სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

საკუთარი თავის გაზვიადებული აღქმა და მისი გამომწვევი მიზეზები

რატომ იმატებს ნარცისიზმი ახალგაზრდა ამერიკელებს შორის
პიტერ გრეი, ფსიქოლოგიის პროფესორი (ბოსტონ კოლეჯი, აშშ)
„თამაშის საშუალების წართმევა შესაძლოა ნარცისიზმის ზრდისა და თანაგრძნობის შესუსტების მიზეზი იყოს”.
„თამაში თავისი შინაარსით ყოველთვის ნებაყოფლობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი შეწყვეტა. თუ თამაშის შეწყვეტა შეუძლებელია (ან არ შეიძლება), ეს უკვე თამაში აღარ არის”.
წყარო: Published on January 16, 2014 by Peter Gray in Freedom to Learn
 
ნარცისიზმი სერიოზული სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემაა. ამ ტერმინით გამოხატავენ საკუთარი თავის გაზვიადებულ აღქმას, შერწყმულს სხვისადმი გულგრილობასთან. ნარცისი იშვიათად დაეხმარება სხვას, თუ ეს დახმარება თავად მას რაიმე სარგებელს ან აღიარებას არ მოუტანს. ნარცისებს ხშირად მიაჩნიათ, რომ კანონებსა თუ წესებზე მაღლა დგანან, ამიტომ ხშირად არღვევენ საზოგადოებაში მიღებულ წესებს. ისინი ყოველთვის მზად არიან, გადაუარონ სხვებს მწვერვალზე მოსახვედრად. იმ მწვერვალზე, რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ მათთვის არის განკუთვნილი.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ნარცისებით დასახლებული მსოფლიო ძალიან მოსაწყენი იქნება. ჩვენ, ადამიანები, ბუნებით სოციალური არსებები ვართ; ჩვენ სავსებით ვართ დამოკიდებულნი სხვების კეთილ ნებასა და მზრუნველობაზე. ნარცისიზმი როგორც მოვლენა ცუდია არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ თავად ნარცისებისთვისაც. ნარცისი ხშირად უბედურია და მთელ მსოფლიოზე ბრაზობს, რადგან მსოფლიო ვერ ხედავს მის აღმატებულობას. ნარცისს არ შესწევს უნარი, დაამყაროს ღრმა, შინაარსიანი და ხანგრძლივი ურთიერთობები და შექმნას ის წრე, რომელიც ყველა ჩვენგანს სჭირდება ბედნიერი და ემოციურად უსაფრთხო ცხოვრებისთვის.

თვისება, რომელიც ყველაზე მეტად განასხვავებს ნარცისს არანარცისისგან, არის თანაგანცდა და თანაგრძნობა (ემპათია). თანაგრძნობა გულისხმობს, რომ ადამიანს შესწევს უნარი და აქვს მიდრეკილება, მხოლოდ თავისი კუთხიდან კი არ შეხედოს ცხოვრებას, არამედ სხვისი თვალითაც შეძლოს მისი დანახვა, განიცადოს სხვისი სიხარული ან დარდი, შეეძლოს სხვისი კეთილდღეობის შეგრძნება თუ სხვაზე ზრუნვა. მორალური განვითარების სპეციალისტები თანაგრძნობას (ემპათიას) ადამიანის ზნეობრიობის საფუძვლად აღიარებენ.

უკანასკნელი სამი ათწლეულის ან ოდნავ მეტის განმავლობაში მკვლევარები ნარცისიზმსა და ემპათიას გვიან 70-იანებში შექმნილი კითხვარების მეშვეობით აფასებენ. ნარცისიზმის შესაფასებლად შექმნილ კითხვარს NPI – Narcissistic Personality Inventory (ნპა – ნარცისული პიროვნების აღწერა) ეწოდება.

თუ დაინტერესდებით ამ კითხვარით და უფრო მეტიც – საკუთარი თავის შეფასება მოგინდებათ, მას ამ ვებსაიტზე იპოვით. კითხვარი ისეა შედგენილი, რომ აფასებს თანაგრძნობის (ემპათიის) ხარისხს. მეორე კითხვარის ნახვა, რომლის მიზანი ირის – ინტერპერსონალური რეაქციის ინდექსის (Interpersonal Reactivity Index) – შეფასებაა, ამ ვებსაიტზეა  შესაძლებელი. თუ ამ საიტებს დაათვალიერებთ, დაინახავთ, რომ კითხვები საკმაოდ გამჭვირვალეა და თქვენი პასუხებით, სურვილისამებრ, შეგიძლიათ თავი ნარცისად ან, პირიქით, ემპათიურ პიროვნებად წარმოაჩინოთ. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა (ისინიც კი, რომლებიც ნარცისული ხასიათისკენ იხრებიან) კითხვებს გულახდილად პასუხობს. მრავალმა კვლევამ, რომლებიც ამ კითხვარების შედეგებს ეყრდნობა, აჩვენა, რომ შედეგები სანდოდ კორელირებს რესპონდენტთა ჩვეულებრივ საქციელთან რეალურ ცხოვრებაში და სხვების მიერ მათ შესახებ გამოთქმულ შეფასებებთან.

