა, ბები.

არ დაგიმალავთ და მეც ყურები ვცქვიტე. ისეთი გადაღლილი ვიყავი, ზუსტადაც ერთი ზღაპარი წითელქუდაზე, წამადგებოდა.

ეს ზღაპარი ყველას გვახსოვს, არა? თუმცა, ის რაც ბავშვობაში წაგვიკითხეს, სინამდვილეში „ძმები გრიმების“  მოყოლილი ვერსია გახლდათ. თუმცა, ჩვენ ავტორად შარლ პიერო გაგვაცნეს.  „ძმებმა“  ზღაპრის თავისებური, შემოკლებული ვერსია 1812 წელს „საშინაო ზღაპრების“ წიგნში გამოაქვეყნეს. ზღაპრის ამ ვერსიას კეთილი დასასრული აქვს. ბებია და წითელქუდა მონადირეებს უვნებლები ამოჰყავთ მგლის მუცლიდან. ისტორიის მკვლევრები წერენ, რომ „ძმებმა“  ეს ამბავი რომელიღაც სალონურ წვეულებაზე, ვინმე ფროილინ მარიამ ჰასენფლუგისგან  მოისმინეს. საინტერესოა, რომ ჰასენფლუგების გვარი ფრანგ ჰუგენოტებს ენათესავებოდა. ჰოდა, სავარაუდოდ, ეს ფრანგული ზღაპარი გერმანიაში გამოქცეულ ჰუგენოტებთან ერთად შემოვიდა. ის პირვანდელი ვერსია, მართლაც შარლ პიეროს ეკუთვნის, ოღონდ უფრო დიდების ზღაპარია და პატარებთან არ წაიკითხება. ლუდოვიკო მე-14-ე ხომ გახსოვთ? მეფე -მზე… ახალ მიწაზე, ტაიტიზე გაშენებული შაქრის პლანტაციებისგან უზრუნველი ფული, რომ შემოსდიოდა… ჰოდა, სწორედ მისი დასის მხიარული ცხოვრების ერთ-ერთი ჩვეულება სალონებში „ზღაპრები დიდებისთვის“ მოყოლა და მოსმენა ყოფილა. პიეროს ზღაპრებსაც ასეთ სალონებში უსმენდნენ. ამბებ-ზღაპრებიც ახალგაზრდა გოგონებზე გახლდათ, რომლებიც დედებს არ უსმენდნენ. წითელქუდამაც აკი არ მოუსმინა და სრულიად უცნობ მგელს გამოელაპარაკა გზად. თან გეგმებიც გააცნო, სად მიდიოდა და რატომ. პიეროს ამ ვერსიის მორალი ისიც არის, რომ „მგელი“ მრავალნაირია, მათ შორის ტკბილმოსაუბრენიც არიან და სწორედ ისინი გახლავთ საშიში. პიეროს ვერსიაში მგელი ბებია-შვილიშვილს ჭამს და მორჩა, ზღაპარი მთავრდება. არავითარი მონადირე იმ ზღაპარში არ არის. მონადირე და კეთილი დასასრული „ძმებმა“ დაამატეს.

ზღაპრის სალონურ ვერსიაში მგელს პირიდან ქაფიღა სდის, ისე სურს, რომ წითელქუდა და ბებია მალე შესანსლოს.

ქიმიაში „მგლის ქაფს“ ვოლფრამს ეძახდნენ… თუმცა, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და სალონური ზღაპრიდან ქიმიისკენ გადავინაცვლოთ.

პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფში განთავსებული ელემენტებია-ქრომი, მოლიბდენი და ვოლფრამი.  ამ ელემენტების აღმოჩენა მე-18-ე საუკუნის ბოლოს მოხდა. პირველი ორი ელემენტი შვედმა ქიმიკოსმა და აფთიაქარმა  შეელემ აღმოაჩინა. მისი თანამედროვენი ხუმრობდნენ, შეელე თუ რამეს შეეხო, უეჭველი ახალ ელემენტს იპოვისო. ჟანგბადი (პრისტლის პარალელურად), ბარიუმი, მანგანუმი, ქლორი- დიახ, შეელეს აღმოჩენების არასრული სია გახლავთ.

1778 წელს მინერალ მოლიბდენიტს იკვლევდა. მისი სახელწოდება ბერძნული „მოლიბდესი“-დან მოდის, რაც ტყვიას ნიშნავდა. არადა, ტყვია და მოლიბდენი საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, იმ დროისათვის ყველა იმ მინერალს, რომელიც ქაღალდზე კვალს ტოვებდა „მოლიბდენს“ უწოდებდნენ. გრაფიტს (C) გალინიტს (PbS) და მოლიბდენიტს(MoS2) მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებამდე ერთმანეთისგან საერთოდ ვერ ასხვავებდნენ. ჰოდა, შეელემ გადაწყვიტა ენახა, როგორ იმოქმედებდნენ მოლიბდენიტზე მჟავები. კონცენტრირებულ აზოტმჟავასთან რეაქციაში შევიდა და თეთრი ფერის ნალექიც გამოიყო. ამ ნალექის შესწავლისას შეელემ დაასკვნა, რომ ის რომელიღაც უცნობი ელემენტის ოქსიდი იყო.

MoS2+18HNO3=MoO3+18NO2+2H2SO4+7H2O

სამი წლის შემდეგ, ანალოგიური მეთოდით ვოფრამიც აღმოაჩინა. ანუ, უცნობი მინერალი დაამუშავა აზოტმჟავათი. დღეს ამ მინერალს, მის პატივსაცემად შეელიტი ეწოდება.

CaWo+2HNO3=WO3+Ca(NO3)2+H2O

რეაქციით მიიღო ვოლფრამის ოქსიდი და კალციუმის ვოლფრამატი. სახელი „ვოლფრამი“ გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „მგლის ქაფი“. ვოლფრამი ხშირად კალას საბადოებს ახლავს თან და დამუშავებისას დამახასიათებელ ქაფს წარმოქმნის. გამოთქმაც არსებობს-„სანსლავს კალას, როგორც მგელი ცხვარს“ (ან, „წითელქუდას“).

სუფთა სახით, შეელემ ვერც მოლიბდენი და ვერც ვოლფრამი, ვერ მიიღო. ამისთვის, საჭირო იყო ღუმელი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გახურდებოდა. მე-18-ე საუკუნის ბოლოს ასეთი ღუმლის ქონა ფუფუნება გახლდათ. ამიტომ, თხოვნით მიმართა კოლეგას და მეგობარს პიტერ იაკობ გიელემს. სწორედ მან გამოყო თავისუფალი სახით მოლიბდენი, ხოლო ვოლფრამი, ესპანელმა ქიმიკოსმა ძმებმა ელუარებმა მიიღეს.

რაც შეეხება ქრომს, 1766 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს მინერალი, რომელსაც „ტყვიის წითელი კრიალა ” უწოდეს, თუმცა ტყვიის გარდა მინერალი კიდევ რაღაცას შეიცავდა. მეცნიერები 30 წელი ეძებდნენ და ბოლოს 1797 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა  ნიკოლა ლუი ვაკლენმა მისგან ახალი მეტალი მიიღო და  ქრომი უწოდა.  ბერძნულად „ქრომა” ფერს ნიშნავს.  თვითონ მეტალი შეფერილი არ არის, თუმცა მისი ნაერთები მკვეთრი ფერის არიან.  ქრომის მთავარი ღირსება  მდგრადობაა ჟანგბადისა და მჟავების მიმართ. ამიტომაც, ქრომი მშვენივრად იცავს ფოლადს დაჟანგვისგან და მას ბრწყინვალე იერს აძლევს.  ანუ ფოლადის ქრომირებას აკეთებენ. თუმცა, როგორც წესი, ქრომით დაფენვა სხვა მეტალზე ხორციელდება და ეს ყველაზე ხშირად სპილენძია. რკინას  ჯერ სპილენძით ფარავენ და უკვე შემდეგ მის ქრომირებას ახდენენ. ქრომი ძალიან მაგარიცაა და მას მინის გაჭრაც შეუძლია.

გამოვიკვლიოთ სამივე მეტალის ქიმიური თვისებები. სამ ჭიქაში ჩავასხათ კონც. გოგირდმჟავა და ჩავუშვათ აღნიშნული მეტალების ნიმუშები. რეაქცია არ წარიმართება, რადგან გოგირდმჟავაში წარმოიქმნება პასიური ოქსიდი ფენა და რეაქცია ვეღარ ვითარდება.

2Cr+H2SO4(კონც)=Cr2O3+S+H2O

Mo+2H2SO4(კონც)=MoO2+2SO2+2H2O

თუმცა, თუ ქრომის და მოლიბდენის ნიმუშიან ჭიქებს გავაცხელებთ, რეაქცია წარიმართება.

2Cr+6H2SO4=Cr2(SO4)3+3SO2+6H2O

Mo+4H2SO4=Mo(SO4)2+2SO2+4H2O

კონცენტრირებულ აზოტმჟავაში ყველა მეტალი ოქსიდის ფენით იფარება და პროცესი აღარ ვითარდება.

2Cr+6HNO3(კონც)=Cr2O3+6NO2+3H2O

Mo+6HNO3(კონც)=MoO3+6NO2+3H2O

W+6HNO3(კონც)=WO3+6NO2+3H2O

განზავებულ აზოტმჟავასთან მხოლოდ მოლიბდენი რეაგირებს.

Mo+6HNO3 =H2MoO4+6NO2+2H2O

მარილმჟავასთან მხოლოდ ქრომი რეაგირებს, ისიც გახურებისას.ვოლფრამი გაცხელებითაც კი არ ურთიერთქმედებს მასთან.

2Cr+6HCl=2CrCl3+3H2

სამივე მეტალი ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან. მაგალითად, ქლორთან და წარმოქმნიან  სხვადასხვა ფერის ქლორიდებს.

ვოლფრამის იასამნისფერი ჰექსაქლორიდი:

W+3Cl2=WCl6

ან, თუ სარეაქციო სისტემაში ჟანგბადიც იყო, წარმოიქმნება ვოლფრამის ყვითელი ოქსიქლორიდიWO2Cl2;

ან, თუ წარმოქმნილი ჰექსოქლორიდი დაიშლება, მწვანე პენტაქლორიდი წარმოიქმნება: 2WCl6=2WCl5+Cl2

WCl2-ორვალენტიანი ვოლფრამის ქლორიდი კი რუხი ფერისაა.

სტაფილოსფერი კალიუმის ბიქრომატი ალბათ ყველა ლაბორატორიაში მოიპოვება. ყოველ შემთხვევაში, ვოლფრამი შეიძლება ვერ მოიპოვოთ და ამ მარილს იპოვით. ავიღოთ და მცირე რაოდენობით სინჯარაში ჩავყაროთ. დავამატოთ მარილმჟავა და გავაცხელოთ. არა, თუ ამწოვი არ გაქვთ, არ გააკეთოთ, რადგან ქლორი გამოიყოფა.

