პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

მასწავლებლის დღიური

0

 

1921 წელი

19 თებერვალი

ტაბახმელა

თბილისის მისადგომები

სუსხია. მთელი კვირა პირმშრალადაა მიწა. ხაკისფერი ლანდები მოძრაობენ აქა-იქ, იმუხლებენ, იმტვერებიან, საუბრობენ მოკლედ, ხმადაბლა. ორ-სამს მოჭიმულ ხერხემალზე ემჩნევა, მეტი რომ იგუმანა… სხვები ჯერ კიდევ გულდინჯად არიან.

– ეცადე, ფეხი არ ამოძრაო! ვიცი, რომ გტკივა. ჩემი ძმის ხომ არ გაგიგია რამე?

– ყოჩაღად უტევენ! ფრთხილად, მანდ ღრმადაა ჭრილობა.

– ვიცი! ორ დღეში უკეთ იქნები. შეგიძლია ნელა წამოდგე? მოიცა! თხილი მაქვს ცოტა, მამამ გამომიგზავნა, გამომართვი. როდემდე უნდა ვუნახო შალვას. თუ რამე შეიტყო, მომძებნე.

შავი, ტალღოვანი თმა ღრმად შეეკეცა მედდას ქუდში… ნუშისყვავილისფერ თხელ მაჯებში კვლავ გაზაფხული ედგა ჯიუტად, უცილობლად…

ცოტაც და სახელოვანი გამარჯვების ანასხლეტები კეფამდე მიაღწევდა და სამუდამო სიჭაბუკედ ამოეტვიფრებოდა…

 

2024 წელი

23 თებერვალი

თბილისი

ლიტერატურის მუზეუმი

წიგნის წარდგენა

სალომე ბენიძის „მარო“

მუშამბის ფონზე წყლისფერი კაბით ადრინდელივით უბრალო და მშვენიერია…

შინ მომყვება… ერთი თავით მაღალია, მკრთალი, მტკიცე და ისეთივე ნამდვილი, როგორიც თბილისის მისადგომებთან.

– ეს მაროა, მაყაშვილი, კოტე მაყაშვილისა, რამდენიმე წელიწადში მისი თანატოლები გახდებით… მის ოცნებებს თქვენ აიხდენთ.

– და მარო რაზე ოცნებობდა, მას?

– თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ევროპაში მოგზაურობაზე, საკუთარ შემოსავალსა და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე.

– ადვილია, მას!

– არის კი?…

 

2024 წელი

13 მარტი

თბილისი

კალიგრაფიის ცენტრი

მეშვიდე კლასი

თემა „თავისუფლების დღიურები“

ნესტან ბაგაურის კალმით ანიდან ჰოემდე ქართული ანბანის მომშვენიერება.

ამ ხნის მანძილზე არ გაგვრიდებია წყლისფერი კაბის ლანდი…

– მას, რა უნდა დავწეროთ?

– ფრაზა მაროს დღიურიდან.

– რომელი, მას?

– „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“

– ასე ლამაზად თუ შემეძლო „თავისუფლების“ წერა, არ მეგონა, მას!

– „თავისუფლება“ ლამაზად უნდა დაიწეროს!

 

2024 წელი

15 მარტი

წიგნის კლუბი

მეოთხე კლასი

თებერვალში დაწყებული ფიქრი ფიქრს იმატებს.

– ვიდრე წერილებს დაწერენ და ბოთლში შეინახავენ წიგნი უნდა წავაკითხო.

– რა წიგნი?

– თეა ლომაძის „წერილი ბოთლში“

– რაზეა?

– ზღვისშვილებზე, მეგობრებზე. საერთო ენის პოვნაზე. შემდეგ მეგობრების დაკარგვაზე, მიწის დაკარგვაზე, ზღვის დაკარგვაზე.

– ეს ჩვენ მერე იყო?

– კი, თქვენ მერე.

– ზოგჯერ, რომ ვერ მოესწრები უკეთესია…

– ზოგჯერ, რომ მოესწრები და გაუძლებ კიდევ უფრო უკეთესი…

– გაიგებენ?

– იგრძნობენ.

 

2024 წელი

30 მარტი

მეშვიდე კლასი

შეხვედრა ისტორიკოსთან

თემა „აფხაზეთი“

– თუ დააკვირდებით აღმოჩენილ წარწერებს, ფრესკებს, თუნდაც ბედიის ბარძიმს, დარწმუნდებით, რომ ჯერ კიდევ მე-9 მე-10 საუკუნეებში საქართველოს ეს კუთხე კულტურული განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა. დეგრადაცია იწყება დაახლოებით მე-17 საუკუნეში, როდესაც მომთაბარე ტომები მძლავრობენ და იკავებენ ამ კუთხის ნაწილს. ადგილობრივებთან თანაცხოვრება იძაბება მას შემდეგ, რაც სეპარატისტულ აზრს აღვივებს მესამე ძალა და ერთ მიწაზე მცხოვრებ მეზობლებს ერთმანეთს უპირისპირებს, რის შედეგადაც სამოქალაქო ომი გარდაუვალი ხდება.

– ნეტავ არ დაეჯერებინათ მტრისთვის, მას!

– რა უნდათ, მას, არ ყოფნით თავისი ტრამალები?

– აფხაზეთიდანაა ჩემი მეზობელი, განცხადება ნახა ახლახან, თავის სახლ-კარს ყიდდა ვიღაც.

– აუ, ვიღაცამ ჩემი სახლი რომ გაყიდოს და მე არაფერი შემეძლოს.

– შეგიძლია.

– რა შემიძლია, მას?

– არასოდეს დაივიწყო!

– თუ არასოდეს დამავიწყდება, ოდესმე ისევ დავიბრუნებთ?

– ამის სჯეროდა მაროსაც!

 

2024 წელი

3 აპრილი

წიგნის კლუბი

მეშვიდე კლასი

– რას კითხულობენ?

– თამრი ფხაკაძის „გიოს“

– გიო ვინაა?

– მათი თანატოლია, ეგეც აფხაზეთიდანაა.

– რაზეა წიგნი?

– ერთ ღამეში გაზრდილ ბავშვებზე, სამუდამოდ დიდებად, გმირებად და ომგამოვლილებად რომ რჩებიან. კიდევ, მაქციებზეა… ვერაგ მაქციებზე…

– მაქციობა გვძლევდა ყოველთვის… ჩვენ გიოზე ცოტა დიდები ვიყავით. მაშინ ზღვაზე არ ვფიქრობდით. თბილისისთვის უნდა მიგვეხედა.

– ზღვა გიოსთვის დედის თვალებივით ძვირფასია, დედაა გიოსთვის ზღვა.

– გადარჩა?

– გიო კი, დედა არა!

 

2024 წელი

4 მარტი

გორი

წითელსახურავებიანი სახლების რიგი

ვაშლის კვირტებს გაზაფხული აპობს ხელახლა…

– ეს ხე მართიკოსია.

– მართიკოსი?

– ჰო. ლელა ცუცქირიძის „მართიკოსი“. მამამ დაუტოვა ვიდრე შინდისში გაჩერდებოდა.

– არც ჩვენ ვიყავით შინდისელებზე მეტნი…

– ახლა მართიკო კითხლობს შენს დღიურს…

– კითხულობს? ის მაინც აიხდენს ყველა ოცნებას.

– გჯერა?

– მწამს.

 

2024 წელი

7 აპრილი

ხარება

– პირადობები არ დაგრჩეთ!

– წიგნები ხომ მოგაქვთ?

– კი, კი თან გვაქვს ნინიას „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“.

-კარგი, გავდივართ…

ნიქოზი.

ტაძრის ეზო.

მეუფე ისაია.

– პირველად რომ დაგვბომბეს, 22 ჭურვი ჩამოვარდა… სათითაოდ გვაქვს დათვლილი. ამ დღეს, ომი რომ დაიწყო ზედა და ქვედა ნიქოზელ წყვილს ჯვარი დავწერეთ, უცხოელმა სიძემ კი ნათელიღო. მერე, მოხუც ლეილასთან, კოლიასთან და ზამირასთან ვაფარებდით თავს. სოფელი არცერთს არ დაუტოვებია. ჩვენი ხელებით ამოვიყვანეთ სკოლის კედლები ხელახლა. ეს მუსიკის ოთახია. აქ ჩრდილების თეატრი. ამ ოთახში ხატვასა და ხელსაქმეს სწავლობენ ბავშვები. მალე კალიგრაფიის წრეც დაგვემატება. მობრძანდით, იქნებ ჩვენმა ბავშვებმა ერთადაც შეძლონ სიმღერა…

– მეუფეს ტაძრის ეზოში უპოვია ბუჩაჩი და ზღარბუნია. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟებიც ეგენი არიან.

– რაზეა წიგნი?

– წიგნი მამების დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზეა, საზღვრების დადგენის სისულელეზე, კიდევ, ქართული ენის მოფრთხილებასა და დიიიდ, უძლეველ სიყვარულზე.

– სიყვარულზე?

– ჰო, სიყვარულზე?

– დღემდე მახსოვს მისი თვალები…

– რაც ნამდვილია, უსაზღვროა და მარადიული…

– როგორც სამშობლო?

– როგორც სამშობლო.

2024 წელი

9 აპრილი

„აღსრულდა ნება ქართველი ერისა – გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

– ასრულდა შენი ოცნება!

– „აჰ, ძლივს, გვეღირსა, გვეღირსა, გვეღირსა!”

– გვერდებშემოლეწილი, ზღვადამცრალი, წითელსახურავებიანი, ბეჭებაყვლეფილი…

– არც არასოდეს მოგვცემია რაიმე უმსხვერპლოდ…

– არც არასოდეს…

– არც არასოდეს შერჩენია მის მაოხრებელს…

– არც არასოდეს..

– არც არასოდეს დასრულებულა ამბავი ჯვარცმით…

– არც არასოდეს…

რუსთაველის გამზირი.

მილეთის ხალხი დგას მოედანზე. აქა-იქ კრთება წყლისფერი კაბა პეპლის ფრთასავით…

ჰაერში გაზაფხულის ვარდისფერი ზეფირი დნება, სწორედ ისე, 21 საუკუნის წინ, ერთ დაუჯერებელ ღამეს, ქვაზე ჩამომჯდარმა ანგელოზმა რომ ახარა ბეთლემელ გოგოებს: „ჩვენ გავიმარჯვეთ”.

„თოლია-მანქანის“ უკვდავყოფა…

0

თუ ძლიერი ხარ, წარსულისკენ არ მიიხედო და წინ იარეო. თუ ძლიერი ხარ, მოგონებებს არ აჰყვეო. მე კი მგონია, წარსულმა უნდა გაგაძლიეროს წინ სიარულისთვის. ალბათ ამიტომ, ხშირად მიცოცხლდება უკვე კარგა ხნის წინათ ჩამოტოვებული ეპიზოდები.

 

აგერ ახლაც დედა მსაყვედურობს, რომ მორიგ არაფრისმაქნის ფანტასტიკურ ფილმს ვუყურებ, „უკან მომავალში“ ჰქვია და მთავარი გმირის „დროის მანქანას“ თოლიასებური ფრთები აქვს. მანქანა რეალურია და ჯონ დელორეინის მიერ არის კონსტრუირებული.

 

ჯონ დელორეინი დეტროიტში დაიბადა, ემიგრანტების ოჯახში. მას სამი ძმა ჰყავდა. გვარი რუმინული სიტყვის „დეალურისგან“ წარმოდგება, რაც „ბორცვებს“ ნიშნავს. მამა რუმინელი ჰყავდა, დედა უნგრელი. წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი იყო, მამა ლოთობდა კიდეც. საბოლოოდ, ოჯახიდან წავიდა და დედა ბავშვებიანად ჯონის კისერზე დარჩა. სწავლა უნდოდა და გამოსდიოდა კიდეც. სკოლა წარჩინებით დაასრულა და ლოურენსის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიაც მიიღო. შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1941 წელს ჯონი 16 წლის იყო, 18 წლისა ჯარში გაიწვიეს, სამი წლის შემდეგ დაბრუნდა, დედა და ძმები უკიდურეს გაჭირვებაში დახვდა. ამიტომ, სწავლას მოგვიანებით დაუბრუნდა, მანამდე მუშაობა იყო საჭირო. ინჟინრის დიპლომი 1948 წელს მიიღო. მანამდეც და სწავლის დროსაც ავტომობილების სახელოსნოებში მუშაობდა. მანქანები იცოდა და უყვარდა კიდეც. კოლეჯის დასრულების შემდეგ კრაისლერის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. იქვე, კრაისლერის საინჟინრო სკოლაც დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მიიღო, „მანქანათმშენებლობის“ სპეციალობით. ძალიან მალე პაკარდმა კრაისლერიდან თავისთან წაიყვანა. მისი პირველი ხელფასი წელიწადში 14000 დოლარს შეადგენდა, რაც ახლანდელი 153000 დოლარის ეკვივალენტია.