მაგალითად, ადამიანები, რომლებმაც ნარცისიზმის მაღალი ქულები მიიღეს, წესისამებრ, საკუთარ შესაძლებლობებს რეალურზე მაღალ შეფასებას აძლევენ, ძალიან აბრაზებთ კრიტიკა და, ფაქტობრივად, უფრო ხშირად ჩადიან თანამდებობრივ დანაშაულს (ამერიკ. White collar crime), ვიდრე საშუალოსტატისტიკური მოქალაქეები. ადამიანები, რომლებსაც  თანაგრძნობის დაბალი ქულები აქვთ, საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეზე მეტად არიან მიდრეკილნი სხვათა დაშინებისა და უხეშობისკენ და ნაკლებად მონაწილეობენ გასაჭირში მყოფთა დახმარების აქციებში მოხალისეებისა თუ სხვა რანგში.

აღნიშნულ კითხვარებს წლების განმავლობაში იყენებდნენ კოლეჯებისა და უნივერსიტეტების სტუდენტთა გამოკითხვისთვის. მრავალწლიანი შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ნარცისიზმის საშუალო მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო თანაგრძნობისა სტაბილურად იკლებს. ეს ცვლილებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და საკმაოდ დიდი: დღევანდელი სტუდენტების 70 პროცენტი ნარცისიზმის შეფასებისას უფრო მაღალ ქულას იღებს, ხოლო ემპათიის შეფასებისას – უფრო დაბალს, ვიდრე 30 წლის წინ.

რისი ბრალია ნარცისიზმის ასეთი მატება და თანაგრძნობის ასეთი კლება? მონაცემებზე დაყრდნობით, მიზეზების გარკვევა ძნელია, მაგრამ ჩნდება საკმაო საფუძველი სპეკულაციისთვის. ერთ-ერთი შესაძლო პასუხი, რომელიც ადამიანს პირველი მოსდის თავში, ის არის, რომ ცვლილებები იმაზეა დამოკიდებული, როგორ პასუხობენ რესპონდენტები დასმულ კითხვებს. შესაძლოა, დღეს სტუდენტები უფრო გულწრფელები იყვნენ და უფრო ადვილად აღიარებდნენ სხვებისადმი თავიანთ ეგოისტურ და გულგრილ დამოკიდებულებას, ვიდრე 30 წლის წინ. ეგებ ეს ყველაზე გულუბრყვილო ახსნა იყოს, რადგან მიანიშნებს, რომ ნარცისიზმმა კი არ მოიმატა, არამედ გულახდილობამ. თუმცა მკვლევარები, რომლებმაც გამოკვლევა ჩაატარეს, ამ ახსნას უარყოფენ, რადგან სხვა, ამ კითხვარების მიხედვით ანონიმური მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ თავის კარგად წარმოჩენის ტენდენცია წლების განმავლობაში არ შეცვლილა. გარდა ამისა, სხვა პუნქტებიც, რომელთა გაყალბება უფრო რთულია, გვიჩვენებს, რომ ნარცისიზმის მაჩვენებელი მომატებულია, ხოლო თანაგრძნობისა (ემპათიისა) – შემცირებული.
როგორც ჩანს, ეს სპეკულაციები კავშირშია ჩვენს სამყაროში მიმდინარე იმ ცვლილებებთან, რომლებთან ერთადაც იზრდებიან ახალგაზრდები.

ზოგიერთი მიზეზად მიიჩნევს ე.წ. „საკუთარი ღირსების გრძნობის” ან „საკუთარი ძალების რწმენის” (ინგ. Self-esteem) მცდარ მოძრაობას, რომელიც 1980 წელს იღებს სათავეს. ამ პერიოდიდან დაიწყეს მშობლებმა შვილებისთვის იმის თქმა, რა ლამაზები, ჭკვიანები და, საზოგადოდ, შესანიშნავები არიან ისინი, ან სხვებთან მათი ქება მათივე თანდასწრებით. ამავე დროს, გაჩნდა საბავშვო სატელევიზიო პროგრამები, სადაც სიმღერებში „განსაკუთრებულობას” ასხამდნენ ხოტბას და ე.წ. გაკვეთილები, რომლებშიც ბავშვებს „ასწავლიდნენ”, რომ „შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს და გახდე, ვინც გინდა”. შესაძლოა, მათმა სარეკლამო შინაარსმა იმ ეპოქის ზოგიერთი ახალგაზრდის აზროვნებაშიც მოიკიდა ფეხი. სავარაუდოდ, მათ დაიჯერეს, რასაც ეუბნებოდნენ და ნარცისებად იქცნენ, რადგან ის, რასაც მათ ასწავლიდნენ, სწორედ ის ნარატივია, რომლისაც ნარცისებს საკუთარ თავზე სჯერათ.