K2Cr2O7+4HCl=2CrCl3+2KCl+7H2O+3Cl2

ამავე მარილის ხსნარის და გოგირდმჟავას ნარევს თუ ვერცხლის ნაკეთობას დავაწვეთებთ, მუქი წითელი ფერი განვითარდება, რადგან ეს ვერცხლზე თვისებითი რეაქცია გახლავთ და რაც უფრო მუქი წითელი ფერი განვითარდება, მით მაღალი იქნება ვერცხლის სინჯი.

12Ag+5K2Cr2O7+11H2SO4=6Ag2CrO4+5K2SO4+2Cr2(SO4)3+11H2O

დაახლოებით ასეთი წითელი ფერის ქუდი ეხურა წითელქუდასაც. თუმცა, ქუდი „ძმებთან“ ეხურა, თორემ პიეროსთან გოგონას თავი „შაპერონით“ (მოსასხამი „კაპიუშონით“) ჰქონდა შემოსილი. ჰოდა, რატომღაც ამეკვიატა… დღეს, რომ ტყეში შეხვედროდნენ ერთმანეთს წითელქუდა და მგელი, რა მოხდებოდა?

ალბათ, არც არაფერი. ერთმანეთს ვერ დაინახავდნენ, ტელეფონები ექნებოდათ ცხვირზე აფარებული.

ბავშვის პირადი საზღვრები და მათი დაცვის მნიშვნელობა პიროვნების ფორმირებისთვის

0

უფროსები ხშირად გამოვხატავთ უკმაყოფილებას და არ ვიშურებთ საყვედურებს ბავშვების მიმართ მათი ამა თუ იმ ქცევის გამო. თუმცა, იშვიათად ვცდილობთ აღნიშნული ქცევის გამომწვევი მიზეზების მოძიებას და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს მიზეზები შეიძლება ბავშვთან ურთიერთობაში მისი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომებით იყოს განპირობებული. ეს შეცდომები საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა, რაც ბევრი უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, ბავშვის პირადი საზღვრების, პირადი სივრცის დარღვევას უკავშირდება.

პირადი საზღვრები ეს არის ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური შეზღუდვები, რომელსაც თითოეული ადამიანი ადგენს თავის გარშემო იმისათვის, რომ ის თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს. სწორედ პირადი საზღვრებით არის ნაკარნახევი, თუ რა ქცევა, რა მოქმედება იქნება ჩვენთვის მისაღები სხვა ადამიანების მხრიდან და რა – არა. პირადი საზღვრები გვეხმარება, ადამიანებს განვსაზღვროთ საკუთარი ინდივიდუალურობა, დავიცვათ საკუთარი უფლებები და შევინარჩუნოთ პირადი ცხოვრება.

პირადი საზღვრების დადგენის, პატივისცემისა და დაცვის უნარი ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირადი საზღვრების განცდის გარეშე ადამიანი წყვეტს საკუთარი ცხოვრების მართვას, აკეთებს არა იმას, რაც სურს, არამედ იმას, რაც სურთ მისგან სხვა ადამიანებს. ამიტომ არის ასეთი აუცილებელი შეგვეძლოს საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა და სხვების პირადი საზღვრების პატივისცემა. უფროსებისთვის ამის გაკეთება ყველაზე რთული ბავშვებთან ურთიერთობისას არის. აქ გვიწევს დავაბალანსოთ უპირობო მიღება და „არას” დროულად თქმა, სირთულეებისგან ბავშვის დაცვის სურვილი და მისთვის საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მართვის უფლების მინიჭება. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვის პირადი საზღვრები ჩვენ მიერ თითქოს კეთილი განზრახვით ირღვევა, მაგრამ მოგვიანებით ის საკმაოდ ნეგატიური შედეგების მომტანი აღმოჩნდება ხოლმე.

რა შემთხვევებში ირღვევა ბავშვის პირადი საზღვრები:

  • რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ბავშვის პირადი საზღვრები, უპირველეს ყოვლისა, მაშინ ირღვევა, როცა ვაიძულებთ ბოლომდე შეჭამოს ის, რასაც ვთავაზობთ. ბავშვის იძულებით კვება მისი ფიზიკური საზღვრების დარღვევაა. ასეთი ქცევით ჩვენ მას გადავცემთ ინფორმაციას, რომ ის უნდა ენდოს არა საკუთარ სხეულებრივ შეგრძნებებს (შიმშილი, დანაყრება), არამედ გარე დამკვირვებლებს, უფროსებს, რომლებმაც რატომღაც უკეთ იციან ბავშვი დანაყრდა თუ არა;
  • ბავშვის პირადი საზღვრები ირღვევა მაშინაც, როცა ის იძულებით, ძალდატანებით დაგვყავს სხვადასხვა წრეზე. ყოველ ადამიანს, თუნდაც ბავშვს, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი გატაცებები, ინტერესები. ესეც ერთგვარი პირადი სივრცეა, რომელიც სხვებისგან ინტელექტუალური საზღვრებით არის დაცული. შესაძლოა ჩვენ ძალიან კეთილი განზრახვა გვამოძრავებდეს, როცა ბავშვი მისი ნების, ინტერესების, სურვილის საწინააღმდეგოდ დაგვყავს ფორტეპიანოზე, ხატვაზე ან ჭადრაკის წრეზე, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ამით ჩვენ მის პირად საზღვრებს ვარღვევთ და ზიანი შეიძლება საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს და ძალებიც უაზროდ დაიხარჯოს. ინტელექტუალური საზღვრები ირღვევა მაშინაც, როცა ბავშვს ეკრძალება საკუთარი აზრის გამოთქმა („ჯერ რძე არ შეგშრობია ტუჩებზე, იჯექი და ენას კბილი დააჭირე“); როცა ბავშვის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს დასცინიან და გაუმართლებლად აკრიტიკებენ („შენ რა გესმის!“); როცა ბავშვს აიძულებენ, წაიკითხოს წიგნები, რომლებიც მისთვის საინტერესო არ არის („მე უკეთ ვიცი, რა გჭირდება“);
  • ბავშვის პირადი საზღვრების დარღვევასთან გვაქვს საქმე მაშინაც, როცა მის თავისუფალ დროში ვერევით, ექსპლუატაციას ვუწევთ მის თავისუფალ დროს, ვაიძულებთ აკეთოს ის, რაც მისთვის არანაირი შედეგის მომტანი არ არის, მაგრამ ჩვენთვის საჭიროა. ამ შემთხვევაში ირღვევა დროის საზღვრები. თუ ბავშვის დროს სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდებით, ამით მოვამზადებთ მას, რომ ზრდასრულობის ასაკში უაზროდ არ გაფლანგოს თავისი დრო;
  • ბავშვის პირად საზღვრებს ვარღვევთ მაშინაც, როცა მას ვარცხვენთ, ვსაყვედურობთ, თუ ის თავის ნივთს, სათამაშოს არ უზიარებს, არ ათხოვებს სხვას – „როგორი ხარბი ხარ“, „მიეცი მას შენი მანქანა, შენ ხომ მაინც არ თამაშობ ამ მანქანით“. გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ფრაზები ბავშვის მატერიალური საზღვრების დარღვევაზე მიგვანიშნებს. მატერიალური საზღვრები – ეს პირადი საკუთრების დაცვაა. თუ ჩვენ, უფროსები პატივს ვცემთ ბავშვის ამ საზღვრებს, არ უნდა შევარცხვინოთ, არ გავკიცხოთ, არ ვეჩხუბოთ და არ მივიღოთ უკმაყოფილო სახე, როცა ბავშვი თავის სათამაშოს არ აძლევს სხვას. ბავშვის პირადი ნივთები, სათამაშოები მისი პირადი საკუთრებაა. მას აქვს უფლება უარი თქვას საკუთარი სათამაშოს სხვისთვის გაზიარებაზე, ასევე უფლება აქვს, აჩუქოს ის ვისაც უნდა და როცა მოესურვება. ბავშვის მატერიალური საზღვრების მიღება, აღიარება და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავადაც ვერ იგრძნობს ამ საზღვრებს სხვა ადამიანების მიმართ და არც შეეცდება მათ დაცვას. აქედან მომდინარეობს ქურდობა, ძალით წართმევა და იმათზე განაწყენება, ვინც რაღაც არ მისცა.

ბავშვის პირადი საზღვრების მუდმივად დარღვევის შედეგები:

  • დაქვეითებული თვითშეფასება. ბავშვს უყალიბდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა. ბუნდოვანი პირადი საზღვრები იწვევს თვითღირებულების დაკარგვას. ბავშვი ვერ გრძნობს თავს კარგ ადამიანად და მუდმივად ცდილობს ეს ყველას დაუმტკიცოს;
  • ირაციონალური განწყობები. თუ ადამიანს მთელი ბავშვობა უმტკიცებდნენ, რომ სადილზე შეთავაზებული კერძი ბოლომდე უნდა შეეჭამა და თეფში ცარიელი დაეტოვებინა, ის ეჩვევა საჭმლის ბოლომდე ჭამას და რადაც არ უნდა დაუჯდეს, თეფშზე არაფერს ტოვებს. ეს განწყობა-დამოკიდებულება გადადის ქვეცნობიერ დონეზე და მოგვიანებით, უკვე ზრდასრულობის ასაკში მას გაუჭირდება ამ არაჯანსაღი ჩვევის დაძლევა. აქედან მომდინარეობს ჭარბწონიანობა და ასევე დანაშაულის გრძნობა, თუ საჭმელს ბოლომდე არ შეჭამს;
  • ქურდობა, სისასტიკე. ბავშვი მსჯელობს დაახლოებით ასე: „თუ მე უნდა მივცე ჩემი საკუთარი ნივთი, სათამაშო სხვას, ე.ი. სხვებმაც უნდა მომცენ თავიანთი ნივთები და თუ არ სურთ ამის გაკეთება, შეიძლება წავართვა, ან შეუმჩნევლად ავიღო“. ბავშვს უყალიბდება დამახინჯებული წარმოდგენა სამართლიანობაზე;
  • ფსიქოსომატური დაავადებები. როდესაც ექიმები ამბობენ, რომ ადამიანი „ჯანმრთელია“, მაგრამ მას მაინც აქვს ტკივილები. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ემოციების მუდმივი შეკავება, ჩახშობა იმიტომ, რომ დედამ თქვა: „ბრაზდებიან მხოლოდ ცუდი ბავშვები“, „ბიჭები არ ტირიან“ და ა.შ.;
  • სხვისი პირადი საზღვრების უპატივცემულობა და დარღვევა. გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა, როგორც წესი, ვერც სხვის საზღვრებს ხედავს და მუდმივად არღვევს მათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირადი საზღვრების დადგენა და დაცვა ბავშვის აღზრდის მნიშვნელოვან ამოცანად უნდა დავისახოთ. დავეხმაროთ მოზარდს და განუვითაროთ მას პირადი საზღვრების დადგენისა და დაცვის უნარ-ჩვევები, რათა მან თავი კომფორტულად, უსაფრთხოდ და თავდაჯერებულად იგრძნოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. ეს კი, თავის მხრივ, ემოციური კეთილდღეობის მიღწევასა და გარშემომყოფებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება მას, შეძლებს როგორც საკუთარი პირადი საზღვრების დაცვას, ასევე სხვების პირადი საზღვრების პატივისცემას.

 

 

ქალაქები – კლიმატური ლტოლვილების თავშესაფარი

0

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში, ხოლო მეოთხედი ყველაზე დასახლებულ 2500 ქალაქში ცხოვრობს. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი უახლოეს ათწლეულებში მკვეთრად გაიზრდება და 2050 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 70% მეტროპოლიებში იცხოვრებს. ამავდროულად, დედამიწის კლიმატი ატმოსფეროში სათბური აირების მუდმივად მზარდი კონცენტრაციის შედეგად ცვლილებას გააგრძელებს, რაც დრამატულ შედეგებს გამოიწვევს პლანეტის თითქმის ყველა კუთხეში.

ქალაქის მზარდი მოსახლეობა გლობალური დათბობის გავლენას უფრო მეტად იგრძნობს. ისინი განსაკუთრებით დაუცველები არიან კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ, რადგან ქალაქებში მცირე სივრცეებში კონცენტრირდება მოსახლეობა, რაც ზრდის ინფრასტრუქტურასა და რესურსების მოხმარებას. თითქმის ყველგან იქნება სეზონების ცვლა, ექსტრემალური სველი და მშრალი პერიოდები: უფრო ინტენსიურმა გვალვებმა შეიძლება დააშროს წყლის სისტემები, გაზრდილმა ინტენსიურმა ნალექმა კი ქალაქები დატბოროს.

ზოგიერთი ურბანული რაიონი უფრო მძაფრ ცვლილებებს იგრძნობს. თუმცა საგანგაშო პროგნოზები არ არის ჩამოყალიბებული, რადგან დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა ჯერ კიდევ შეიძლება გავლენა მოახდინოს მომავალზე.

ქალაქები უფრო მეტად ზარალდება, ვიდრე სოფლები. ბეტონი, ფოლადი, ხე და სხვა ინფრასტრუქტურული მასალები იკავებენ უფრო მეტ სითბოს, ვიდრე ბუნებრივი ლანდშაფტები: წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ურბანული სითბოს კუნძულის ეფექტი, რაც რეგიონებს საცხოვრებლად გამოუყენებელს გახდის. თუმცა ზოგიერთი ქალაქი, რომლებიც აქტიურად ემზადებიან არასტაბილური მომავლისთვის, ამ ექსტრემალური ცვლილებებისგან თავშესაფრად შეიძლება გადაიქცეს

ახლო აღმოსავლეთი, პაკისტანის დიდი ნაწილი და მსოფლიოს სხვა რეგიონები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა და  ტენიანობა ახასიათებთ, შესაძლოა განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები უფრო დაუცველნი არიან ცხელ, ნოტიო კლიმატის პირობებში, რადგან ჩვენი თერმორეგულაციის უნარი – გაგრილება – ბევრად დაბალ ტემპერატურას საჭიროებს, ვიდრე ადრე ეგონათ. თუ გლობალური ტემპერატურის მატება გაგრძელდება, პლანეტის ტროპიკული და სუბტროპიკული ზონები შეიძლება საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2050 წლისთვის კლიმატის ცვლილების გამო შესაძლოა 216 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდეს საკუთარ ქვეყანაში.

თუმცა გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საბედნიეროდ, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილს კლიმატის ცვლილება ნაკლებად დააზარალებს. მომავალში, ქალაქები, რომლებიც გადაურჩებიან კლიმატის ცვლილებას, შეიძლება იყოს სავსე მწვანე სივრცეებით, ჭკვიანი შენობებით და კომპაქტური უბნებით.

კონტინენტური ევროპის ცენტრში მდებარე ავსტრიის დედაქალაქი ვენა, ამაყობს მსოფლიოში ცნობილი საჯარო სივრცეებითა და პირდაპირ ავსტრიის ალპებიდან მიღებული წყალმომარაგებით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავ განიცდის კლიმატის ცვლილების ისეთ ზემოქმედებას, როგორიცაა არაპროგნოზირებადი ამინდი და ზაფხულის ძლიერი სიცხე, ის აქტიურად ეგუება ცვალებად კლიმატს.

ვენამ თავისი „კლიმატის დაცვის“ პირველი პროგრამა ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო. იგი  ამაყობს წყალდიდობის შედეგების შერბილების სისტემით, რომელიც იცავს მოსახლეობას ადიდებული მდინარე დუნაის წყლისგან. 2020 წელს შექმნა „კლიმატის დაცვის“ თავისი პირველი არეალები, სადაც ახალი შენობების აშენება მხოლოდ კლიმატისთვის შესაფერისი გათბობისა და წყლის სისტემების გამოყენებითაა დაშვებული. დღეს ქალაქის ნახევარზე მეტი შედგება მწვანე ფართებისგან.

ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის გარეთ გაზონი არის ერთ-ერთი მწვანე სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის

მუნიციპალიტეტმა მიიღო ახალი ჭკვიანი ქალაქის სტრატეგია, რომელიც 2050 წლისთვის მიზნად ისახავს სათბური აირების ემისიების 85 %- ით შემცირებას ერთ სულ მოსახლეზე.

ქალაქის საბინაო ინფრასტრუქტურაც ვენაში კარგ მდგომარეობაშია იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ მიგრანტთა ნაკადს გაუმკლავდეს. ბოლო წლებში ვენამ აამოქმედა მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, მაგრამ ქვეყანა კვლავ განიცდის უსაბუთო მიგრანტთა შემოსვლას. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე ჯაჭვური მიგრაცია, რომლის დროსაც ნათესავები უკვე დასახლებულ ოჯახის წევრებს უერთდებიან. 2000-იანი წლების დასაწყისში ვენამ გააორმაგა ხელმისაწვდომი საბინაო ერთეულების რაოდენობა.

შემდეგ ნაბიჯად ქალაქი მიზნად ისახავს კლიმატის დაცვის ტერიტორიების გაფართოებას და არსებული შენობების დეკარბონიზაციას. ეს ბევრად უფრო დელიკატური და რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ვენის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ მიაღწიონ თავიანთ ამბიციურ მიზნებს.

კლიმატური ლტოლვილებისთვის თავესაფრად შეიძლება იქცეს გრენლანდიის დედაქალაქი (დანიის ავტონომიური ფორპოსტი) ნუუკი, რომელიც უახლოეს ათწლეულებში სწრაფად იზრდება. იგი მდებარეობს არქტიკული წრის ქვემოთ, სადაც აშკარაა კლიმატის ცვლილების შედეგები.

გრენლანდიის ყინულის დნობა საცხოვრებელ ტერიტორიებს, აგრეთვე მეურნეობისთვისა და მინერალების მოპოვებისთვის არეალებს  გააფართოებს.

გრენლანდიის დედაქალაქი ნუუკი

ყინულის უკანდახევის შედედგად გათავისუფლებული მიწა ახალ ფერმერულ შესაძლებლობებს იძლევა. ნუუკის ფერმერები ახალ მოსავალს იღებენ, მათ შორის კარტოფილი, ბოლოკი და ბროკოლი. ყინულის უკან დახევა სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ნავთობის მოპოვების შესაძლებლობას ქმნის.  ნუუკი რეალური ეკონომიკური მოგების ზღვარზე დგას. ქვეყანას უკვე აქვს ხუთი ჰიდროელექტროსადგური, რათა ყინულის დნობით მიღებული უხვი წყალი ენერგიად გადააქციოს. მეთევზეობაც მატულობს: ნაკლები ყინული ნიშნავს, რომ გემებს შეუძლიათ თევზაობა სანაპიროსთან მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ოკეანის თბილმა ტემპერატურამ თევზის ახალი სახეობები უფრო ჩრდილოეთით მიიყვანა გრენლანდიის წყლებში.

პროგნოზების თანახმად, გრენლანდიას 2100 წლისთვის ტყეებიც კი ექნება. ის შესაძლოა საცხოვრებლად საუკეთესო ადგილებს შორის აღმოჩნდეს.

ანალოგიურად, კანადა, ციმბირი და რუსეთის სხვა ნაწილები, ისლანდია, სკანდინავიური ქვეყნები და შოტლანდია მიიღებენ სარგებელს გლობალური დათბობით.

საპორტო ქალაქები, როგორიც არის ჩერჩილი მანიტობაში (კანადა), ქვეყანას მოგებას მოუტანენ. ამ უნაყოფო ფორპოსტს, რომელიც მოქცეულია ბორეალურ ტყეს, არქტიკულ ტუნდრასა და ჰუდსონის ყურეს შორის, ჰყავს მხოლოდ 1100 მოსახლე. ჩერჩილის მიწა იმდენად არასასურველად მიიჩნიეს, რომ 1990 წელს ამერიკულმა სატვირთო კომპანია OmniTrax-მა კანადის მთავრობისგან ქალაქის პორტი 7 დოლარად იყიდა. თუმცა, აქტიური მიგრაციის პროგრამით იგი იზიდავს ხალხს და ბიზნესს მთელი მსოფლიოდან. ახლად განვითარებულ ქალაქს შეუძლია ჩაერთოს საერთაშორისო ვაჭრობაში ჰუდსონის ყურის გამოცოცხლებული პორტით,რომელიც ერთადერთი კომერციული ღრმაწყლოვანი პორტია ჩრდილოეთ კანადაში. ეს შეიძლება გახდეს საკვანძო გაჩერებისა და განტვირთვის პუნქტი ჩრდილო – დასავლეთის გადასასვლელზე სატვირთო გემებისთვის, რომლებიც შანხაიდან მოდიან. ჩერჩილი დაკავშირებულია ვინიპეგთან და დანარჩენ კანადასთან და აშშ-სთან მისი აღდგენილი სარკინიგზო ხაზით. ის სულ რაღაც 100 კილომეტრზეა დაშორებული ნუნავეტისგან, კანადის უახლესი ძირძველი პროვინციისგან.