 

რა პერიოდია, იცით? ამერიკული საშუალო ფენა მდიდრდება. ჩნდება ამერიკული ოცნება, სახლით, დიასახლისი ცოლით და ორი მანქანით (ერთი ცოლისთვის). მანქანებზე მოთხოვნა იცვლება. სჭირდებათ სხარტი, მოდური, მცირე ზომის ბიუჯეტური მანქანები და არა ის ბორბლებზე მოსიარულე ხომალდები, რომლებსაც პაკარდი ჯერ კიდევ ჯიუტად აწარმოებდა. ბაზრის ათვისება დაიწყეს – ფორდმა, ჯენერალ მოტორსმა და კრაისლერმა.

 

1956 წელს ჯონი ჯენერალ მოტორსში გადავიდა. ეს ფირმა მთელ კორპორაციას აერთიანებდა. ის პონტიაკის ფილიალში ხელმძღვანელის თანაშემწედ დაინიშნა. სწორედ აქ გადაწყვიტა, შეექმნა ახალი მანქანა ახალი თაობის მომხმარებლებისთვის. ავიღოთ მცირეგაბარიტებიანი მანქანის მოდელის „ჩონჩხი“, ჩავუყენოთ ყველაზე მძლავრი ძრავა, რაც კი არსებობს და თუ ამ „წრუწუნას “ ძრავა შუაზე არ გაგლეჯს, მაშინ იდეალური მანქანა იქნება თავისუფალი, ახალგაზრდა, რისკიანი კაცებისთვისო. იგულისხმებოდა, რომ ამ კაცებს მართლაც მძლავრი სპორტული მანქანისთვის ბიუჯეტი არ ჰყოფნიდათ და რამე ბიუჯეტური ალტერნატივა იყო საჭირო. ასე დაიბადა PONTIAC GTO-პირველი Muscle car. ბიუჯეტური ორკარიანი მანქანა, რომელიც ბენზინს კი არ წვავდა, სვამდა… ოღონდ, საწვავი მაშინ იაფი ღირდა და პრობლემაც არ იყო. ძალიან დიდ სისწრაფეს ავითარებდა, ნელა ამუხრუჭებდა და უსაფრთხოც არ გახლდათ, მაგრამ იმხელა ადრენალინის მიღება შეგეძლო… ამიტომ, გაყიდვების ჩემპიონად იქცა. მართალია, არ ვიცი, რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა ამ ადრენალინს, მაგრამ დელოურენი მთელი განყოფილების უფროსად დანიშნეს. პონტიაკს სხვებმაც მიბაძეს და ბაზარზე დაუყოვნებლივ გამოჩნდა ისეთი მოდელები, როგორიც იყო, მაგ. „ფორდ მუსტანგი“ და ა.შ.

 

დელოურენმა თავი არა მხოლოდ კარგ ინჟინრად აჩვენა, არამედ საოცრად ნიჭიერი მარკეტოლოგი და სტრატეგიც აღმოჩნდა, რომელმაც თავის თაობას ახალი პროდუქტი შეუქმნა. ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ მას ჯენერალ მოტორსის შევროლეტის (Chevrolet) მიმართულების მთავარი ხელმძღვანელობაც ჩააბარეს. შევროლეტს იმ ხანად უჭირდა და ჯონმა ესეც გამოასწორა.

 

1973 წელს მოულოდნელად სამსახურიდან წავიდა და თავისი ფირმა დააარსა, DeLorean Motor Company, სადაც იმას გააკეთებდა, რასაც მოისურვებდა. სწორედ აქ გადაწყვიტა შეექმნა მომავლის მანქანა, ეკოლოგიური, ეკონომიური, უსაფრთხო. სხვათა შორის, უსაფრთხოების ბალიში სწორედ დე ლოურენის მიერ იყო პირველად ჩაფიქრებული. გასაბერი უსაფრთხოების ბალიშის სისტემა NaN3 ნატრიუმის აზიდს და კალიუმის ნიტრატის ნარევს შეიცავს. დარტყმის შედეგად მიმდინარეობს რეაქცია, გამოიყოფა გაზი, რომელიც ეგზოთერმული რეაქციის პირობებში ბალიშს ბერავს.

 

ჯონის მანქანის ორივე კარი თოლიასავით გაშლილი ფრთებივით ზემოთ ადიოდა, კორპუსი კი უჟანგავი ფოლადისგან იყო დამზადებული. მოდელის პროტოტიპი 1976 წელს იყო მზად და DMC 12 დაარქვეს. თუმცა, რჩებოდა ერთი დეტალი, საჭირო იყო მცირე ქარხანა, სადაც მოდელს მასობრივად გამოუშვებდნენ. დე ლოურენს ამდენი კაპიტალი არ ჰქონდა. ამიტომ, გადაწყვიტა სახელმწიფოსგან სესხის დახმარებით ქარხანა იმ ადგილას აეშენებინა, სადაც უმუშევრობა და გასაჭირი იყო. უამრავი ადგილის განხილვის შემდეგ არჩევანი ჩრდილოეთ ირლანდიაზე, ბელფოსტზე შეაჩერა. კი ბატონო, იმ ხანად იქ გაქანებული სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ინგლისის მთავრობამ დე ლოურენს 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა, ოღონდაც ირლანდიელები დასაქმებულიყვნენ და დაწყნარებულიყვნენ. 2000 სამუშაო ადგილი კი შეიქმნა, და პროტესტანტები და კათოლიკეები კი მეგობრულად ერთად კი მუშაობდნენ, მაგრამ აი, მანქანათმშენებლობა არავინ იცოდა. დე ლოურენს ეგონა აქაც გამოსავალი ვიპოვე და პროექტი წარმატებით დავასრულეო…

 

პირველი DMC ბაზარზე 1981 წელს გამოჩნდა. მის ყიდვაზე ისეთი ბუმი გაჩაღდა… მაგრამ, მალევე შეწყდა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. ამას ჯონისგან არავინ ელოდა. მანქანას არც ბალიში ეყენა, ძრავა V-6-ის (ვოლვო) ჰქონდა, ზოგან კარები არ იხსნებოდა, ზოგან ფანჯარა. სიჩქარეს ვერ კრეფდა.

 

რას ჰგავს ეს, ჯონ?

 

ჰო, კიდევ საწვავს ეკონომიურად კი არა, მტერივით ხაპავდა. არადა, ნავთობი ნელ-ნელა ძვირდებოდა და „შავი ოქროს “ სტატუსს იძენდა.

 

ნავთობი 1000-მდე ცალკეული ნივთიერების ნარევია. ძირითადად კი ნაჯერი, არომატული და ციკლური ნახშირწყალბადებისგან შედგება. ის შეიცავს, როგორც თხევად, ისე მასში გახსნილ აირად და მყარ ნახშირწყალბადებს. მის შემადგენლობაში გვხვდება ასევე, აზოტის, გოგირდის, აზოტის შემცველი ორგანული ნაერთებიც.

 

ნავთობის გადამუშავება ფრაქციული გამოხდით მიმდინარეობს. ეს კი ნავთობის სხვადასხვა ფრაქციის დუღილის განსხვავებულ ტემპერატურას
ეფუძნება. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გამოხდას სარექტიფიკაციო სვეტებში აწარმოებენ, ლაბორატორიაში – სპეციალურად აწყობილ ხელსაწყოში. 3000C-ზე მაღალ ტემპერატურაზე გამოხდით ნავთობის პროდუქტები იშლება. ამიტომ ამ პროცესს შემცირებული წნევის პირობებში აწარმოებენ. ასეთი გამოხდით მაზუთისგან სხვა პროდუქტებთან ერთად მიიღება ვაზელინი – მყარი და თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი. ასევე, მიიღება პარაფინი – მყარი ნახშირწყალბადების ნარევი.

 

მაზუთიდან ყველა ზემოხსენებული პროდუქტის
გამოხდის შემდეგ რჩება გუდრონი, რომელიც ჰაერზე დაჟანგვის შედეგად ასფალტად გადაიქცევა.

ნავთობის გადამუშავების პროდუქტებიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა ბენზინზეა. პირდაპირი გამოხდით დაახლოებით 15-20% ბენზინი მიიღება, რაც, ცხადია, ვერ აკმაყოფილებს მისი გამოყენების მასშტაბს. ამიტომ, შემუშავდა ნავთობის გადამუშავების მეთოდები, რომლებიც 80%-მდე ბენზინის მიღების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი მათგანი ნავთობის კრეკინგია.

„კრეკინგი” ინგლისური სიტყვაა და მსხვრევას, გახლეჩას ნიშნავს. ბენზინი C10-C20 ნახშირწყალბადების ნარევია, ნავთი და მაზუთი კი C10-ს და უფრო მაღალი
რიგის ნახშირწყალბადებისა. მათი გახლეჩით მიიღება უფრო დაბალი რიგის ნახშირწყალბადები, ანუ ბენზინის ფრაქცია.

 

 

რა ბრძანეთ? დე ლოურენს რა დაემართა?

 

მის ახლად დაარსებულ ფირმას დიდი ვალი დაუგროვდა. გადაწყვიტა გამოესწორებინა, თუმცა ფული სჭირდებოდა, ასე 6 მილიონი, რომელსაც ვერსად შოულობდა, რადგან ინვესტიციის ჩადებას მასთან უკვე ერიდებოდნენ. სწორედ ასეთ უიმედო მდგომარეობაში გაება ფბრ-ის მიერ დაგეგმილ ნარკოტიკების გადაყიდვის „თეთრი ძაფით“ ნაკერ მახეში. მალევე დამტკიცდა მისი უდანაშაულობა, მაგრამ რეპუტაცია შეელახა, ფირმა გაუკოტრდა, მომავლის მანქანა კი ბაზრიდან გაქრა.

 

1980 წელს სცენარისტმა ბობ გეილმა და რეჟისორმა რობერტ ზემეკისმა ისეთი ფილმის გადაღება გადაწყვიტეს, რომელიც ფანტასტიკურიც იქნებოდა და მხიარულიც. ეს ფილმი „უკან მომავალშია“. აი, ის მე რომ ვუყურებდი, დედა კი მსაყვედურობდა, დროს რაში ხარჯავო. მომავლის ავტომობილად სწორედ დელორენის მანქანა შეარჩიეს. 1985 წელს, გადაღებების დაწყებისას კოლექციონერებთან ძლივს იშოვეს. ფილმი ძალიან შემოსავლიანი აღმოჩნდა, ოსკარი და კიდევ რამდენიმე პრემია მიიღო. საერთოდაც, ეს ფილმი საკულტო ფილმად ჩამოყალიბდა და დელოურენმაც გულთბილი წერილით მადლობა გადაუხადა ფილმის შემქმნელებს მისი „თოლია-მანქანის“ უკვდავყოფისთვის.

 

5 წლის ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასება – ცნობები მშობლებისთვის

0

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ; ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან – ვისაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, გადაწყვეტილებას ბავშვის სკოლაში შეყვანის შესახებ მშობელი მიიღებს.

კვლევები ცხადყოფს, რომ მშობლების უმრავლესობა ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებას შვილის სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებით, რადგან ოჯახები უმეტესად ხელმძღვანელობენ მარტივი მახასიათებლებით, როგორებიცაა, ლექსების ცოდნა, ასოებისა და ციფრების ცნობა, კითხვის, წერის და ანგარიშის უნარი და ა.შ. (წყარო: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა“ https://shorturl.at/GLMQZ)

ფსიქოლოგების, პედიატრების და განათლების სპეციალისტების შეფასებით კი ბავშვის სასკოლო მზაობის დასადგენად კომპლექსური დაკვირვებაა ჩასატარებელი.

ეს სტატია, მშობლებს შვილის სასკოლო მზაობის სრულფასოვან შეფასებაში დაეხმარება. წერილში მოცემულია ამონარიდები სახელმძღვანელოდან „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“, რომელიც World Vision საქართველოსა და ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციის ავტორობით შეიქმნა. (წყარო: https://shorturl.at/jnFZ3)

რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომელიც 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში მიყვანას გეგმავს?

პირველი, რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ სკოლაში სწავლის დაწყება ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სკოლაში წასვლასთან ერთად რადიკალურად იცვლება ბავშვის გარემო, წესები, დღის რუტინა, ადამიანები და აქტივობები. ეს ცვლილებები ბავშვებში უამრავ ემოციას იწვევს, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. პირველად აღფრთოვანებასთან და მაღალ მოტივაციასთან ერთად შესაძლოა, განვითარდეს ძლიერი შფოთვა, წარუმატებლობის შიში, პროტესტი, ჩაკეტილობა, წესების დაუმორჩილებლობა, ქცევის სირთულეები და სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად სტრატეგიების მთელი რიგი არსებობს, რომელთა შორის პირველი ბავშვისა და მშობლის სკოლისთვის მომზადებაა.

რას გულისხმობს სასკოლო მზაობა და რა უნარების განვითარების ხელშეწყობაა საჭირო?

  • სოციალური უნარები – დავაკვირდეთ, როგორ გამოსდის ბავშვს ურთიერთობებში ჩაბმა, დათმობა, სხვებთან თანამშრომლობა.
  • კომუნიკაციური უნარები: დავაკვირდეთ, რამდენად შეუძლია ბავშვს თანატოლებთან და უფროსებთან კომუნიკაციის დამყარება.
  • ემოციების მართვა/რეგულაცია: რამდენად შეუძლია ბავშვს სხვისი ემოციების აღქმა, საკუთარი ემოციების გამოხატვა.
  • შემეცნებითი უნარები: დავაკვირდეთ, როგორ მეტყველებს ბავშვი. როგორია მისი ლექსიკური მარაგი, შეუძლია თუ არა დიალოგის წარმოება, სიმბოლოების ცნობა, დაგეგმვა და თანმიმდევრობის განსაზღვრა, მაგალითად, როგორ გამოსდის აპლიკაციის შექმნა, რომელსაც სჭირდება ამოჭრა, გაფერადება, ქაღალდზე დაწებება და ა.შ.
  • წიგნიერება: აქვს თუ არა ბავშვს წიგნთან და სხვადასხვა ტიპის ნაბეჭდ მასალასთან ურთიერთობის გამოცდილება?
  • ნატიფი მოტორიკა: რამდენად კარგად გამოსდის ბავშვს გაფერადება, ხატვა, გამოჭრა, კონტურების მიყოლა და ა.შ.
  • დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევები: აქვს თუ არა გამომუშავებული ტუალეტის ჩვევა? შეუძლია თუ არა პირადი ჰიგიენის დაცვა, დამოუკიდებლად კვება?
  • თვითადვოკატირება: რამდენად შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, საკუთარი უფლებების დაცვა?
  • ქცევის მართვა: დავაკვირდეთ, რამდენად შეუძლია ბავშვს საკუთარი ქცევის მართვა სხვადასხვა სიტუაციასა და კონტექსტში მაგალითად, როგორ იქცევა, როცა ისმენს „არას“, ან უწევს გადაავადოს თავისი სურვილი.
  • ყურადღების კონცენტრირება და იმპულსის შეკავება: შეუძლია თუ არა მას ერთ კონკრეტულ აქტივობაზე ყურადღების კონცენტრირება, დავალების, აქტივობის, თამაშის ბოლომდე მიყვანა? როგორ მოქმედებს მასზე გარე გამღიზიანებლები, როგორებიცაა, მაგალითად, ხმაური ან სხვადასხვა მოქმედებები გარშემო.
  • თვითკომპეტენტურობის შეგრძნება: რამდენად ეშინია მარცხის, შეცდომის დაშვების? რამდენად აქვს შეგრძნება, რომ კომპეტენტურია?

აღნიშნული უნარები სკოლის მზაობისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლამდელი განათლებისა და წინასასკოლო პერიოდში წერა-კითხვისა და ანგარიშის ათვისება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მშობელმა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად უნდა იცოდეს, 5 წლის ბავშვის ფსიქო-ფიზიოლოგიური განვითარების თავისებურებაა. კვლევის მიხედვით, 5 წლის ბავშვები განვითარების დონითა და კლასში წარმატებებით თითქმის ყველა ასპექტში ჩამორჩებიან 6 წლის ბავშვებს. ეს განპირობებულია ბავშვების განვითარების ციკლით.

  • ბავშვის ფიზიკური აგებულება: 5 წლის ბავშვის ხერხემალი არ არის მზად იმისათვის, რომ 35 წუთის განმავლობაში იჯდეს მერხზე გაჭიმული;
  • 5 წლის ბავშვის კონცენტრაცია არ აღემატება 15 წუთს: მასწავლებლები ამ თავისებურებაზე ხშირად მიუთითებენ. მათი თქმით, 5 წლის ბავშვები კონცენტრაციის ნაკლებობის გამო ხშირად ეთიშებიან საგაკვეთილო პროცესს.
  • ნებელობის განვითარების დაბალი დონე: ექსპერტები მიუთითებენ, რომ სწავლა პრინციპულად სხვა საქმიანობაა, რომელიც თამაშისგან განსხვავებულია. სწავლა ნებელობითი პროცესის გამომხატველია. სწავლის დროს მასწავლებელი გასცემს, ხოლო მოსწავლემ უნდა მიიღოს და მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უნარი, რომ შეიმეცნოს. ექსპერტების თქმით, ამგვარი ნებელობითი სისტემა 5 წლის ბავშვებში ნაკლებადაა განვითარებული.
  • ფიზიკური მოთხოვნილებები: 5 წლის ბავშვებს უფრო გამძაფრებული აქვთ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი. მასწავლებლების თქმით, ამ მხრივ ყველაზე აქტუალურია ჭამა და ძილი. მასწავლებლები ხშირად მიუთითებენ, რომ 5 წლის ბავშვები საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში იწყებენ ჭამას ან ეძინებათ.
  • მოტორიკა ნაკლებად აქვს განვითარებული: 5 წლის ბავშვებთან მოტორიკის განვითარების დაბალი დონე ვლინდება კალმის ჭერის პრობლემებში, ასოების გამოყვანაში, უჯრებში ასოების ჩასმაში და მაკრატლის დაჭერაშიც კი.

სპეციალისტების განმარტებით, მშობლის არასწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. სასწავლო პროგრამის დაძლევისას პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში ბავშვი ხელს იღებს სწავლაზე. ხოლო სწავლის პროცესში მიღებული სტრესი უარყოფითად აისახება მის იმუნურ სისტემაზე: პედიატრების თქმით, 5 წლის მოსწავლეებში იმატებს ჯანმრთელობის პრობლემები.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით, სკოლისათვის მზაობა სკოლამდელ დაწესებულებებში, წლის განმავლობაში სამჯერ, აღმზრდელისა და ფსიქოლოგის მიერ ინტენსიური დაკვირვების ფონზე მოწმდება. საბავშვო ბაღში პედაგოგის მიერ ვლინდება ის სუსტი მხარეები, რომლებიც ბავშვის განვითარებას ახლავს. შემდეგი თვეების განმავლობაში ხდება ამ სისუსტეების დაძლევაზე მუშაობა და წლის ბოლოს წყდება, არის თუ არა ბავშვი მზად სკოლისათვის. იქმნება ბავშვის ისტორია, რომელიც წინასწარ გადაეცემა სკოლის მასწავლებელს. ამგვარად, ბავშვის შესახებ ინფორმაცია სრულად აქვს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს და მისი მოსწავლეებთან ურთიერთობა მათ თავისებურებების გათვალისწინებაზეა დამყარებული.

რადგან საქართველოში ასეთი სისტემა არ მოქმედებს და სახელმწიფო სრულად მშობლებს უტოვებს არჩევანს, ოჯახებს ორი გზა აქვთ: თავად მოიძიონ ინფორმაცია და მასზე დაყრდნობით მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება ან მიმართონ კერძო სამსახურს და ბავშვის სასკოლო მზაობის დასადგენად პედიატრისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციებით იხელმძღვანელონ.

გამოყენებული რესურსები:

  • სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა“ https://shorturl.at/GLMQZ;
  • სახელმძღვანელო „განათლება უკეთესი მშობლობისთვის“ https://shorturl.at/jnFZ3.

 

 

ვიკინგები – ნავიგაციის ისტორიის შემქმნელები

0

სტატია ეძღვნება ვიკინგებს, მათ უნიკალურ და მდიდარ კულტურას. ვიკინგებს, არა როგორც მძარცველებს, რომლებიც აშინებდნენ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლებს, არამედ როგორც ახალი მიწების აღმომჩენებსა და უნიკალური ცივილიზაციის შემქმნელებს.

სკანდინავიის მკვიდრმა ვიკინგებმა დაარბიეს ბრიტანეთის კუნძულებისა და ჩრდილო-დასავლეთი ევროპის სანაპიროები. დასავლეთ ევროპაში მათ ნორმანებს უწოდებდნენ, ხოლო რუსეთში – ვარანგებს.

ვიკინგები (ნორმანები) ზღვის მძარცველები, ეს გაბედული და უშიშარი ხალხი აღმოსავლეთით სპარსეთის საზღვრებს აღწევდნენ, დასავლეთით კი – ახალ სამყაროს. ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება მემკვიდრეობით არ ეკუთვნოდათ და იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. სიტყვა „ვიკინგი“ მომდინარეობს ძველსკანდინავიური „ვიკინგრიდან“. მის წარმოშობასთან დაკავშირებით არაერთი ჰიპოთეზა არსებობს, რომელთაგან ყველაზე დამაჯერებელია „ვიკ“ – ფიორდი, ყურე. სიტყვა „ვიკინგი“ (ლიტ. „კაცი ფიორდიდან“) გამოიყენებოდა ყაჩაღების აღსანიშნავად, რომლებიც სანაპირო წყლებში მოქმედებდნენ და ყურეებში იმალებოდნენ. არის ვერსია, რომ ტერმინი ვიკინგი შეიძლება მოდიოდეს სიტყვიდან Vik – გეოგრაფიული სახელწოდება ნორვეგიის ერთ-ერთი ნაწილისა, ან Vig – ბრძოლა. სკანდინავიურ ხელნაწერებში Viking მეკობრეობას ან მეკობრულ თავდასხმას ნიშნავს, ხოლო ადამიანი, ვინც ასეთ რეიდში მონაწილეობს – Vikingr.

სადაც არ უნდა წასულიყვნენ ვიკინგები – ბრიტანეთის კუნძულებზე, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა თუ ჩრდილოეთ აფრიკაში, ისინი უმოწყალოდ ძარცვავდნენ და იპყრობდნენ უცხო მიწებს. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი დაპყრობილ ქვეყნებში სახლდებოდნენ და მათი მმართველი ხდებოდნენ.

ვიკინგები უნდა დაიყოს სამ ჯგუფად: დანიელები, შვედები, ნორვეგიელები. თითოეულ ამ ჯგუფს ჰქონდა საზღვაო მოგზაურობის საკუთარი მარშრუტი.

დანიელმა ვიკინგებმა გარკვეული დროით დაიპყრეს ინგლისი, დასახლდნენ შოტლანდიასა და ირლანდიაში, საფრანგეთის ნაწილში, რომელიც ნორმანდიის სახელით არის ცნობილი.

ნორვეგიელმა ვიკინგებმა და მათმა შთამომავლებმა შექმნეს კოლონიები ჩრდილოატლანტიკური ისლანდიისა და გრენლანდიის კუნძულებზე და დააარსეს დასახლება ჩრდილოეთ ამერიკაში ნიუფაუნდლენდის სანაპიროზე. შვედმა ვიკინგებმა დაიწყეს მმართველობა აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში. ისინი ფართოდ განსახლდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და კონსტანტინოპოლსა და სპარსეთის ზოგიერთ რეგიონსაც კი ემუქრებოდნენ.

საზღვარებს გარეთ ვიკინგები მოქმედებდნენ როგორც მძარცველები, დამპყრობლები და ვაჭრები, მაგრამ სამშობლოში ისინი ძირითადად მიწას ამუშავებდნენ, ნადირობდნენ, თევზაობდნენ და პირუტყვს ზრდიდნენ. ვიკინგების ეპოქის სოციალური სტრუქტურა ყველას თანაბარ შესაძლებლობებს არ აძლევდა. საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენა მონები (Thralls) იყვნენ. მათ ევალებოდათ ციხე-სიმაგრეების, ფორტიფიკაციების (სხვადასხვა სამხედრო-საინჟინრო ნაგებობა) მაგისტრალების, არხების, ბორცვების, გზებისა და სხვა პროექტების მშენებლობა. ტყვეები, მონების ვაჟები და ასულები, ყველაზე ბინძურ საქმეს აკეთებდნენ. მათ ყიდულობდნენ და ყიდდნენ. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მონას შეეძლო თავისუფლების მოპოვება. შემდეგი დონე კარლებს ან თავისუფალ გლეხებს ეკავათ. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი სკანდინავიურ საზოგადოებას. შემდეგ მოდიოდნენ იარლები ან მთავრები. არისტოკრატები და მათი უმცროსი შვილები იყვნენ ნამდვილი ვიკინგები. იარლები დაკავებულნი იყვნენ პოლიტიკით, მმართველობით, ნადირობით, სპორტითა და სხვა იარლებთან სტუმრობით. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, როცა იარლი მოკვდებოდა და მარხავდნენ, მისი მონები ზოგჯერ მსხვერპლშეწირვის მიზნით უნდა დაეხოცათ და მასთან ერთად დაემარხათ.

ქალები ოჯახში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ისინი ფლობდნენ ქონებას და შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ ქორწინება-განქორწინების საკითხი. მართალია, ოჯახური კერის მიღმა, ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმნიშვნელო იყო. არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ ქალი ვიკინგი მებრძოლები კაცების მხარდამხარ იბრძოდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ მათ ქალი მმართველიც კი ჰყავდათ – სახელად თირა. დედოფალი თირას მმართველობისას განივრცო დანევირკეს საფორტიფიკაციო ნაგებობები, რამაც წარმატებით შეაკავა გერმანელთა შემოჭრა. მისი ისტორია იდუმალებით არის მოცული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყვნენ მისი ოჯახის წევრები, საიდან მოვიდნენ.

დანიური ტრადიციის მიხედვით, რუნულ ქვებს კაშკაშა ფერებში ღებავდნენ და ცენტრალურ ადგილებში აღმართავდნენ, მაგალითად, საფლავის ბორცვებზე, გზაჯვარედინებზე ან გემების მსგავს სამარხებზე. როგორც წესი, ინდივიდის აღსანიშნად მხოლოდ ერთი რუნული ქვა იდგმებოდა და უფრო ხშირად, ეს პიროვნება მამაკაცი იყო. დღემდე ქალებისადმი მიძღვნილი მხოლოდ ათამდე რუნული ქვაა აღმოჩენილი, რომელთაგან ოთხი თირას ეძღვნება.

გლეხთა საცხოვრებლები, როგორც წესი, უბრალო ერთოთახიანი სახლები იყო. მდიდარი ხალხი ჩვეულებრივ ცხოვრობდა დიდ მართკუთხა სახლში, სადაც უამრავი ნათესავი იყო. ძლიერ ტყიან სკანდინავიაში ასეთ სახლებს ხისგან აშენებდნენ, ხშირად თიხასთან ერთად, ხოლო ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხის დეფიციტის პირობებში ფართოდ გამოიყენებოდა ადგილობრივი ქვა. სახურავები, როგორც წესი, ტორფით იყო მოპირკეთებული. სახლის ცენტრალური მისაღები ოთახი დაბალი და ბნელი იყო, შუაში გრძელი ბუხრით. იქ ამზადებდნენ, ჭამდნენ და ეძინათ. ზოგჯერ სახლის შიგნით, კედლების გასწვრივ ზედიზედ დგამდნენ საყრდენებს სახურავის დასამაგრებლად, ხოლო ამ გზით შემოღობილი გვერდითი ოთახები საძინებლად გამოიყენებოდა.

ვიკინგები აფასებდნენ ბრძოლაში ოსტატობას, მაგრამ ასევე პატივს სცემდნენ ლიტერატურას, ისტორიასა და ხელოვნებას. ვიკინგების ლიტერატურა არსებობდა ზეპირი ფორმით. მხოლოდ ვიკინგების ხანის დასრულებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გამოჩნდა პირველი წერილობითი ჩანაწერები. რუნული ანბანი მაშინ მხოლოდ საფლავის ქვებზე წარწერებისთვის, ჯადოსნური შელოცვებისთვის და მოკლე შეტყობინებებისთვის გამოიყენებოდა. ისლანდიური ლიტერატურის საგანძურს შორის არის გრძელი პროზაული ნარატივები, რომლებიც ცნობილია, როგორც საგები.

თავიდან ვიკინგები თაყვანს სცემდნენ წარმართ ღმერთებსა და ქალღმერთებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თორი, ოდინი, ფრეი და ქალღმერთი ფრეია; Njord, Ull, Balder და რამდენიმე სხვა საყოფაცხოვრებო ღმერთი ნაკლები მნიშვნელობის იყვნენ. ღმერთებს თაყვანს სცემდნენ ტაძრებში ან წმინდა ტყეებში, კორომებსა და წყაროებში.

ბრძოლაში სიკვდილი საპატიოდ ითვლებოდა არა მხოლოდ რიგითი ვიკინგებისთვის, არამედ ლიდერებისთვისაც.

ვიკინგების იარაღი იყო მშვილდი და ისრები, ასევე სხვადასხვა სახის ხმლები, შუბები და საბრძოლო ცული. ხმლები, შუბისპირები და ისრისპირები ჩვეულებრივ მზადდებოდა რკინის ან ფოლადისგან. ვიკინგები ჩუქურთმებით ამშვენებდნენ ხმლების სახელურებს, ჩაფხუტებს, ჯოხებს და ა.შ. ყველაზე ხშირია ცხოველების გამოსახულებები: ლომები, გველები, მტაცებელი ფრინველები. ვიკინგების ფარებს ჰქონდა მრგვალი ან ოვალური ფორმა. როგორც წესი, ფარებს ამზადებდნენ ცაცხვის ხის მსუბუქი ნაჭრებისგან. დაცვის მიზნით მეომრებს ასევე ეცვათ ლითონის ან ტყავის ჩაფხუტი, ხოლო თავადაზნაურობის მეომრები ხშირად ატარებდნენ ჯაჭვის პერანგს.

რქიანი ჩაფხუტი

ვიკინგებს ხშირად გამოსახავდნენ თავზე რქიანი ჩაფხუტით. სინამდვილეში, სკანდინავიურ გარდერობში მსგავსი არაფერი იყო. აღჭურვილობის ეს ნაწილი არარეალურია. მითი „რქიანი“ ჩრდილოელების შესახებ კათოლიკურ ეკლესიაში წარმოიშვა, რომელიც მათ ეშმაკებთან აიგივებდა. ვიკინგები ხშირად თავს ესხმოდნენ ეკლესია-მონასტრებს და ძარცვავდნენ მას. სავსებით ბუნებრივია, რომ ისინი ეშმაკებად გამოაცხადეს და მეტი ავთენტურობისთვის რქიანი ჩაფხუტებით „აღჭურვეს“. სინამდვილეში, ასეთი არტეფაქტი ვიკინგების ხანის არცერთ სამარხში არ არის ნაპოვნი.

საზღვაო მოგზაურობის მიზეზები არ ეფუძნებოდა მხოლოდ ზღვისპირა ტერიტორიების ძარცვით გამდიდრების სურვილს. საზღვაო მოგზაურობის ძირითად მიზეზად სკანდინავიის კუნძულებზე შიმშილობა და მოსახლეობის მკვეთრი მატება მიიჩნევა. ამ მხრივ, ისედაც ღარიბ სკანდინავიურ მიწაზე საკვების დეფიციტი გაჩნდა და საჭირო გახდა საკვების ალტერნატიული წყაროების ძიება.

გარდა ამისა, სკანდინავიელებს შორის ძალაუფლებისა და მემკვიდრეობისთვის ომი ყოველთვის მძვინვარებდა. აღარ ჰქონდათ არაფერი მშობლიურ მიწაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ საჭირო იყო ახალი მიწების დალაშქვრა.

ვიკინგებმა გამოიგონეს შესანიშნავი ხომალდები, რომლებსაც შეეძლოთ ცურვა არა მხოლოდ სანაპიროზე და მდინარეების გასწვრივ, არამედ ღია ოკეანეშიც. ამ გემებს დრაკარები უწოდეს. ეს იყო პატარა გემი იალქნებით და მცირე რაოდენობის ნიჩბოსნებით.

ნორმანები საიმედო საზღვაო გემების გარეშე საზღვაო თავდასხმებსა და ხანგრძლივ მოგზაურობებში ვერასოდეს მიაღწევდნენ წარმატებას. ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ვიკინგებს სჭირდებოდათ საიმედო გემები. ვიკინგები ევროპაში საუკეთესო გემთმშენებლები იყვნენ. მეკობრეების დასარბევად მათ ვიწრო გრძელი გემები ააგეს, რომლებზედაც შეეძლოთ ნაპირზე ბურჯის გარეშე დაშვება.

ვიკინგები უნიკალურ გემებს მშვიდობიანი დანიშნულებებისთვისაც აგებდნენ. მათ დაამზადეს სწრაფი და ადვილად სამართავი ხომალდები – knorrs, რომლებიც 30-მდე ადამიანს იტევდა. ეს იყო სავაჭრო გემი. მას იყენებდნენ დიდი რაოდენობით ტვირთის გადასატანად. მას უფრო ფართო და ღრმა კორპუსი და ცოტა ნიჩაბი ჰქონდა, რომლებიც ძირითადად პორტებში მანევრირებისთვის ან მსგავსი სიტუაციებისთვის გამოიყენებოდა. ცხოველები და საქონელი მათ ქვედა ნაწილში ჰყავდათ. გემები დიდი კვადრატული აფრების ქვეშ მოძრაობდნენ, თუმცა ზოგჯერ ნიჩბებსაც იყენებდნენ. ამ გემების მინუსი ის იყო, რომ ისინი არ იყვნენ შესაფერისი ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს გემბანზე ტყავის ჩანთებით ეძინათ, ანუ თანამედროვე საძილე ტომრები ვიკინგების გამოგონებაა.

„მზის ხომალდი“ – ძეგლი ვიკინგ დრაკარებისთვის, რომლებმაც დაიპყრეს ისლანდია.

დრაკარების („დრაკონების“) კონსტრუქციის საიდუმლო – ნორმანული გრძივი გემები – დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მხოლოდ უძველესი ნახატებიდან და გობელენებიდან ვიცით, რომ გრძელ ხომალდებს ჰქონდათ ბასრი, მაღლა აწეული მშვილდი და ერთი ანძა სწორი აფრით. 1880 წელს ნორვეგიის ფიორდის ნაპირზე, ქალაქ გოკსტადიდან არცთუ ისე შორს ფერმაში, არქეოლოგებმა გათხარეს სამარხი, რომელშიც ვიკინგების ერთ-ერთი უდიდესი გრძივი გემი აღმოაჩინეს. მისი სიგრძეა დაახლოებით 23 მ. და სიგანე 5,1 მ.

დრაკარის მუზეუმი ოსლო, ნორვეგია.

ასეთი გემებით ვიკინგებს შეეძლოთ, წამოეწყოთ ხანგრძლივი ლაშქრობები და ეწარმოებინათ ახლად აღმოჩენილი მიწების კოლონიზაცია. სწორედ ხომალდები იყო ვიკინგთა მთავარი იარაღი ლაშქრობების პერიოდში. მათ მნიშვნელოვანი რელიგიური დატვირთვაც ჰქონდათ. ჩვეულებრივი იყო ბრძოლაში მოკლული ან დაღუპული იარლის დაკრძალვა (როგორც ვიკინგების ლიდერს ეძახდნენ) თავის გრძელ გემთან ერთად.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვიკინგები ნავიგაციის ისტორიის შემქმნელები არიან.

ვიკინგებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტგვერდებზე: https://www.history.co.uk/shows/vikings/articles/the-history-of-the-viking-age ; https://www.britannica.com/topic/Viking-people ; https://indigoirk.ru/ka/erik-ryzhii-kratkaya-biografiya-eirik-ryzhii-skandinavskii/

 

 

შეცდომების რაობა და მნიშვნელობა

0

ჩვენ არ ვცნობთ შეცდომებს, მათ მნიშვნელობას.

აღვიქვამთ შეცდომებს, როგორც რაღაცას, რასაც ყველა შესაძლო ხერხითა და საშუალებით უნდა აარიდო თავი. როგორც რაღაცას დასამუნათებელს და გასაკილავს.

შეცდომებისადმი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა და ასევე, აღზრდის კულტურა ზოგადად, არაჯანსაღ მიმართებებს აყალიბებს. „შეცდომა დასაძრახია!“, „ძირს შეცდომები“, „თუ შეცდომას დაუშვებ, იწვნევ მწარე შედეგებს!“ „შეცდები და მწარედ განანებ!“ – ლოზუნგებად რომ ჩამოვაყალიბოთ, ფრაზებად რომ დავწუროთ ეს ყველაფერი, ამ შეძახილებს მივიღებთ.  შეძახილები იმ ძალისაა, მთელი ცხოვრება რომ შეიძლება გაჰყვეს ადამიანს.

შეცდომების თავიდან არიდებასა და პერფექციონისტული მოლოდინების ჩანერგვას ბევრი უარყოფითი რამ მოჰყვება შედეგად. მოსწავლეებს სიახლის ძიების, ძალების მოსინჯვის, სითამამის, ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის გამოვლინების, მცდელობების შიში უჩნდებათ. შემოქმედების პროცესით ტკბობის ნაცვლად შედეგზე (საუკეთესო შედეგზე) ორიენტირებულები ხდებიან. განვითარების გზას იზღუდავენ, იმიტომ, რომ განვითარება მაშინ დგება, თუკი საკუთარ შეცდომებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენის საშუალება მომეცემა. თუ ყველაფერი მიფასდება „კარგია“ და „ცუდია“ კატეგორიებით, თუ შეფასება არის 5, 6, 7, 8, 9 ან 10 – ვექცევი „ციფრულ მახეში“ და იმაზე ვფიქრობ, როგორ შევფასდები. ნაკლებს ან სულ ვერ ვფიქრობ იმაზე – რას ვისწავლი, რას შევიმეცნებ, როგორ გავიფართოებ თვალსაწიერს, როგორ განვვითარდები. შეცდომებისადმი სხვების მიმართება ჩვენსავე საკუთარ მყარ მიმართებებს გვიყალიბებს – სირცხვილის განცდა, სასჯელის შიში, ამ უარყოფითი შეგრძნებების თავიდან ასარიდებელი მექანიზმების შემუშავებისას კი სხვადასხვა სტრატეგიას მივმართავთ – ან თავდაუზოგავი და არაჰიგიენური მუშაობა/შრომა, ან მიჩუმათება და მიჩქმალვა – ჯობია ვიყო ჩუმად, ვიდრე დავუშვა შეცდომა და ამის გამო „მივიღო საკადრისი“.

არადა შეცდომები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეცდომებს დავუშვებთ მუდამ, მთელი ცხოვრების განმავლობაში და თუ არ გვეცოდინება მათი მნიშვნელობა, მათი რაობა და გამკლავების გზებს თუ არ ვისწავლით, ძალიან ბევრს მოვიკლებთ.

შინაგანი ხმები

ჩვენ – მშობლები და მასწავლებლები – ზოგჯერ შინაგან ხმებად ვიქცევით ხოლმე.

ჩვენი შვილების, მოსწავლეების „იდუმალ ხმებად“, საკვირველ ხმებად. მხარდამჭერ ან პირიქით, მომცელავ, დამაბრკოლებელ ხმებად.

დააკვირდით ამ ჩამონათვალს ყურადღებით. აქ თავმოყრილია შეფასებითი, განსჯითი ფრაზები. ფრაზები, რომლებსაც შეცდომების დაშვების შედეგად ან შეცდომებზე საპასუხოდ ვაგებებთ შემმეცნებლებს.

„დებილი რომ იყო, თავს დაგანებებდი!“, „იმას თუ შეუძლია, შენ რა გჭირს!“, „არ გაქებ, არ გეგონოს რამეს მიაღწიე!“, „შენ მეტი მოგეთხოვება!“, „თავში არ აგივარდეს! კარგი კია, მაგრამ ნახე რამდენი შეცდომაა!“, „მეტი შეგიძლია!“, „შენგან ამას არ ველოდებოდი“, „ეს ხარ სულ?!“, „როდემდე უნდა იყო ასე!“, „ზარმაცი, უქნარა, უვარგისი ხარ!“, „ყველა გჯობია!“, „სხვას თუ გამოსდის, შენ რა გჭირს!“, „ქულა არ გეკუთვნის!“, „ჭკუა გაქვს საერთოდ?“ ,“ჩამორჩენილი ხარ!“,  „შენ ვერ გაუმკლავდები ამას!“, “რატომ არ შეგიძლია N-სავით შენც?“, „ნიჭი არ გაქვს!“, „შენ ვერ გაიგებ“, „სულ როგორ უნდა აცდენდე!“, „რა გეშველება!“ „არ ვარგა! დაჯექი, ორიანი!“ …

ეს ფრაზები მოზარდებისგან „ავკრიფე“. „მოსავალი“ ორ სხვადასხვა კლასში „ავიღე“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც მათ დაასახელეს, როგორც ყველაზე გამაღიზიანებელი, დამთრგუნველი, ერთმა თქვა და მომეწონა – „მომცელავი“ ფრაზები.

ასე იზრდებიან შიგანში შინაგანი ცენზორები, შინაგანი კრიტიკოსები, რომლებიც თავს მაშინ წამოყოფენ ხოლმე, როდესაც ქმედება, თვითგამოხატვა, გამოთქმაა საჭირო.

“ბავშვებთან საუბარი განსაკუთრებული ხელოვნებაა, რომელსაც თავისი კანონები აქვს“ – ამბობს ჰაიმ ჯინოტი წიგნში „მშობელსა და შვილს შორის“.

რა გზავნილებს ვუტოვებთ ჩვენი „ხმოვანი შეტყობინებებით“ მათ?

საცდელი თაგვები და დასწავლა სასჯელი-წახალისების მეთოდით

შეფასება სასკოლო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ასე იყო ოდითგანვე, ახლაც ასეა და იმედია, ასე აღარ იქნება მომავალში. შესრულებულ სამუშაოებში, მოსწავლეთა ნააზრევში, ნაფიქრში, ნაწერში, გაკეთებულში სისტემა ეძებს და „აწითლებს“ შეცდომებს. მეტწილად სწორედ შეცდომების აღმოჩენასა და გამოსწორებას ვასწრებთ და ვახერხებთ. რასაკვირველია, შეცდომების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. შეცდომების გამოსწორება სავალდებულოა. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც პროცესი ამაზეა მიმართული და სხვა ასპექტები ნაკლებადაა გათვალისწინებული. გვავიწყდება, რომ შეცდომების გარდა ნამუშევარში, ნაფიქრში, გაკეთებულში არის შესანიშნავი და აღსანიშნავი დეტალები.

ამ სისტემისგან, ამ მატრიცისგან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანია შევყოვნდეთ. მარათონულ რბოლას ჰგავს სასწავლო სემესტრი.

მოსწრებაზე ვართ.

ამ მოსწრებისას, ამ დოღში, დაუღალავად ვაფასებთ და ვაფასებთ. ვაწერინებთ შემაჯამებლებს. ამ შემაჯამებლებში გამოვყოფთ და ვამინუსებთ შეცდომებს. ვაკლებთ ნიშნებს. ვწერთ ნიშნებს. ვთხოვთ ნიშნების გამოსწორებას შვილებსა და მოსწავლეებს. და გვავიწყდება, რომ ნიშნებისა და შეცდომების მიღმა არსებობს შემეცნების თავგადასავალი. შემეცნების მრავალწახნაგოვანი პროცესი. შემეცნების წყურვილი.

ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა. არა მხოლოდ შეფასებისა და აღიარების მსურველი, არამედ შემმეცნებელი. ადამიანი არ არის საცდელი თაგვი, რომელსაც სასურველ შედეგს დავასწავლით სასჯელისა და წახალისების გზით. ჩვენი სისტემა დღეს სწორედ ასე მუშაობს – კარგი შედეგები წახალისდება კარგი ნიშნებით. ცუდი შედეგები „დაისჯება“ ცუდი ნიშნებით.

„ცუდია“ – „კარგია“ კატეგორიებს მიღმა არსებობს მთელი სპექტრი

მთელი საბადო აუთვისებელი და გამოუყენებელი მეთოდებისა და სიტყვიერი, განმავითარებელი გზავნილები ამ არსენალშია. გზავნილის ნაცვლად შეფასება მინდოდა დამეწერა და გადავიფიქრე. გადავხაზე და გზავნილით ჩავანაცვლე. გზავნილი, სიტყვიერი კომუნიკაცია, კატეგორიებს მიღმა ურთიერთობა ისაა, რაც სისტემას აკლია. ისაა, რაც კარგმა მასწავლებელმა ყოველდღიურ პრაქტიკაში უნდა დანერგოს.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს, რომლებიც კონკრეტული მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ურთიერთობის ეს ფორმა მეც დამეხმარა და მოსწავლესაც. ეს ორმხრივი სარგებლის მქონე აქტია – მე მეხმარება, გავიზარდო, როგორც მასწავლებელი. ვისწავლო შემჩნევა. ვისწავლო კატეგორიებს მიღმა დანახვა და შეფასება.

უფრო სწორად კი – დაფასება.

სწორედ ასე. ახლაც შევცვლი ამ აღსანიშნს. მაშ – დაფასება შეფასების ნაცვლად.

მოსწავლეს ამ ტიპის კომენტარები ცხადად უჩვენებს, რომ ღირებულია ყველაფერი, რასაც ის აკეთებს და წარადგენს. ღირებულია მცდელობა, ღირებულია არა საუკეთესო შედეგი, არამედ ქმედების პროცესი. ღირებულია გაბედულება – აწიოს ხელი და დასვას კითხვა. ღირებულია გამბედაობა, ჩააბაროს არასრულყოფილი, მაგრამ ნაფიქრი დავალება. ხელნაწერი, რომელშიც მთელი აბზაცებია გადამუშავებული, გადახაზული და ხელახლა დაწერილი.

„დღევანდელ გაკვეთილზე შენ დაიმსახურე უმაღლესი შეფასება აქტიური მოსმენისა და საინტერესო კითხვების დასმისთვის, რომლებზე პასუხების გაცემითაც სხვებმაც შეიტყვეს ის,რაც არ იცოდნენ“.

„მნიშვნელოვანი იყო შენი საკლასო აქტიურობა/ჩართულობა. საინტერესო პასუხების გაცემა სამსჯელო კითხვებზე. მაღალი ქულით გიფასდება მსჯელობაში მონაწილეობა, არგუმენტირების მცდელობა, პოზიციის სიცხადე. ტექსტი რომ გქონოდა ბოლომდე წაკითხული, იქებოდა უმაღლესი შეფასება“.

„ყოჩაღ! მოულოდნელი და საინტერესო არჩევანი გქონდა გაკეთებული. ძალიან კარგი იყო შენი ზეპირი წარდგენა. შემდეგ ჯერზე დააკვირდი, რა პოზაში წარდგები ხოლმე აუდიტორიის წინაშე. წინასწარ იფიქრე ამაზე. შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი მდგომარეობა. სხეული კომფორტულად და კარგად რომ „გრძობდეს თავს“ სივრცეში. შინ ივარჯიშე. წარმოიდგინე, რომ მსმენელების წინაშე ხარ. როგორ დგახარ? ხელები სად და რა პოზიციაში გაქვს? ჟესტიკულაციისას რამდენად მკვეთრია მოძრაობები? საით იცქირები?“

 

„რვეული დროულად გაქვს ჩაბარებული, მასალები მოწესრიგებულია, მაგრამ ბევრი რამ აკლია. მაგალითად, არსადაა უძველესი და მცირე ეპიკური ჟანრების შედარებითი ანალიზი, მინიატიურა [თეორია და შენი საკუთარი მცდელობა], პუბლიცისტური წერილის სამუშაო ფურცელი. გასაუმჯობესებელია წერითი მეტყველება. არ დაიზარო – იკითხე და წერე. კითხვა ლექსიკურ მარაგს შეგივსებს. შემიძლია გირჩიო კარგი ქართველი ავტორების ბლოგები და ვიდეოჩანაწერები.  ყოველთვის საინტერესოა შენი ზეპირი კომენტარები საკლასო განხილვებისას. დისციპლინა და ბეჯითი მუშაობა საგრძნობლად დაგეხმარება შენი შესაძლებლობების კიდევ უფრო უკეთ წარმოჩენასა და განვითარებაში…“

 

მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ, რომ არცოდნის გაცხადება, არცოდნის ხარისხის გაცნობიერება სასარგებლო სამუშაოა და ცოდნა ამ სამუშაოს გარეშე ვერ „შენდება“. არცოდნის გაცხადების გზაზე შეცდომები საუკეთესო მანიშნებლებია.

ეს გზა შემეცნების გზაა.

ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი, ღირებული და უსასრულო.

შეფასება „საუკეთესოა“ ამ გზაზე უფრო ხშირად ჩიხია.

გზა კი მით უფრო საინტერესოა, რაც მეტია საკვლევი, სასიარულო, შესამეცნებელი, სანახავი და გამოსაცდელი. ყველა ამ შესაძლებლობას სწორედ შეცდომების დაშვებით და მათი გამოსწორების ბილიკების ძიებით შევძლებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობები მშობელთა ჩართულობისთვის – ერთი დღე ბავშვებთან და ბავშვობაში

0

სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის განვითარებისათვის. თანამედროვე ეპოქაში მშობელი ნაკლებად არის ჩართული სასწავლო პროცესში. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. სასურველია, პედაგოგებმა გადავდგათ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯები მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გასაზრდელად. სწორედ ამ მიზნით, შეიძლება დაიგეგმოს საინტერესო ღონისძიება. გიზიარებთ, უკვე განხორციელებულ აქტივობებს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ. წარმოდგენილი აქტივობები დაიგეგმა დედის დღის აღსანიშნად.

აქტივობების დასახელება/აღწერა

  • ამოიცანი საკუთარი შვილი

მოსწავლეები წინასწარ ავსებენ ბარათებს საკუთარი დედის შესახებ. მასწავლებელი კითხულობს, მშობელმა უნდა ამოიცნოს ვისი ნააზრევია.

  • მოირგე მოსწავლის როლი „ბუშტებზე ხატვა“

მშობელი მოსწავლის როლს ირგებს და ასრულებს დავალებას, ბუშტებზე ხატავენ და წერენ სურვილებს. მუშაობა მიმდინარეობს ჯგუფურად.

  • დაასრულე ფრაზა

ყუთში მოთავსებულია ბარათები, რომლებზეც დაუსრულებელი ფრაზაა. მშობელი იღებს ბარათს და ასრულებს ფრაზას.

მადლობის ბარათის გადაცემა

პოზიტიური დამოკიდებულების გამყარების მიზნით მშობლებს მათთვის დამზადებული მადლობის ბარათები გადაეცემათ.

აქტივობების მიზანი

  • მშობლებთან პოზიტიური დამოკიდებულების დამყარება;
  • მშობლების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა;
  • სასიამოვნო ემოციების ურთიერთგაზიარება;
  • მოსწავლეებში პატივისცემის გრძნობის გაღვივება;

 

უნდა აღინიშნოს, რომ

  • აქტივობების გამოყენება განსაკუთრებულ რესურსებსა და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად გეგმავენ გასართობ, სახალისო აქტივობებს, თამაშებს.

გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო მიგნება:

  • მოსწავლეებმა ემოციურად აღიქვეს მშობლების მიერ მოსწავლის როლი მორგება;
  • მშობლებში პასუხისმგებლობა გაზარდა აქტივობაში უშუალოდ მონაწილეობის/ჩართულობის აუცილებლობამ, რაც გამოიხატა იმით, რომ უკლებლივ ყველა მშობელი მოვიდა და იყო შვილის გვერდით, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ვერ ან არ მოსულიყვნენ;
  • პროცესი იყო სახალისო და სასიამოვნო.

შედეგი:

  • პროცესმა მშობლებში დადებითი ემოციები გამოიწვია. მათ გამოხატეს შემდგომი თანამშრომლობის მზაობა;
  • სხვადასხვა კუთხიდან დაინახეს საკუთარი შვილები;
  • მოსწავლეებში გაღვივდა მშობლის მიმართ პატივისცემის გრძნობა;
  • მშობლებმა საკუთარი თავი წარმოიდგინეს შვილის როლში და უკეთ გაიაზრეს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები;
  • გაიაზრეს, რომ მშობლის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

 

 დანართები:

მოსწავლეების წინასწარ შესავსები ბარათები

(აღნიშნული ბარათები აღებულია საგანმანათლებლო მიზნით შექმნილი ერთ-ერთი სოციალური ქსელიდან)

მშობლები – ბუშტებზე ხატვა

დავასრულოთ ფრაზები

მიხარია, როცა……

შვილს ვუბრაზდები, როცა…

არ მომწონს, როცა

მასწავლებელი…..

მომწონს, როცა ჩემი შვილი….

არ მომწონს, როცა ჩემი შვილი…

ვბრაზდები, როცა…

მწყინს, როცა…

მიყვარს, როცა…

არ მიყვარს, როცა…

მომწონს, როცა მასწავლებელი…

არ ვიზიარებ…

ჩემი შვილის კარგი თვისებაა…

ბედნიერი ვარ, რადგან…

ჩემმა შვილმა არ უნდა დაივიწყოს…

მადლობის ბარათი მშობლებისთვის

დარდისას გეტყვი

0

მიხო მოსულიშვილის შემოქმედება პირველად სტუდენტობაში გავიცანი, როცა მისი რომანი-ბესტსელერი „უჟამო ჟამის რაინდი“ ჩამივარდა ხელში. სულმოუთქმელად წავიკითხე, დიდხანს გამყვა მისი რაინდულ-რომანტიკული სურნელი და რაღაცნაირად უცხო, აქამდე უცნობი სევდა – ამ წიგნის პერსონაჟთა განწირული ბედისწერა…

მას შემდეგ ამ მწერლის მიმართ მუდმივი ინტერესითა და მოლოდინით დავიყურსე. ბევრი დრო გავიდა და ამ დროში მიხო მოსულიშვილმაც არაერთი წიგნი დაწერა – ზოგი რომანი, ზოგიც მოთხრობები და პიესები. აგერ, სულ ცოტა ხნის წინ, პირველი პოეტური კრებულიც გამოსცა და დიდადაც გაახარ-გააოცა ერთგული მკითხველი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მისი პროზა პოეტური ალუზიებით ისედაც დამუხტულია, მაინც ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ თურმე მთელი ეს წლები, მიხო მოსულიშვილი ლექსებსაც წერდა – კარგ, სევდიან, სალაღობო-სასიმღერო ლექსებს და ბოლოს ადგა და მათაც ერთ წიგნში მოუყარა თავი. „სიჩუმეს ვხედავ“ – ასე ჰქვია ამ პოეტურ კრებულს და მე ასე ვიტყოდი, რომ ის ერთგვარი „თანამოსასმენია“ თავად მწერლის პროზაული შემოქმედებისთვის, გნებავთ – თქვენი პირადი მკითხველური განწყობებისთვის, რადგან ესაა ის „სიმღერები“, რომლებსაც მწერალი მთელი ცხოვრება, ტექსტსა და ტექსტს, ტკივილსა და ტკივილს, ლხენასა და ბედნიერებას შორის ამოიძახებდა ზოგჯერ ბლუზის, ზოგჯერ ჯაზის, როკის ანდაც ეთნოროკის მოტივზე…

თუმცა მე ახლა ისევ პროზაულ კრებულზე მინდა ლაპარაკი. ისიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ (2023-ში) დასტამბა გამომცემლობა „ბაკმმა“ და სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, მინიატიურებს, კინოსცენარებს თუ ესეებს აერთიანებს. „დარდისას გეტყვი“ ჰქვია მიხო მოსულიშვილის ამ კრებულს, რომელიც შეუმჩნევლად არაფრით არ უნდა ჩაიკარგოს ამ ჩვენს ზედოზირებულად ინფორმაციულ ჟამში, რადგან ეს არათუ მწერლის, არამედ ბოლო დროის პროზაულ კრებულებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო და ღონიერი კრებულია.

მწერალს დარდს რა გამოულევს და თუ რამე სათქმელი აქვს, ისედაც ხომ დარდში უნდა ამოაწოს, ამაში ჩანს მისი ჰუმანიზმიც, მისი მხატვრული ამოცანაც და ამ ამოცანის ამოხსნის ოსტატობაც, თუმცა მიხო მოსულიშვილის წიგნის შემთხვევაში კიდევ სხვა ამბავთანაც გვაქვს საქმე – ეს მოთხრობები და სცენარები, წერილები და მინიატიურები დარდის ძარღვით რომ შეკრა, მკითხველის ყურადღებაც და განწყობაც ბუნებრივად მიაბა ერთ კონკრეტულ სივრცეს, ერთ კონკრეტულ მხატვრულ-იდეურ სამყაროს (რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა უსივრცო და უსაზღვროცაა!) – მიხო მოსულიშვილის დარდი ქართული დარდია, თუკი ვიტყვით, რომ დარდს წარმოშობა და ხასიათი აქვს; თუკი ვიტყვით, რომ ამ ქართულ დარდსაც თავისი დიდი ტრადიცია აქვს და ვინ იცის, ეგებ მის შუქზეც ჩამოიქნა და მოინიშნა ეს ჩვენი ეთნო-ეროვნული მენტალური და კულტურული სხეული… ამ დარდის სათავეებთან ის პირველი მექართულე დგას, რომელმაც ამ ენაზე სამყაროს ხედვა ამოკაწრა, ღვთისა და კაცის წინაშე დიალოგი წარმართა, ვინც მოკვდავთა სამყოფელს „წუთისოფელი“ დაარქვა და ამ ხორბლისფერ სიტყვაში ჩაწურა მთელი კაცობრიული სევდა წარმავალისა…

ამ დარდის ტრადიციაში დგანან შოთაც და ვაჟა-ფშაველაც, აქეთ კიდევ – გოდერძი ჩოხელი, რეზო ინანიშვილი, ჯარჯი ფხოველი… ვაჟამ საერთოდაც მწვერვალზე აიყვანა ეს სულისკვეთება – „ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულიო“, რომ თქვა, ეს წუხილია – ქრისტეს შენგრეული ფერდიდან ნაჟური სისხლით ნაპოხი და მოყვასისთვის ბრძოლის ველზე გაშლილი, როგორც მეწამული ნიავი, სულიწმიდის საცისკრო ჩამოქროლება!.. მიხო მოსულიშვილიც ამ წუხილის მემკვიდრეა, ამ ტრადიციაში დგას, ამიტომაც აირჩია დარდი მხატვრულ საზრისად, ან შესაძლოა პირიქითაც იყოს – დარდმა აირჩია და ატარებს თავის ნებაზე, ატარებს და აწერინებს.

ამიტომაცაა მისთვის ვაჟა-ფშაველა უმთავრესი ღმერთი. მკითხველმა კარგად იცის მიხო მოსულიშვილის შესანიშნავი მონოგრაფია ვაჟაზე და ამ კრებულშიც არაერთი წერილი და მინიატიურა ვაჟას ეძღვნება, მის შემოქმედებასაც და ბიოგრაფიასაც. ამ რეფლექსიას კი „ვაჟას ფორმულა“ აგვირგვინებს, „გამოყვანილი მისი სამი შედევრიდან: „სტუმარ-მასპინძელი“, „ალუდა ქეთელაური“ და „გველისმჭამელი“: ადამიანი რომ დაიბადება, ამ ერთი ბეწო დედამიწაზე რომ მოვა, უკვე სტუმარია, როგორც ზვიადაური; იმავდროულად მასპინძელიცაა, როგორც ჯოყოლა ალხასტაისძე ანდა უმშვენიერესი აღაზა; და კაცობრიობის წინ წასაწევად ალუდა ქეთელაურის ნაბიჯის გადადგმა ევალება მაღლით – უფლისაგან, რომ შეიყვაროს მტერი თავისი და არა გველისმჭამელი მინდიასი, ბუნების გაგების ნიჭის დამკარგავისა თავისივე ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად და ამის გამო თავისმკვლელისა…“.

მიხო მოსულიშვილის დარდებში (გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდაც“ გაიხსენე, მკითხველო!) ერთი ღონიერი დარდი საქართველოს ოკუპაციაა, ომი და დაკარგული მხარეები. 2008 წლის აგვისტოს ომს ორი მოთხრობა ეძღვნება – „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ და „ომის ფარდაგები“. გიორგი ანწუხელიძის შარავანდედიანი აჩრდილი გაკრთება მოთხრობაში „ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ – სოსიპატრე მარიამიძეს, მეფუტკრე ფილიმონას ბიჭს ომში ვაჟი მოუკვდება – ლევანი. შვილმკვდარი და თავადაც სამუდამოდ დახეიბრებული მამა შვილის სახელზე მცირე ჰესს ააგებს და ამ ჰესით მოპოვებულ შუქზე ნათდება ერთი დედათა მონასტერი, ერთი მტკაველი მიწა, ერთი სოფლის ჩამონაჭერი… ასე გარდაისახებიან გმირები სინათლის გამჩენებად, ურწყულის დამრწყულებლებად და სიცოცხლის გამღვივებლებად – ეს მწერლის დაუეჭვებელი რწმენაა და მოთხრობაც ამ შუქითაა განათებული.

„ომის ფარდაგებში“ სტუმარ-მასპინძლობის ამბავია – მოხუცი თეკლა, რომელიც ორიოდე მოხუცთან ერთად შემორჩა დაბომბილ და მიტოვებულ სოფელში, ოდესღაც მისი უბნის ბავშვთა სახლში გაზრდილ და ახლა მტრად მოვლენილ რუს ტყვეს შეიფარებს. ამ ტყვეს არც მაშინ გაწირავს, როცა ბრძოლაში მოკლულ შვილიშვილს მოუსვენებენ და მისი მარტოს დაკრძალვა უწევს, რადგან მიწის მიმყრელიც აღარ დარჩენილა გარშემო… თეკლა გასაოცარ ფარდაგებს ქსოვს. კუბოს რომ ვერ შეკრავს, შვილიშვილს ერთ ფარდაგში გამოახვევს და ისე დაკრძალავს… ამ სახე-ხატში ქრისტიანული მეტაფორაცაა – ხორბლის მარცვალი რომ ჯერ მიწაში უნდა დაიმარხოს, შთაიფლას, რათა მისგან მორჩი გაღივდეს და ბალახად (ახალ სიცოცხლედ) ამოვიდეს/აღდგეს; ხოლო კუბოს ფიცრების ნაცვლად ხელით ნაქსოვი ფარდაგით მიცვალებულის იმქვეყნად გაცილება ადამიანური შემოქმედების უკიდურეს განწირულებასაც ნიშნავს და სიკვდილ-სიცოცხლის ზეიმურ შერწყმასაც – ეს ყველაფერი შემოქმედებას შეუძლია, ამ საკრალურ აქტებს შემოქმედება სწვდება და ალამაზებს!

ომის და საზღვრების თემა მიხო მოსულიშვილისთვის მნიშვნელოვანია, ხშირად უტრიალებს მას აღმოსავლეთითაც და დასავლეთითაც – საზღვრები, როგორც კონფლიქტის ინსპირაციაც და როგორც ეგზისტენციალური სანიშნები. ამ ტრაექტორიაში კი საქართველოს რელიეფი იკვეთება – მთებისა და ზღვის უკიდურესი სამანებით გადატიხრული. ამიტომაცაა, რომ ამ ტექსტებში ორივე ლანდშაფტი თანაბრად საინტერესოდ იშლება. „ტურის ქორწილი, ანუ მზე პირს იბანს“ – ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ საზღვრისპირა სოფელში მომხდარ ამბავს გვიყვება. მთავარი გმირი მეომარი აბიკა გიგაურია (სამხედრო მეტსახელით „კენვუდი“), რომელიც სპეცოპერაცია „ლარაკვაკვას“ შემდეგ ძებნაშია. სპეცდანიშნულების რაზმის ძებნილი ჯარისკაცის ხიფათითა და ბედისწერით ჯვარდასმული ამბავი ლაზური ატმოსფეროს ფონზე ვითარდება. ლაზური ეთნოგრაფია, ლანდშაფტი, ტოპონიმები, ფელუკების შემქმნელი ბექირიშები და მეთევზე ვანილიშები, საზღვრის გადაღმა ჩამავალი მზის სევდა და სისტემის ბორბალქვეშ მოყოლილი ადამიანის ტრაგიზმი… ეს მოთხრობა, ისევე როგორც მიხო მოსულიშვილის დანარჩენი მოთხრობები (მათ შორის მცირე ნოველებიც კი) შთამბეჭდავი მასალაა კინოსათვის. ასეც იკითხება – კინოკადრებივით მიუყვები და გგონია, რომ შენ წინ თამაშდება კიდეც ის, რაც ტექსტშია.

ამ საკინოე ტემპორიტმს ის მსუბუქი დეტექტივიც ამძაფრებს, გამჭოლ ატმოსფეროდ რომ გასდევს მათ. „მდოგვის მარცვლისა და ანგელოზებისთვის“ ასეთი მოდეტექტივო მოთხრობაა ვაჟა-ფშაველას თონეთის სკოლაში მასწავლებლობის ეპიზოდზე. ქართული ვენდეტა კი მოთხრობაში „le Detective Paysan” (ფრანგულად გლეხურ დეტექტივს ნიშნავს) თამაშდება. ეს ძალიან საინტერესო ტექსტი პედოფილიის თემას ეხება და სულმოუთქმელად წაგაკითხებთ ამბავს ერთი ქართველი გლეხისა, რომელიც საფრანგეთში, თავისი ოჯახის გამამწარებლის საპოვნელად და შურის საძიებლად ჩადის.

ცალკე აღსანიშნავია მინიატიურების ციკლი, რომელიც შთამბეჭდავ მოზაიკას ქმნის ამ პროზაულ კრებულში. აქაა ბრწყინვალე, გულისმომწურავი პორტრეტები მიხო მოსულიშვილის კოლეგებზე, კალმისა და სიტყვის კაცებზე, სამყაროს მეორე მხარეს გარდასულთა მოსაგონარი და მათი საქმის სამადლობელი… „თავისი თავის სტუმარი და თავისივე თავის მასპინძელი“ – ასე დაარქვა მწერალმა ჯარჯი ფხოველს, „გვირილად დანიშნული“ – ომარ თურმანაულს ნიშნავს, „გიგაშა – რომელიღაც მარტოხელა დიდი კატა“ – ეს კი ვაჟა გიგაშვილს ეძღვნება, უმაგრეს მწერალსა და ასეთივე კაცს, კაი ყმას – როგორც მიხო მოსულიშვილის უძვირფასეს მთაში იტყოდნენ… სოსო პაიჭაძე და გურამ დოჩანაშვილი, ერლომ ახვლედიანი და ტატა თვალჭრელიძე – მათი ოსტატურად ჩამოქნილი პორტრეტების გალერეაში დარდიც მანათობელია!

ვის და რას არ გადასწვდება მწერლის ხმა და სიტყვა, ვის და რას არ გაიხსენებს და ხელახლა გაივლებს ფიქრის ხნულში – თუმცა ამ მინიატიურების ციკლში, ამ ერთი ციცქნა ტექსტებში მაინც მთელი თავისი დიდებულებით ამომართულა საქართველოს მთა – მწვერვალებით ცას მიბჯენილი, პირით კი წყალუხვ მდინარეებს დაწაფებული. მთა მიხო მოსულიშვილისთვის ერთგვარი ინიციაციის სივრცეა: „მთაში რომ ავალ, ძალიან ლაღად ვარ, – ეტყობა, იქ მივხვდები ხოლმე, რომ მე მართლა მე ვარ და არა ვიღაცა სხვა…“. ესეც ბუნებრივია, მთა ხომ ყველა ჩვენი ამსოფლიური საწუხარ-საზრუნავის შესაკრებელია, ჩვენი საფიქრალის გვირგვინი, მთაში ლხენაც სხვაგვარია და დარდიც, ამიტომაც აქვს ამ კრებულს აღმავალი ამპლიტუდა – აღდგომას შეგებებული სასაფლაოდან იწყება და მთის შარავანდით მთავრდება – ამ გზას მკითხველიც ისე მიუყვება, როგორც კარგი ფილმის გმირი.

ეს უბრალოდ გმირობა კი არაა, სამუდამო სახსოვარია საკუთარი თავის წინაშე – გაივლი ომებსა და სიხარულებს, დაეცემი და კვლავ წამოდგები, აღტაცება შეგიპყრობს და გეტკინება, იტირებ და გაგეღიმება კიდეც და, რაც მთავარია, ამ გრძნობებს, ამ წამებს, ამ შთაბეჭდილებებს, ზედმიწევნით დაიმახსოვრებ.

და მერე შენც სხვას მიუბრუნდები:

– დარდისას გეტყვი!..

გააციფრულე სწავლის პროცესი – როგორ შევქმნათ გადაცემის ქუდი

0

ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ვებგვერდი: „გააციფრულე სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – https://school.emis.ge/ I-VI კლასების სასკოლო პროგრამის შესაბამისად შეიქმნა (იდეის ავტორი სანდრო ასათიანი).

საგნობრივი მიმართულების მიხედვით ყოველი თემა მოიცავს სხვადასხვა თამაშსა და სახალისო აქტივობას. სავარჯიშოების შესრულება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და შექმნას საბოლოო პროდუქტი.

ვებგვერდზე სამუშაოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ვიდეოინსტრუქცია:

გთავაზობთ მუსიკის საგნობრივი მიმართულებისთვის შექმნილი სახალისო რესურსის როგორ შევქმნათ გადაცემის ქუდი დეტალურ აღწერას.

დავალება: პროგრამაში „ვსწავლობთ მუსიკით“ ააწყვე მუსიკალური ფრაზა და შექმენი მუსიკალური ქუდი საბავშვო გადაცემისთვის.

 

  • როგორ შეიძლება, მუსიკით ამოვიცნოთ ტელეგადაცემა?
  • შეგიძლია, მუსიკით მიხვდე, რა შინაარსის გადაცემაა?
  • იცი, რა არის ტელეგადაცემის ქუდი?
  • გინდა, სცადო ტელეგადაცემის ქუდის შექმნა?

სავარჯიშო: შენ წინაშეა სხვადასხვა ტელეგადაცემის ლოგო. როგორ ფიქრობ, რა მუსიკალური თანხლება მოუხდება თითოეულ მათგანს?

  • მოუსმინეპირველ აუდიო ჩანაწერს და ჩასვი ნომერი 1 შესაბამის სურათში.
  • მოუსმინეშემდეგ აუდიოჩანაწერს და ჩასვი ნომერი ორ შესაბამის ადგილას.
  • მოუსმინეკიდევ ერთს. რომელი ლოგოა?
  • მოუსმინებოლო აუდიოჩანაწერს. რომელ ლოგოს მიუსადაგებდი?

გადაცემის ქუდს ხმის ეფექტებს ამატებენ და ამით შთაბეჭდილებას აძლიერებენ. მოუსმინე თითოეულ ხმას და დააკავშირე შესაბამის ლოგოებთან. მოსასმენად დააწკაპე ნოტს.

სავარჯიშო: გადაცემის ქუდის მუსიკალური გაფორმება ერთი მუსიკალური ფრაზისგან შედგება.

შეგიძლია, ამ ქუდების მუსიკალური ფრაზის ნაწილები დაუკავშირო ერთმანეთს?

დააწკაპე ზედიზედ ორ-ორ ღილაკს და იპოვე მუსიკალური ფრაზების გახლეჩილი
ნაწილები.

 

შეგიძლია, ცალკეული მოტივებისგან შეადგინო მუსიკალური ფრაზა?

 

სავარჯიშო: ჩასვი ცალკეული მოტივების ღილაკები ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოვიდეს დასრულებული მუსიკალური ფრაზა.

 

სავარჯიშო: ავაწყოთ მუსიკალური ფრაზა. უჯრედში მოტივი ნოტებითაა ჩაწერილი.

მოისმინე, შეადარე ნოტებით მოცემულ ჩანაწერს და ჩასვი სათანადო ღილაკი, გაითვალისწინე, ერთი ღილაკი ზედმეტია.

 

 

სავარჯიშო: მგონი, სრულებით უცნობი მუსიკალური ფრაზის აწყობასაც შეძლებ.

ჩასვი მოტივებიანი ღილაკები ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოვიდეს მუსიკალური ფრაზა.

 

შევქმნათ გადაცემის ქუდი:

ააწყვე მუსიკალური ფრაზა პროგრამაში „ვსწავლობთ მუსიკით“ და შექმენი მუსიკალური ქუდი საბავშვო გადაცემისთვის.

 

დავალების შესასრულებლად გჭირდება აუდიოფაილების საქაღალდის გადმოწერა და შემდეგ ხმების დამატება პროგრამაში.

 

  • მოგეწონა ტელეგადაცემის ქუდზე მუშაობა?
  • რით იხალისე ყველაზე მეტად?
  • რაზე ივარჯიშებდი კიდევ?
  • რამეს ხომ არ შეცვლიდი ტელეგადაცემის ქუდში?

გამოყენებული რესურსები:

 

https://school.emis.ge/

https://www.youtube.com/watch?v=7P4U16oh07Y

 

 

ბაბილონის გოდოლი – ბიბლიური იდიომა ჩვენს ენაში

0
Diverse cultures, international communication concept. Human silhouette with speech bubbles.

ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენს სკოლაში ქართული ენის კვირეული მოვაწყვეთ და გადავწყვიტე, ბავშვებთან ყოველდღე თითო იდიომა დამემუშავებინა. ფრაზებზე მუშაობამ ძალიან გაგვიტაცა, განსაკუთრებით იმის აღმოჩენამ, რომ ყოველ იდიომას თავისი ისტორია და ამბავი ახლავს თან. ამ საკითხზე რამდენიმე წერილიც მაქვს გამოქვეყნებული, ახლა კი გთავაზობთ კიდევ ერთი ფრაზის თავგადასავალს და რამდენიმე აქტივობას.

ოდესღაც, ბიბლიის მიხედვით, ადამიანებმა გადაწყვიტეს, ისეთი ქალაქი და კოშკი აეშენებინათ, ცას რომ მისწვდენოდა. ღმერთს ადამიანების ასეთი თავდაჯერებულობა არ მოეწონა და ღმერთამდე ასვლის მსურველ კაცობრიობას საერთო ენა წაართვა, ამის შემდეგ მშენებლობა შეწყდა, რადგან ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ, ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები მთელს დედამიწაზე გაიფანტნენ და დასახლდნენ.  ადგილს, სადაც ეს ამბავი მოხდა ბაბილონი უწოდეს, რაც ძველებრაულად არევას ნიშნავს.

ბაბილონის გოდოლიაო, იტყვიან ხოლმე, როდესაც  არეულობა და  აურზაურია,  უწესრიგოდ მოფუსფუსე ხალხში.

შენც შეგიძლია ეს ფრაზა გამოიყენო უთავბოლო დავისა და ყაყანის დროს, როდესაც მოკამათეები ერთმანეთს აზრის გამოთქმას არ აცდიან, თუ კი იტყვი, ნამდვილი ბაბილონის გოდოლია აქო, ან – რა არის, როგორ ხმაურობთ, ბაბილონის გოდოლს ხომ არ აშენებთო, მოკამათეები ალბათ გაჩერდებიან და კითხვასაც დაგისვამენ, თუ რას გულისხმობ. შენ კი მოუყვები უძველესი დროის ადამიანების სურვილებზე და მისწრაფებებზე. აურზაური, ყაყანიც შეწყდება. აი, ასეთი ჯადოსნური ძალა აქვთ ფრაზებს.

ლექსიკონი

კოშკი – ვიწრო, მაღალი, ცილინდრული შენობა.

გოდოლი – მაღალი კოშკი, ციხესიმაგრის ერთ-ერთი სახეობა.

 

ის, რაც ტექსტის წაკითხვის შემდეგ დამამახსოვრდა…

რა განიზრახეს ადამიანებმა?

რა არ მოეწონა ღმერთს?

რატომ შეწყდა მშენებლობა?

სად გაიფანტნენ ადამიანები?

რას ნიშნავს „ბაბილონი“?

მოფუსფუსე ადამიანები ერთმანეთის სიტყვებს ვეღარ იგებენ, შეძლებ, დაეხმარო არეული სიტყვების დალაგებაში? რომ მათ საუბარი შეძლონ.

 

აქ რამდენიმე სიტუაციაა ჩამოთვლილი, რომელ სიტუაციებს მიუსადაგებდი ფრაზას: „ბაბილონის გოდოლი“, შემოხაზა წინადადებები წითლად:

  1. კონცერტზე ორკესტრი ხმაშეწყობით უკრავდა.
  2. ბავშვები სტადიონზე ფეხბურთს თამაშობენ.
  3. საკლასო ოთახში მასწავლებლის კითხვას დიდი აურზაური მოჰყვა.
  4. ქუჩაში მანქანები წრიულად მოძრაობდნენ.
  5. სკვერში შეკრებილი ადამიანები ისე ხმამაღლა საუბრობდნენ, კაცი ვერაფერს გაიგებდა.
  6. ხის ქვეშ რამდენიმე კაცი შეკრებილიყო, მათი ყაყანის ხმა ქუჩის ბოლოს აღწევდა.

 

შექმენი შენი წინადადებები:

მოცემული ხუთი ზმნა ტექსტიდანაა.

სიტყვების ბანკში კი არსებითი და ზედსართავი სახელები გვაქვს.

თითოეულ ზმნას ერთი შესაბამისი არსებითი სახელი და ზედსართავი სახელი უნდა შეუსაბამო და წინადადება შეადგინო.

თითოეული ზმნა შეგიძლია რამდენიმე წინადადებაში გამოიყენო.

ხოლო სიტყვების ბანკიდან მხოლოდ ერთხელ შეგიძლია სიტყვები ისესხო.

რაც მეტ წინადადებას შეადგენ, უკეთესია.

ნასესხები სიტყვების ფორმის ცვლილება შეგიძლია, მოცემული ზმნების კი არა.

კარგი იქნება, თუ კი წინადადებებს ილუსტრაციებსაც დაურთავ.

ზმნები:

აეშენებინათ, საუბრობდნენ, გაიფანტნენ, დასახლდნენ, მოეწონა.

 

სიტყვების ბანკი

არსებითი სახელები:

ქოხი, სახლი, კოშკი, გოდოლი, ადამიანი, ცხოველი, ხე, ფოთოლი, ფრინველი, თევზი, ლოკოკინა, წიგნი, ბალახი, გვირილა, ღრუბელი, პლანეტა, გოგონა, ბიჭუნა, პეპელა, ნემსიყლაპია, მთა, ბარი, სოფელი, ქალაქი, ქვეყანა, მინდორი.

 

ზედსართავი სახელები:

ძველი, მშვენიერი, საოცარი, სევდიანი, მოწყენილი, მხიარული, მოხუცი, ახალგაზრდა, ძლიერი, სუსტი, ჭრელი, ქათქათა, იდუმალი, ხასხასა, მარდი, კეთილი, სასიამოვნო, ნაზი, მაგარი, ამაყი, გამორჩეული.

მოიფიქრე გაგრძელება:

ტექსტში მოცემულ ამბავს გაგრძელება მოუფიქრე.  შენი აზრით, რა მოხდა მას მერე, რაც ადამიანები მთელს ქვეყნიერებაზე გაიფანტნენ?

როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება?

შეხვდებოდნენ თუ არა ოდესმე კიდევ ერთმანეთს?

შეგიძლია მწერლად იქცე და ნებისმიერი ამბავი გამოიგონო. ოღონდ ერთი პირობით:

აუცილებლად ტექსტს უნდა უკავშირდებოდეს და შენი ამბის პერსონაჟები ბაბილონის გოდლის მშენებლები უნდა გახდნენ.

 

 

 

მაჩაბელი 

0

მარტის ბოლოს, ლიტერატურის მუზეუმში, ახლად გამოცემული წიგნი – ივანე მაჩაბლის მიმოწერა და დღიურები მაჩუქეს. ცივი, წვიმიანი დღე იყო, მე კი, მოულოდნელი საჩუქრით გახარებული, მიწას ფეხს არ ვაკარებდი. თითქოს მონატრებული მეგობრის ნახვა მომეხერხებინოს და შეხვედრების, ხანგრძლივი საუბრების შესაძლებლობაც უბრალო რამ გამხდარიყოს.

როგორც კი წიგნის კითხვა დავიწყე, ძველი შეკითხვა გამახსენდა: სწორია იმ წერილების გამოქვეყნება, რომლებიც მხოლოდ დისთვის, ძმისთვის, მეგობრისთვის, ცოლისა თუ შეყვარებულისთვის იწერებოდა? სწორია, ჩემი თვალი რომ თავხედურად დარბის სტრიქონებზე და იმაზე მეტს ხედავს, ვიდრე ავტორს ენდომებოდა? მეორე მხრივ, რა ძალა უნდა იყოს, რომ საკითხავს მომწყვიტოს, თავბრუდამხვევ ხეტიალზე ხელი ამაღებინოს?

ერთი სიამოვნებაა იმაზე დაკვირვება, როგორ განსხვავდება თუნდაც დისთვის, დარია მაჩაბელ-ამირეჯიბისთვის მიწერილი წერილები ძმისთვის, ვასილ მაჩაბლისთვის მიწერილისაგან, როგორ იცვლება საუბრის თემები, მგრძნობელობის ხარისხი, სიტყვების სარკეში მეტ-ნაკლები სიმკვეთრით დასანახი გამოსახულებები, განუწყვეტლივ რომ მოძრაობენ, ნიშანს გვაძლევენ.

1876 წელი. 22 წლის ივანე მაჩაბელი ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტიდან ძმას სწერს: „ცოტ-ცოტათი ამოვიდგი ენა ნემენცურად. საკვირველია, რომ პროფესორების ენა და ლექციები უფრო კარგად მესმის, სანამ სტუდენტების ერთმანეთში ლაპარაკი. ეს იმისაგან წარმოსდგება, რომ წინაწინ ტეორეტიკულად შესწავლილი მქონდა ნემენცური ენა. მხოლოდ ერთი გარემოება მიშლის ნემენცური ენის სწავლას: სტუდენტებთან ლაპარაკი თითქმის მხოლოდ სადილის დროს შემხვდება ხოლმე. ლექციების დროს სადილზედ ჩემს სტოლზედ სხედან ორი იტალიელი, ერთი ფრანცუზი და მხოლოდ ერთი ნემენცი, ასე რომ, ჩვენი ლაპარაკი სადილათ ნემენცურით, ფრანციცულით და იტალიანურით აჭრელებულია“.

ერთი თვით ადრე დისთვის მიწერილი წერილის ნაწყვეტი: „ვერ წარმოიდგენ, საყვარელო დაო, რა ძნელი ყოფილა ესე უცხო ქვეყანას ჩამოვარდნა, სადაც ერთს სიტყვას ვერ გაიგონებს კაცი, რომელმაც პატარა გული მოულბოს, სადაც სახე და ყოველი სიტყვა უცნობია და ვერაფერი ვერა მოაგონებს რა კაცს თავის სამშობლო ქვეყანას. თუმცა მე აქაც არაფერი მაკლია და ყველანი კარგად მეკიდებიან, მაგრამ მაინც სხვა ყოფილა კაცისთვის სამშობლო ცის ქვეშ ყოფნა და უცხო ქვეყანას გადაკარგვა. ეხლა პატარა გულზედ დარდი მომეშვა, რომ შევიძელ შენთან ქართულად გამოლაპარაკება. ასე მგონია, კიდევ თამარაშენში ვარ და კიდევ შენ გელაპარაკები-მეთქი“.

ენა, რომლითაც ეს წერილები და დღიურებია დაწერილი, ჩემთვის, შიდა ქართლში დაბადებულისთვის, განსაკუთრებით ამაღელვებელია. რამდენი სიტყვა თუ გამოთქმაა, რომელიც მხოლოდ ბებიაჩემის პირიდან გამიგია. დაწუნებული, შეცდომად მიჩნეული ფორმები. უსამართლოდ დავიწყებული ანდაზები. ბარბარიზმებიც, ყურის შეჩვევა რომ უკვე მოვასწარი.

ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წიგნის გამოცემას ივანე მაჩაბლის შემოქმედების მკვლევრებისთვის, მათთვის, ვისაც ეპოქის უფრო მკაფიო სურათის დანახვა სურთ, ან მათთვის, ვისაც მეცხრამეტე საუკუნე შთაგონების წყაროდ გაუხდიათ და ძველი კლიტისთვის ახალ-ახალი გასაღებების მორგებით არ იღლებიან. მასწავლებლებისთვისაც საინტერესო საკითხავი უნდა იყოს – სულ ცოტა, სხვა ივანე მაჩაბელს დაინახავენ, ახალგაზრდობისას „შკოლის კედლებში“ ბავშვებზე მზრუნველსა თუ წლების შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღის წესრიგის განმსაზღვრელს. „მალე განხორციელდეს ქალების სკოლის დაარსება“, – ჩაიწერს უბის წიგნაკში 1894 წლის 12 მარტს, მოგვიანებით კი – 9 აპრილს – ასეთ ჩანაწერსაც გააკეთებს: „სასკოლო საზოგადოების აზრის მოუსმენლად ბანკმა არც ერთი გროში არ გაიღოს სწავლისათვის მომავალში“.

ლიტერატურის მუზეუმის ეს გამოცემა ოთხას გვერდამდეა. ჩემი ხარბი თვალი ისევ სიხარულით დარბის სტრიქონებზე და გულმოდგინედ აგროვებს მინიშნებებს – სამშენებლო მასალას, ვინ იცის, რა დრამატული კონსტრუქციის ასაგებად.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...