მეორე მიზეზი (რომელსაც მე უფრო მეტად ვემხრობი) შესაძლოა იყოს ძლიერი წნეხი ბავშვებსა და მოზარდებზე იქ, სადაც წარმატება (ან მიღწევა) განისაზღვრება როგორც სხვების დაჯაბნა.

როდესაც წარმატება ნიშნავს სკოლაში საუკეთესო ნიშნებს, საუკეთესო კოლეჯში სწავლას, ინდივიდუალურ სპორტულ შეჯიბრებებში მოგებას და ა.შ., ახალგაზრდის აზროვნება საკუთარ თავზეა ფოკუსირებული, ხოლო სხვები განიხილებიან დაბრკოლებებად ან, უბრალოდ, „სხვებად”, რომლებიც უნდა დაამარცხო ან გამოიყენო საკუთარი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

როდესაც ბავშვის ცხოვრების მთავარი მიზანია „ძლიერი” რეზიუმეს შექმნა (რისიც ბევრ მშობელს სჯერა), ნუღარ გაგვიკვირდება, მუდამ „პირველ ნომრად” ქცევისკენ მიისწრაფოდეს და სხვების დარდი ნაკლებად ჰქონდეს.
ამ პირობებში მოსალოდნელია, ახალგაზრდებმა აკეთონ ისეთი რამ, რაც მათ რეზიუმეს დაამშვენებს, მაგრამ არ დახარჯონ დრო სხვების უბრალოდ, ადამიანური თანაგრძნობის გამო დასახმარებლად, რადგან ეს მათ რეზიუმეში არ აისახება.

წნეხი, როდესაც ჩვენგან წარმატებას მოითხოვენ, უშუალო კავშირშია თამაშის ნაკლებობასთან. მან, ვინც ჩემს ბლოგებს კითხულობს, იცის, როგორ განვიცდი, რომ ბავშვები უფრო და უფრო ნაკლებს თამაშობენ ერთად.
ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ყველა ვხედავთ, რომ, საზოგადოდ, ბავშვების თავისუფლება და, კერძოდ, უფროსების გარეშე სხვა ბავშვებთან თამაშის შესაძლებლობა სავალალოდ შემცირდა. სხვა წერილებში მე ეს დოკუმენტურად დავუკავშირე ბავშვებსა და მოზარდებში დეპრესიისა და შფოთვის მატებას და ბავშვების შემოქმედებითი უნარის კლებას.

თავისუფლად თამაში ის ძირითადი საშუალებაა, რომლითაც სწავლობს ბავშვი საკუთარი ცხოვრების კონტროლს, პრობლემების მოგვარებას, შიშსა და ბრაზთან ეფექტურად გამკლავებას, შესაბამისად, დეპრესიისა და შფოთვისგან თავის დაცვას.

თავისუფლად თამაში ბავშვისთვის ის უმთავრესი იარაღია, რომლის მეშვეობითაც იგი აგროვებს და აფართოებს თავის შემოქმედებით პოტენციალს. პირდაპირ ვამბობ: თავისუფალი სოციალური თამაში არის თამაში სხვა ბავშვებთან, მოზრდილებისა და უფროსების ჩაურევლად, რაც იმავდროულად ნარცისიზმის დაძლევისა და თანაგრძნობის უნარის გაღვივების საშუალებაცაა.

თამაში თავისი შინაარსით ყოველთვის ნებაყოფლობითია, რაც ნიშნავს, რომ მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი შეწყვეტა. თუ თამაშის შეწყვეტა შეუძლებელია (ან არ შეიძლება), ეს უკვე აღარ არის თამაში. ყველა ნორმალურ ბავშვს სხვა ბავშვებთან თამაშის ძლიერი ბიოლოგიური მოთხოვნილება აქვს. ეს ადამიანური ბუნების ნაწილია, უმნიშვნელოვანესი ნაწილი. თამაშის დროს ყველა ბავშვმა იცის, რომ სხვებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაშის შეწყვეტა და შეწყვეტენ კიდეც, თუ თამაში არ მოეწონათ, ამიტომ გართობის გასახანგრძლივებლად თამაშის მონაწილე ყველა ბავშვი მოტივირებულია, თამაშის დროს სხვა ბავშვებიც ბედნიერები იყვნენ. ამისთვის კი მათ ერთმანეთის მოსმენა და გაგება სჭირდებათ. თუ რომელიმე მათგანი უხეშობს და სხვებს არ უსმენს ან ჩაგრავს, დანარჩენები მიატოვებენ თამაშს და მოძალადე ბავშვს მარტო დატოვებენ.