ქალაქი ჩერჩილი შეიძლება გახდეს კლიმატვცლილებისგან თავშესაფარი. კანადა იქნება მიგრანტების მთავარი მიმართულება, რაზეც მთავრობა ფსონს დებს და მიზნად ისახავს 2100 წლისთვის მოსახლეობის გასამმაგებას იმიგრაციით. მარშალ ბერკმა, სტენფორდის უნივერსიტეტის სურსათის უსაფრთხოებისა და გარემოს ცენტრის დირექტორის მოადგილემ, გამოთვალა, რომ გლობალურმა გათბობამ შეიძლება გაზარდოს საშუალო შემოსავალი კანადაში 250 %- ით სეზონების, ინფრასტრუქტურის შემცირებული ხარჯების და საზღვაო გადაზიდვების გაზრდის გამო. სტაბილური, არაკორუმპირებული დემოკრატიით, მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის მეხუთედითა და 4,2 მილიონი კმ² ახლად სახნავი სასოფლო-სამეურნეო მიწებით, კანადა შეიძლება გახდეს მსოფლიოს ახალი პურის ბეღელი ამ საუკუნის ბოლოს.

მოსახლეობის შესაძლო ზრდის მოლოდინში, ბევრმა ქალაქმა გადახედა მიგრანტთა პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყოს არსებული ქალაქის დერეფნების განვითარებას და დაიწყო მისი მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლება. ქალაქებში, როგორიცაა კლივლენდი, ოჰაიო, მიჩიგანი, დულუთი და მინესოტა იწყებენ იმის გარკვევას, თუ როგორ შეიძლება ათასობით ადამიანის განსახლება.

„კლიმატის თავშესაფრის“ საკითხმა – ადგილები, სადაც ექსტრემალური ამინდის მოვლენები იშვიათია და რომლებიც, როგორც წესი, განლაგებულია აშშ-ს ჩრდილოეთ რეგიონებში, მტკნარი წყლის ობიექტებთან ახლოს – ბოლო წლებში მოიპოვა მნიშვნელობა, რადგანაც მომაკვდინებელი ტყის ხანძრები, რეკორდული სიცხე და ზიანი, ქარიშხალი სულ უფრო მეტად მოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში.

გასულ წელს, 675,000 ადამიანი აშშ-ში იძულებით გადაადგილდა სახლებიდან კატასტროფების გამო.

ამ ქალაქებიდან ბევრი ოდესღაც ეკონომიკურად დამოკიდებული იყო წარმოებაზე და პოტენციურად კარგად იყო განლაგებული კლიმატის მიგრანტების ნაკადის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: როდესაც ქარხნები დაიხურა 1970-იან წლებში და მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად სხვაგან გადავიდა, მათ დატოვეს სახლები და.სივრცეები დღეს შესაძლებელია ხელახლა გადანაწილდეს.

კლივლენდში, ერის ტბის სამხრეთ სანაპიროზე, დაახლოებით 30000 თავისუფალი საცხოვრებელია. დეტროიტმა, რომელმაც დაკარგა მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი 1950-იანი წლების ინდუსტრიული აყვავების შემდეგ, აქვს 78კმ² -ზე მეტი ცარიელი მიწა ქალაქის საზღვრებში. დულუთს (მინესოტა, აშშ) უკვე აქვს ინფრასტრუქტურა ათიათასობით მეტი მოსახლის მოსათავსებლად.

ათწლეულების განმავლობაში პერტი, სიდნეი და მელბურნი ითვლებოდა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ საცხოვრებელ ადგილად. მაგრამ ბოლო წლებში ათასობით „მატერიკელი“ გადავიდა ჰობარტში, ტასმანიის დედაქალაქში.

ქალაქი ჰობარტი, როგორც  კლიმატის თავშესაფარი, უკვე ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქალაქის მოსახლეობის ზრდაზე. იქ ურბანული დამგეგმავები ემზადებიან ათასობით ახალი მოსახლის მისაღებად მომდევნო წლებში, რისთვისაც საჭიროა 30 000 მეტი სახლი. ექსპერტები თვლიან, რომ გამოუყენებელი ურბანული სივრცის მიზანმიმართული დაგეგმვა ქალაქის კომპაქტურობის შესანარჩუნებლად ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

„დიდი ჰობარტის სტრატეგია“ ცდილობს დააკმაყოფილოს მოსახლეობის ზრდის 70% არსებული ურბანული ნაკვალევის ფარგლებში. თუმცა მოსალოდნელია, რომ ტასმანიის საშუალო ტემპერატურა 2100 წლისთვის გაიზრდება. ზამთრის სპორტის ინდუსტრია უკვე დაზარალდა, ხოლო ტყის ხანძრები და გვალვა იზრდება. ჰობარტი ერთ-ერთი ყველაზე ხანძრისკენ მიდრეკილი ქალაქია ავსტრალიაში.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტბების ბევრი ქალაქი გამოირჩევა ზომიერი კლიმატით და დიდი სივრცით, ზოგი თვლის, რომ ეს სულაც არ იქცევა კლიმატის თავშესაფრის სტატუსისთვის საკმარისად მოკლევადიან პერიოდში. საჭიროა არსებული საბინაო მარაგის განახლება ზამთარში სიცივისა და ზაფხულში სიცხისგან დასაცავად.

„ურბანული ბირთვის აღორძინების გზების შესახებ ფიქრი ცენტრალური იქნება კლიმატისადმი უფრო მდგრადი რეგიონისთვის“, ამბობს ნიკოლას რაიკოვიჩი ბუფალოს არქიტექტურისა და დაგეგმვის სკოლის უნივერსიტეტიდან.

რაც უფრო მეტი კლიმატური მიგრანტი გადადის, ტრანსპორტი გაუარესდა და საცხოვრებლის ხარჯები გაიზარდა. ის, რომ ქალაქის ბევრი შენობა არასათანადოდ არის მომზადებული ტემპერატურის მატებისას, შემაშფოთებელია.

„ჩვენი საცხოვრებელი ოთახი ღუმელად იქცევა. კიდევ უფრო გაუარესდება, თუ სერიოზულ ცვლილებებს არ გავაკეთებთ”.

არცერთი თავშესაფარი არ არის იდეალური.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://time.com/6209432/climate-change-where-we-will-live/

https://www.nationalgeographic.com/premium/article/climate-change-haven-cities

https://www.nationalgeographic.com/environment/article/climate-change-already-worse-than-expected-un-report

 

 

 

საიდუმლოს გასაღები: როგორ გავერკვეთ ჩინურ იეროგლიფებში?  

0

 „ვერასოდეს გაიგებ ენას და მის შინაარს, თუ არ იცი სულ მცირე ორი მაინც“

ძველი ჩინური ანდაზა

XXI საუკუნეში ბევრს საუბრობენ ჩინეთსა და ჩინელებზე. დღე არ გავა, გაზეთებმა და ინტერნეტ-გამოცემებმა ერთი ახალი ამბავი მაინც არ გვამცნონ ჩინეთიდან. დღეს, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინეთი) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მისი წონა და გავლენა დღითიდღე იზრდება. ჩინეთის ძლიერებასა და მნიშვნელობაზე შემდეგი ფაქტებიც თვალნათლივ მიგვითითებენ:

-ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს აჭარბებს (1-ლი ადგილი მსოფლიოში, ინდოეთთან ერთად);

-ჩინეთი, თავისი ტერიტორიით (9.6 მილ. კვ. კმ) მსოფლიოს მესამე უდიდესი ქვეყანაა, რუსეთის ფედერაციისა და კანადის შემდეგ.

– ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სიდიდით მსოფლიოს მე-2 ეკონომიკაა (აშშ-ს შემდეგ) და ზოგიერთი გათვლებით, უკვე გადაუსწრო ამერიკის ეკონომიკურ მაჩვენებლებს;

-ჩინეთი, დღეს, უზარმაზარი მასშტაბის “მსოფლიო ქარხანას” წარმოადგენს, სადაც იწარმოება მსოფლიოს მძიმე და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის უდიდესი ნაწილი, შავი მეტალურგიიდან გემთმშენებლობამდე და  ზუსტი ელექტრონიკიდან – ტანსაცმლამდე;

-ჩინეთი დღეს მსოფლიო ლიდერია ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და გამოყენებაში  (Huawei, 5G ტექნოლოგიები), ელექტრონულ ვაჭრობაში(e-commerce: Alibaba, JD.com), და ხელოვნური ინტელექტის (AI) კვლევის საქმიანობაში;

-ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარი უდიდესია მსოფლიოში (1.4 მილიარდი მომხმარებელი), რაც ერთიორად ზრდის მის მნიშვნელობასა და გავლენას გლობალურ მწარმოებლებზე და ვაჭრობაზე;

-ჩინეთი, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი და ყველაზე გავლენიანი მონაწილეა მსოფლიო სავაჭრო ინიციატივებსა და სავაჭრო მარშრუტების ინფრასტრუქტურულ პროექტებში გლობალური მასშტაბით („ერთი სარტყელი, ერთი გზის“ – ახალი „აბრეშუმის გზის“ ინიციატივა);

-ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებზე;

-ჩინეთს გლობალური მასშტაბის გავლენა აქვს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ინიციატივებზე;

-ჩინეთის არმია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ტექნოლოგიურად განვითარებულია მსოფლიოში;

-ჩინეთის სამეცნიერო სექტორის საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებულია დღევანდელ მსოფლიოში (პირველი ადგილი სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობით – 650,000 გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია, 2022 წ. და მეორე ადგილი – სამეცნიერო ციტირების რაოდენობების მიხედვით – 3.6 მილ. ციტირება, აშშ-ს 4.8 მილ. ციტირების შემდეგ), ბიოტექნოლოგიების, კოსმოსური კვლევებისა და კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგიების კვლევის მიმართულებების ჩათვლით.

ამ შთამბეჭდავი მიღწევებისა და პროგრესის ფონზე, გამოუცნობ კითხვად რჩება ჩინელების დამწერლობა – „ჰან-ძე“ (汉字), რომელიც დიდად განსხვავებულია დანარჩენებისგან (ანბანური და სილაბურ-მარცვლოვანი დამწერლობებისაგან) და მსოფლიოსთვის საიდუმლოებით მოცულ, „იეროგლიფებით დასახლებულ“, ჩვენგან დაფარულ სამყაროს წარმოადგენს.

მაინც როგორ მივუდგეთ ჩინურ „ჰან-ძეს“ (დამწერლობას)? როგორ დავიწყოთ ათასობით ჩინური იეროგლიფის აღქმა და მათი მნიშვნელობის გაგება? რამდენად შესაძლებელია ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის, რომლებსაც მსოფლიოში ალბათ ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი ანბანური სისტემა გვაქვს?

შენიშვნა: ქართულ ანბანი უნიკალურია იმით რომ ჩვენს ენაში და დამწერლობაში, ბგერისა და ამ ბგერების გამომხატავი ნიშნების დამთხვევა ას პროცენტს წარმოადგეს! ქართულად როგორ იწერება, ისე ითქმება და პირიქით! ასეთი შესაბამისობა – როდესაც ნათქვამი ზუსტად ემთხვევა ნაწერს – სხვა ენებში იშვიათია ან საერთოდ არ გვხვდება. სწორად ამ მიზეზით,  საინტერესოდ მეჩვენება თქვენთან ერთად, ჩინური ენის (‘’ჟონგ-ვენ”) და ჩინური დამწერლობის (“ჰან-ძე’’) ჩვენთვის უცნობი თავისებურებების გაგება და ამ უცნაური ენის შინაარსსა და წესებში დაფარული საიდუმლოების ფარდის ახდის მოკრძალებული მცდელობა.

