სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

შიდასასკოლო შეფასების მექანიზმები (ნაწილი მეოთხე)

სტატიის წინა ნაწილებში ვისაუბრეთ სასკოლო შეფასების არსზე, იმ მნიშნელოვან წინაპირობებზე, რაც შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებისას უნდა დავიცვათ; ასევე შეფასებასა და მონიტორინგს შორის განსხვავებაზე, მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე, შეფასების პროცესში გამოსაყენებელი კვლევის მეთოდებზე. სტატიის დასკვნითი ნაწილი კი კომპლექსური შეფასების პროცესის ძირითადი საფეხურების მიმოხილვას დაეთმობა. 

როგორც აღვნიშნეთ, სკოლის ადმინისტრაცია და შეფასების პროცესში ჩართული პირები თავად შეიმუშავებენ და აყალიბებენ, როგორი შეფასების სისტემის დანერგვა სურთ, იზიარებენ რა წარმატებულ სკოლებში არსებულ პრაქტიკას. ამავდროულად ირჩევენ მეთოდოლოგიას, რომელიც მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, მაგალითად: ინტერვიუ, კითხვარი, ფოკუს ჯგუფი, დაკვირვება, ტესტები, ანგარიშები, ლოგიკური ჩარჩო ანალიზი, პრობლემების ხე, SWOT ანალიზი, დელფის პანელი, მაგალითების შესწავლა (Case study), ექსპერტთა პანელი, მეორადი მონაცემების ანალიზი  და ა.შ.

შეფასებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელოს მიხედვით, შეფასება პასუხობს კითხვას – ვახორციელებთ თუ არა ღონისძიებებს შესაფერისად? ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, შეფასების ეტაპები შემდეგნაირადაა გამიჯნული და აღნიშნული, შესაძლებელია  ჩვენს სასკოლო სისტემასაც მოვარგოთ:

1. წინარე შეფასება – ხორციელდება სისტემის შემუშავების/ფორმულირების ადრეულ სტადიაზე, სასწავლო წლის დასაწყისში, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ კვლევას სასტარტო პოზიციის შესაფასებლად.

2. შუალედური შეფასება – ტარდება პროცესის მიმდინარეობის დროს, სემესტრის დასასრულს, რათა შეფასდეს პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს მიზნის მისაღწევი გზები.

3. რეტროსპექტული შეფასება – ხორციელდება პროცესის დასრულების შემდეგ. მას შეიძლება წლის დამამთავრებელი შეფასებაც ეწოდოს. ამით სკოლის ადმინისტრაცია იღებს ინფორმაციას, როგორ განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები; რა პროგრესი განიცადა ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ.

4. კომპლექსური შეფასება – ეს არის საბოლოო შეფასება სკოლისა და დამოუკიდებელი, გარეექსპერტების მიერ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ (სკოლის მაგალითზე 6 წლის შემდეგ), რითაც ორგანიზაცია აჯამებს საერთო შედეგებს.

კომპლექსური შეფასების გაკეთება სკოლის ადმინისტრაციასა და შეფასების პროცესში ჩართულ პირებს გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის ციკლის დასრულების შემდეგ შეუძლიათ. ჩვენს რეალობაში ეს შეიძლება იყოს 6–წლიანი პერიოდი. არსებობს კომპლექსური შეფასების შემდეგი სახეები:
1) შესრულებული სამუშაოს შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებლებით შეფასება – როცა   შესაძლებელია შესრულებული სამუშაოს შედეგების რაოდენობრივ-ციფრობრივი გაზომვა/შეფასება, როცა შესრულებულ სამუშაოთა ხასიათი და შედეგები მსგავსი შეფასების საშუალებას იძლევა. მაგალითად, კომპიუტერის სწავლების ორგანიზებამდე კომპიუტერთან მუშაობა იცოდა სკოლის მასწავლებლების 10%-მა, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ კი ის 80%-მა აითვისა. თუ ისინი ადრე 1 გვერდში 10 შეცდომას უშვებდნენ, სწავლის შემდეგ მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვეს – ეს რაოდენობრივთან ერთად ხარისხობრივი მაჩვენებელიცაა; 