ბავშვების ზემოთ აღწერილი რეაქცია ძალიან ძლიერი სასჯელია, რომელიც მოძალადეს უბიძგებს, სხვა დროს მეტად ეცადოს სხვების გაგებას. საბოლოო ჯამში, ბავშვები სოციალური თამაშის დროს გამუდმებით ხვეწენ მოლაპარაკების, თანაგრძნობისა და, საზოგადოდ, თანამშრომლობის უნარებს. მეტიც – ბავშვები, ზრდასრულებისგან განსხვავებით, ძალზე თავშეკავებულად აქებენ ერთმანეთს. მათ დიდად არ ეხატებათ გულზე ისინი, ვინც თავს წესებზე მაღლა აყენებს ან ცდილობს, ყოველთვის თავისი გაიტანოს.

ხშირად თამაშის მონაწილე ბავშვები ძალზე ეფექტურად ახშობენ ერთმანეთის ეგოს იუმორით ან, თუ სხვა ხერხი არ ჭრის, პირდაპირი უარით.

ამ მოსაზრების დასტურად კორელაციურმა კვლევებმა გამოააშკარავა, რომ ბავშვებს, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართულნი სხვა ბავშვებთან სოციალურ თამაშებში, მეტი თანაგრძნობა და სხვების თვალსაზრისის უკეთესი აღქმის უნარი ახასიათებთ. გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში ჩატარებულმა რამდენიმე ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აღმზრდელების მიერ არაკონტროლირებად სოციალურ თამაშებში აქტიურად მონაწილე ბავშვები სხვა დროსაც უფრო მეტად ამჟღავნებდნენ თავიანთ სოციალურ უნარებს და სხვებთან შეთანხმების შესაძლებლობას, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც მხოლოდ კონტროლირებად თამაშებში მონაწილეობდნენ.

თამაშისკენ ბავშვების ძლიერი სწრაფვა ბუნებრივი გადარჩევის შედეგია, რომელიც მრავალი მიზეზით არის განპირობებული. როგორც წინა წერილებში მითქვამს, თამაში არის საშუალება, რომლითაც ბავშვი შემოქმედების უნარს ავლენს, რომლითაც მართავს საკუთარ ცხოვრებას და აგვარებს პრობლემებს, რომლითაც სწავლობს წესების დაცვას და იმპულსების კონტროლს და რომელიც მას ემოციების მართვის ხელოვნების დახვეწაში ეხმარება.

ბუნებამ ჩვენში ბავშვობიდანვე ჩააქსოვა ადამიანის როგორც სოციალური არსების გადარჩენის მძლავრი მექანიზმი – სხვა ბავშვებთან თამაშის უნარი.

სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მიზეზთა გამო, ბავშვებს უფრო და უფრო ნაკლებად აქვთ უფროსების ჩაურევლად ერთმანეთთან თამაშის შესაძლებლობა.

თქვენ როგორ ფიქრობთ? რით ხსნით ახალგაზრდებში ნარცისიზმის მატებასა და თანაგრძნობის კლებას? მისაღებია თუ არა თქვენთვის ჩემი ჰიპოთეზა? პირადად თქვენ როგორ ისწავლეთ სხვებთან შეთანხმება და თანამშრომლობა საკუთარი თავის უპირველესად წარმოჩენის გარეშე? როგორ სწავლობენ ამ ყველაფერს თქვენი შვილები?

ჩემი ბლოგი სადისკუსიო ფორუმია და თქვენი ამბები, კომენტარები და კითხვები ძალიან საყურადღებოა ჩემთვის. მირჩევნია, საჯაროდ გამოთქვათ მოსაზრებები, ვიდრე კერძოდ ვისაუბროთ ამ საკითხებზე, რადგან საჯაროდ კომენტირებისას ჩემთან ერთად სხვებსაც ესაუბრებით. მე ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ თქვენს გამოხმაურებებს და ვცდილობ, ყველა სერიოზულ კითხვას ვუპასუხო, თუ ჩავთვლი, რომ რამე ღირებულის თქმა შემიძლია.
თარგმნა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი