შემოდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა მასწავლებლებისთვის – ახალი სასწავლო წელი იწყება, ბავშვები საინტერესო სიახლეებს ელიან ჩვენგან, ახალ მოსწავლეებს ადაპტირების პერიოდი აქვთ გასავლელი და მათთან განსხვავებული მიდგომით უნდა იმუშაო. ყველა პედაგოგი ცდილობს, მოზარდებს რაც შეიძლება მეტი სიახლე შესთავაზოს, სკოლის ცხოვრება მათთვის უფრო საინტერესო და ნაყოფიერი რომ გახდეს.
წელს ჩვენმა სკოლამ ბიბლიოთეკისთვის ბევრი ახალი წიგნი შეიძინა და მკითხველთა კლუბის დღეების ორგანიზება მომანდო. დამეთანხმებით, რაც არ უნდა თავგამოდებით ამტკიცო, რომ კითხვა კარგია, ტექნოლოგიების თაობას მხოლოდ ლოზუნგებით ვერ მიიზიდავ, ეს შეხვედრები გაკვეთილებს არ უნდა ჰგავდეს. აქ სხვა რამაა საჭირო, საერთო მიზანი – კომპასი, რომელიც ქაღალდის გემის ეკიპაჟს ღირსეულ მეგზურობას გაუწევს სიტყვების ქვეყანაში.
ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში გახშირდა ე.წ. გამოწვევები. ჯერ იყო და, წიგნები გამოვიდნენ სახეტიალოდ (სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ შევხვედრივარ), ახლა კი, საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან წააწყდებით წიგნების ათეულს, რომელმაც ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მეც დავინტერესდი ამ წამოწყებით და ჩემი თავი გამოვიწვიე – ათეულის შედგენა ვცადე.
საყვარელი წიგნი ბევრია, ლინდგრენის საგანძურით დაწყებული, „ხისსუნიანი” ფოლკნერით დამთავრებული. მაგრამ სტატუსს „წიგნი, რომელმაც შემცვალა” მხოლოდ ერთი გადაუღებელი ამბავი იმსახურებს. მეც მხოლოდ ამ წიგნზე მოგიყვებით.
***
„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა”.
ჩემი წილი ყინული წლების წინ, თავსხმა წვიმების სეზონზე აღმოვაჩინე. მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს შემოდგომის არდადეგები გვქონდა და წვიმიან დღეებს ბებიასთან, კითხვაში ვატარებდი. ოქროს თევზების გადადნობა, ანუ ნაცნობი წიგნების გადაკითხვა რომ მომბეზრდა, ფეხებმოყანყალებულ კარადაში შევრგე თავი და ოდესღაც 2 მანეთად და 30 კაპიკად შეძენილი ასი წლის სამყოფი მარტოობა გამოვაცოცე. დიდხანს ვაკვირდებოდი წიგნის ყდას – ციცაბო ფერდობზე შეფენილ წითელკრამიტებიან სახლებს, გაფრენილ ზეწრებს, გამოცხადებულ სიყვარულსა და ბუენდიების მდედრული საწყისის გასამებულ გამოსახულებას. შემდეგ გადავფურცლე და პირველი წინადადების ამოკითხვისთანავე ვიგრძენი, რომ ამ წიგნში მარტო მაკონდოელების კი არა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მდინარე მიედინებოდა.
ვისაც ჯერ არ გიმოგზაურიათ მაკონდოში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადამიანებით დასახლებულ უკაცრიელ სამყაროში. მოემზადეთ! თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ, გაიქცევით, დამარცხდებით, დაბრუნდებით და ყველაფერს დაკარგავთ, რადგან კაცთა მოდგმის ასწლოვან მარტოობის ხეს მხოლოდ ერთი შემოდგომის სამყოფი სიცოცხლის გამოსხმა შეუძლია.
2014 წლის 17 აპრილია. ბუენდიების ნასახლარი ნელ-ნელა ივსება წარსულის ხმებით – ბებერი ბაბუაწვერების ჩურჩულით. პოლკოვნიკი მარკესი ფეხაკრეფით მისდევს თავისი წარმომავლობის საიდუმლო ბილიკებს და ისე გატაცებით იწყებს საკუთარი თავის კითხვას, ვერც კი ამჩნევს, რომ, როგორც მოსწავლე დაფიდან – ცარცის ნაკვალევს, ისე შლის მიწიდან გრიგალი მოჩვენებით ქალაქს და მასში დარჩენილ სიცოცხლის ნაპერწკალსაც აქრობს. „ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის, სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი”.