ჩვენ, ქართველებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ანბანისა და დამწერლობის და უნიკალური ქართული ლიტერატურული ტრადიციის  მქონე ერს, თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ სხვა ხალხებისა და კულტურების სამწერლო წესები და ტრადიციები ჩვენსას და ამ კუთხით შევხედოთ ჩინური დამწერლობის ფორმასა და შინაარს.

ერთხელ, ჩემი ახალგაზრდობისას, აღმოსავლეთ გერმანიაში მოგზაურობისას, გერმანელებს ვკითხე: “გერმანულად, თქვენი ქვეყნის სახელია “დოიჩლანდ” – Deutschland, რატომ არის რომ ბგერა „ჩ“-ს გამოსახატად, ოთხი ასო, -tsch- გჭირდებათ? ეს ხომ თქვენი ენდონიმია, ანუ საკუთარი სახელი, რომელსაც თქვენს ენაზე ეძახით თქვენსავე ქვეყანას?”

ჩემი გერმანელი მეგობრის, სტუდენტი-ფილოლოგის პასუხი დაახლოებით ასე ჟღერდა: “კარგი კითხვაა ლევან. ეს თქვენ, ქართველებს გაქვთ ფუფუნება თქვენი ქვეყნის ქართული სახელი, “საქართველო” საკუთარვე ანბანზე დაწეროთ, ჩვენ გერმანელები, მშობლიური გერმანულისთვის, რომაელების/ლათინების ანბანს ვიყენებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლათინური ენა, რომელიც გერმანულივით, ინდოევროპული ენების ოჯახის ენაა, თუმცა “რომანული” ენების ჯგუფს მიეკუთვნება განსხვავდება მათგან.

რაც შეეხება გერმანულს, იგი ინდოევროპული ენების ოჯახის “გერმანიკულ” ჯგუფს მიეკუთვნება და ენათესავება ჰოლანდიურ, ფრიზულ, ინგლისურ, შვედურ, ნორვეგიულ, დანიურ, ფარერებისა და ისლანდიურ ენებს (ლ.ა.).

ლათინური ანბანი, რომელიც რომაელებმა თავიანთი ენისთვის შექმნეს და რომის კოლონიებში გაავრცელეს (მათ შორის დღევანდელ გერმანიაშიც), ლათინურ ენაში არსებული ბგერებს შეესაბამება და ხშირად არ ემთხვევა გერმანულ ენაში არსებულ ბგერებს – ამიტომაც, ჩვენ, თანამედროვე გერმანულში, გვიწევს ასოების გარკვეული კომბინაციების შექმნა, გერმანული ენის ბგერების ლათინური ანბანით გამოსახატავად”, მიპასუხა გერმანელმა სტუდენტმა.

ჩინურის ენის (ანუ დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ენის, “პუტონგ-ჰუას” ) სილამაზე და სირთულე (და უცნაურობა) და მისი კალიგრაფიის ელეგანტურობა, საუკუნეებს მანძილზე აჯადოებდა უცხოელ მკვლევრებს და მოგზაურებს.

ერთი შეხედვით, ჩინური იეროგლიფების გაგება რთულ ამოცანად გამოიყურება, განსაკუთრებით დამწყებებისთვის, თუმცა ნოდარ დუმბაძის გმირის, ოლღა ბებიას სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, „ჩინურის სწავლას რა უნდა, ბიჭო, მთელი ჩინეთი ჩინურად ლაპარაკობს…“ სწორი მიდგომით და მეთოდებით, ჩინურის სწავლა შესაძლებელია საინტერესო თავგადასავლად და საინტერესო ამოცანად გადაიქცეს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩინური დამწერლობა იეროგლიფებისგან შედგება. ჯამში, სულ 80 ათასამდე სიმბოლო არსებობს(!), თუმცა აღსანიშნავია რომ მათში ბევრია ხმარებიდან გასული სიმბოლოები, სპეციფიკური ტერმინები თუ გეოგრაფიულ დასახელებები. წიგნის და გაზეთის წასაკითხად, საკმარია სამი ათასამდე იეროგლიფს დასწავლა (შესაბამის მნიშვნელობასთან ერთად), ხოლო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებმა ხუთი ათასამდე იეროგლიფის გამოყენება იციან.

შევეცადოთ ჩვენც „შევიხედოთ“ ჩინური ენის საიდუმლოებით მოცული იეროგლიფების სამყაროში.

როგორ არის მოწყობილი ჩინური იეროგლიფების სისტემა?

ალბათ ჯერ ის უნდა ვთქვათ თუ რა სტატუსი აქვს ჩინურ ენას და ჩინეთში არსებულ უამრავ მონათესავე თუ არამონათესავე ენებს დღეს და როგორ გამოიყენება ჩინური დამწერლობა, თანამედროვე ცხოვრებაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური სახელმწიფო ენა გახლავთ ე.წ. „სტანდარტული ჩინური“, იგივე , „პუტონგ-ჰუა“ – „საერთო ენა“, იგივე „მანდარინი“ (ევროპული სახელია ჩინური ენისთვის), რომელიც ყველგან გამოიყენება და რომელზეც მიმდინარეობს საქმის წარმოება და სწავლება.  თუ მოკლედ მიმოვიხილავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ენებს, 2010 წლის მონაცემებით, „სტანდარტული ჩინურის -პუტონგჰუას“ სხვადასხვა ვერსიას, მშობლიურ ენად აცხადებდა 955 მილიონი ჩინელი, (მთელი მოსახლეობის დაახლ. 71%) და დამწერლობისთვის გამოიყენებს ჩინურის ე.წ. გამარტივებულ ვერსიას, რომელიც განსხვავდება ტრადიციული ჩინური დამწერლობისგან. ჩინეთის მრავალრიცხოვან ავტონომიურ რეგიონებში (ტიბეტი, შიდა მონღოლეთი, სინძიანი, გუანგსი, სხვა) „სტანდარტულ“ ენასთან ოფიციალური სტატუსი აქვთ ადგილობრივ ენებსაც.

კ. ტაივანზე, რომელიც ჩინეთის განუყოფელი ნაწილია, თუმცა XX ს. შუა წლებიდან დამოუკიდებლობისა და სეპარატიზმის პოლიტიკას ადგას, კონტინენტურ ჩინეთს სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაცილებული, მოსახლეობა ძირითადად ტაივანურ მანდარინზე საუბრობს, წერს და სწავლობს. „ტაივანის მანდარინი“ ძალიან ახლოს დგას პუგონგჰუასთან (სტანდარტულ ჩინურთან, ე.წ. მანდარინთან), თუმცა დამწერლობისთვის ჩინურ ტრადიციულ იეროგლიფებს იყენებს. გარდა ამისა, კ. ტაივანზე ასევე ძალიან პოპულარულია ჩინურის დიალექტი ჰოკკიენი, რომელიც გავრცელებულია ტაივანის მოსაზღვრე პროვინცია ფუ-ძიანში, აშშ-ს დიდ ქალაქებში მცხოვრებ ჩინელებში, სინგაპურის, მალაიზიისა და ჩინელების სხვა ემიგრანტულ თემებშიც პოპულარულია.

ჰონგ-კონგის (ჩინ. სიან-განი) და მაკაოს (ჩინ. აომინი) სპეციალური რაიონების მოსახლეობა ძირითადად საუბრობს (გარდა მანდარინისა) ე.წ. „კანტონურ დიალექტზე“ (ენის სახელი: იუე), ინგლისურად და პორტუგალიურად (მაკაოში) – აღსანიშნავია რომ ჰონგკონგშიც და მაკაოშიც, დამწერლობითი ენა, ტრადიციულ ჩინურ იეროგლიფებს ემყარება და განსხვავდება გამარტივებული იეროგლიფების სისტემისგან.

ყველაზე მთავარი, რაც აღსანიშნავია ჩინური ენის შესახებ საუბრისას, არის ის რომ ჩინურის სწავლა შეუძლებელია იეროგლიფების დასწავლის გარეშე. ჩინური და იაპონური, ის ორი ენა გახლავთ, რომლებიც დღემდე აქტიურად იყენებენ იეროგლიფებს. ყველა სხვა ენა (მათ შორის აზიის ენები), სხვადასხვა ტიპისა და ლოგიკის მქონე ანბანებს ეფუძნება, რომელთაც შეიძლება 22,26, 33 ან ასამდე სიმბოლო ჰქონდეთ. იეროგლიფები კი ათასებს ითვლიან და მათ დამახსოვრებას ჩინურ კულტურასთან, აზროვნების სტილთან, ცნებებისა და მოვლენების აღქმასთან გაცნობა ჭირდება. მოკლედ თუ ვიტყვით, ჩინური იეროგლიფები „ბევრად უფრო ორგანულად ერწყმიან და წარმოადგენენ ჩინურს, ვიდრე სხვა ანბანები“, როგორ ამას ერთ-ერთი სინოლოგი აღწერს.

იეროგლიფი არის კალიგრაფიაც და ფერწერაც, ერთდროულად. ტრადიციული ჩინური ნახატი, როგორც წესი, აერთიანებს საკუთრივ ნახატს და იეროგლიფებით დაწერილს ლექსს. ტრადიციული ჩინური (და იაპონური) ფერწერიდან და ნახატიდან იეროგლიფს ვერსად „წაიღებთ“ ან „ამოგლეჯთ“ – იგი კომპოზიციის ნაწილია. იგი ჩინური მხატვრობის თუ სხვა ვიზუალური ხელოვნებისა და კულტურის კომპონენტია. ეს ჩინურის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება იეროგლიფების სიმრავლეს და მათ კატეგორიზაციას – აღსანიშნავია მათი ორ მსხვილ, ზოგად ჯგუფად დაყოფა: ერთნი წარმოადგენენ იდეოგრაფიკულ სიმბოლოებს, ხოლო მეორენი – ფონეტიკურ-იდეოგრაფიკულს. საკუთრივ იეროგლიფი, რთული გრაფიკული სიმბოლოა-ნიშანია, რომელიც შეიძლება შედგებოდეს ორი, ან მეტი გრაფემისგან. „გრაფემა“ – უმარტივესი ნიშანი, რომელსაც გააჩნია ლექსიკური მნიშვნელობა. სწორედ ისინი შეადგენენ ჩინური ენის უძველეს ერთეულებს.

ალიო მირცხულავა

0

ავტობუსში, როცა რეპროდუქტორიდან ქალის ხმა ამცნობს მგზავრებს შემდეგი გაჩერების ტოპონიმურ სახელწოდებებს და გამიგონია – “შემდეგი გაჩერება ბესო ჟღენტის ქუჩა”, “შემდეგი გაჩერება ალიო მირცხულავას ქუჩა” და ა. შ. – გამკვირვებია, რადგან არც კი მეგონა, ამ ადამიანების სახელობის ქუჩები თუ იყო თბილისში. ზოგადად, ტოპონიმიკა საზოგადოების მენტალური მდგომარეობის ზუსტი პროექციაა. თითქოს არაფერი, დედაქალაქში (ან თუნდაც სხვა ნებისმიერ ადგილას) სოცრეალისტური ქართული ლიტერატურის დირიჟორის – ბესო ჟღენტის ქუჩა რომ არსებობს. ალიო მირცხულავა – კონიუნქტურულ-ფუნქციონერული მასშტაბებით – მთლად ბესოს, მგონი, ვერ გაუტოლდებოდა, მაგრამ “სოციალისტური სამოთხისადმი” თუ ბელადებისადმი მიძღვნილი ლექსების რაოდენობითა და გულწრფელობის ხარისხით ცოტა ვინმე თუ გაუტოლდებოდა მას. მოგეხსენებათ, ყველაზე გულანთებული და აგრესიული სოცრეალისტები ჩვენში სწორედ ის მწერლები და კრიტიკოსები იყვნენ, რომლებიც ოციან წლებში ავანგარდისტობდნენ. ბესოს და ალიოს შემთხვევაშიც ზუსტად ასეთ არქეტიპულ ამბავთან გვაქვს საქმე: “ნეპის” პერიოდში ორივე სხვადასხვა “იზმებით” აღტყინებული ჯეელი იყო – მოლაშქრენი სწორედ ისეთი ლიტერატურული კონიუნქტურის და მომაბეზრებელი მონოქრომულობის წინააღმდეგ, როგორსაც მერე თვითონ ქმნიდნენ და თეორიულ საფუძველს უქმნიდნენ მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.

 

ცხონებული ბებიაჩემი სიამაყით იხსენებდა ხოლმე: დაწყებითი კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩვენს სკოლაში (სოფ. ხიბულიდან იყო) მაშაშვილი მოვიდა და და მოსწავლეებმა მისივე ლექსები ვთქვითო. იმ ლექსსაც იტყოდა ხოლმე, რომელიც მაშინ თქვა (ორი ტაეპი დამამახსოვრდა. იქნებ, არასწორადაც მახსოვს): “ხარის ბეჭზე ლექსებს ვწერდი, / მასწავლიდა მელანია…”.

 

როცა ამ ამბავს იხსენებდა, ბებიაჩემი არასოდეს იტყოდა “ალიო მაშაშვილს” ან “ალიო მირცხულავას”, ამბობდა მხოლოდ “მაშაშვილს”. ეს ოცდაათიანების პირველი ნახევარია, მირცხულავას “ბუმერანგობა” (“ბუმერანგი” მისი ავანგარდისტობის დროინდელი ჰეტერონიმია) უკანაა და ის უკვე “მაშაშვილია”. მთლიანად არის ადაპტირებული რეჟიმთან, რომელიც უკვე გადასულია მარწუხების მოჭერაზე. მას სკოლებში იწვევენ (მგონი, სულაც, სასკოლო პროგრამაში იყო მაშინ მისი ხსენებული ლექსი). ოცდაათიან წლებში და მერე კი არა, მეც კი მაქვს სკოლაში ნასწავლი მირცხულავას ერთი ლექსი (უფრო სწორედ, მოზრდილი ლექსის – “სამშობლოს” – ფინალური ორი სტროფი, რომელიც ახლაც ზეპირად მახსოვს):

 

“ჩემი ქვეყანა, ეგრე ლამაზი,

შავი ზღვის პირად აღმართულია

თავზე გვირგვინად მუდამ მზე ადგას,

მისგან ღრუბლებიც დაფანტულია.

 

ხან გაშლილია უგზო-უკვალოდ,

ხან ვენახებით დახლართულია,

მთაც ლამაზია, ბარიც ლამაზი,

ცა – ფიროსმანის დახატულია.”

 

მირცხულავას (ისევე, როგორც შემდეგ გასოცრეალისტებულ სხვა პოეტებს და პროზაიკოსებს) იმის დარი, რაც ოციან წლებში შექმნა, მთელი ცხოვრების მანძილზე აღარაფერი შეუქმნია. მისი მაშინდელი პოეზია, სხვადასხვა “იზმად” დაყოფილი, ეროვნული ავანგარდის ყველა ნიშანთვისებას ავლენს: ფორმობრივი და რიტმული ძიებები, სიტყვათქმნადობაბა, ბგერწერულ-ფონეტიკური ეფექტების და უსემანტიკო ლექსიკური ერთეულების სიუხვე, გრაფიკული ლექსი… ეს ძალიან საინტერესო ეტაპია ქართული პოეზიისთვის, თუმცა არა – გადამწყვეტი, როგორც გალაკტიონი ვერსიფიკაციული რეფორმაციები, რადგან ეს უკანასკნელი – ქართული პოეტური გამოცდილების ღრმად შესწავლის შედეგად ეროვნული ლექსთწყობის ორგანული და შინაგანი განახლებაა, ხსენებული ავანგარდისტების მისწრაფებები კი – მეტწილად რეტინალური და ინტუიციური, ერთჯერადი მცდელობები.

 

ზოგადად მირცხულავას პოეზია გრანდიოზული ეგოს მქონე კაცის გამუდმებული ბორგვაა. ეს აპლომბი და აროგანტულობა მის ავანგარდისტულ პოეზიას უხდება კიდეც, მაგრამ ის მთელი ცხოვრება ასეთად დარჩა – არ დარჩენილა მისი თაობის არც ერთი დიდი პოეტი, რომელიც თავის ლექსებში ნალანძღი თუ – არა, დაკნინებული მაინც არ ჰყავს. გალაკტიონს ეპაექრებოდა, გრანელს აკნინებდა, ყანწელებს და გრიშაშვილს თითქმის არაფრად თვლიდა… ეს კიდევ არაფერი – თვით ბარათაშვილსაც ერჩოდა. ქართულ პოეზიაში ერთადერთ გენიად, რომელსაც თავს უტოლებდა, რუსთაველი მიაჩნდა:

 

“ცა მშობლიური ავსწიე ზურგით,

ქვეყნებს ვუსწორებ თვალს ამაყურად,

ტანთ „ვეფხისტყავის“ მაცვია ქურქი,

თავზე რუსთველის ქუდი მახურავს.“

 

ამ, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურობის მიუხედავად, ალიო მირცხულავას ადრინდელი პოეზია უდავოდ საინტერესოა, თუმცა მეეჭვება, მისი შემდგომი, კონტროვერსიული ბიოგრაფიის გათვალისწინებით, საკმარისი იყოს საიმისოდ, რომ დედაქალაქში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ერქვას.

 

 

 

 

სახალისო, სასწავლო მანიპულატივები

0

სასწავლო პროექტებით სხვადასხვა თემების სწავლება მრავალრიცხოვან პრობლემას ხსნის, რომელიც დაკავშირებულია მოსწავლეების ცოდნისა და უნარების განვითარებასთან. ეს  მიდგომა აძლიერებს მოსწავლეთა  ჩართულობას, აღრმავებს მათი ცოდნის დონეს  და საკითხის სიღრმისეულ გაგებას.

სწავლების დაწყებით საფეხურხზე ბუნებისმეტყველებაში პროექტული სწავლება გამოვიყენე ისეთ თემაზე, როგორიცაა  – ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლი.

მინდა გაგიზიაროთ რა ტიპის პრობლემების დაძლევაში დამეხმარა ეს მიდგომა

 

პრობლემა პრობლემის გადაწყვეტა
ცოდნის ფრაგმენტულობა რადიციული სწავლების მეთოდებით მოსწავლეები ხშირად სწავლობენ ინფორმაციის ნაწილებს დადისკრეტული ცოდნა აქვთ.

 

სასიცოცხლო ციკლის პროექტული სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ჰოლისტურად კარგად გაიაზრონ საკითხი. ამ მეთოდის მეშვეობით, მოსწავლეები ხედავენ, როგორ უკავშირდება ციკლის სხვადასხვა საფეხურები ერთმანეთს  და ქმნის ერთ  ერთ მთლიანობას.
მოსწავლეების მოტივაციის ნაკლებობა – ტრადიციული სწავლის მეთოდები ხშირად მოსაწყენია და არ ქმნის ინტერესსა და მოტივაციას მოსწავლეებში. სასიცოცხლო ციკლის პროექტული სწავლება იძლევა საინტერესო და ინტერაქტიული სწავლების გზას, რომელიც ზრდის მოსწავლეების ჩართულობასა და მოტივაციას. როდესაც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პროექტებში, ისინი მეტად არიან დაინტერესებული და მოტივირებულნი სწავლაში.
კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარების ნაკლებობატრადიციული სწავლის მეთოდები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ საკმარის შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, რომ განავითარონ კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარები. სასიცოცხლო ციკლის პროექტული სწავლება აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, რომ შეისწავლონ და გააანალიზონ სხვადასხვა პრობლემა იპოვონ გადაწყვეტის გზები და გააცნობიერონ შედეგები. ეს ეხმარება მათ კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.
ინტეგრირებული სწავლების ნაკლებობა ტრადიციული სწავლების მეთოდები ხშირად კონცენტრირდება ცალკეული საგნების სწავლაზე, რაც არ უწყობს ხელს ინტეგრირებულ სწავლას.

 

სასიცოცხლო ციკლის პროექტული სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გააერთიანონ სხვადასხვა საგნების ცოდნა და უნარები. პროექტები აერთიანებენ მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას, გეოგრაფიას, ტექნოლოგიას და სხვა დისციპლინებს, რაც ხელს უწყობს კომპლექსურ გაგებას და ცოდნის ინტეგრაციას.

 

სოციალური უნარების ნაკლებობა – ტრადიციული სწავლების მეთოდები ხშირად არ აძლევს მოსწავლეებს საკმარის შესაძლებლობას სოციალური უნარების განვითარებისათვის.

 

სასიცოცხლო ციკლის პროექტული სწავლება ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას. მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას, კომუნიკაციას, კონფლიქტების მოგვარებას და გუნდურ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანია მათი სოციალური და პიროვნული განვითარებისათვის.

სასიცოცხლო ციკლის პროექტული სწავლება ბევრ პრობლემას ხსნის, რომლებიც დაკავშირებულია მოსწავლეების ცოდნის, უნარებისა და მოტივაციის განვითარებასთან. ეს მეთოდი არა მხოლოდ აუმჯობესებს მოსწავლეების განათლების ხარისხს, არამედ ეხმარება მათ გახდეს უფრო აქტიური, დამოუკიდებელი და მოტივირებული შემსწავლელები.

სასწავლო პროექტისასიცოცხლო ციკლი მანიპულატივებად

 პროექტის მიზანი:

მოსწავლეს განუვითარდეს ჰოლისტური წარმოდგენა ცოცხალი ოგანიზმების სასიცოცხლო ციკლზე,  განავითარონ კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარები მანიპულატივების დამზადების პროცესში.

ამოცანები:

  1. გაიგონ და აღწერონ თითოეული ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი.
  2. შექმნან მანიპულატივები, რომლებიც ასახავს თითოეული ორგანიზმის ციკლის ეტაპებს.
  3. განუვითარდეს უნარები კვლევისა და თანამშრომლობის.

აქტივობები:

  1. შესავალი გაკვეთილი:
  • მოკლე ვიდეოების ჩვენება მცენარეების, პეპელას, ბაყაყისა და ქათმის სასიცოცხლო ციკლებზე.

     

 

https://youtu.be/FEgdsLBHWAU

  • წიგნში მოცემული ტექსტების ილუსტრაციების დათვალიერება და ფილმში მოცემულ ეპიზოდებთან კავშირი.
  • ფილმებში გამოყენებული ტერმინებისგან ლექსიკონის შექმნა
  • დისკუსია თითოეული ორგანიზმის ციკლის ძირითადი ეტაპების შესახებ.
  1. ჯგუფური მუშაობა:
  • მოსწავლეები დაყოფილ იქნებიან ოთხ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი გამოიკვლევს ერთ ორგანიზმს:
    • მცენარეები: ციკლი თესლიდან – თესლის წარმოქმნამდე.
    • პეპელა: კვერცხი, მატლი, ჭუპრი,ზრდასრული პეპელა.
    • ბაყაყი: ქვირითი, თავკომბალა,  ზრდასრული ბაყაყი.
    • ქათამი: კვერცხი, წიწილა, ზრდასრული ქათამი.
  1. მანიპულატივების დამზადება:
  • თითოეული ჯგუფი შექმნის მანიპულატივებს, რომლებიც ასახავს ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპს.
  • გამოყენებული იქნება სხვადასხვა მასალები, როგორიცაა ქაღალდი, პლასტელინი, ფერადი ფურცლები და სხვა.

  1. პრეზენტაციები:
  • თითოეული ჯგუფი მოამზადებს  პრეზენტაციას ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლისა და მანიპულატივების შესახებ.
  • პრეზენტაციები გააკეთებენ  კლასის წინაშე განიხილავენ.
  1. შედარება და განხილვა:
  • ვენის დიაგრამების გამოყენება საერთო და განსხვავებული ეტაპების გამოსავლენად.
  • კლასის დისკუსია მიღებული ინფორმაციის შესახებ.

სოლო შეფასების რუბრიკა:

დონე აღწერა ინდიკატორები
პრესტრუქტურული თემის ზედაპირული გაგება შეუძლებელია ჩამოაყალიბოს ციკლის ეტაპები და მათი მნიშვნელობა
უნისტრუქტურული ძირითადი ინფორმაციის გაგება იცის თითოეული ორგანიზმის ციკლის ძირითადი ეტაპები, მაგრამ ვერ განსაზღვრავს მათ ურთიერთმიმართებას
მულტისტრუქტურული დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა იცის თითოეული ორგანიზმის ციკლის ყველა ეტაპი და შეუძლია აღწერა
მიმართებითი ეტაპების ურთიერთკავშირების გაგება შეუძლია შეადაროს და განსაზღვროს საერთო და განსხვავებული ეტაპები
აბსტრაქტული თემის ღრმა და კომპლექსური გააზრება იყენებს მიღებულ ცოდნას ახალი სიტუაციების შესწავლაში, განიხილავს და აბსტრაგირებას უკეთებს სხვადასხვა ორგანიზმების ციკლებს კომპლექსურად

რეფლექსიისთვის –  მინი კითხვარი

  1. რა ისწავლეთ ამ პროექტში?
    • ჩამოთვალეთ თითოეული ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ძირითადი ეტაპები.
    • რა საერთო და განსხვავებული ეტაპები აღმოაჩინეთ?
  2. რა უნარები განავითარეთ?
    • როგორ იმუშავეთ ჯგუფში?
    • როგორ გამოიყენეთ კვლევის უნარები?
  3. როგორ დაგეხმარათ ეს პროექტი მომავალ სწავლებაში?
    • რომელ თემებზე გსურთ მეტი შეისწავლოთ?
    • როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას სხვა საგნებში?
  4. რა შეგრძნება გქონდათ მანიპულატივების დამზადებისას?
    • რა ისწავლეთ მათი დამზადების პროცესში?
    • როგორ შეძლებთ ამ უნარების გამოყენებას სხვა საქმიანობებში?

ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს არა მარტო თეორიულად გაიგონ სხვადასხვა ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლები, არამედ პრაქტიკულადაც განავითარონ სხვადასხვა უნარები, რომლებიც მათ დაეხმარება სწავლის პროცესში.

პროექტის რეფლექსია ხუთივე სოლო დონისთვის როგორ განვახორციელოთ განმავითარებელი შეფასება – კომენტარის სახით

პრესტრუქტურული დონე:

კითხვები:

  1. რა ეტაპებია პეპელას სასიცოცხლო ციკლში?
    • ჩამოთვალე ის ეტაპები, რომლებიც შენთვის გასაგებია.
    • რომელ ეტაპებს გიჭირს გაგება?
  2. როგორ დაამზადე მანიპულატივები?
    • რა მასალები გამოიყენე?
    • რა სირთულეები შეგხვდა მათი დამზადებისას?
  3. როგორ იმუშავე ჯგუფში?
    • რა როლი გქონდა ჯგუფში?
    • როგორ შეგვეხმიანეთ ერთმანეთთან?
  4. რა ისწავლე ამ პროექტში?
    • რა ახალი ინფორმაცია მიიღე?
    • როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას მომავალში?

განმავითარებელი კომენტარი:

  • კარგია, რომ ჩაერთე პროექტში, შენი ნამუშევარი ჯერ მხოლოდ საწყის დონეზეა. მნიშვნელოვანია, რომ უკეთ გაიგო სასიცოცხლო ციკლების ძირითადი ეტაპები.
  •  შეეცადე, მეტი დრო დაუთმო თითოეული ორგანიზმის ციკლის შესწავლას. უყურე ვიდეოებს და იკითხე დამატებითი მასალა.
  •  დაწერე თითოეული ეტაპის მოკლე აღწერა. სცადე, დააკავშირო თითოეული ეტაპი ერთმანეთთან.

უნისტრუქტურული დონე

კითხვები:

  1. რა ეტაპებია ბაყაყის სასიცოცხლო ციკლში?
    • ჩამოთვალე ძირითადი ეტაპები.
    • რომელ ეტაპებს გესმის უკეთესად და რომელთაც გჭირდება დამატებითი შესწავლა?
  2. რა მასალები და ტექნიკები გამოიყენე მანიპულატივების დამზადებისას?
    • რომელი მასალები იყო ყველაზე ეფექტური?
    • რა ახალი ტექნიკები ისწავლე და როგორ გამოიყენე ისინი?
  3. როგორ დაგეხმარა ჯგუფური მუშაობა ამ პროექტში?
    • როგორ იყავი ჩართული ჯგუფში?
    • რა როლი ითამაშე ჯგუფის მუშაობაში?
  4. რა გსურს გააუმჯობესო მომავალ პროექტებში?
    • რომელი ნაწილები იყო ყველაზე რთული და რატომ?
    • როგორ შეგიძლია გამოიყენო მიღებული ცოდნა და უნარები სხვა პროექტებში?

განმავითარებელი კომენტარი:

  • კომენტარი – ძალიან კარგი დასაწყისია! ახლა შენ იცი ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლების ძირითადი ეტაპები, მაგრამ უფრო ღრმა შესწავლა დაგჭირდება.
  • რჩევა – სცადე, თითოეული ეტაპის მნიშვნელობა გაიგო. დაწერე, რა ხდება თითოეულ ეტაპზე და როგორ ეხმარება ეს ორგანიზმს განვითარებაში.
  • დავალება –  შეადგინე ცხრილი, სადაც აღწერ თითოეული ორგანიზმის ციკლის ეტაპებს და მათ ფუნქციებს.

მულტისტრუქტურული დონე

კითხვები:

  1. რა ეტაპებია ქათმის სასიცოცხლო ციკლში?
    • ჩამოთვალე თითოეული ეტაპი.
    • როგორ აღწერ თითოეულ ეტაპს?
  2. როგორ დაეხმარა მანიპულატივების დამზადება ციკლების გაგებაში?
    • რა მასალები გამოიყენე და რატომ?
    • რა სირთულეები შეგხვდა და როგორ გადაჭერი ისინი?
  3. როგორ თანამშრომლობდა შენი ჯგუფი?
    • როგორ შეასრულეთ თქვენი დავალებები?
    • რა წვლილი შეიტანე ჯგუფის მუშაობაში?
  4. რა უნარები განავითარე ამ პროექტის დროს?
    • რა ახალი ტექნიკები ისწავლე?
    • როგორ გამოიყენებ ამ უნარებს მომავალში?

განმავითარებელი კომენტარი:

  • კომენტარი – ძალიან კარგი! შენი ცოდნა დეტალურია და შეგეძლება თითოეული ორგანიზმის ციკლის ეტაპების აღწერა. ახლა სცადე, ეტაპებს შორის არსებული ურთიერთობები გაიგო.
  • რჩევა –  შეეცადე, შეადარო სხვადასხვა ორგანიზმების ციკლების ეტაპები. იფიქრე, როგორია მათი საერთო და განსხვავებული ეტაპები.
  • დავალება – შეადგინე ვენის დიაგრამები თითოეული ორგანიზმისთვის, რომ განიცადო მათი საერთო და განსხვავებული მახასიათებლები.

მიმართებითი დონე

კითხვები:

  1. როგორ შეადარე  ლობიოს სასიცოცხლო ციკლი სხვა ორგანიზმების ციკლებთან?
    • რა საერთო და განსხვავებული ეტაპები აღმოაჩინე?
    • როგორ ახსნი ამ განსხვავებებს და მსგავსებებს?
  2. როგორ დაგეხმარა მანიპულატივების დამზადება ციკლების უკეთ გაგებაში?
    • რა გაიგე პროცესის განმავლობაში?
    • როგორ დაგეხმარა ვიზუალური მოდელები ინფორმაციის დამახსოვრებაში?
  3. როგორ გამოიყენა შენი ჯგუფი კვლევის უნარები?
    • როგორ მოიძიეთ ინფორმაცია?
    • როგორ გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია მანიპულატივების დამზადებაში?
  4. რა ახალი უნარები შეიძინე ამ პროექტის დროს?
    • რა უნარები განავითარე?
    • როგორ გამოიყენებ ამ უნარებს მომავალში?

განმავითარებელი კომენტარი:

  • კომენტარი – შესანიშნავი შედეგი! შენ შეძლე სხვადასხვა ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლების შედარება და მათი ურთიერთობების გაგება. ახლა შეგიძლია ეს ცოდნა გამოიყენო ახალი სიტუაციების შესწავლაში.
  • რჩევა – სცადე, შექმნა ახალი პროექტი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლებს. იფიქრე, როგორ შეიძლება ეს ციკლები გამოიყენოს სხვადასხვა სიტუაციებში.
  • დავალება – დაწერე ესე, სადაც ახსნი როგორ ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ორგანიზმების ციკლები ბუნებაში და როგორია მათი მნიშვნელობა ეკოსისტემისთვის.

აბსტრაქტული დონე

კითხვები:

  1. როგორ გამოიყენე მიღებული ცოდნა და უნარები ახალი სიტუაციების შესწავლაში?
    • როგორ შეაერთე სხვადასხვა ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლები?
    • რა ახალი იდეები დააკავშირე პროექტში?
  2. როგორ განავითარე კვლევის და ანალიზის უნარები?
    • როგორ იყენებდი სხვადასხვა წყაროებს ინფორმაციის მისაღებად?
    • როგორ გააანალიზე მიღებული ინფორმაცია?
  3. როგორ დაგეხმარა პროექტი სამომავლო სწავლების პროცესში?
    • რა ახალი თემები გსურს შეისწავლო?
    • როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას და უნარებს სხვა საგნებში?
  4. რა გავლენა იქონია პროექტმა შენს პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე?
    • რა ახალი უნარები შეიძინე?
    • როგორ განვითარდა შენი აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარები?

განმავითარებელი კომენტარი:

  • კომენტარი – შენმა ნამუშევარმა ძალიან მაღალი დონე მიაღწია! შენი ანალიზი ღრმა და კომპლექსურია. შენ იყენებ მიღებულ ცოდნას ახალი სიტუაციების შესწავლაში და ახსნაში.
  • რჩევა – სცადე, შექმნა ახალი მოდელები, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლებს. იფიქრე, როგორ შეიძლება ეს ცოდნა გამოიყენოს მეცნიერებაში ან განათლებაში.
  • დავალება – დაწერე ან შექმენი პროექტი, სადაც ახსნი, როგორ შეგიძლია გამოიყენო შენი ცოდნა პრაქტიკულ ცხოვრებაში. დაწერე კვლევის ნაშრომი ან მოამზადე პრეზენტაცია ამ თემაზე.

მოსწავლეებისთვის განმავითარებელი კომენტარები უზრუნველყოფს  მათ ცოდნის სიღრმისეულ და კომპლექსურ გაგებას, ასევე მოტივაციას მისცემს მათ შემდგომი განვითარებისკენ. თითოეული დონე მოითხოვს კონკრეტულ სტრატეგიებსა და დავალებებს, რომლებიც მოსწავლეებს  ღრმა ცოდნის მიღებაში დაეხმარება.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები შეძლებენ  საკითხისკომპლექსურ ანალიზს სასიცოცხლო ციკლების შესახებ, განავითარებენ კრეატიულობას და პრაქტიკულ უნარებს. რეფლექსიის პროცესი დაეხმარება მათ შეფასების უნარების განვითარებაში და გააუმჯობესებს მომავალი პროექტების შესრულებას.

 

 

წილადების შემოსვლა მათემატიკის გაკვეთილზე

0

წილადის ცნება ხშირად განიხილება როგორც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მათემატიკური კონცეფცია. ეს შესაძლოა იმის ბრალი იყოს, რომ მოსწავლეების ცოდნა ნატურალურ რიცხვთა შესახებ ართულებს იმის გაგებას, რატომ არის ნახევარი მესამედზე დიდი. შემოდის ცნებები: ეკვივალენტური წილადები, წესიერი და არაწესიერი წილადები, წილადის ძირითადი თვისება, წილადის გამოსახვა რიცხვით ღერძზე და სხვა. ამიტომ წილადების გასაცნობად დაწყებით კლასში მრავალფეროვანი მანიპულატივი, ვუზუალიზაცია და სტრატეგია უნდა იქნეს გამოყენებული, რათა წილადის კონცეფცია რაც შეიძლება გააზრებულად აღიქვან მოსწავლეებმა. არ არის საკმარისი „წილადის ლექსიკის“ შესწავლა და სწრაფი ხრიკები სტანდარტიზებული ტესტის კითხვებზე პასუხის გასაცემად, უმნიშვნელოვანესია წილადის მნიშვნელობის გააზრება, რადგან დიდია მისი როლი როგორც რიცხვებში (მათემატიკის მიმართულება), ისე ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაშიც.

გთავაზობთ მეხუთეკლასელთათვის დაგეგმილ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც წილადის ცნების გააზრებაში დაეხმარა მოსწავლეებს და იმავდროულად ხელი შეუწყო, დაენახათ კავშირი წილადის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებასთან.

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა: რაციონალური (წილადი) რიცხვები

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. წილადის ამოცნობა, ჩაწერა და წაკითხვა; წილადი რიცხვების წარმოდგენა ვიზუალური მოდელებით (მათ. მოდ., კანონზ.)
  2. მთელის ნაწილების გამოსახვა წილადის საშუალებით; (მათ. მოდ., კანონზ., ლოგ.)
  3. ეკვივალენტური წილადების დასახელება და წარმოდგენა ვიზუალური მოდელების მეშვეობით (მათ. მოდ., კანონზ. ლოგ);
  4. წილადების შედარება, მათ შორის – წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით; წილადების დალაგება ზრდადობით ან კლებადობით (ტოლმნიშნვნელიანი წილადების, ან ჯერადმნიშვნელიანი წილადების) (კანონზ., ლოგ.);
  5. რეალურ საყოფაცხოვრებო სიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის დროს მთელისა და ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება და შესაბამისი შეფარდების წარმოდგენა. (მათ. მოდ., ლოგ.)

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება

წილადი რიცხვების გამოყენების კარგი სტრატეგიაა წინარე ცოდნასთან დაკავშირება. მოსწავლეებს შევახსენე, რომ ისინი წილადებს იყენებენ მთელი დღის განმავლობაში, ზოგჯერ – გაუცნობიერებლად.

კლასს ვთავაზობ სადისკუსიო ამოცანას: „თუ დედა პიცას დააცხობს და გთხოვს, შეახვედრო ის ოჯახის ყველა წევრს (5 წევრი), დაფიქრდი:

– როგორ გაყოფ პიცას, რომ „გაყოფა სამართლიანი“ იყოს?

– რა ნაწილი შეხვდება თითოეულს? როგორ გამოსახავ მას ვიზუალურად?

– თუ შენმა დამ დაგითმო პიცის ნაჭერი, პიცის რა ნაწილი გერგება შენ? როგორ გამოსახავ მას ვიზუალურად?

– რას ნიშნავს წილადი?

ამ მარტივი მაგალითით მოსწავლეებმა გაიხსენეს წილადის ცნებასთან დაკავშირებული მთელის თანაბარ ნაწილებად დაყოფა, ტერმინები მრიცხველი, მნიშვნელი და მათი მნიშვნელობა, წილადის ჩაწერა, შეძლეს წილადების ვიზუალური გამოსახვა.

იქვე შეასრულეს როგორც საერთო საკლასო, ისე ინდივიდუალურ სავარჯიშოები:

აქტივობა 2: ვმუშაობთ „წილადის ფილებზე“.

სკოლაში გვაქვს წილადი ფილების რესურსი, კლასის ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი. მე მათ აქტიურად ვიყენებ გაკვეთილებზე.

მოსწავლეები მანიპულატივების – „წილადი ფილების“ დახმარებით იკვლევენ წილადის ეკვივალენტურ ფორმებს, გამოსახავენ წილადებს წრფეზე, ადარებენ წილადებს. ვიზუალური დასაბუთების შემდეგ აკეთებენ ჩანაწერებს.

მე ვაკვირდებოდი მოსწავლეების მუშაობის პროცესს, დროდადრო ვეკითხებოდი:

– როგორ შეძელით მოდელის (წილადი ზოლების) გამოყენებით წილადების შედარება?

– როგორ ადასტურებთ თქვენს პასუხს?

– ახსენით თქვენი პასუხი.

ასე ვეხმარებოდი მოსწავლეებს მსჯელობის განვითარებაში და ვაფასებდი მათ პროგრესს.

აქტივობის დასასრულს მოსწავლეებმა იციან წილადი ფილების გამოყენებით წილადების შედარება, იყენებენ ამ მანიპულატივს პასუხების შესამოწმებლად ან ადგენენ სქემებს წილადი რიცხვის ვიზუალური გამოსახვისთვის. მაგალითად, როცა ისინი ამბობენ რომ 1/3 2/6-ის ტოლია, ისინი წილადი ფილების განთავსებით აჩვენებენ მათ ეკვივალენტობას.

ინდივიდუალური სამუშაო ბარათები

აქტივობა 3. წილადები ყოფა-ცხოვრებაში

ხუთ ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეები რამდენიმე წუთს უთმობენ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიის დაგეგმვას და მისი გადაჭრის დაწყებას. მიმაჩნია, რომ თანამშრომლობითი სწავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებისთვის. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთისგან თავიანთი პასუხების დასაბუთებით და სხვების მსჯელობის კრიტიკით. წარმოგიდგენთ თითოეული ჯგუფის მუშაობისა და პროდუქტის ამსახველ ფოტოს

ადვილი შესამჩნევია, რომ ჯგუფებმა ვიზუალური მოდელების, სქემების, ნახატების, „წილადი ფილებისა“ და გამოთვლების საშუალებით შემოქმედებითად გადაჭრეს პრობლემა და შესანიშნავი პრეზენტაციები გამართეს, სადაც გამოჩნდა, რომ გააზრებული აქვთ წილადის ცნება, შეუძლიათ, იპოვონ რიცხვის წილადი მოდელის დახმარებით, ერთმანეთს ადარებენ წილადებს, ალაგებენ მათ ზრდის ან კლების მიხედვით.

ასე რომ, მკაფიო სასწავლო მიზნებით, სახალისო აქტივობებით, სასწავლო რჩევებით (განმავითარებელი შეფასება, ხარაჩოს მეთოდი, დიფერენცირება და სხვა) დაგეგმილი სასწავლო თემა, სადაც გათვალისწინებულია სწავლების სირთულის დონის შესაბამისობა დაწყებითი კლასის მოსწავლეების შემეცნებით შესაძლებლობებთან (წილადის ცნება, თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი ენის გამოყენებას – ტერმინები, სიმბოლოები, სქემები, კანონზომიერება), სწავლებას სასიამოვნო პროცესად აქცევს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი, მე-5 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/mekhute-klasi/

4. https://www.talesfromoutsidetheclassroom.com/intro-to-fractions/

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...