2) შესრულებული სამუშაოს შედეგების ხარისხობრივი მაჩვენებლებით შეფასება -შესრულებულ სამუშაოთა შედეგების შეფასების მნიშვნელოვანი მეთოდია, როცა  განხორციელებულ ღონისძიებათა ხასიათი ამის საშუალებას იძლევა; 

3) ექსპერტული შეფასება – ექსპერტული შეფასება განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგების შეფასების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის არსი ის გახლავთ, რომ საბოლოო შეფასებას ახდენენ მოწვეული, კვალიფიციური ექსპერტები;

4)  საზოგადოებრივი აზრის შესწავლა – სამუშაოს შედეგების შეფასება საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგად ხდება. სკოლის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სასკოლო და სკოლის გარე თემის აზრის შესწავლა;

5) კომპლექსური შეფასებები – შეფასების აღნიშნული მეთოდი, ყველაზე რთულად განსახორციელებელია, თუმცა ამავდროულად – შედეგიანიც. იგი აერთიანებს ყველა ზემოთ აღნიშნულ პუნქტს – შესრულებულ სამუშაოთა შედეგების რაოდენობრივი, ხარისხობრივი, ექსპერტული და კომპლექსური შეფასებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შემდეგ ხდება ყველა ამ ინფორმაციის ანალიზი, განზოგადება და ურთიერთშეჯერება. 

შუალედური და კომპლექსური შეფასებისთვის შესაძლებელია შემდეგი ცხრილის გამოყენება:
 

მიზანი

აქტივობა

მეთოდი

ვადა

განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი

დადასტურება

შენიშვნა

1. ერთი წლის მანძილზე დაგეგმილი აქტივობების შედეგების
შეფასება

შუალედური შეფასება

1.ადმინისტრაციული მონაცემების ანალიზი;

2. მეორადი მონაცემების ანალიზი;

3. გამოკითხვა;

4. SWOT ანალიზი

1. –

2. –

დირექტორი

ანგარიშები;

კითხვარები;

ადმინისტრაციული მონაცემები

1. სტრატეგიული გეგმის ანალიზი

კომპლექსური შეფასება

1. ექსპერტული შეფასება;

2. გამოკითხვა;

3. მონაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი
მახასიათებლით ანალიზი

დირექტორი

ანგარიშები;

კითხვარები;

ადმინისტრაციული მონაცემები

 

კომპლექსური შეფასებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ იგი უნდა ემყარებოდეს სტრატეგიული განვითარების გეგმას, გათვალისწინებული იყოს განხორციელებულ ღონისძიებათა თავისებურებები, საბოლოო ანგარიშში დაფიქსირდეს წარუმატებლობები და აისახოს ის ფაქტორები, რამაც ხელი შეუწყო წარმატებებს/წარუმატებლობებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რადგან იგი ემყარება დირექციის მიერ მუდმივად წარმოებული თვითშეფასების ანგარიშების ანალიზს. 

კომპლექსური შეფასებისას საბოლოო შედეგების კლასიფიცირება შესაძლებელია შემდეგნაირად მოხდეს: 
ა) არ იქნა მიღწეული დაგეგმილი/მოსალოდნელი შედეგი;
ბ) მხოლოდ ნაწილობრივ იქნა მიღწეული დაგეგმილი/მოსალოდნელი შედეგი;
გ) ძირითადად მიღწეულ იქნა  დაგეგმილი/მოსალოდნელი შედეგი; 
დ) სრულად იქნა მიღწეული დაგეგმილი/მოსალოდნელი შედეგი;
ე) მოსალოდნელზე მეტად იქნა მიღწეული დაგეგმილი/მოსალოდნელი შედეგი.
შეფასების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ შეფასების ინდიკატორები არ უნდა იყოს გამოყენებული ავტომატურად. შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს დაგეგმილი ღონისძიებების თავისებურებები, რადგან ხშირ შემთხვევაში ინდიკატორები მთელ რიგ ინტერპრეტაციას საჭიროებს  და მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ კარგი შეფასების სისტემა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მონაცემების საერთო ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
მომზადებულია მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს მიხედვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“