მაკონდოში ახლა ალბათ წვიმს
რაც დრო გადის, ადამიანების ცხოვრება უფრო და უფრო ემსგავსება ოქროს თევზების გადადნობა-ჩამოსხმას. მათ ისევ ავიწყდებათ, მეორდებიან, ნაკლებად სწამთ სიყვარულის და სიბერის წარმოდგენაც კი ზარავთ. არადა, „სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის… ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე”.
რაც თავი მახსოვს, ვიბრძვით და ვმარცხდებით, უცხოტომელები ისე ოსტატურად იკავებენ ჩვენი ქვეყნის მიწას, ისღა დაგვრჩენია, საკუთარი სახლის წინკართან ჩამოვსხდეთ და გაოგნებული, თუ გავბედავთ, შეურაცხყოფილი სახეებით დაველოდოთ, როდის შეგვამჩნევენ ჩვენსავე სახლში, როდის გვიწყალობებენ ორიოდე ლუკმა სიცოცხლის უფლებას.
„არ გასულა ცოტა ხანი და ჩვენ, ამ ადგილის პირველაღმომჩენებმა და დასახლების დამაარსებლებმა, უცხოდ და უთვისტომოდ ვიგრძენით თავი შუა ქუჩაში გაშლილ კარვებსა და შიმშილით ფერდებჩაცვენილ ჯორებს შორის, რომელთა პატრონები მოურიდებლად, ყველას თვალწინ იცვლიდნენ ტანისამოსს, მათი ცოლები კი გაშლილი ქოლგებით ხელში ისხდნენ ჩემოდნებზე.
ომის შემდეგ მაკონდოში რომ ჩამოვედით და ამ მიწების ნაყოფიერება ვიხილეთ, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ სულ მალე ხალხი ამ ადგილისკენ იხუვლებდა, მაგრამ ვაი რომ ვერავინ განჭვრიტა ყველა უბედურება, რაც მათ ჩამოსვლას მოჰყვა. და ამიტომ, როცა ლავის მოახლოება ვიგრძენით და ხალხის ნიაღვარი წალეკვით დაგვემუქრა, ისღა დაგვრჩენოდა, თეფშები და დანა-ჩანგალი გამოგვედგა კარში და მოთმინებით გვეცადა, როდის შეგვამჩნევდნენ ახალმოსულები”.
მეც სწორედ ასეთი დამარცხების მეშინია – მოჩვენებით სიმშვიდეში ცხოვრების, დაბადებისთანავე უიმედობის ჭიანჭველები რომ გაცლიან ხელიდან. უკვე რამდენი წელია, ვდგავართ კედელთან და გამოცხადებული ზამთრის დადგომას ველოდებით. იქნებ დადგა კიდეც, ჩვენ კი, პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას მსგავსად, ბავშვობაში გავექეცით.
***
ჩემი მოსწავლეები ჯერ მეტისმეტად პატარები არიან მათი ცხოვრების მთავარი წიგნის აღმოსაჩენად, მაგრამ საყვარელი წიგნების ათეულის შედგენა მგონი ძალიან დააინტერესებთ. მკითხველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოებზე ბავშვები წაკითხული წიგნებით გამოწვეულ შთაბეჭდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. უქმე დღეებში საკუთარი ინტერესების მიხედვით შერჩეულ ახალ კრებულებს სახლში წაიყვანენ, მომდევნო შეხვედრაზე საყვარელ პერსონაჟებს მეგობრებსაც გააცნობენ, ერთმანეთს წაკითხულ წიგნებს გაუცვლიან და სიხარულით გაეხვევიან ახალ თავგადასავლებში. წლის ბოლოს წაკითხული წიგნებიდან ათეულის ამორჩევას ყველა მოსწავლე შეძლებს. მკითხველთა კლუბის ბოლო შეხვედრაზე კლასის, სკოლის რჩეულების გამოვლენაც შეიძლება (გზადაგზა პროექტი დაიხვეწება და უფრო მრავალფეროვანი გახდება).
ასე რომ, გამოწვევა მიღებულია, ჩვენი სკოლის წიგნები ბევრს იხეტიალებენ და, ბიბლიოთეკის თაროებიდან გაპარულები, მოსწავლეების გულებში დაიდებენ ბინას.
იზოლდა ჯოხაძე
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი. ინოვაციური სასკოლო ცენტრის ხელმძღვანელი
მუხლი პირველი.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად, სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები, გამოუმუშაოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
გაკვეთილის სცენარის ნიმუში
კავშირი სტანდარტთან:
ქართ. III. 4
·თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·პოულობს და ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში;
·ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას.
ქართ. III. 6
·ამოიცნობს პერსონაჟების გრძნობებს, ემოციებს;
·ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცნენ ასე) და აფასებს მათ საქციელს;
მიზანი:
·მოსწავლეები მოისმენენ, წაიკითხავენ მცირე ზომის ტექსტს, უპასუხებენ შეკითხვებს.
·მოსწავლეები მიადევნებენ თვალს, თუ როგორ იცვლება პერსონაჟის/პერსონაჟების განწყობა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად.
·მოსწავლეები ემოციების გამოსახულებებს შეუსაბამებენ მათ სახელებს.
·მოსწავლეები დაასახელებენ ემოციის გამომწვევ მიზეზებს.
მიმდინარეობა:
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სხვადასხვა ემოციის გამომხატველ კაცუნების გამოსახულებას. ეკითხება: „ბავშვებო, თქვენი აზრით, რას გავაკეთებთ დღეს გაკვეთილზე?” წერს მათ მოსაზრებებს დაფაზე, აჯამებს და ეუბნება: „დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ემოციებზე, წავიკითხავთ ზღაპარს, ამოვიცნობთ პერსონაჟთა ემოციებს და გავაკეთებთ ჩანახატებს”.
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა მოვლენისა თუ ამბის მიმართ ჩვენ სხვადასხვა ემოციას განვიცდით. ეკითხება: „რას ვრძნობთ, როდესაც საჩუქარს გვჩუქნიან?” სთხოვს რომელიმე მოსწავლეს, მიუთითოს შესაბამის კაცუნაზე (შეუძლია შემდეგი ტიპის კითხვების დასმაც: „რას ვიგრძნობდით, უეცრად კლასში დიდი ნიანგი რომ შემოვიდეს?” „რას იგრძნობდით, ხვალ კლასში მასწავლებლის ნაცვლად ჯამბაზი რომ დაგხვდეთ?”).
მასწავლებელი ზღაპარს ჯერ თავად უკითხავს მოსწავლეებს, შემდეგ უსვამს კითხვებს, რათა შეამოწმოს, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა ტექსტი.
კითხვების მაგალითი:
1. რით განსხვავდებოდა პატარა კნუტი ქალაქის ბინადარი სხვა კატებისგან?
2. ვისთან მოუნდა თამაში პატარა კნუტს?
3. რატომ არ ეთამაშებოდნენ პატარა კნუტს სხვა კნუტები?
4. მოგწონთ სიამის კნუტების საქციელი? რატომ?
5. რა შეემთხვა თეთრ კნუტს?
6. როგორ მოიქცა წითური კნუტი?
7. რა რეაქცია ჰქონდათ წითური კნუტის საქცილზე სხვა კატებს?
8. როგორ განწყობაზე იყო წითური კნუტი ამბის დასასრულს? რატომ?
ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს ოთხკაციან ჯგუფებად. უხსნის, რომ ტექსტი პატარა ნაწილებად არის დაყოფილი. ურიგებს მოსწავლეებს დანომრილ ბარათებს და სთხოვს, ყველამ ხმამაღლა წაიკითხოს ნომრის შესაბამისი ფრაგმენტი (გაგრძელებითი კითხვა).
დიდ ჯგუფებში მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს, ჯერ ჩუმად, თავისთვის წაიკითხონ ტექსტი, მერე კი ჯერ ერთ მოსწავლეს სთხოვს ერთი ნაწილის წაკითხვას, შემდეგ მეორეს – მომდევნო ნაწილისას და ა.შ.
თვალსაჩინოებისთვის მასწავლებელი ხაზავს მარტივ ცხრილს, სადაც ჩამოწერს: მარცხენა სვეტში – ტექსტის ნაწილებს, მომდევნოში – პერსონაჟებს, გამოყოფს აგრეთვე სვეტს ემოციებისა და ამ ემოციების მიზეზებისთვის.
|
წითური კნუტი
|
პერსონაჟები |
ემოცია |
მიზეზი |
I |
ერთი პატარა ქალაქის სხვენში პატარა კნუტი ცხოვრობდა მშობლებსა და და-ძმებთან ერთად. ჩვენი კნუტი ოჯახში ყველაზე უმცროსი და თან, წარმოიდგინეთ, წითური იყო. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ქალაქის ყველა კნუტი და კატა ან ნაცრისფერი გახლდათ ან ყავისფერი. ზოგი მუქი ნაცრისფერი იყო, ზოგი – ღია, ზოგიც – თეთრი, ნაცრისფერი ზოლებით. მაგრამ არავინ, სულ არავინ იყო წითური. ერთ დღეს ჩვენს პატარა კნუტს უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს. როდესაც კნუტი ეზოში სასეირნოდ ჩავიდა, იქ ორი სიამის კნუტი დახვდა, რომლებიც მხიარულად თამაშობდნენ ბურთს. წითურ კნუტს ძალიან მოუნდა მათთან თამაში და ჰკითხა: – თქვენ ისე კარგად თამაშობთ და მხიარულობთ, შემიძლია, შემოგიერთდეთ?
|
სიამის კნუტები |
|
|
II |
– არ ვიცით, – უპასუხეს კნუტებმა, – შემოგვხედე, რა ლამაზები ვართ, მუქი ყავისფრები, შენ კი რაღაც უცნაური ხარ, შენნაირი კნუტი არასდროს გვინახავს. ამ დროს მათ მეზობელი ეზოდან ნაცრისფერი, ძალიან ცელქი კნუტი შეუერთდათ. წითური კნუტი შეათვალიერა და უთხრა: „რა სასაცილო ხარ, წითური და პატარა. შემთხვევით წრუწუნა ხომ არ ხარ?” ძალიან ეწყინა პატარა კნუტს. სახლში მოწყენილი დაბრუნდა. მას შემდეგ ჭამის მადა დაკარგა და ცუდად ეძინა. ეზოში სეირნობასაც დაანება თავი. მთელ დღეებს ფანჯრის რაფაზე ატარებდა, დედიკოს ეუბნებოდა, რომ უბრალოდ რაფაზე ჯდომა მოსწონდა, სინამდვილეში კი ეშინოდა, რომ ეზოში არავინ ეთამაშებოდა. ერთ მოღრუბლულ დღესაც იჯდა მოწყენილი კნუტი და ეზოში იყურებოდა. დღეც ძალიან მოწყენილი იყო. ჟამი და ნაცრისფერი. |
წითური კნუტი
|
|
|
III |
ამ დროს ღრუბლებიდან მზის სხივმა გამოანათა და სრულად შეცვალა არემარე. კნუტიც კი გამოცოცხლდა. „რა კარგია მზე”, – გაიფიქრა კნუტმა თავისთვის, – „ის ყველას უყვარს, ათბობს და ახალისებს. მაგრამ მზეც ხომ ზოგჯერ ჩემსავით წითურია? ნუთუ მეც შემიძლია, გავახალისო კატები ჩემ გარშემო?” ამ აზრით აღფრთოვანებულმა გადაწყიტა ეზოში ჩასვლა. როდესაც წითური კნუტი ეზოში ჩავიდა, იქ მთელი აურზაური დახვდა. ხეზე ძალიან პატარა, თეთრი კნუტი იჯდა და ტიროდა. როგორც ჩანს, ძირს ჩამოსვლისა ეშინოდა. ხის გარშემო კატები შეკრებილიყვნენ და ნერვიულობდნენ, პატარა კნუტი ხიდან არ ჩამოვარდნილიყო. |
წითური კნუტი თეთრი კნუტი |
|
|
IV |
ჩვენი წითური ფისო მამაცად ახტა ხეზე და პატარა კნუტი უვნებელი ჩამოიყვანა. ხის გარშემო შეკრებილმა კატებმა ტაში დასცხეს. „შეხედეთ, რა ყოჩაღია ჩვენი კნუტი! მამაცი! თან როგორი საყვარელია! პატარა მზეს ჰგავს!” წითური კნუტი ძალიან ბედნიერი იყო იმ დღეს. მან თეთრი კნუტი დაიხსნა განსაცდელისგან და, როგორც იქნა, სხვა კატებმა მასში დადებითი თვისებები აღმოაჩინეს. |
წითური კნუტი
სხვა კატები |
|
|
მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს მრგვალად გამოჭრილ ემოციების გამომხატველ ფორმებს. ჯგუფებს ევალებათ, ამ კაცუნების (ემოტიკონების) საშუალებით აღნიშნონ ემოცია, რომელსაც განიცდის პერსონაჟი ტექსტის თითოეულ ნაწილში, შეუსაბამონ ზედსართავი სახელი და ახსნან ემოციის გამომწვევი მიზეზი.
თუ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ეს რთული დავალება იქნება მოსწავლეებისთვის, ამუშავებს ჯგუფებს მხოლოდ ემოციების გამომხატველ ემოტიკონებზე.
მოსწავლეები წარმოადგენენ სქემას და შემდეგ მთელ კლასთან ერთად ასახელებენ შესაბამის ზედსართავ სახელებს (მაგალითად, მოწყენილი, შეშინებული) და ასახელებენ მიზეზებს.
აღნიშნული დავალების შეფასება შეიძლება რუბრიკის ან თვითშეფასების ტექნიკის „დაუმთავრებელი წინადადებების” მიხედვით.
რუბრიკის ნიმუში
|
ძალიან კარგი შესრულება |
კარგი შესრულება |
საშუალო შესრულება |
მეტი მუშაობაა საჭირო |
|
სწორად შეუსაბამებს ემოციას თითოეულ პერსონაჟს. ყველა ემოციას სწორად შეუსაბამებს ზედსართავ სახელს. სწორად ასახელებს თითოეული ემოციის გამომწვევ მიზეზს.
|
სწორად შეუსაბამებს ემოციას მხოლოდ ზოგიერთ პერსონჟს. ზოგიერთ ემოციას სწორად შეუსაბამებს ზედსართავ სახელს. ასახელებს ერთი ან ორი ემოციის გამომწვევ მიზეზს. |
სწორად შეუსაბამებს ემოციას მხოლოდ ერთ პერსონაჟს. მხოლოდ ერთ ზედსართავს შეუსაბამებს ემოციას. სწორად ასახელებს მხოლოდ ერთ ემოციას. |
ვერ შეუსაბამებს / არასწორად შეუსაბამებს ემოციას პერსონაჟს. ვერ ახერხებს ემოციის სახელდებას. ვერ ასახელებს მიზეზს. |
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასურველია, პატარა მოსწავლემ თავიდანვე იგრძნოს პასუხისმგებლობა ჯგუფური მუშაობის დროს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკა „დაუმთავრებელი წინადადებები”:
|
მაგალითები იმისა, თუ როგორ დავეხმარე ჯგუფს დავალების შესრულებაში: 1. 2. |
|
დავალებაზე მუშაობისას ყველაზე მეტად მომეწონა…
|
|
დავალებაზე მუშაობისას გავიგე, რომ ….
|
|
დავალებაზე მუშაობისას გამიჭირდა… |
შეფასების ეს საშუალებები ნათელ წარმოდგენას მოგვცემს იმის შესახებ, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა მოსწავლეებთან, რა დაძლიეს და რა არის მათთვის ჯერ კიდევ რთული.
აღნიშნული აქტივობისთვის შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ტექსტი, რომელშიც არის რამდენიმე პერსონაჟი და შესაძლებელია მსჯელობა მათ ემოციებსა და ემოციების გამომწვევ მიზეზებზე.
თანაც ეს აქტივობა ინტერდისციპლინურია, შეიძლება მისი დაკავშირება სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან. კაცუნების (ემოტიკონების) მაგივრად შეგიძლიათ ნიღბების გამოყენებაც, ოღონდ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ნიღბების დანიშნულების შესახებ და სხვადასხვა ტიპის ნიღბის ნიმუშების შეთავაზება.